კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რეაბილიტაცია გისოსებს მიღმა - გზა თავისუფლებისაკენ

21 ივლისი, 2017
 
ნათია გოგოლაშვილი

„ჩვენ შორის კედელია ცივი; მავთულხლართები და რკინის კარი, რომელიც არასოდეს გაიღება, რადგან გასაღები მე თვითონ დავკარგე; ჩემი თავი ცოცხლად დავიმარხე რკინა-ბეტონის კუბოში... როცა იმედები კვდება, გულიც კვდება ნელ-ნელა... შენ კი იხარე, ცხოვრება მშვენიერია...“ - ეს არის ამონარიდი მოთხრობიდან „იანვრის თოვლი“, რომელიც ჟურნალ „რიწაში“ დაიბეჭდა. მოთხრობის ავტორია მსჯავრდებული პ.ლ. 

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სოციალური უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი, ლეილა აფციაური გვიყვება, რომ მსჯავრდებულებს, დღესდღეობით, თავიანთი შესაძლებლობების წარმოჩენის საშუალება ეძლევათ, რაშიც მათ პენიტენციურ დაწესებულებებში განხორციელებული ფსიქო-სოციალური და საგანმანათლებლო სარეაბილიტაციო პროგრამები ეხმარებათ. Humanrights.ge დაინტერესდა, რა სახის სარეაბილიტაციო პროგრამები ხორციელდება სასჯელაღსრულების დაწესებულებებში და რა შედეგები მოაქვთ მათ. 

„ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ  პენიტენციურ დაწესებულებებში აზროვნება თანდათან შევცვალოთ. ცხოვრებაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს, ერთ წამში შეიძლება, ადამიანის ცხოვრება შეიცვალოს და იგი ციხეში მოხვდეს. როდესაც ადამიანი ხვდება ციხეში, ყველაზე მთავარი მისი აზროვნების დალაგებაა, რადგან ეს მოვლენა მისთვის საოცარი სტრესია. ამიტომ, უპირველესად, მის ფსიქიკაზე უნდა ვიმუშაოთ. შესვლის მომენტიდან, სანამ პიროვნებას მსჯავრს წაუყენებენ, მასთან მუშაობს ფსიქოლოგი და სოციალური მუშაკი. ეს პერიოდი ყველაზე რთულია - ეს არის მოლოდინის, იმედის პერიოდი. თუმცა, როდესაც მსჯავრი დგება, მსჯავრდებულისთვის არანაკლებ სტრესული პერიოდი იწყება. მსჯავრდებულებთან, უპირველეს ყოვლისა, ფსიქოლოგიურ სარეაბილიტაციო პროგრამებს ვახორციელებთ. ეს არის ჯგუფური ინტერვენციები. აუცილებლია, რომ შევცვალოთ მსჯავრდებულის აზროვნება და დამოკიდებულება დანაშაულთან, მსჯავრთან, მის ყოფასთან და ცხოვრებასთან“, - აცხადებს ლეილა აფციაური.

წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის (GCRT) აღმასრულებელი დირექტორი, ლელა ცისკარიშვილიც აღნიშნავს, რომ სარეაბილიტაციო პროგრამები მსჯავრდებულთა პენიტენციურ დაწესებულებებში მოხვედრის დღიდან უნდა ხორციელდებოდეს, რათა პატიმარს სტრესი მოეხსნას და მან გარემოსთან ადაპტაცია შეძლოს. 

ლელა ცისკარიშვილის თქმით, GCRT პროგრამებს, ძირითადად, სასჯელაღსრულების დაწესებულებების ფსიქოლოგებისა და სოციალური მუშაკებისთვის ახორციელებდა: „მნიშვნელოვანი საკითხი იყო,  როგორ ემუშავათ დაწესებულებების ფსიქოლოგებს ძალადობაგამოვლილ პატიმრებთან. ამასთან დაკავშირებით, სასწავლო ცენტრში პენიტენციური სისტემის სოციალური მუშაკები და ფსიქოლოგები გადამზადდნენ თემაზე - "ბრაზის მართვა". ბრაზის მართვის ტრენინგი ჯგუფური მუშაობისა და სწავლების ინტერაქტიული მეთოდია, რომლის საშუალებითაც ხდება გარკვეული ცოდნისა და პრაქტიკული უნარების შეძენა, რომლებიც ტრენინგის მონაწილეებს თავიანთი პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ეხმარება“. 

აღნიშნული პროექტი განახორციელა ფონდმა „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში“: „ჩვენ ვმუშაობდით თანამშრომლების გაძლიერებაზე. ჩვენი უშუალო სამიზნე ჯგუფი იყვნენ ციხის ფსიქოლოგები და სოციალური მუშაკები. ჩვენი პროექტის ფარგლებში მათ ჩაუტარდათ არაერთი ტრენინგი. მათ გაიარეს როგორც თეორიული საბაზისო ტრენინგები რეაბილიტაციისა და მსჯავრდებულებთან მუშაობის საკითხებში, აგრეთვე, კონკრეტული თერაპიული მოდულების ჩატარების შესახებმიიღეს ცოდნა“, - გვითხრა ფონდის „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში“ პროექტების მენეჯერმა თამარ ოკუჯავამ.

სასტუმრო საქმის მწარმოებელი, მეფუტკრე, გიდი, ტუროპერატორი, კომპიუტერული გრაფიკა, ფერმერი, ოფისის მენეჯერი, ქარგვა, ელექტროშემდუღებელი, დურგალი, მზარეულის კურსები - ეს საგანმანათლებლო და პროფესიულ კურსთა მცირე ჩამონათვალია. სოციალური უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსის, ლეილა აფციაურის თქმით, მსჯავრდებულთა დაინტერესება ამ პროგრამების მიმართ დიდია.

„ხეზე კვეთა ეს არის ჩვენი ერთ-ერთი ძალიან სერიოზული მიმართულება. №16 და №17 დაწესებულებებში ხეზე კვეთის სერიოზული კურსები გვაქვს. სადაც, დაახლოებით, 150 მსჯავრდებულია ჩართული. ახლა სამინისტრო მუშაობს კატალოგის გამოშვებაზე, ეს იქნება ხეზე კვეთის პირველი კატალოგი საქართველოში. ასევე, ძალიან საინტერესო კურსია გაყიდვების ოპერაციების შესრულება სავაჭრო ობიექტებში, რომელიც ქალთა დაწესებულებაში ხორციელდება. ქალები აკეთებენ ძალიან ბევრ საინტერესო ნივთს, ისინი მუშაობენ ბიჟუტერიაზე, თექაზე, ტყავზე. მათ სჭირდებათ ისეთი უნარები, რომ შემდგომ საკუთარი ნამუშევრები გაყიდონ. ახლა ვფიქრობთ, რომ დავხვეწოთ ნაკეთობების ხარისხი, რათა მათი ნამუშევრები გაყიდვადი გახდეს. რაც მთავარია, ქალები დიდ ინტერესს იჩენენ ჩვენი კურსების მიმართ. არასრულწლოვან მსჯავრდებულებთან დავიწყეთ პროექტი „ჩვენ ერთად ვართ“. ეს არის ძალიან საინტერესო პროექტი, ეს არის კავშირი საზოგადოებასთან. მსჯავრდებულების კავშირი საზოგადოების დანარჩენ წევრებთან არ უნდა გაწყდეს. პატიმრები ყოველთვის უნდა გრძნობდნენ, რომ ისინი მარტონი არ არიან და საზოგადოებისთვისაც არ არიან მიუღებელნი. პროექტი ითვალისწინებს, რომ არასრულწლოვანთა დაწესებულებაში მსჯავრდებულმა არასრულწლოვნებმა ერთი დღე გაატარონ სტუმრებთან ერთად. სტუმრებს კი, დიდი ყურადღებით ვარჩევთ. №17 დაწესებულებაში გავაკეთეთ თეატრალური დასი. ჩვენ, ბიჭების სპექტაკლით, ფაქტობრივად,  ამოვატრიალეთ მათი მენტალიტეტი“, - გვითხრა ლეილა აფციაურმა.

