კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

უარი ჩაბუქს ლტოლვილის სტატუსზე და მუქარა მისი ოჯახის მისამართით

20 ივლისი, 2017
 
ნათია გოგოლაშვილი

დემირელის სკოლის მენეჯერის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის ოჯახს უცნობი პირები ლიკვიდაციით ემუქრებიან - ამის შესახებ მუსტაფა ემრე ჩაბუქის მეუღლე, თუბა ჩაბუქი აცხადებს. ოჯახი სახელმწიფო დაცვის დანიშვნას ითხოვს. ამ მოვლენებამდე რამდენიმე დღით ადრე კი საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ მუსტაფა ემრე ჩაბუქს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა.

დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის მენეჯერი, თურქეთის მოქალაქე მუსტაფა ემრე ჩაბუქი 2017 წლის 24 მაისს დააკავეს. თურქეთის მხარე ამტკიცებდა, რომ ჩაბუქი ტერორისტულ ორგანიზაცია FEთO-ს საქმიანობას უწყობდა ხელს და კავშირი ჰქონდა ფეთჰულა გიულენთან.

მუსტაფა ემრე ჩაბუქის მეუღლე, თუბა ჩაბუქი სახელმწიფო დაცვის დანიშვნას ითხოვს, რადგან, მისი თქმით, მას და მის ოჯახს ლიკვიდაციით ემუქრებიან: „ჩემი მეუღლის დაკავების შემდეგ, ჩვენი ოჯახის მიმართ სხვადასხვა სახის მუქარა ხორციელდება. მუქარები განსაკუთრებით გახშირდა მას შემდეგ, რაც დაინახეს ქართული მედიისა და საზოგადოების მხარდაჭერა და ინტერესი ამ საქმის მიმართ. ერთ-ერთმა თურქულმა გამოცემამ ჩემი ოჯახი მოღალატედ გამოაცხადა. ამიტომ გვემუქრებიან. გვეუბნებიან, რომ ჩვენი ადგილი საფლავშია, რომ გამოგზავნიან საქართველოში ჯგუფს, რომელიც ჩვენი ოჯახის ლიკვიდაციით დაკავდება და ასე შემდეგ. ჩვენთვის უცნობია, ვინ არის მუქარის ავტორი, იმის თქმაც გვიჭირს, რომ ამას თურქეთის ხელისუფლება აკეთებს, მაგრამ საფრთხე რეალურია და ვითხოვთ სახელმწიფო დაცვის დანიშვნას,” - განაცხადა თუბა ჩაბუქმა.

„ჩვენ მიერ წარმოდგენილი იქნა ნაწილი მტკიცებულებების, რომელიც უტყუარად ადასტურებს იმ რისკებს, რომელიც რეალურად დგას როგორც მუსტაფა ემრე ჩაბუქის, ასევე მისი ოჯახის წევრების მიმართ. ამიტომ ვითხოვთ მათთვის სახელმწიფო დაცვის დანიშვნას. მოლოდინი იმისა, რომ თუბა ჩაბუქისა და მისი მცირეწლოვანი შვილების მიმართ დაცვა იქნება დანიშნული, ნამდვილად გვაქვს“, - აცხადებს თუბა ცაბუქის ადვოკატი, ვახტანგ კვიჟინაძე.

არასამთავრობო ორგანიზაციათა შეფასებით, სამინისტროს უარი, ლტოლვილის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, დაუსაბუთებელი, თვითნებური და თურქეთის არადემოკრატიული რეჟიმის მიმართ ხელისუფლების პოლიტიკური ლოიალობის უპრინციპო გამოხატულებაა. განცხადებაში, რომელსაც 10 არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს ხელს, აღნიშნულია, რომ სამინისტროს მიერ გადაწყვეტილებაში გამოყენებული ძირითადი არგუმენტი ემყარება სადავო მტკიცებას, რომ ფეთულაჰჰ გიულენის ორგანიზაცია თურქეთში ტერორისტულ ორგანიზაციადაა მიჩნეული და ამ ორგანიზაციის წევრების ქმედებების მიმართ სახელმწიფოს მიერ სისხლის სამართლებრივი დევნა ლეგიტიმურია.

„აღნიშნულის მტკიცებისას სამინისტრო სრულად უგულებელყოფს ფეთულაჰჰ გიულენის მოძრაობასთან დაკავშირებული პირების სისხლის სამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის ფუნდამენტური უფლებების მასობრივი და ბლანკეტური დარღვევის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებს, რომელიც აღნიშნულ პროცესს კანონიერ ბუნებას არსებითად უცვლის და პოლიტიკურ შინაარსს სძენს“, -  ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში დემირელის კოლეჯის მენეჯერისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით, საკუთარი გადაწყვეტილება 7 ივლისს გამართულ ბრიფინგზე განმარტეს.  

„სრულად იქნა შესწავლილი როგორც მისი, ასევე სამინისტროს მიერ მოპოვებული ინფორმაცია წარმოშობის ქვეყნის შესახებ; თურქეთის მხარის მიერ მოწოდებული საექსტრადაციო მასალები. ყველა დოკუმენტისა და ინფორმაციის შესწავლის შემდგომ, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ბატონი ემრე ჩაბუქისათვის საქართველოში ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ. სამინისტრო ბატონი ემრე ჩაბუქის პერსონალური მონაცემების დაცვისა და კონფიდენციალობის პრინციპის გათვალისწინებით, არ ასაჯაროებს მიღებული გადაწყვეტილების შინაარსსა და არგუმენტაციას. სამინისტრომ ბატონი ჩაბუქის საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას, გაითვალისწინა თურქეთში არსებული მდგომარეობა, წამების საკითხებში გაეროს სპეციალური მომხსენებლის უახლესი ანგარიში, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტები დიპლომატიურ გარანტიებთან დაკავშირებით. ასევე გათვალისწინებულ იქნა თურქეთის რესპუბლიკის ციხეებში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის მონიტორინგის ფუნქციით, ომბუდსმენისა და ადამიანის უფლებათა და თანასწორობის ეროვნული ინსტიტუტების შექმნისა და ფუნქციონირების ფაქტი. სამინისტრომ მიზანშეწონილად არ მიიჩნია ბატონი ემრე ჩაბუქისათვის საქართველოში საერთაშორისო დაცვის მინიჭება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლით“, - განაცხადეს სამინისტროში.

არასამთავრობო ორგანიზაციათა განცხადებით, სამინისტროს შეფასებები, თურქეთში სამართლიანი სასამართლოს უფლების გარანტიების არსებობისა და სასჯელაღსრულების დაწესებულებებში უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების, არასათანადო მოპყრობის არარსებობის შესახებ, აბსურდული და უსაფუძვლოა.

„სამინისტროს დასაბუთებაში არ არის მითითებული საერთაშორისო ორგანიზაციების უკიდურესად კრიტიკული ანგარიშები თურქეთში არსებულ მძიმე უფლებრივ და პოლიტიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით: წამების პრაქტიკა თურქეთში შეაფასა და დაგმო ევროპულმა კომისიამ, გაეროს წამების წინააღმდეგ კომიტეტმა (ჩAთ), წამებაზე გაეროს მომხსენებელმა, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებების კომისარმა. მათ შორის, ევროპარლამენტის უახლესი, 2017 წლის 6 ივლისის რეზოლუცია მიუთითებს თურქეთის სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე; მათი გამოძიებისა და ადგილობრივი და საერთაშორისო მონიტორინგის, ასევე სამართლიანი სასამართლო უფლების გარანტიების არარსებობის პრობლემაზე. ვენეციის კომისია კრიტიკულად აფასებს (2016) თურქეთის სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლებს, რომელიც მუსტაფა ჩაბუქის საქმეზეა გამოყენებული და მიუთითებს, რომ ის არ აკმაყოფილებს განჭვრეტადობის მოთხოვნებს და თვითნებური დევნის მაღალ რისკს შეიცავს“, - აღნიშნულია არასამთავრობოთა განცხადებაში.

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი, ნესტან ლონდარიძე მონიტორინგს უწევს მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმეს. მისი თქმით, ჩაბუქს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე დაუსაბუთებლად ეთქვა უარი: „ლტოლვილის სტატუსის მინიჭება ექვემდებარება კონტრდაზვერვის დასკვნას. რა დასკვნასაც ეს უწყება დადებს, შემდგომში იმ გადაწყვეტილებას იღებს  ლტოლვილთა სამინისტრო. კონტრდაზვერვის დასკვნაში კი იწერება, რომ კონკრეტული პირი სახელმწიფოსთვის მიუღებელია. თუმცა, რატომ არის მიუღებელი, ამაზე არ საუბრობენ. კიდევ ერთი პრობლემა არის ის, რომ როდესაც დასკვნას სასამართლოში ვასაჩივრებთ, ჩვენ არ გვაქვს უფლება, გავეცნოთ იმ მასალებს, რასაც კონტრდაზვერვა წარადგენს. ასეთ აბსურდამდე დავდივართ. კონტრდაზვერვის დეპარტამენტის განმარტება საკითხთან დაკავშირებით, ხშირ შემთხვევაში ასეთია: თუ ოდნავ მაინც არსებობს ეჭვი, თუნდაც ამაში არ იყვნენ დარწმუნებულები, ისინი ეყრდნობიან ამ ეჭვს და იღებენ უარის გადაწყვეტილებას. ასეთი პრაქტიკა კი არასწორია“, - აცხადებს ნესტან ლონდარიძე.

საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, მუსტაფა ემრე ჩაბუქს აქვს სამინისტროს გადაწყვეტილების საქალაქო სასამართლოში გასაჩივრების უფლება, გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში. 

ახალი ამბები