კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კოალიცია იუსტიციის საბჭოში მოსამართლეთა დანიშვნის გაუმჭვირვალე პროცესს აპროტესტებს

30 მაისი, 2017
 ლანა გიორგიძე

იუსიტიციის უმაღლეს საბჭოში სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ვალერიან ცერცვაძის განცხადება გადადგომის შესახებ 4 დღის წინ მიიღეს, რის შემდეგაც 29 მაისს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა ჩაინიშნა. გუშინდელი სხდომა არასამთავრობო ორგანიზაციების პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა. მესამე სექტორის ნაწილისთვის საეჭვოა ვალერი ცერცვაძის მიერ 4 დღის წინ თანამდებობის დატოვება. არასამთავრობო ოორგანიზაციის წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ მან პოსტი იმიტომ დატოვა, რომ ადგილი მისი ადგილმონაცვლისთვის გაეთავისუფლებინა.

„ეს შემადგენლობა ცდილობს, მოასწროს რაც შეიძლება მეტი გადაწყვეტილების მიღება, ერთის მხრივ, მოსამართლეების გამწესების, მეორეს მხრივ, თავმჯდომარეების გამწესების გზით, რათა კორპორატიული, ჩაკეტილი სისტემა არ დაეშალოთ. იუსტიციის საბჭოს ამ უკანონო და არასწორი მოქმედებების განხორიცელების შესაძლებლობას ფართო გასაქანს აძლევს პარლამენტის უმოქმედობა, რომელიც ძალიან ნელი, მცირე ნაბიჯებით ატარებს სასამართლოს რეფორმას“, - განაცხადა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ანა ნაცვლიშვილმა.

კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“ მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, შესაძლოა, საბჭოს მოქმედმა შემადგენლობამ, საკუთარი უფლებამოსილების უკანასკნელ დღეებში, 5-წლიანი ვადით გაამწესოს სასამართლოს თავმჯდომარეები.

„სასამართლოს/პალატების/კოლეგიების თავმჯდომარეების ფართო დისკრეციული უფლებამოსილება და მათი დანიშვნის გაუმჭვირვალე პრაქტიკა დიდი ხანია სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს სასამართლო სისტემისთვის. დღემდე კანონით არ არის დადგენილი თავმჯდომარეთა შერჩევის არც კრიტერიუმები და არც პროცედურა. სასამართლო სისტემის გამოცდილება მოწმობს, რომ სასამართლოს თავმჯდომარეთა ინსტიტუტი ყველაზე გავლენიანი მოსამართლეების ჯგუფს აერთიანებს და მათი ფორმალური თუ არაფორმალური როლი და სტატუსი ინდივიდუალურ მოსამართლეებზე კონტროლის შესაძლებლობას ქმნის. სწორედ ამიტომ, თავმჯდომარეები, წლებია, სასამართლო სისტემაში მოსამართლეების „უფროსებად” აღიქმებიან და ერთგვარად სასამართლო სისტემის „მართვის” ძირითად მექანიზმს წარმოადგენენ“, - ნათქვამია კოალიციის - დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის - მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
 
ადვოკატთა ასოციაციის თავმდჯომარე კი მიმდინარე პროცესებს ქვეყნის ყველაზე სამარცხვინო ფაქტად აფასებს.

„საქართველოს ისტორიაში ყველაზე მიუღებელი ადამიანი ინიშნება სააპელაციო სასამართლოს თავმდჯომარედ. სააპელაციო სასამართლო, თითქმის, ბოლო ინსტანციაა და ყველამ კარგად იცის, რომ უზენაესი სასამართლო საქმეთა 90 %-ს არ იხილავს. სასამართლო სისტემის მთლიანად „მურუსიზაცია“ და „ჩინჩალიზაცია“ ხდება და ეს ამ ქვეყნის ყველაზე დიდი სირცხვილია“, - განაცხადა აქციაზე ადვოკატთა ასოციაციის თავმდჯომარემ, ზაზა ხატიაშვილმა.

კოალიციის პოზიციით, სასამართლო თავმჯდომარეთა ინსტიტუტის გაჯანსაღება მათი არჩევის წესის ცვლილებით უნდა დაიწყოს. 

„მიგვაჩნია, რომ შესაბამისი სასამართლოს მოსამართლეებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა თავად აირჩიონ თავმჯდომარეები, რათა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხელში არ დარჩეს უფლებამოსილება კონკრეტულ სასამართლოებში მაკონტროლებლად მიავლინოს საკუთარი წარმომადგენელი თავმჯდომარის სახით“, - ნათქვამია კოალიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის, ალეკო ცქიტიშვილის თქმით, ჩნდება ეჭვი, რომ საბჭო ცდილობს, მოქმედი შემადგენლობით მოასწროს მნიშვნელოვანი ადმინისტრაციული პოზიციების სასურველი კადრებით დაკომპლექტება. 

„ასეთი ეჭვები გაამძაფრა 25 მაისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოულოდნელად გადადგომამ თანამდებობიდან, რამაც საბჭოს ამდროინდელ შემადგენლობას შესაძლებლობა მისცა, ამ პოზიციაზეც გაამწესოს სასურველი კანდიდატი. თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს უფლებამოსილების ვადა 4 თვეში ისედაც ეწურებოდა, რაც კიდევ უფრო მეტ კითხვებს აჩენს შესაძლო არაფორმალურ, კლანურ გარიგებებთან დაკავშირებით“, - აღნიშნა ალეკო ცქიტიშვილმა.

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის მიიჩნევს, რომ იმ შემთხვევაში თუ საბჭო სასამართლოს თავმჯდომარეების ვაკანსიებს გაუმჭვირვალე პროცესის საფუძველზე და დამსახურების პრინციპის უგულვებელყოფით შეავსებს, ამით სასამართლო ხელისუფლებისადმი საზოგადოების ნდობა კიდევ ერთხელ მნიშვნელოვნად შეირყევა, უფრო მეტად გაიზრდება არაფორმალური გავლენები სასამართლო სისტემის შიგნით და ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობა მშვნელოვანი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება.

„გასათვალისწინებელია, რომ სასამართლო სისტემას აქვს ასეთი გამოცდილება, როცა 2012 წელს საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ძველი ფორმაციის საბჭომ სწორედ დაჩქარებულად დახურულ სხდომაზე გადანიშნა მისთვის სასურველი თავმჯდომარეები 5 წლის ვადით“, - ნათქვამია განცხადებაში.

ახალი ამბები