კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრის მიმართვა აზერბაიჯანელი პოლიტიკური მოღვაწის, დაშგინ აღალარლის საქმის თაობაზე

8 ივნისი, 2017
 
ადამიანის უფლებათა ცენტრი შეშფოთებულია საქართველოში მყოფი აზერბაიჯანელი აქტივისტების დევნის, უკანონო თვალთვალისა და ექსტრადიციის რისკების ზრდის გამო. განსაკუთრებით შემაშფოთებელია მთელ რიგ უკანონო და დანაშაულებრივ მოქმედებებში საქართველოს სამართალდამცველი უწყებების, განსაკუთრებით კი - სახელმწიფო უსაფრთხობის სამსახურის შესაძლო მონაწილეობა.  

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუთხარლის დანაშაულებრივად მოტაცებისა და ბაქოში გადაყვანის შემდგომ საქართველოში მყოფ აზერბაიჯანელ აქტივისტებს გაუძლიერდათ დაუცველობის გრძნობა, რაც ზოგჯერ გამოწვეულია არაიდენტიფიცირებული ადამიანების, სავარაუდოდ - საქართველოს სპეცსამსახურების წარმომადგენლების მხრიდან უკანონო თვალთვალისა და დევნის ფაქტებით.

ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავს დაშგინ აღალარლის ინტერესებს, რომელიც აცხადებს, რომ დღესდღეობით იგი არის სრულიად დაუცველი და არსებობს საფრთხე, რომ მის მიმართაც განხორციელდეს იგივე დანაშაულებრივი ქმედებები, რაც განხორციელდა მისი მეგობრის, აფგან მუხთარლის მიმართ. 
 
დაშგინ აღალარლი არის აზერბაიჯანის პოლიტიკური პარტიის ,,მუსავათის“ წევრი, რომელიც პოლიტიკური შეხედულებებისა და ხელისუფლების პოლიტიკის აქტიური კრიტიკის გამო, წლების განმავლობაში იდევნებოდა აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ.  2013 წელს მას, სხვა პოლიტიკური აქტივისტების მსგავსად, ხელისუფლებამ ბრალად დასდო გადასახადების გადახდისგან თავის არიდება იმ პერიოდში,  როდესაც იგი საერთოდ არ იყო დასაქმებული კერძო სექტორში. 

დაშგინ აღარარლი 2014 წელს საქართველოში თურქეთის რესპუბლიკიდან შემოსვლისას დააკავეს როგორც ინტერპოლით ძებნილი.  ექვსთვიანი პატიმრობის შემდეგ, 2014 წელს, ადამიანის უფლებათა ცენტრის სამართლებრივი დახმარებით, იგი პატიმრობიდან გირაოთი გაანთავისუფლეს. 2014 წლის მარტში მან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართა მისთვის და მისი შვილისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭების თხოვნით.  საქმის განხილვა სამინისტროში ვადების დარღვევით გაგრძელდა. 2015 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, მამა-შვილ აღალარლების თხოვნა არ დაკმაყოფილა. სამინისტრომ ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის მიზეზად კონტრდაზვერვის გასაიდუმლოებული დასკვნა დაასახელა. ამავდროულად, სამინისტროს გადაწყვეტილებაშივეა აღნიშნული, რომ აზერბაიჯანში დაბრუნების შემთხვევაში დაშგინ აღალარლი შეიძლება კვლავ პოლიტიკური დევნის ობიექტი გახდეს.

სამინისტროს დაუსაბუთებელი და უკანონო უარი გააუქმა თბილისის საქალაქო სასამართლომ და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დაავალა დაშგინ აღალარლისთვის და მისი შვილისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭება.

საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდგომ დაშგინ აღალარლის მიმართ გამძაფრდა დევნა და მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლა. ერთ-ერთი აღნიშნული ფაქტი მოხდა 2016 წლის 6 სექტემბერს - მას მობილურ ტელეფონზე დაუკავშირდა ორი სხვადასხვა, გაურკვეველი პიროვნება და მოსთხოვეს თბილისში, რომელიმე სკვერში შეხვედრა და გასაუბრება. ერთ შემთხვევაში პირმა მას უთხრა, რომ იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან, ხოლო მეორე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლად გაეცნო. ამ ფაქტზე ორივე უწყებამ უარყო მათი სახელით დაშგინის აღალარლისთან დაკავშირება, მაგრამ თუ ვინ დაუკავშირდა მას, ამ საკითხზე დღემდე არც ერთი უწყება არ დაინტერესებულა. 

საინტერესოა, რომ აღნიშნული ინციდენტის შემდგომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ, კვლავ კონტრდაზვერვის დასკვნის საფუძველზე, გააუქმა საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება და თავისი გადაწყვეტილებით დაშგინ აღალარლს უარი უთხრა ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე. 
 
ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს:
 
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, მიიღონ შესაბამისი ზომები, დაშგინ და ორხან აღალარლების სიცოცხლისა და უსაფრთხოების დასაცავად;

მთავარ პროკურატურას, დაიწყოს გამოძიება 2016 წლის 6 სექტემბერს დაშგინ აღალარლის კუთვნილ მობილურ ტელეფონზე, სავარაუდოდ, შსს-ს და სახელმწიფო უსაფრთოების სამსახურის წარმომადგენელთა მხრიდან დაკავშირების შესახებ, რათა პასუხისგებაში მიეცეს ყველა ის პირი, ვინც ცდილობდა დაშგინ აღალარლიზე ზეწოლას;  

საქართველოს შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროებს, უზრუნველყონ დაშგინ და ორხან აღალარლებისათვის დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის გაცემა;

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს, დაინტერესდეს დაშგინ და ორხან აღალარლის საქმით და მისი კომპეტენციის  ფარგლებში, უზრუნველყოს მათი უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვა;
 
ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები