კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადება დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმესთან დაკავშირებით

22 მაისი, 2017
 
ადამიანის უფლებათა ცენტრი დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე სასამართლოს მიერ ადვოკატების სასამართლო დარბაზიდან გაძევებას და ბრალდებულისთვის სახაზინო ადვოკატის დანიშვნას უკანონოდ მიიჩნევს. 

19 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში ბრალდებულ გიორგი მამალაძის საქმეზე არსებითი განხილვა გაიმართა.  სასამართლო პროცესზე გიორგი მამალაძეს იცავდა 3 ადვოკატი: გიორგი ფანცულაია,  მია ზოიძე და მიხეილ რამიშვილი. დეკანოზ გიორგი მამალაძის მეოთხე ადვოკატი, ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი, ეკა ლომიძე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, 19 მაისის სასამართლო პროცესს არ ესწრებოდა. ეკა ლომიძის ადვოკატის  ორდერი საქმეში დევს და სასამართლოში იგი  იცავდა და იცავს დეკანოზის ინტერესებს, რაც საქმის განმხილველი მოსამართლისთვის კარგად უნდა ყოფილიყო ცნობილი, რადგან ეკა ლომიძე ადვოკატის სტატუსით  დეკანოზის საქმეზე გამართულ წინა სასამართლო სხდომაში მონაწილეობდა.

19 მაისის სასამართლო პროცესზე ბრალდებულმა გიორგი მამალაძემ გააპროტესტა მისი ბრალდების საქმეზე სასამართლო სხდომების სრულად დახურვა და სასამართლო სხდომის დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა. მან, ასევე, მოუწოდა ადვოკატებს, მასთან ერთად დაეტოვებინათ სასამართლო სხდომა, რადგან მას დახურულ პროცესში მონაწილეობის მიღება არ სურდა. 

იმისათვის, რათა ადვოკატების მიერ  სხდომის დატოვება სასამართლოს მიერ უპატივცემულობად არ აღქმულიყო, დამცველებმა პროცესზე სათითაოდ გააკეთეს განცხადება მათ მიერ სხდომის დატოვების მიზეზის შესახებ და სასამართლოს განუმარტეს, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის და ადვოკატთა ეთიკის კოდექსის თანახმად, ადვოკატის იცავს და წარმოადგენს ბრალდებულის ინტერესებს და მოქმედებს ბრალდებულის ნების შესაბამისად. ადვოკატს არა აქვს უფლება,  ბრალდებულისგან დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება და წინ აღუდგეს დასაცავი პირის ნებას. შესაბამისად, დეკანოზ გიორგი მამალაძის მიერ სასამართლო დარბაზის დატოვებისა და მოწოდების შემდეგ, ადვოკატები ვეღარ დარჩებოდნენ სასამართლო სხდომაზე და ვერ გააგრძელებდნენ დეკანოზის დაცვას, რადგან ამგვარი ქმედება დასაცავი პირის ნებას და ადვოკატთა ეთიკის კოდექსს ეწინააღმდეგებოდა. სხდომის დატოვებამდე ადვოკატებმა, მათი  კომპეტენციის ფარგლებში, შესთავაზეს გიორგი მამალაძეს სხდომაზე დარჩენა, რაზეც დეკანოზმა უარი განაცხადა.

იმ დროს, როცა ადვოკატები სასამართლო სხდომის დარბაზს ტოვებდნენ და უკვე კარში გადიოდნენ, მოსამართლემ მათ ახსნა-განმარტებისა და გაძევების შესაბამისი საფუძვლის დასაბუთების გარეშე, მიაძახა, რომ გაძევებულნი იყვნენ სასამართლო დარბაზიდან. არადა, ადვოკატთა განმარტების შემდეგ, მოსამართლეს ჰქონდა საკმარისი დრო და შესაძლებლობა, მაშინვე ემსჯელა ადვოკატთა გაძევების შესახებ, რაც არ განუხორციელებია. ეს კი გარკვეულ კითხვებს აჩენს მოსამართლის ქმედების კანონიერებასთან დაკავშირებით. 

ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს ჰყავს მეოთხე ადვოკატი ეკა ლომიძე, მოსამართლემ ბრალდებულს მომდევნო სხდომიდან სახაზინო წესით ადვოკატი დაუნიშნა, რითაც ეკა ლომიძეს დეკანოზის დაცვის უფლება შეუზღუდა.

ადამიანის უფლებათა ცენტრი მიიჩნევს, რომ 19 მაისის სასამართლოს სხდომაზე მოსამართლემ უგულვებელყო ის ფაქტი, რომ ადვოკატები სხდომის დატოვებისას ადვოკატთა ეთიკის კოდექსისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად, ბრალდებულის ნების შესაბამისად მოქმედებდნენ და მათ სხვაგვარი მოქმედების სამართლებრივი შესაძლებლობა არ ჰქონდათ.

ამასთან, სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს ჰყავდა მეოთხე ადვოკატი შეთანხმებით, ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი ეკა ლომიძე, რომელიც 19 მაისის სასამართლო პროცესს ვერ დაესწრო. დეკანოზის საქმეზე გამართულ წინა სასამართლო პროცესებში იგი ჩვეულებრივ იღებდა ადვოკატის სტატუსით მონაწილეობას. სასამართლოს სახაზინო ადვოკატის დანიშვნა შეიძლებოდა მხოლოდ მაშინ, თუ საქმეში არ იქნებოდა ჩართული მეოთხე ადვოკატი. მოსამართლის აღნიშნული ქმედება გარკვეულ კითხვებს აჩენს კანონიერებასთან დაკავშირებით.

ადამიანის უფლებათა ცენტრს მიაჩნია, რომ სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე სამართლიანი სასამართლოს პრინციპის განუხრელი დაცვით უნდა განიხილოს, ისე, რომ ობიექტურ დამკვირვებელს არ შეექმნას განცდა, პროცესის  მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის  პრინციპის დარღვევით მიმდინარეობის შესახებ.

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები