15:50, Saturday, 19.10.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

რეინტეგრაცია, არასათანადო მოპყრობა, ჯანდაცვა - კიდევ რა გამოწვევების წინაშე დგას პენიტენციური სისტემა

02.06.2017

 ნათია გოგოლაშვილი

სახალხო დამცველის 2016 წლის საპარლამენტო ანგარიშში ვრცელი ადგილი უკავია პენიტენციურ სისტემაში არსებულ მდგომარეობას. სახალხო დამცველის აპარატის სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა საანგარიშო პერიოდში წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის პრევენციის კუთხით არსებული მდგომარეობის შესაფასებლად, ქვეყნის მასშტაბით, 12 პენიტენციურ დაწესებულებაში 35 ვიზიტი განახორციელა. შესაბამისად, გამოიკვეთა სფეროში არსებული პრობლემები და დადებითი ტენდენციები.

სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, 2016 წლის დეკემბრის მდგომარეობით, 2015 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა საერთო რაოდენობა 382-ით არის შემცირებული. სახალხო დამცველი მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ ქვეყანაში არსებული სისხლის სამართლის პოლიტიკა მაქსიმალურად იყოს მიმართული არასაპატიმრო ღონისძიებების გამოყენების, მსჯავრდებულთა რეაბილიტაციისა და საზოგადოებაში ინტეგრაციისაკენ.
ევროპის საბჭოს მიერ მომზადებული ანგარიშის თანახმად, საქართველო იმ ქვეყნებს შორის რჩება, სადაც ციხეებში პატიმრების რაოდენობა კვლავ მაღალია. 2015 წლის 1 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში სულ 10 242 პატიმარი იყო, მათ შორის 54 არასრულწლოვანი, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში 100 000 მოსახლეზე 274 პატიმარი მოდიოდა.
„პენიტენციურ დაწესებულებებში არაერთი რეფორმა გატარდა, რამაც, პირობების კუთხით, მდგომარეობა გაცილებით გააუმჯობესა. ის, რომ ციხეების გადატვირთულობა აღარ არის გამოწვევა და პრობლემა, ესეც, შეიძლება ითქვას, ერთ-ერთი მიღწევაა. არაერთი პროგრამა იქნა დაწყებული, მათ შორის C ჰეპატიტის, სუიციდის პრევენციისა და სხვა მსგავსი პროგრამები, რომელთაც გარკვეული შედეგი აქვთ. თუმცა არის გამოწვებები, რომელზეც ვსაუბრობთ ანგარიშში. მათ შორის, თუნდაც, ის, რომ დისციპლინური სახდელების გამოყენებასთან დაკავშირებით, ერთგვაროვანი პრაქტიკა არ არსებობს და, ზოგადად, ხშირია დისციპლინური სახდელების გამოყენება. ცალკე პრობლემაა ის, რომ გარკვეულ დაწესებულებებში კრიმინალური სუბკულტურის გამოვლენის ნიშნები არსებობს და მასთან უფრო ეფექტური ბრძოლაა საჭირო. მსჯავრდებულთა მხრიდან, არასათანადო მოპყრობებთან დაკავშირებით, შემცირებულია განცხადებები და მომართვები. შეიძლება ითქვას, რომ ამ კუთხით მდგომარეობა გაუმჯობესებულია, თუმცა პრობლემად კვლავ რჩება ასეთი ფაქტების გამოძიება. არის პრობლემები, რომელიც უკავშირდება სარეაბილიტაციო პროგრამების ნაკლებობას, ძალიან მწირია ღონისძიებები რესოციალიზაციასთან დაკავშირებით“, - განუცხადა humanrights.ge-ის  უჩა ნანუაშვილმა.

