კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

აგვისტოს ომის შედეგები

28 აპრილი, 2017
 
ნათია გოგოლაშვილი

25 აპრილს ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლები გორის რაიონის სოფლებში (ვეძისსა და ტყვიავში) 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებულებს შეხვდნენ. ადამიანის უფლებათა ცენტრი მუშაობს აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებული პირების უფლებების დაცვის მიმართულებით.  ორგანიზაცია საქმეს აწარმოებს სტრასბურგსა და ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში. ამასთან, ადამიანის უფლებათა ცენტრი მიმართავს საქართველოს პროკურატურას იმ პირებისათვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭების თაობაზე, რომელთაც აღნიშნული სტატუსი დღემდე არ გააჩნიათ.

აღსანიშნავია, რომ იკვეთება მრავალგვარი დანაშაული, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს იქნა ჩადენილი, ესენია: მკვლელობა, მკვლელობა განსაკუთრებული სისასტიკით, ქონების განადგურება, ჯანმრთელობის ზიანი და სხვა. 

ტყვიავის რწმუნებულის, გიორგი პავლიაშვილის ინფორმაციით, სოფელში აგვისტოს მოვლენების დროს 9 ადამიანი გარდაიცვალა. ერთი ადამიანი კი, ამ დრომდე უგზო-უკვლოდ არის დაკარგული.

ტყვიავის მკვიდრი ე.ჩ. ომმა ძალიან დააზარალა. მას მოუკლეს მეუღლე, დაუწვეს სახლი. თუმცა, ოჯახმა, კომპენსაციის სახით, მხოლოდ 10 000 ლარი აიღო, სახლის აღსადგენად კი სახელმწიფოსგან დახმარება არ მიუღიათ:„არავითარი დახმარება არ მიმიღია იმის გამო, რომ სახლს სახურავი ჰქონდა გადარჩენილი. მარტო სახურავი ხომ არ იყო?! აბსოლუტურად არ იცხოვრებოდა ჩემს სახლში“, - აღნიშნავს დაზარალებული ე.ჩ : „ინფორმირებული არ ვიყავით, რომ ჩვენ ტერიტორია უნდა დაგვეტოვებინა. დავით ბაქრაძე გამოდიოდა და გვეუბნებოდა, რომ ჩანგლებითა და დანებით დაიცავით სოფელი და არ დატოვოთო. მართლაც, არ ვტოვებდით სოფელს. მხოლოდ 9 აგვისტოს, ტანკები რომ უკან ბრუნდებოდნენ, მაშინ დავტოვეთ სოფელი. ჩემი მეუღლე არაფრით არ წამომყვა. ტყვიავი 11 აგვისტოს დაიბომბა. 10 აგვისტოს ჩემი ქმარიც წამოვიდა სოფლიდან, თუმცა მალევე უკან დაბრუნდა, რათა ტერიტორია დაეცვა. 12 აგვისტოს მომიკლეს ქმარი. ჯერ ტრაქტორი წაუღიათ, ჩემი ქმარი ამ დროს ბაღში იმალებოდა და იქიდან უყურებდა. შუადღის ოთხის ნახევარზე შემატყობინა, რომ ჩვენი ჯიპის წასაღებადაც იყვნენ მოსულები, თუმცა მანქანით ჩვენ ვიყავით წასულები და, შესაბამისად, ადგილზე არ დახვდათ. ისინი ფლობდნენ ინფორმაციას, რა სახის ქონება გვქონდა, ჩემს მეუღლესაც სახელით მიმართავდნენ. ამ ინცინდენტიდან სამი წუთის შემდეგ კიდევ დამირეკა, ძალიან შეშფოთებული და შეშინებული იყო. მალე წამოვალო, დამპირდა და უცბად გამითიშა. ამის შემდეგ დიდხანს ვრეკე მის ნომერზე, მაგრამ აღარ უპასუხია. ორი კვირის განმავლობაში, არაფერი ვიცოდი. ბოლოს მითხრეს, რომ ტყვეობაში ჰყავთ წაყვანილი და ფულს თხოულობენო. შემდეგ ჩემს შვილს უთხრეს, რომ არავის მოეტყუებინდა და ფულიც არ გამოეძალათ, რადგან მამამისი უკვე მკვდარი და დაკრძალული იყო. 12 აგვისტოს გარდაიცვალა. 17 აგვისტოს რუსებს დაუკრძალავთ ჩვენს ბაღში“, - იხსენებს დაზარალებული ე.ჩ. 

გარდაცვლილის ძმა გ. კ. მომხდარს უფრო დეტალურად იხსენებს, რადგან აგვისტოს დღეებში იგი ძმასთან ერთად სოფელ ტყვიავში იმყოფებოდა: „სოფელში შემოვიდა რუსების სამხედრო მანქანები, უკან ოსები მოსდევდნენ. სოფელში რამდენიმე სახლს ცეცხლი წაუკიდეს, ამას ვუყურებდი. შემდეგ ჩემს სახლში შემოცვივდნენ, ტრაქტორი წაიღეს, თან მცემეს, ჩემმა ძმამ გააგდებინა ჩემი თავი, თორემ ახლა მკვდარი ვიქნებოდი. ახალგაზრდა ბიჭები იყვნენ. შემდეგ სხვები მოვიდნენ და მანქანა მოიკითხეს. მე და ჩემი ძმა მეზობლის ბაღში ვიმალებოდით. ჩემი ძმა დარდობდა, სახლს დამიწვავენო და სახლში დაბრუნება გადაწყვიტა. ჩემი ძმა როგორც კი წამოვიდა, ჩემთან ორი შეიარაღებული ადამიანი მოვიდა და ცემით საღორეში შემაგდეს. წიხლებით მცემეს, ავტომატით მემუქრებოდნენ. ამ ამბის შემდეგ მე და ჩემი მეზობელი ჩემი ძმის სახლში შევედით, ვეძებდით მას. სახლს ცეცხლი ეკიდა, ყველაფერი კვამლში იყო გახვეული, ვეძებდით ცხედარს, მაგრამ ვერ ვიპოვეთ. თუმცა, ცხედარი იქვე ფანჯარასთან ყოფილა, წამებით მოუკლავთ, სისხლის გუბეები იდგა და სახლში ყველაფერი დამტვრეული იყო“, - გვითხრა გ. კ.-მ.

ტყვიავის კიდევ ერთ მკვიდრს ბ.მ.-ს, აგვისტოს ომის დროს, მამა და ბიძა მოუკლეს. 12 აგვიტოს ძმებს საკუთარი სახლის აივანზე ესროლეს. იმ დროისთვის სახლში ბ. მ.-ს დედაც იმყოფებოდა. „ხუთი დღის განმავლობაში დედაჩემი ორი მიცვალებულის ერთი ჭირისუფალი იყო. სარდაფიდან ამოჰქონდა ვაშლის ძმარი, არაყი და ცხედრებს უვლიდა, ბუზი რომ არ დახვეოდა. ასევე, ყურადღებას აქცევდა, ცხოველს არ შეეჭამა მიცვალებულები. 17 აგვიტოს შემოვედი სოფელში. დედაჩემს ხუთი რუსი ჯარისკაცი ჰყავდა მოყვანილი და საფლავებს ათხრევინებდა. დედაჩემი ორი წელია, რაც გარდაიცვალა. ამ 7 წლის განმავლობაში იგი ძალიან დაიტანჯა, აგვისტოს მოვლენებმა მის ჯანრთელობაზე ძალიან იმოქმედა. ყველაფერთან ერთად, დიდი ფსიქოლოგიური ტრავმაც მიიღო“, - გვიამბობს დაზარალებული ბ.მ. 