ლეილა აფციაურის თქმით, სარეაბილიტაციო პროგრამების შედეგების განმსაზღვრელ კვლევებს სამინისტრო არ ატარებს, თუმცა, მისი თქმით, ამ პროგრამების შედეგიანობას რამდენიმე კომპონენტი განსაზღვრავს.

„ჩვენ შედეგის განმსაზღვრელ კვლევებს არ ვატარებთ, ჩვენს ფუნქციას ეს სცდება. როდესაც ჩვენ ამ პროგრამებსა და კურსებს ვგეგმავთ, აუცილებლად ვითვალისწინებთ პატიმართა სტრესულ და ფსიქიკურ მდგომარეობას. ამ პროგარამების გავლის შემდეგ, პატიმარი უკვე სხვანაირად იქცევა, სხვანაირად აზროვნებს, ეს უკვე, რა თქმა უნდა, თავისთავად, შედეგია. რაც შეეხება საგანმანათლებო-პროფესიულ კურსებს, ყოველი წლის ბოლოს ჩვენ ყველა პატიმართან ვატარებთ ანკეტირებას. ამასთან, მონიტორინგს ვუწევთ საგანმანათლებლო კურსების მიმდინარეობას. პირადად შევდივარ და ვესწრები კურსებს, მაინტერესებს, როგორია მსჯავრდებულთა ჩართულობა და დაინტერესება. ამ პროგრამების მთავარი ფუნქციაა, ადამიანს საკუთარ თავში ვაპოვნინოთ შესაძლებლობები, რათა შემდეგში მან ამ შესაძლებლობების რეალიზება მოახდინოს. ის სხვანაირი უნდა გავიდეს ციხიდან. არ უნდა გავიდეს აგრესიული და კიდევ დანაშაულზე მომართული. ჩვენ პატარ-პატარა გამარჯვებებს ვაღწევთ: როდესაც ვგეგმათ სხვადასხვა სფიქო-სარეაბილიტაციო, საგანმანათლებლო და პროფესიულ კურსს და ჩართულობა იზრდება, ეს უკვე არის გამარჯვება. თუმცა, ასე, უცბად, ყველა მსჯავრდებულს ვერ ჩავრთავთ. უპირველესად, ინფრასტრუქტურის სერიოზული საკითხები გვაქვს გადასაწყვეტი. ციხეების ინფრასტრუქტურა ისე იყო მოწყობილი, რომ ამგვარ აქტივობებს არ ითვალისწინებდა; ძირითადად, უსაფრთხოებისკენ იყო მიმართული. ჩვენ, ფაქტობრივად, ახლა რევოლუციურ პერიოდში ვიმყოფებით“, - აცხადებს ლეილა აფციაური.

სოციალური უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსის თქმით, მომავალში ციხე აუცილებლად უნდა იყოს სამუშაო ადგილებით დატვირთული: „მსჯავრდებული უნდა მუშაობდეს, ეს არის ყველაზე კარგი თერაპია. თუმცა, პატიმრები ახლაც მუშაობენ, ისინი სამეურნეო ნაწილში არიან დასაქმებულები და ხელფასსაც იღებენ. ასევე საცხობები გვაქვს, სამკერვალო გვაქვს ქალთა დაწესებულებაში და შეკვეთებიც გვაქვს. ახლა ვგეგმავთ დაბალი რისკის დაწესებულებებში სათბურების გაკეთებას. ეს არის საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება, საკუთარ თავში ძალების აღმოჩენა. შრომას მიჩვეული გონება, აზროვნებაშეცვილი ადამიანი უკვე სხვანაირი ადამიანი ხდება, საზოგადოებაში მისი ადაპტირება აღარ არის რთული, მას შეუძლია, არჩინოს ოჯახი“.
ევროსაბჭოს წამების პრევენციის კომიტეტმა (CPT) საქართველოში ბოლო ვიზიტი 2014 წელს განახორციელა. CPT-ის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ,,მსჯავრდებულები იმყოფებიან იძულებითი უსაქმურობის მდგომარეობაში“. ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ პატიმრები, უმეტესწილად, საკნებში არაინ ჩაკეტილები. კომიტეტმა 2014 წელს კიდევ ერთხელ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმისკენ, რათა მათ შეემუშავებინათ და განეხორციელებინათ  მსჯავრდებულთათვის სარეაბილიტაციო პროგრამები. ანგარიშში ნათქვამია, რომ პატიმრებს საშუალება უნდა მიეცეთ, დღის განმავლობაში დრო გონივრულად დახარჯონ და ეს დრო (8 საათი ან მეტი) საკნის გარეთ გაატარონ. CPT-ის შემდეგი ვიზიტი საქართველოში მომავალ წელს არის დაგეგმილი.