პენიტენციურ დაწესებულებებში წამებისა და არასათანადო მოპყრობის პრევენციის კუთხით არსებული მდგომარეობა. ანგარიშის თანახმად, 2016 წელს, წინა წლის მსგავსად, სახალხო დამცველის მიერ მომზადდა 4 წინადადება, რომელიც შეეხებოდა პენიტენციური სისტემის თანამშრომელთა მიერ განხორციელებულ შესაძლო არასათანადო მოპყრობას. 
ომბუდსმენის ანგარიშის მიხედვით, სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრებმა, 2016 წლის განმავლობაში განხორცილებული ვიზიტებისას, ერთეულ შემთხვევებში, მიიღეს ინფორმაცია არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით. კერძოდ, პატიმართა განცხადებით, აღნიშნული გამოიხატებოდა დაწესებულების ადმინისტრაციის თანამშრომლების მხრიდან ფსიქიკურ ზეწოლასა (მუქარასა და დაშინებაში) და ფიზიკურ ძალადობაში. შემოწმების შედეგად, ირკვევა, რომ ზოგიერთ დაწესებულებაში, ცალკეულ შემთხვევებში, ფიქსირდებოდა პატიმრებს შორის ძალადობის ფაქტები. აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით, სახალხო დამცველს საგამოძიებო ორგანოებისათვის არ მიუმართავს, რადგან პატიმრებმა სამართლებრივ რეაგირებაზე უარი განაცხადეს.
აღსანიშნავია, რომ წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შესახებ ეჭვის არსებობის შემთხვევაში, ექიმი ვალდებულია, ინფორმაცია აცნობოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტს. სახალხო დამცველი მიესალმება ექიმის მიერ საგამოძიებო ორგანოსთვის შეტყობინების გაგზავნის ვალდებულების ნორმატიულ დონეზე განსაზღვრას, თუმცა, მიიჩნევს, რომ სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის მიერ გამოძიების დაწყება და წარმოება ვერ უზრუნველყოფს დამოუკიდებელ, მიუკერძოებელ და ეფექტურ გამოძიებას.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ humanrights.ge-სთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეების მიერ ადამიანის უფლებათა დაცვისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესრულების შემოწმებას და პენიტენციურ დაწესებულებათა სისტემურ მონიტორინგს ახორციელებს სამინისტროს გენერალური ინსპექცია. გენერალური ინსპექციის მიერ 2016-2017 წლებში ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების შედეგად, პენიტენციურ დაწესებულებებში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები არ გამოვლენილა. სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის, ალექსანდრე დარახველიძის თქმით, სახალხო დამცველის ანგარიშში მითითებულ ფაქტებზე მიმდინარეობს გამოძიება, შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოების მიერ.
ამასთან, სახალხო დამცველის შეფასებით, პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმრების სხეულზე არსებული დაზიანებების დოკუმენტირება კვლავ პრობლემას წარმოადგენს. ანგარიშის თანახმად, 2016 წელს, წინა წელთან შედარებით, პენიტენციურ დაწესებულებებში დაფიქსირებული სხეულის დაზიანების ფაქტების საერთო რაოდენობა არსებითად არ შეცვლილა. 
სახალხო დამცველი დადებითად აფასებს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანებას, რომლის მიხედვით, დამტკიცდა „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებებში შესაძლო წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შედეგად ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაზიანების აღრიცხვის წესი“. აღნიშნული წესის თანახმად, თუ სამედიცინო მომსახურების გაწევისას სამედიცინო პერსონალი პაციენტს შეამჩნევს რაიმე სახის ფიზიკურ დაზიანებას, ემოციური მდგომარეობის ცვლილებას ან/და სხვა ისეთ გარემოებას, რომელიც ობიექტურ პირს აღუძრავს ეჭვს პაციენტის მიმართ შესაძლო წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შესახებ, სამედიცინო პერსონალმა უნდა გამოიჩინოს მაქსიმალური ძალისხმევა, ზემოაღნიშნულის თაობაზე, პაციენტისგან ინფორმაციის მოსაპოვებლად. 
თუმცა, ომბუდსმენი აქვე აღნიშნავს, რომ, საანგარიშო პერიოდში, პატიმრების სხეულზე არსებული დაზიანების აღრიცხვის ახალი წესი არ მოქმედებდა, ხოლო არსებული პრაქტიკით დაზიანებების აღწერა ხარვეზებით მიმდინარეობდა და ვერ უზრუნველყოფდა სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტების ეფექტურ გამოვლენასა და დოკუმენტირებას.