ტირძნისის მკვიდრი ნ.ტ. აგვისტოს მოვლენების დროს ცხინვალის იზოლატორში ტყვედ იმყოფებოდა: „აგვისტოს მოვლენების დროს სოფელში მე, ჩემი ძმა და დედა ვიყავით დარჩენილები. ოჯახის დანარჩენი წევრები თბილისისკენ 7 აგვისტოს წამოვიდნენ. აგვისტოს მოვლენებამდე სოფელში ცხოვრება ჩვეულებრივი რიტმით მიმდინარეობდა. წასვლას არ ვაპირებდით, ვფიქრობდით, რომ ყველაფერი მალე დასრულდებოდა. 12 აგვისტოს სოფელში შეიარაღებული დაჯგუფებები შემოვიდნენ. ისინი ხალხს აშინებდნენ და ძარცვავდნენ. რუსებმაც ჩამოიარეს სოფელში. სოფელი სულ სავსე იყო რუსებით და მათ უკან მარადიორები მოსდევდნენ. თონე მქონდა, პურის საცხობი სულ გაძარცვეს და გამინადგურეს ყველაფერი. 12 აგვისტოს, როცა მარადიორობა დაიწყო, ჩემი ძმა და მეზობელი შეიარაღებულმა ადამიანებმა სცემეს, მერე ჩაგვსხეს მანქანაში და წაგვიყვანეს. დაახლოებით, 500 მეტრი გვექნებოდა გავლილი, მანქანიდან გადმოგვყარეს. ჩემი ძმა და მეზობელი ბიჭი გაიქცნენ, მე კი ისევ დამიჭირეს და ცხინვალში წამიყვანეს. ჩემი ძმა ძალიან იყო ნაცემი, ნეკნები ჰქონდა ჩამტვრეული და მკლავი მოტეხილი“, - გვიყვება ნ.ტ.

ნ.ტ.-ს თქმით, იგი და მისი ხუთი მეზობელი ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში მოათავსეს.  მისი ინფორმაციით, თითო იზოლატორში, დაახლოებით, 185 ადამიანი იყო მოთავსებული. 3-4 დღის განმავლობაში, სანამ კამერა ხალხით გადაივსებოდა, სცემდნენ. 

„როცა ბევრი ხალხი შემოიყვანეს, აღარ ვუცემივართ. სამუშაოდ გავყავდით ხოლმე, ჯგუფებად. დამწვარ სახლებს გვასუფთავებინებდნენ. მე არ მომიწია, მაგრამ ზოგიერთ ჯგუფს ცხედრებს ამარხვინებდნენ“, - იხსენებს ნ.ტ. მან ტყვედ 16 დღე გაატარა ცხინვალის იზოლატორში. ცხინვალიდან იგი და სხვა ტყვეები „წითელმა ჯვარმა“ გამოიყვანა.

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტის, ანა გურიელის თქმით, საქართველოს მთავრობა დაზარალებულებთან, ფაქტობრივად, კომუნიკაციაში არ იმყოფება, რაც მთელ რიგ პრობლემებს წარმოშობს.

„გორის სოფლებში ვიზიტმა ნათლად წარმოაჩინა დევნილი პირების უაღრესად მძიმე ეკონომიკური თუ სოციალური მდგომარეობა.  დაზარალებულებთან გასაუბრების შედეგად, გამოიკვეთა, რომ საქართველოს ხელისუფლების აღმასრულებელი თუ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები მათთან ამ დროისათვის არასაკმარის კომუნიკაციას ახდენენ. მოქალაქეებს, აგრეთვე, მწირი ინფორმაცია აქვთ იმის თაობაზე, თუ რა სტადიაზეა გამოძიება, რა მოქმედებები მიმდინარეობს გამოძიების წარმოების თვალსაზრისით  და  ფლობენ თუ არა ისინი დაზარალებულის სტატუსს. მათ კი, ვინც იცის, რომ აღნიშნული სტატუსი გააჩნიათ, არ აქვთ ინფორმაცია, თუ რა გზით მიენიჭათ მითითებული სტატუსი. დაზარალებულთა განწყობაც სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის ადეკვატურია: არსებულ რეალობასთან დაკავშირებით, დაზარალებულებს აქვთ, ცალსახად, უიმედო დამოკიდებულება;   განვლილი წლების უშედეგო პროცესმა მათ მომავალი მოქმედებების  ეფექტიანობის იმედი დაუკარგა. აღსანიშნავია ისიც, რომ თითოეული დაზარალებულისათვის პრიორიტეტია კომპენსაციების მიღება, რაც, გარემო სოციალური ფაქტორების გათვალისწინებით, სრულიად ლოგიკურია. აქტუალურია უმუშავრობისა და სოციალური დახმარების საჭიროების საკითხებიც“, - განაცხადა ანა გურიელმა.

იურისტის თქმით, დაზარალებულებს მცირე ინფორმაცია აქვთ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსა და აგვისტოს ომის გამოძიების შესახებ. შესაბამისად, მოლოდინები ამ მიმართულებითაც დაბალია. 
 

ახალი ამბები