კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პარლამენტის ადგილსამყოფელი - განხილვის საგანი

12 აპრილი, 2017
 
 
ნათია გოგოლაშვილი

მიმდინარე კვირაში საკონსტიტუციო კომისია აქტიურად განიხილავს საქართველოს პარლამენტის ადგილმდებარეობის საკითხს. ჯერ კიდევ ორშაბათს, საკონსტიტუციო კომისიის წევრებს დაურიგდათ ცვლილებათა ვარიანტი, სადაც მითითებული იყო, რომ პარლამენტის განთავსების ადგილი ქალაქი ქუთაისი იყო. თუმცა, სამშაბათს საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე გამოთქმული მოსაზრებებით თუ ვიმსჯელებთ, პარლამენტის განთავსების საკითხი კვლავ ღიად რჩება. როგორც სამშაბათის სხდომის შემდეგ გახდა ცნობილი, კონსტიტუციაში შესაძლოა, საერთოდ არ ჩაიწეროს პარლამენტის ადგილმდებარეობის საკითხი. ამ საკითხის ერთ-ერთი ინიციატორი კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძეა.

„პარლამენტი უნდა მდებარეობდეს იქ, სადაც არის განლაგებული სახელმწიფო ხელისუფლების სხვა ორგანოები. უპირველეს ყოვლისა, პარლამენტი და მთავრობა უნდა იყოს ერთსა და იმავე ქალაქში. კონსტიტუციიდან ამოღებული უნდა იქნას ის ნორმა, რომელიც ამბობს, რომ პარლამენტის ადგილსამყოფელია ქალაქი ქუთაისი. კონსტიტუციაში ან უნდა ჩაიწეროს, რომ საკანონმდებლო ორგანოს ადგილსამყოფელია დედაქალაქი, ან საერთოდ არაფერი უნდა ეწეროს“, - აცხადებს საკონსტიტუციო კომისიის წევრი ვახტანგ ხმალაძე. 

ვახტანგ ხმალაძის კომენტარიდან გამომდინარე, ცალსახაა, რომ იგი მხარს უჭერს პარლამენტის თბილისში გადმოტანას. თუმცა, არიან კომისიის წევრები, რომელთა აზრითაც, კონსტიტუციაში პარლამენტის ადგილსამყოფელად უნდა მიეთითოს როგორც ქალაქი თბილისი, ასევე ქუთაისიც.

„ავსახოთ ორივე მისამართი: როგორც ქუტაისი, ასევე თბილისი და, პრაქტიკულად, დავაკანონოთ ის რეალობა, რომელიც დღეს გვაქვს. დღეს, პრაქტიკულად, პარლამენტის ადგილსამყოფელი არის ქუთაისი, მაგრამ, მოგეხსენებათ, რომ, ნაწილობრივ, საპარლამენტო მუშაობა ხორციელდება თბილისშიც. საბოლოოდ, მხარს დავუჭერ იმას, რომ კონსტიტუციაში პარლამენტის ორივე მისამართი აისახოს“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, კობა ნარჩემაშვილმა. 

კობა ნარჩემაშვილის თქმით, საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე იყო მოსაზრება, რომ კონსტიტუციიდან საერთოდ ამოღებულიყო პარლამენტის ადგილმდებარეობის დასახელება. ამ მოსაზრების არგუმენტაცია კი კომისიის წევრების მხრიდან იყო ის, რომ თუკი არ არსებობს მთავრობის მისამართი კონსტიტუციაში, რატომ უნდა არსებობდეს პარლამენტის ადგილსამყოფელის ჩანაწერი.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ზვიად ძიძიგურის განცხადებით, პარლამენტის ქუთაისიდან დედაქალაქში გადმოტანა უახლოეს მომავალში არ იგეგმება.

„თუკი ამოვა ქუთაისი ჩანაწერი კონსტიტუციიდან, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქუთაისიდან პარლამენტი გადმოვა თბილისში. ეს არის პარლამენტის გადასაწყვეტი, ეს არის უმრავლესობის გადასაწყვეტი. უმრავლესობაში არის აზრთა სხვადასხვაობაც. ამიტომ, დარჩება თუ არა პარლამენტი ქუთაისში - ეს თემა დღის წესრიგიდან მოხსნილი არ არის. მმართველმა გუნდმა წინასაარჩევნოდ განაცხადა, რომ ქუთაისიდან პარლამენტის გადმოტანა თბილისში არ იგეგმება უახლოეს ხანში და ეს ნამდვილად ასე იქნება“, - აცხადებს ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური. 

ოპოზიცია მმართველ გუნდს წინასაარჩევნო დაპირებას ახსენებს და მის შეუსრულებლობაში ადანაშაულებს. საუბარია, პარლამენტის ქალაქ ქუთაისში დარჩენაზე. საპარლამენტო უმცირესობა პარლამენტის დედაქალაქში გადატანას, რეგიონების როლის დაკნინებად მიიჩნევს.

„დანაპირები, რომელიც გაცემული იქნა ქუთაისელების მიმართ, დღეს ტრანსფორმირდა. პრემიერ-მინისტრის სიტყვებიც ძალიან კარგად გვახსოვს. ასე რომ, პარლამენტი  ქუთაისში აღარ იქნება. ძალიან ვწუხვართ, ჩვენი წინააღმდეგობა და დაფიქსირება იმ პოზიციისა, რომ პარლამენტი ქუტაისში უნდა იყოს, სამწუხაროდ, არ იქნა გაზიარებული“, - აცხადებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ხათუნა გოგორიშვილი.

საკონსტიტუციო კომისიის განხილვების შედეგად, სავარაუდოდ, აპრილის ბოლოს გადაწყდება როგორც პარლამენტის ადგილმდებარეობის საკითხი, ასევე პრეზიდენტის არჩევის წესი და საკანონმდებლო ორგანოში მანდატების გადანაწილების (მაჟორიტარული სისტემის გაუქმება და პროპრციულ სისტემაზე გადასვლა) საკითხებიც. 

ახალი ამბები