ალექსანდრე დარახველიძის განმარტებით, პენიტენციურ დაწესებულებებში შესაძლო წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შედეგად ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაზიანების აღრიცხვის ახალი წესით დარეგულირებულია ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაზიანების აღრიცხვა/დოკუმენტირებასა და ფოტოგრაფირებასთან დაკავშირებული საკითხები. ამასთან, იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელის თქმით, პარალელურად, სსიპ - სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრში, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის 94-მა მოსამსახურემ გაიარა სპეციალური მომზადება. 
„სამინისტრო გეგმავს სამედიცინო დეპარტამენტის ყველა იმ მოსამსახურის პერიოდულ გადამზადებას, რომელსაც შესაძლოა, კავშირი ექნეს დაზიანებათა აღრიცხვის პროცესთან. ბრძანება ამოქმედდა 2017 წლის 1 აპრილიდან. სამინისტრომ შეიძინა სათანადო ფოტოაპარატები, დაიბეჭდა დაზიანებათა აღრიცხვის ფორმები და სხვა. ბრძანების ამოქმედების შემდეგ, დაფიქსირდა დაზიანების აღიცხვის ფორმის შევსების ერთი შემთხვევა, რის თაობაზეც ინფორმაცია მიეწოდა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტს, შემდგომი რეაგირების მიზნით. გამომძიებელმა ამოიღო სამედიცინო მუშაკის მიერ მოპოვებული მტკიცებულებები და ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება. აღსანიშნავია, რომ დაზიანება დაფიქსირდა პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრის შემოსახლებისას, რაც მიანიშნებს დაწესებულებაში მოთავსებამდე დაზიანების მიღებას. აღსანიშნავია, რომ ბრძანების მომზადების პროცესში გათვალისწინებული იყო სახალხო დამცველის რეკომენდაციები“, - აცხადებს ალექსანდრე დარახველიძე. 
სახალხო დამცველის შეფასებით, ასევე, პრობლემას წარმოადგენს, დისციპლინური სასჯელის დაკისრების მიზნით, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პატიმრების სამარტოო საკანში მოთავსება. ანგარიშის თანახმად, 2016 წლის განმავლობაში, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პატიმართა სამარტოო საკანში მოთავსების ფაქტები პენიტენციური დეპარტამენტის №2, №6 და №8 დაწესებულებებში გამოვლინდა. „დაუშვებელია, ციხის ადმინისტრაციამ სასჯელი დაუწესოს პატიმარს რაიმე ქმედებისთვის, თუ ეს ქმედება მისი ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების ან პირის მენტალური შეზღუდვის პირდაპირი შედეგია“, - აღნიშნულია სახალხო დამცველის ანგარიშში.
სახალხო დამცველს, ასევე, მიაჩნია, რომ დეესკალაციის ოთახებში არსებული გარემო პირობები არ არის უსაფრთხო და მოწყობილი იმგვარად, რომ მინიმუმამდე იყოს დაყვანილი თვითდაზიანების რისკი, რასაც ადასტურებს, აღნიშნულ ოთახებში ყოფნის პერიოდში, პატიმართა მიერ მიყენებული თვითდაზიანებების შემთხვევები. 
„რაც შეეხება დეესკალაციისა და უსაფრთხო ოთახების კეთილმოწყობას, სამინისტრო იზიარებს სახალხო დამცველის რეკომენდაციას დეესკალაციის ოთახებში უსაფრთხო გარემოს შექმნასთან, მათ შორის, რბილი მასალით კედლებისა და იატაკის მოპირკეთებასთან დაკავშირებით. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ დეესკალაციის ოთახების კედლების მოსაპირკეთებელი რბილი მასალა საქართველოს მასშტაბით არ არის ხელმისაწვდომი. სამინისტრომ მოიძია აღნიშნული პროდუქციის სხვადასხვა ქვეყანაში მწარმოებელი კომპანიები და მოამზადა სათანადო ხარჯთაღრიცხვა, თუმცა დაანგარიშებული თანხის ოდენობის გათვალისწინებით, ამ ეტაპზე შეუძლებელია, სამინისტროს საბიუჯეტო თანხების ფარგლებში სამინისტრომ უზრუნველყოს ერთობლივად ყველა დეესკალაციის ოთახის რბილი მასალით მოპირკეთება. ეტაპობრივად იგეგმება შესაბამისი ღონისძიებების გატარება და დეესკალაციის ოთახების სათანადო ინვენტარით პერიოდული აღჭურვა“, - განმარტავს ალექსანდრე დარახველიძე.
სახალხო დამცველი უარყოფითად აფასებს, განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებთან დაკავშირებით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პოლიტიკას. არსებული მიდგომებით, განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება გამოიყენება, როგორც სტატიკური უსაფრთხოების პრინციპებზე დაფუძნებული, შეზღუდვების, აკრძალვებისა და უპირობოდ მკაცრი რეჟიმის დაწესებულებად, რომელიც ვერ უზრუნველყოფს მსჯავრდებულთა ქცევის პოზიტიურ ცვლილებას, რეაბილიტაციას და, შესაბამისად, საზოგადოებაში რეინტეგრაციას.

