კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„რა მოხდა ქუჩაში“

10 აპრილი, 2017
 
ლანა გიორგიძე 

„რამდენიმე თვის წინ სახლიდან სამსახურში ტაქსით მივდიოდი, ტაქსის მძღოლი მასტურბირებდა...ვერც ვიყვირე, ვერც გაჩერება მოვითხოვე. ვისაც ეს არ შემთხვევია ვერ მიხვდება, როგორი დამაბნეველი და გულისამრევია ეს ამბავი. მისამართზე როგორც კი მივედი, ფული დავუგდე უკან და მანქანიდან რაც შეიძლება სწრაფად გადმოვედი”.

„საღამო იყო, დაახლოებით, 10 საათი. მეტროს ველოდებოდი. მოვიდა ჩემზე ბევრად უფროსი კაცი და კითხვები დამაყარა: ქმარი გყავს?, რატომ გიშვებს შენი ქმარი ასე გვიან ქუჩაში? თავი უხერხულად ვიგრძენი და ვუპასუხე, რომ ქმარი მყავს და დანარჩენი მისი საქმე არაა. ზოგადად, ოქროს წესია, ადევნებულ ადამიანს არ დაელაპარაკო, მაგრამ რატომღაც მეგონა, ასე უფრო ადვილად დამეხსნებოდა. თუმცა, პირიქით მოხდა - ჩემმა პასუხმა კიდევ უფრო გაათამამა, ვაგონშიც შემომყვა. ალბათ, სახლშიც სიამოვნებით მიმაცილებდა, მეტრო სადგურში მყოფი პოლიციელისთვის რომ არ მიმემართა. პოლიციელის დანახვაზე ისე გაიძურწა, თვალიც ვერ მოვკარი. ყველას ვურჩევ, ასეთი შემთხვევები რეაგირების გარეშე არ დატოვონ. მოძალადეები და შემავიწროვებლები ჩვენი სისუსტით სარგებლობენ. ამიტომ სისუსტე არასოდეს უნდა გამოვიჩინოთ!“

„ხალხმრავალ ადგილებში პლაჟზე გასვლა არ მიყვარს.  მე და ჩემი მეგობარი ხშირად დავდივართ იქ, სადაც ნაკლები ხალხია. რამდენჯერმე შევესწარი ზღვის სანაპიროზე, ხალხის თვალწინ, (ბუნებრივია - მხოლოდ ქალების) მასტურბაციის ფაქტებს. ახლა ძალიან ვნანობ, რომ მაშინ რაღაც-რაღაც მიზეზების გამო მეც არაფერი ვთქვი და  იმ ადგილს უბრალოდ გავეცალე”.

ეს სამი ისტორია მართლაც ზღვაში წვეთია იმ ისტორიებისაგან, რასაც სოციალურ ქსელ ფეისბუკის გვერდზე - რა მოხდა ქუჩაში ნახავთ. მიუხედავად იმისა, რომ ისტორიებს ზოგჯერ პირველადი წყაროსაგან იგებენ ადამიანები, მაინც არარეალურად მიიჩნევეს მას ზოგი მკითხველი. ისტორიებს კი, ძირითადად, ანონიმური ავტორები წერენ, რადგან სექსუალური შევიწროების ფაქტებზე ღიად მოყოლა ხშირად შიშს, სირცხვილსა და საზოგადოების სხვადასხვაგვარ რეაქციას იწვევს. 

„სექსუალური შევიწროება საჯარო სივრცეში  სქესის ნიშნით დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმაა, რომელიც გენდერული უთანასწორობის პირდაპირი პროდუქტია. ყოველდღიურად, თითქმის ყველა ქალი ხდება რაიმე ფორმით სექსუალური შევიწროების მსხვერპლი. ყველაზე დიდი პრობლემა ამ ქმედებაში არის ის, რომ მისი პოლიტიკური მნიშვნელობა ჰეტერონორმატიულ კულტურაში გაუბრალოებული და ნორმალიზებულია“, - ნათქვამია კავშირ „საფარის“ მიერ მომზადებულ პუბლიკაციაში - სექსუალური შევიწროება საჯარო სივრცეში: საკანონმდებლო პრაქტიკის ანალიზი. 

სწორედ კავშირი „საფარი“ არის აღნიშნული კამპანიის - „ნუ მოითმენ, მომიყევი, სექსუალური შევიწროება აკრძალულია“ - იდეის ავტორი და ორგანიზატორი. აღნიშნული კამპანიის ფარგლებში მათ მოამზადეს საინფორმაციო ბუკლეტები, რათა არა მხოლოდ ფეისბუკის, არამედ სხვადასხვა მედიასაშუალებით მიაწოდონ ადამიანებს ინფორმაცია სექსუალური შევიწროების ფაქტებისა თუ მისგან თავის დასაცავი მექანიზმების შესახებ. 

იმის გამო, რომ საქართველოში სექსუალური შევიწროება რეგულირების მიღმაა დარჩენილი როგორც საჯარო სივრცეში, ასევე სამუშაო ადგილას, სექსუალური შევიწროების მსხვერპლები ვერ ახერხებენ თავის დაცვას მოძალადეებისაგან. მანამ, სანამ კანონმდებლობა დაარეგულირებს მსგავს შემთხვევებს, კავშირი საფარის ორგანიზებით ე.წ. „ყვითელი ფურცლები“ გავრცელდა. სექსუალური შევიწროების მსხვერპლებს შეუძლიათ, მოძალადეებს მსგავსი შინაარსის ბარათი გადასცენ: „თუ ეს ბარათი მოგაწოდეს, ესე იგი, ძალიან ცუდად მოიქეცი, შეურაცხყოფა მიაყენე იმ ადამიანს, ვინც ბარათი გადმოგცა, დაამცირე და უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენე ის. შენ საქციელს სექსუალური შევიწროება ჰქვია. სექსუალური შევიწროება კი ადამიანზე ძალადობაა. მომავალში მეტი კეთილგონიერება გამოიჩინე და პატივი ეცი სხვა ადამიანების პირად სივრცეს“. 

საკითხი რომ აქტუალურია ამას საქართველოს სახალხო დამცველის მიერ ჩატარებული ღონისძიებაც მოწმობს. ომბუდსმენის ორგანიზებით 31 მარტს, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“, საჯარო დებატები სექსუალური შევიწროება - რა გამოწვევების წინაშე ვდგავართ“ გაიმართა. 

„მიუხედავად იმისა, რომ სექსუალური შევიწროება ხდება, როგორც საჯარო სივრცეში, ასევე დასაქმების ადგილებში, ამ თემაზე ღიად არ საუბრობენ. არ საუბრობენ არსებული სტერეოტიპების, მსხვერპლის დადანაშაულების გავრცელებული პრაქტიკისა და შემთხვევებზე რეაგირების არქონის გამო. ფაქტია ისიც, რომ მსგავსი შემთხვევების გამოვლენის მაჩვენებელიც, საკმაოდ, დაბალია.  სახალხო დამცველის აპარატშიც კი, მსგავსი საქმეები თითზე ჩამოსათვლელია. სახალხო დამცველი  მოითხოვს, საკანონმდებლო ინიციატივების მომზადებასა და კანონმდებლობის მოწესრიგებას ამ მიმართულებით“, - განაცხადა სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა საჯარო დებატების გახსნისას. 

საჯარო დებატების მონაწილეებს სექსუალური შევიწროების შესახებ საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლების ხედვა საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ, დიმიტრი ცქიტიშვილმა გააცნო, რომელმაც აღნიშნა, რომ გენდერული თანასწორობის საბჭო მიზანმიმართულად მოქმედებს და მას უკვე შემუშავებული აქვს ერთწლიანი სამოქმედო გეგმა. 

„ჩვენ მზად ვართ, რათა საკითხი გავააქტიუროთ და აღნიშნული თემის შესახებ  ანტიდისკრიმინაციულ კანონ-პროექტში ცვლილებები შევიტანოთ. სამართლებრივი ნორმები გვჭირდება იმისთვის, რომ საკითხის იდენტიფიცირება მოხდეს. თუმცა, არა მარტო დეფინიცია უნდა განისაზღვროს, არამედ პრევენციული ღონისძიებების შესახებ უნდა იყოს საუბარი. უნდა დაწესდეს სანქციები, რათა შესაბამის ორგანოებს ჰქონდეთ იმის საშუალება, გამოავლინონ ფაქტები და გაატარონ პრევენციული ღონისძიებები. თუმცა, ძირითად გამოწვევად მიმაჩნია, საზოგადოებრივი კულტურა, რადგან  დღემდე საზოგადოებაში „მექალთანეობა“ კარგ ტონად მიიჩნევა. მსგავს დისკუსიებში აუცილებლად უნდა ჩაერთოს მამაკაცები, რადგან მათ მივაწოდოთ ინფორმაცია, რომ სექსუალური შევიწროების მსხვერპლი შესაძლოა გახდეს, მათი მეუღლე, დედა და შვილი. ამ საკითხზე უნდა მოვისმინოთ მათი მოსაზრებები და უნდა შეიცვალოს საზოგადოების დამოკიდებულება“, - განაცხადა პარლამენტის  გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმდჯომარემ, დიმიტრი ცქიტიშვილმა.

საჯარო სივრცეებსა და სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების შესახებ ისაუბრა კავშირ „საფარის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ბაია პატარაიამ.

„სექსუალური შევიწროების ყველა ფორმას ქალები სექსუალურ შევიწროებად ვერ აღიქვამენ. ისინი ხვდებიან, რომ ეს მათთვის არასასურველი მდგომარეობაა, მაგრამ ფაქტს სახელს ვერ არქმევენ, რადგან ამის შესახებ ცოდნა არ არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ცნობიერების პრობლემა, ასევე მნიშვნელოვანია, რომ აღინიშნოს საკანონმდებლო ხარვეზის არსებობის შესახებ. ის, რომ სექსუალური შევიწროება არსად არ არის განმარტებული, ეს უკვე არის პრობლემა. მიმაჩნია, რომ სამი ცვლილება არის განსახორციელებელი: შრომის კოდექსში სექსუალური შევიწროების განმარტება, ამასთან დაკავშირებით პარლამენტში უკვე არის ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ მიერ  წარდგენილი კანონ-პროექტი, რომელმაც საკომიტეტო მოსმენები გაიარა; საჯარო სივრცეში სექსუალური შევიწროება ასევე უნდა იყოს დარეგულირებული, თუმცა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, მსხვერპლს უნდა შეეძლოს პატრულის გამოძახება. თუმცა, არსებობს სამხილების არარსებობის საკითხი, რაც არ არის გადაუწყვეტელი პრობლემა; შევიწროება აუცილებლად უნდა დაემატოს ანტიდისკრიმინაციულ კანონმდებლობას“, - აღნიშნა ბაია პატარაიამ.

შეხვედრაზე ბაია პატარაიამ განმარტა, თუ რას გულისხმობს ტერმინი - სექსუალური შევიწროება. მისი თქმით, ადამიანთან ნებისმიერი სახის ინტერაქცია, რომელიც გამოწვეულია მისი გენდერული იდენტობით (ან ნაგულისხმევი გენდერული იდენტობით), სექსუალური ორიენტაციით ან გენდერული თვითგამოხატვით და მიზნად ისახავს ან იწვევს მსხვერპლის გაბრაზებას, შეწუხებას, შეშინებას, დამცირებას ან/და მტრული გარემოს შექმნას არის სექსუალური შევიწროება. 

სექსუალური შევიწროება საჯარო სივრცეში შეიძლება იყოს: დასტვენა/დასიგნალება, სექსუალური ხასიათის ფრაზების მიძახება, სახელის ან საკონტაქტო ინფორმაციის დაჟინებით მოთხოვნა, სექსისტური კომენტარები, შემფასებლური კომენტარები, ვულგარული ჟესტები, გენიტალიების ჩვენება ან მასტურბაცია საჯარო სივრცეში, არასასურველი შეხება ან ხახუნი, სექსუალური ძალადობა და ნებისმიერი ქმედება, რომელიც მიზნას ისახავს მსხვერპლის გაბრაზებას, შეწუხებას, შეშინებას და დამცირებას. 





ახალი ამბები