კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„მსოფლიო თამბაქოს გარეშე“ დღეს საქართველო ახალი კანონმდებლობით ხვდება

31 მაისი, 2017
 
ნათია გოგოლაშვილი
 
30 მაისს საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა „მსოფლიო თამბაქოს გარეშე“ დღეს აღნიშნავა და პარლამენტში მიღება გამართა. მიღებას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის, მთავრობის, პრეზიდენტის, თამბაქოს კონტროლის სამთავრობო კომისიის წევრი უწყებების, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტმა 17 მაისს დაასრულა თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონმდებლობის რეფორმა და მე-3 მოსმენით მიიღო გამკაცრებული რეგულაციები. კანონმდებელთა განცხადებით, ამ ცვლილებების განხორციელებით საქართველო შეუერთდა იმ ქვეყნებს, რომელთაც ყველაზე ეფექტიანი რეგულაციები აქვს. კანონში შეტანილი ცვლილებების მიზანი არათუ მწეველების შევიწროება, არამედ მათი, ისევე როგორც არამწეველთა ჯანმრთელობის დაცვაა.

„ქართული საკანონმდებლო რეფორმა საერთაშორისო პრაქტიკით აღიარებულ 20 ეფექტიანი საკანონმდებლო ღონისძიებებიდან 11 ღონისძიებას მოიცავს, რაც აღნიშნულ ცვლილებებს შთამბეჭდავს ხდის. მოწევის აკრძალვა ყველა საზოგადოებრივ შენობასა და ტრანსპორტში, რეკლამის, სპონსორობისა და პოპულარიზაციის ყველა ფორმის აკრძალვა, კოლოფებზე პიქტოგრამების დატანა და მისი ფართობის გაზრდა, ელექტრონული სიგარეტების  და დასატენი კონტეინერების რეგულირება, სტანდარტიზებული შეფუთვა, ადმინისტრირების მოქნილი და ეფექტიანი მექანიზმის დადგენა და სხვა მნიშვნელოვანი შეზღუდვები არის სახელმწიფოს მიერ გადადგმული სწორი ნაბიჯები ჯანმრთელობის ხელშეწყობის მიმართულებით. ამერიკაში, კანადაში, ავსტრალიასა და გერმანიაში ჩატარებულმა 26 კვლევამ დაადასტურა თამბაქოსაგან თავისუფალი პოლიტიკის ეფექტიანობა. ამ კვლევებმა უჩვენა, რომ მოწევის აკრძალვა სამუშაო ადგილებზე იწვევს მწეველთა რაოდენობის შემცირებას 3,8-%-ით; ხოლო იმათში, ვინც აგრძელებს მოწევას სიგარეტის დღიური რაოდენობის შემცირებას - 3.1 ღერით“, - ნათქვამია საქართვეოლს პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კანონმდებლობის ერთ-ერთი თანაავტორი დაავადებათა კონტროლის ცენტრია. ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, პარლამენტმა რევოლუციური კანონდმებლობა მიიღო.
„ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული ცვლილებები მოხდა კანონმდებლობაში, რომელიც, უპირველეს ყოვლისა, ემსახურება ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუმჯობესებას. ამას მოსახლეობა სულ რამდენიმე წელიწადში იგრძნობს. ახალი კანონმდებლობის მიღებით, კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით ევროკავშირისკენ და ცივილიზირებული სამყაროსკენ. ევროკავშირი გახლავთ სწორედ ის თამაშის წესები, რომელიც დიდი ხანია დაწესებულია. ამ წესებმა ევროკავშირსა და წარმატებულ დასავლურ ქვეყნებს მისცა საშუალება, შეემცირებინათ ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი დაავადებებით სიკვდილიანობა: გულსისხლძარღვთა, ფილტვების ქრონიკული დაავადებები, გაეჩერებინათ, გარკვეულ ასაკში, ონკოლოგიური დაავადებები და ასე შემდეგ. თამბაქო გახლავთ ყველა ამ დაავადების ნომერ პირველი რისკ ფაქტორი. სამწუხაროდ, საქართველო ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მწეველობის გავრცელების ქვეყანაა. ამის მოგვარება მხოლოდ განათლებითა და ხალხთან საუბრით არ გამოვა, თუ ამავე დროს არ იქნა რიგი ამკრძალავი და  რიგი დამაჯარიმებელი ღონისძიებები. ასევე, მნიშვნელოვანი ცვლილებაა საჯარო ადგილებში მოწევის აკრძალვა, რეკლამის აკრძალვა და სადა შეფუთვის შემოღება და  სხვა ტიპის აკრძალვები“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

„შეიძლება ვთქვათ, რომ საქართველო თამბაქოსგან თავისუფალ საერთაშორისო დღეს წელში გამართული ხვდება. რადგან ჩვენ, ამ საკანონმდებლო აქტის მიღებით დავაგვირგვინეთ იმ ბრძოლის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი, რომელსაც საქართველოს სამედიცინო საზოგადოება, საერთაშორისო ჯანდაცვის სპეციალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ყველა აქტიური მოქალაქე, ჩვენი ახალგაზრდობა წლების განმავლობაში ეწეოდნენ, რათა ჩვენ დაგვემარცხებინა საქართველოში სიკვდილობისა და ავადობის ნომერ პირველი მიზეზი. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ეს არის პირველი ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი ამ მიზნისაკენ, რაც არის ბრძოლა თამბაქოს წინააღმდეგ, სიცოცხლის გადარჩენისათვის ბრძოლა. მაგრამ ეს არის მხოლოდ ნაბიჯი. არანაკლებ მნიშვნელოვანი იქნება მთლიანად საზოგადოების მხარდაჭერა კანონის აღსრულების საკითხში“, - განაცხადა პარლამენტის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ. 

კანონპროექტის კიდევ ერთი თანაავტორი თამბაქოს კონტროლის ალიანსია. ალიანსის ხელმძღვანელმა, გიორგი ბახტურიძემაც კანონის ეფექტურად აღსრულების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. მისი თქმით, კანონის ეფექტურად აღსრულების გარეშე, მივიღებთ ისეთივე კანონმდებლობას, რომელიც საქართველოს აქამდეც ჰქონდა და რომლის აღსრულებაც არ ხდებოდა. 

„რა ღირს ადამიანის სიცოცხლე,10 მილიონი აშშ დოლარი? 100 მილიონი აშშ დოლარი? თუ იგი ფასდაუდებელია? არცერთი პასუხი არ იქნება სწორი. სწორი პასუხია: 6 ათასი აშშ დოლარი! ყოველ შემთხვევაში, თამბაქოს მწარმოებელი ინდუსტრია ასე ფიქრობს“, - ეს არის ამონარიდი ფილმიდან, რომელიც მსოფლიო კიბოს ასოციაციამ გადაიღო, სწორედ ამ სიტყვებით დაიწყო თავისი მიმართვა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა მარიჯან ივანუშამ.

„თამბაქოს ინდუსტრია იღებს 6 ათასი დოლარის შემოსავალს თითოეული ადამიანისაგან, რადგან ყიდიან პროდუქტს, რომელიც მათ კლავს. მაგრამ ინდუსტრიას აქვს თავისი პრობლემა, ეს ადამიანები [გარდაცვლილები] უკვე აღარ ეწევიან. იმ ყველა ადამიანის სანაცვლოდ, რომელსაც თამბაქოს ინდუსტრია კლავს,  სჭირდებათ მათი ჩამნაცვლებლები. მაგრამ ვინ იქნებიან ეს ჩამნაცვლებლები, ვინ დაუჯერებს მათ? - ბავშვები. ამის შედეგი კი, სრულად დამანგრეველია. თამბაქო კლავს ყოველ მესამე ბავშვს, რომელიც მოწევას იწყებს. საბოლოო ჯამში, თამბაქოს მოხმარების შედეგად, წელიწადში 6 მილიონი ადამიანი იღუპება“, - განაცხადა მარიჯან ივანუშამ.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, თამბაქოს ნაწარმის რეკლამირების, პოპულარიზაციისა და სპონსორობის აკრძალვა იწვევს თამბაქოს მოხმარების შემცირებას საშუალოდ 7%-ით, ზოგიერთ ქვეყანაში კი - 16-%-ით.

ახალი ამბები