ალექსანდრე დარახველიძის განმარტებით, მსჯავრდებულის განსაკუთრებული რისკის პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსება არის უკიდურესი ღონისძიება და, ბუნებრივია, აღნიშნულ დაწესებულებებში, სხვა პენიტენციურ დაწესებულებებთან შედარებით, დადგენილია სასჯელის მოხდის განსხვავებული რეჟიმი. 

„გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ განსხვავებული რისკის მატარებელი მსჯავრდებულები არ უნდა სარგებლობდნენ ერთი და იმავე უფლებრივი მდგომარეობით, რათა გაუჩნდეთ მოტივაცია, იმუშაონ საკუთარ თავზე, ჩაერთონ სხვადასხვა პროგრამაში, შეიმცირონ რისკი და, შესაბამისად, გადავიდნენ უფრო დაბალი რისკის პენიტენციურ დაწესებულებაში. თავის მხრივ, სამინისტრო გეგმავს, განსაკუთრებული რისკის დაწესებულებებში გააძლიეროს სოციალური მიმართულება, მსჯავრდებულებს შესთავაზოს უფრო მრავალფეროვანი სარეაბილიტაციო პროგრამები, რათა ხელი შეეწყოს რისკის შემცირებას. გარე სამყაროსთან კონტაქტის შენარჩუნების მიზნით, სამინისტრომ 2016 წელს შემუშავებულ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტში გაითვალისწინა გასაკუთრებული რისკის დაწესებულებაში მოთავსებულ პატიმართათვის ხანგრძლივი პაემნის უფლების მინიჭების საკითხიც, რომლის თანახმადაც, მსჯავრდებულს წლის განამავლობაში მიეცემა 1 ხანგრძლივი პაემნის უფლება, ხოლო წახალისების ფორმით – წელიწადში 1 დამატებითი ხანგრძლივი პაემანი. გარდა ამისა, ეტაპობრივად იგეგმება დიდი პენიტენციური დაწესებულებებიდან შედარებით მცირე ზომის დაწესებულებებზე გადასვლა, რათა უფრო გამარტივდეს მსჯავრდებულებთან ინდივიდუალური მუშაობა და ეფექტურად განხორციელდეს დაწესებულების მართვა“, - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

სახალხო დამცველის ანგარიშში ასევე საუბარია უვადოდ თავისუფლებააღკვეთილი პატიმრების შესახებ: „2016 წლის განმავლობაში არ განხორციელებულა მრავალფეროვანი და სისტემატური ხასიათის სარეაბილიტაციო აქტივობები. კონკრეტულად, №6 და №7 დაწესებულებაში, საანგარიშო წლის მანძილზე, სარეაბილიტაციო პროგრამები საერთოდ არ განხორციელებულა. №6 დაწესებულების დირექტორის წერილის თანახმად, იმის გათვალისწინებით, რომ №6 დაწესებულება წარმოადგენს განსაკუთრებული რისკის დაწესებულებას, უსაფრთოხების ნორმებიდან გამომდინარე, მასში მოთავსებული პატიმრებისთვის არ განხორციელებულა პროფესიული განათლების, ხელობის შესწავლისა და სხვა სახის სარეაბილიტაციო აქტივობები“.
2016 წელსაც უცვლელი რჩება სახალხო დამცველის რეკომენდაცია, რომელიც უვადოდ თავისუფლებააღკვეთილ პირებს შეეხებათ: „მიეცეთ მათ საშუალება, მონაწილეობა მიიღონ რეაბილიტაციისათვის აუცილებელ სხვადასხვა მიზანმიმართულ და მრავალფეროვან ღონისძიებაში, ასევე მიეცეთ დასაქმების შესაძლებლობა“.
არასრულწლოვანი პატიმრები. სახალხო დამცველი მიესალმება იუსტიციის მინისტრის, შინაგან საქმეთა მინისტრისა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ერთობლივი ბრძანების მიღებას, რომლითაც განისაზღვრა არასრულწლოვანის საპატიმრო სასჯელის ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის მომზადების მეთოდოლოგია, წესი და სტანდარტი. თუმცა, ანგარიშის მიხედვით, არასრულწლოვნების დოკუმენტაციის შესწავლისას გამოვლინდა, რომ შეფასება და სასჯელის მოხდის ინდივიდუალური გეგმა არსებობს ყველა ბენეფიციარზე, თუმცა გეგმები ზოგადი ხასიათისაა და კონკრეტული აქტივობები დაზუსტებული არ არის. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ გეგმის შესრულება და მისი შესაძლო მოდიფიკაცია უნდა იყოს მუდმივი პროცესი, რომელიც მორგებული იქნება კონკრეტული არასრულწლოვანი მსჯავრდებულის საჭიროებებს.

ომბუდსმენის შეფასებით, პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებული უცხო ქვეყნის მოქალაქეები და სხვა ეთნიკური თუ რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები განსაკუთრებით მოწყვლად კატეგორიას წარმოადგენენ. მათ ექმნებათ ენის ბარიერი, რის გამოც პატიმართა უმრავლესობამ არაფერი იცის კანონით მინიჭებული უფლებების შესახებ. ენობრივი ბარიერის გამო, უცხოელ პატიმრებს პრობლემები ექმნებათ დაწესებულების თანამშრომლებთან კომუნიკაციისას. განსაკუთრებით კი, პრობლემატურია კომუნიკაცია სამედიცინო პერსონალთან. 

„აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველის მიერ 2015 წლის საპარლამენტო ანგარიშში გაცემული რეკომენდაციის მიუხედავად, დაწესებულებებში საკვების მომზადებისას არ არის გათვალისწინებული სხვადასხვა რელიგიური კონფესიის წარმომადგენელთა საჭიროებები, რის გამოც ისინი ხშირად უარს აცხადებენ შეთავაზებული საკვების მიღებაზე. ამდენად, მნიშვნელოვანია, რომ, მენიუს შედგენის დროს, რელიგიური თავისებურებები გათვალისწინებული იყოს. ენობრივი ბარიერისა და ოჯახის წევრების მხრიდან ვიზიტების ნაკლებობის გამო, უცხოელი პატიმრები ზოგ შემთხვევაში შეიძლება, უფრო მეტ იზოლაციას განიცდიდნენ. მნიშვნელოვანია, რომ რესურსები მიმართული იყოს იქითკენ, რომ უცხოელ პატიმრებს შესთავაზონ მაქსიმალურად ხელმისაწვდომი და იაფი საერთაშორისო ზარის განხორციელების შესაძლებლობა“, - ვკითხულობთ ანგარიშში.

სახალხო დამცველის სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ 2016 წელს სხვადასხვა პენიტენციურ დაწესებულებაში განხორციელებული ვიზიტების დროს პატიმრები უთითებდნენ სრული (გაშიშვლებით) შემოწმებისა და ბუქნების გაკეთების პრობლემაზე. პატიმრების განმარტებით, აღნიშნულ პროცედურებს ისინი დამამცირებლად აღიქვამდნენ. აღსანიშნავია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, რამდენიმე საქმის მიხედვით, პატიმრის სრული შემოწმება მიიჩნია არაადამიანურ მოპყრობად.

სახალხო დამცველი მიესალმება 2015 წლის რეკომენდაციის შესრულების მიზნით გადადგმულ ნაბიჯებს - №5 ქალთა დაწესებულებაში სკანერის აპარატების დამონტაჟებასა და №5 პენიტენციური დაწესებულების დებულებაში შესაბამისი ცვლილების შეტანას, რომლის თანახმად, ბრალდებულ/მსჯავრდებულს უფლება აქვს, პირადი სრული შემოწმება გაიაროს სკანერის გამოყენებით. თუმცა, 2016 წელს განხორცილებულმა მონიტორინგმა აჩვენა, რომ №5 ქალთა დაწესებულებებში ყველა შემთხვევაში სკანერს არ გამოიყენებდნენ, როგორც ალტერნატიულ მეთოდს. კონკრეტულად კი, ქალთა დაწესებულებაში სკანერი გამოიყენებოდა სრულ შემოწმებასთან ერთად და არა როგორც სრული შემოწმების ალტერნატივა. 