სახალხო დამცველი უარყოფითად აფასებს, განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებთან დაკავშირებით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პოლიტიკას. მისი შეფასებით, არსებული მიდგომებით, განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება გამოიყენება, როგორც სტატიკური უსაფრთხოების პრინციპებზე დაფუძნებული, შეზღუდვების, აკრძალვებისა და უპირობოდ მკაცრი რეჟიმის დაწესებულებად, რომელიც ვერ უზრუნველყოფს მსჯავრდებულთა ქცევის პოზიტიურ ცვლილებას, რეაბილიტაციას და, შესაბამისად, საზოგადოებაში რეინტეგრაციას.

სასჯელაღსრულების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის, ალექსანდრე დარახველიძის განმარტებით, მსჯავრდებულის განსაკუთრებული რისკის პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსება არის უკიდურესი ღონისძიება და, ბუნებრივია, აღნიშნულ დაწესებულებებში, სხვა პენიტენციურ დაწესებულებებთან შედარებით, დადგენილია სასჯელის მოხდის განსხვავებული რეჟიმი. 

„გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ განსხვავებული რისკის მატარებელი მსჯავრდებულები არ უნდა სარგებლობდნენ ერთი და იმავე უფლებრივი მდგომარეობით, რათა გაუჩნდეთ მოტივაცია, იმუშაონ საკუთარ თავზე, ჩაერთონ სხვადასხვა პროგრამაში, შეიმცირონ რისკი და, შესაბამისად, გადავიდნენ უფრო დაბალი რისკის პენიტენციურ დაწესებულებაში. თავის მხრივ, სამინისტრო გეგმავს, განსაკუთრებული რისკის დაწესებულებებში გააძლიეროს სოციალური მიმართულება, მსჯავრდებულებს შესთავაზოს უფრო მრავალფეროვანი სარეაბილიტაციო პროგრამები, რათა ხელი შეეწყოს რისკის შემცირებას“, - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

2016 წლის 12 ივლისს საქართველოს სახალხო დამცველმა სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ №6 პენიტენციურ დაწესებულებაში (მაღალი რისკის დაწესებულება) განხორციელებული ვიზიტის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნა, რომ დაწესებულებაში არ ხორციელდებოდა ფსიქო-სოციალური სარეაბილიტაციო  აქტივობები: „ვიზიტების შედეგად, დადგინდა, რომ დაწესებულებაში მოთავსებული პატიმრების უმეტესობას პრობლემები აქვს ფსიქიკური ჯანმრთელობის კუთხით. აღნიშნულიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია პატიმრები უზრუნველყოფილი იქნან დროული და ადეკვატური ფსიქიატრიული დახმარებით, რისთვისაც აუცილებელია დაწესებულებაში დამატებული იქნას ფსიქიატრის შტატი“, - ვკითხულობთ ანგარიშში. 

სოციალური უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსის, ლეილა აფციაურის განცხადებით, მაღალი რისკის დაწესებულებებში სარეაბილიტაციო პროგრამები მასშტაბურად ვერ განხორციელდება, რადგან უსაფრთხოების ზომების გათვალისწინებით, შესაძლებელია, მსჯავრდებულთა შეხვედრა არ იყო მიზანშეწონილი: „წელს მაღალი რისკის №6 დაწესებულებაში დავიწყეთ ორი ფსიქო-სარეაბილიტაციო პროგრამა. ამ ეტაპზე ეს ჩვენთვის დიდი წარმატებაა. ჩვენ შევძელით 4-5 მსჯავრდებული ერთად დაგვესვა პროგრამაზე. №6 დაწესებულებაში, ასევე, შეგვაქვს პროექტი „პატიმრები მოძღვართან“, ამ პროექტის განხორციელებაში საგანმანათლებლო სახლი გვეხმარება. ვფიქრობთ, ეს არის ძალიან კარგი თერაპია, ეს არის საუბრები ყველაფერზე, მსჯავრდებულებს შესაძლებლობა აქვთ, კითხვები დასვან ნებისმიერ თემაზე. ბოლო წლებში ჩვენმა აქტიურმა მუშაობამ შესაძლებლობა მოგვცა, მაღალი რისკის დაწესებულებებში დავგეგმოთ გარკვეული ტიპის აქტივობები და პროგრამები. თანდათან ვგეგმავთ საგანმანათლებლო კურსების შეტანასაც, თუმცა ეს ძალიან რთული პროცესია. საგანმანათლებლო კურსებს ჩვენ განათლების სამინისტროსთან ერთად ვატარებთ. ჩვენ ვაკეთებთ ანკეტირებას, ვგეგმავთ კურსებს. განათლების სამინისტრო კი, იღებს სახელმწიფო დაფინანსებას და არჩევს კოლეჯს, რომელიც შემდგომში პენიტენციურ დაწესებულებებში საგანმანათლებლო კურსებს ახორციელებს. იმისათვის, რომ განათლების სამინისტრომ საგანმანათლებლო კურსი განახორციელოს, საჭიროა ამ კურსებზე დამსწრეთა გარკვეული რაოდენობა, რაც მაღალი რისკის დაწესებულებებში ვერ ხერხდება. თუმცა, მაღალი რისკის №3 დაწესებულებაში განათლების სამინისტრო დაგვთანხმდა, რომ 5-6 კაციან ჯგუფში შესულიყო“, - აცხადებს ლეილა აფციაური.

ფონდის „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში“ პროექტების მენეჯერისა და ფსიქოლოგის, ქეთევან ფილაურის თქმით, ფსიქო-სოციალური პროგრამების ერთ-ერთი უპირატესობა ის არის, რომ ეს არ არის მხოლოდ ჯგუფთან მუშაობის მეთოდი და ამ მეთოდების ინდივიდუალურად გამოყენებაც შეიძლება. ქეთევან ფილაურის თქმით, მათ მიერ გადამზადებული სპეციალისტი, საჭიროებებიდან გამომდინარე, უკვე თავად განსაზღვრავს, როგორ და რა ფორმით იმუშაოს მსჯავრდებულებთან.

წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის (GCRT) აღმასრულებელი დირექტორის, ლელა ცისკარიშვილის თქმით, ყველა პროგრამა, რომელიც სასჯელაღსრულების დაწესებულებებში განახორციელეს, მეტწილად, გათავისუფლებისთვის მომზადებაზე იყო ორიენტირებული: „სამინისტროსთან ერთად, ვარჩევდით იმ მსჯავრდებულებს, რომლებსაც გათავისუფლებამდე ექვსი თვე ჰქონდათ დარჩენილი. ეს პროგრამა საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკას ეფუძნებოდა, რომელიც ჰოლანდიელ ექსპერტებთან ერთად, ქართულ სასჯელაღსრულების სისტემას მოვარგეთ. ეს პროგრამა ხორციელდებოდა დაბალი რისკის დაწესებულებებში. ექვსი თვის განმავლობაში კვირაში რამდენჯერმე მსჯავრდებულებს ვხვდებოდით. კოგნიტური და სოციალური უნარების პროგრამაში შედიოდა სხვადასხვა უნარის გააზრება: თვითშემეცნება და ემპათია, კრეატიული და კრიტიკული აზროვნება, გადაწყვეტილებების მიღება და პრობლემების გადაჭრა, უსაფრთხო არჩევანის გაკეთება, ეფექტური კომუნიკაცია და ურთიერთობები, ემოციებთან და სტრესთან გამკლავება. პროგრამას ტრენინგის ხასიათი ჰქონდა და ჯგუფური საუბრები და დისკუსიები მიმდინარეობდა. მონაწილეობა ნებაყოფლობითი იყო, თუმცა ჯგუფის შევსების პრობლემა არასდროს გვქონია, რადგან მსჯავრდებულთა მხრიდან ინტერესი დიდი იყო“, - განაცხადა ლელა ცისკარიშვილმა.

პატიმრობის კოდექსში შემოთავაზებული ცვლილებების ფარგლებში, პენიტენციურ სისტემაში იქმნება ახალი – გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება, რომელიც გათავისუფლებისთვის მოამზადებს დაბალი ან საშუალო რისკის იმ მსჯავრდებულებს, რომელთა მოსახდელი თავისუფლების აღკვეთის ვადა არ აღემატება 6 თვეს. 

„პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებულ მსჯავრდებულთა მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე რამდენიმე წელია (ზოგ შემთხვევაში 10-15 წელი), თავისუფლების აღკვეთის პირობებში იმყოფება. ასეთი პატიმრებისთვის, ძალიან რთულია გათავისუფლების შემდეგ გარესამყაროსთან ადაპტაცია და საზოგადოებაში ინტეგრაცია. ხშირად, მათთვის სერიოზული გამოწვევაა თანამედროვე სერვისებით სარგებლობაც კი. აღნიშნული ფაქტორები ხშირ შემთხვევაში ახალი დანაშაულის მაპროვოცირებელ გარემოებებს და პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნების საფუძველს წარმოადგენს. არსებული ვითარების ანალიზმა ცხადყო, რომ აუცილებელია შეიქმნას გარდამავალი პენიტენციური დაწესებულება, რომელიც ასეთ მსჯავრდებულებს მოამზადებს გათავისუფლებისთვის, საშუალებას მისცემს სრულ გათავისუფლებამდე გადაჭრან ელემენტარული ყოფითი პირობები, განივითარონ პროფესიული უნარები, მოძებნონ სამსახური და მოაწესრიგონ დოკუმენტაციასთან დაკავშირებული პრობლემები“, - ნათქვამია კანონ-პროექტის განმარტებით ბარათში.

სოციალური უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსის, ლეილა აფციაურის განცხადებით, ამ ეტაპზე პენიტენციურ დაწესებულებებში ხორციელდება პროგრამა „მომზადება გათავისუფლებისათვის“, სადაც ერთვებიან პატიმრები, რომლებსაც გათავისუფლებამდე 6 თვე აქვთ დარჩენილი. ეს არის სარეაბილიტაციო პროგრამა, რომელიც საინფორმაციო ხასიათს ატარებს. პროგრამის ფარგლებში, მსჯავრდებულები ეცნობიან ინფორმაციებს ჯანდაცვის საკითხებთან და სოციალურ პროექტებთან დაკავშირებით. 

„გზა თავისუფლებისაკენ“ - ეს არის ფეისბუქ გვერდი, სადაც დაინტერესებულ პირს შეუძლია, მიიღოს ინფორმაცია სასჯელაღსრულების დაწესებულებებში განხორციელებული ყველა აქტივობისა თუ პროექტის შესახებ.

სტატია მომზადებულია ორგანიზაცია „ციხის საერთაშორისო რეფორმის“ მიერ განხორციელებული პროექტის, „საქართველოსა და სომხეთში წამებასა და არასათანადო მოპყრობასთან ბრძოლა პრევენციული მონიტორინგის გაძლიერების გზით“, ფარგლებში.

ახალი ამბები