„თუ სკანერით შემოწმებამ დაადასტურა ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ აკრძალული ნივთის/ნივთიერების ფლობა, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ბრალდებულს/მსჯავრდებულს თან აქვს აკრძალული ნივთი/ნივთიერება, რომლის გარჩევა გართულებულია ან/და სკანერით ფიქსირდება ჩრდილის სახით ან ბრალდებულს/მსჯავრდებულს სხეულზე აქვს ისეთი ნიშანი/წარწერა, რომელიც შესაძლოა, იყოს დანაშაულის/სამართალდარღვევის ჩადენის ხერხი/საშუალება. ამასთან, აღსანიშნავია ის გარემოება, რომ გარდა ბრალდებულის/მსჯავრდებულის სურვილისა, პირადი სრული შემოწმების ჩატარება ხორციელდება დაწესებულების დირექტორის ბრძანების საფუძველზე, რომელიც ექვემდებარება გასაჩივრებას, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით“, - აცხადებს სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, ალექსანდრე დარახველიძე.

სახალხო დამცველი მიესალმება ქალი პატიმრებისათვის სასჯელის მოხდის ინდივიდუალური გეგმის შედგენის კუთხით გადადგმულ ნაბიჯებს: „მიუხედავად ამისა, აღსანიშნავია, რომ მოცემული გეგმები ზოგადი ხასიათისაა და არ შეიცავს კონკრეტულ ქმედებებს, რომელიც ქალ მსჯავრდებულთა რეაბილიტაციის პროცესში უნდა განხორციელდეს“.

სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ 2016 წელს პენიტენციურ დაწესებულებებში განხორციელებული მონიტორინგის ფარგლებში, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა პენიტენციური ჯანდაცვის სისტემის ფუნქციონირების ეფექტურობასა და არსებულ გამოწვევებს.

სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ 2016 წელს განხორციელდა მნიშვნელოვანი სტრუქტურული ცვლილებები, კერძოდ, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტს გამოეყო სამედიცინო რეგულირების სამმართველო და გადავიდა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დაქვემდებარებაში, როგორც სამედიცინო მომსახურების ხარისხის კონტროლის სამმართველო: „დადებითად უნდა აღინიშნოს სამედიცინო დეპარტამენტის სამედიცინო რეგულირების სამმართველოს მუშაობა, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებებში ამოწმებდა კვებას, სანიტარულ-ჰიგიენურ მდგომარეობას, საექიმო-სამედიცინო პუნქტებს, მათ შორის, რენტგენის აპარატის, ნარჩენების მენეჯმენტისა და სამედიცინო და საარქივო დოკუმენტაციის წარმოების პროცესებს“.

აღსანიშნავია, რომ, სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრებთან საუბრისას, პატიმრები უთითებდნენ სამედიცინო პერსონალის ხელმისაწვდომობის პრობლემაზე, ასევე მათი მხრიდან უყურადღებობაზე. პატიმრების განმარტებით, ხშირად, პირველადი სამედიცინო მომსახურების მიღებისთვის, ლოდინი უწევთ. ამასთან, პატიმრები აღნიშნავენ, რომ, დანიშნულების გაცემის შემდეგ, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობით სამედიცინო პერსონალი აღარ ინტერესდება. 2016 წელს კვლავ პრობლემას წარმოადგენს კონსულტაციების დროულად ჩატარების საკითხი. პატიმრებს, რიგ შემთხვევებში, რამდენიმე თვე უწევთ ექიმ-კონსულტანტთან შესახვედრად ლოდინი.

ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, მსჯავრდებულთათვის სამედიცინო დახმარების გაწევა ხორციელდება სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებასა და ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრში, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გადაყვანის წესის შესაბამისად. წესის თანახმად, პაციენტის სადიაგნოსტიკო გამოკვლევების ან/და მკურნალობის მიზნით, სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში გეგმური ან გადაუდებელი წესით გადაყვანა ხორციელდება სამედიცინო დეპარტამენტის რეკომენდაციის საფუძველზე, სამედიცინო პროგრამაში რეგისტრაციის გზით. 

„სამედიცინო დეპარტამენტი რიგითობას განსაზღვრავს ტერიტორიული პრინციპის გათვალისწინებით, სამედიცინო ჩვენების, ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურების შესაბამისად. გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამედიცინო დეპარტამენტი ხელმძღვანელობს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული ან აღიარებული კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციებისა და კლინიკური მდგომარეობის მართვის სახელმწიფო სტანდარტების, ასევე, საჭიროებისას, საერთაშორისო სახელმძღვანელო დოკუმენტების გამოყენებით. სამედიცინო ჩვენებასა და დასახელებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით, მიიღება გადაწყვეტილება პაციენტისთვის სასწრაფო  ან გეგმიური ინტერვენციის ჩატარების შესახებ. ამასთან, აღსანიშნავია ის გარემოება, რომ გადაუდებელ შემთხვევებზე დასახელებული პროცედურები არ ვრცელდება და პაციენტ ბრალდებულს/მსჯავრდებულს დაუყოვნებლივ უტარდება შესაბამისი მკურნალობა“, - აცხადებს დარახველიძე.

სამედიცინო პერსონალის ხელმისაწვდომობის გარდა, სახალხო დამცველი ყურადღებას ამახვილებს დამხმარე პერსონალის საკითხზეც. ანგარიშის თანახმად, სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ №18 დაწესებულებაში განხორციელებული ვიზიტის დროს, ხანგრძლივი მოვლის განყოფილებაში მყოფი პაციენტები უკმაყოფილებას გამოხატავენ დაწესებულების სანიტრების მომსახურებასთან დაკავშირებით. მათი გადმოცემით, მამაკაცი სანიტრები მხოლოდ კვირაში ორჯერ მორიგეობენ, დანარჩენ დღეებში კი ქალი სანიტრები არიან. ხანგრძლივი მოვლის განყოფილებაში მყოფი პაციენტების თქმით, მათივე სქესის სანიტრების დახმარებას ამჯობინებ ისეთ პროცედურებში, რომლებიც გაშიშვლებასთან არის დაკავშირებული. ამას გარდა, ქალი სანიტრები მათ ფიზიკურად ვერ ეხმარებიან საწოლიდან წამოდგომასა და დამხმარე საშუალება - ეტლში გადაჯდომაში. ერთ-ერთი პატიმრის გადმოცემით, მას უკვე 2 თვეა, დაბანის შესაძლებლობა არ ჰქონია, ხოლო კიდევ ერთი მსჯავრდებულის განცხადებით, 2 წელზე მეტია თავის მოწესრიგება სველი ხელსახოცებით უწევს.
სამინისტროში კი აცხადებენ, რომ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტი, შესაბამისი საჭიროებების გათვალისწინებით, უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მსჯავრდებულებისთვის შესაბამისი მომსახურეობის გაწევასა და გაუმჯობესებული საყოფაცხოვრებო პირობების შექმნას. 

„№18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში ფუნქციონირებს ხანგრძლივი მოვლის პირთა განყოფილება, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ადაპტირებული საცხოვრისი, სადაც დანერგილია მოვლის სერვისი. განყოფილება აღჭურვილია შესაბამისი ინფრასტრუქტურით, შშმ პირებს ჰყავთ მომვლელები და აქვთ ადაპტირებული გარემო. 2014 წლის სექტემბერში, ამავე ცენტრში, გაიხსნა სარეაბილიტაციო ოთახი, რომელიც აღიჭურვა ფიზიოაპარატითა და სპეციალური სარეაბილიტაციო ტრენაჟორებით. აღნიშნულ განყოფილებაში მოხვედრის მთავარი კრიტერიუმია სტანდარტულ პირობებში დამოუკიდებლად ცხოვრების მნიშვნელოვანი შეზღუდვა. ასევე, აღსანიშნავია, რომ ადაპტირებული საკნები მოწყობილია №2, №5, №6, №14 და №16 პენიტენციურ დაწესებულებებში,“ - აცხადებს ალექსანდრე დარახველიძე. 

სახალხო დამცველი, პენიტენციურ სისტემაში არსებული მდგომარეობის განხილვასთან ერთად, ასევე, აღნიშნავს, რომ პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაცია კვლავაც უფლებამოსილია, ბრალდებულის/მსჯავრდებულის სახალხო დამცველთან/სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრებთან შეხვედრას ვიზუალურად დააკვირდეს, რაც, ომბუდსმენის შეფასებით, ეწინააღმდეგება კონფიდენციალურობის პრინციპს.

სტატია მომზადებულია ორგანიზაცია „ციხის საერთაშორისო რეფორმის“ მიერ განხორციელებული პროექტის, - „საქართველოსა და სომხეთში წამებასა და არასათანადო მოპყრობასთან ბრძოლა პრევენციული მონიტორინგის გაძლიერების გზით“, - ფარგლებში.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC