კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ბატონო პრეზიდენტო, არ გგონიათ, რომ შეწყალების ბრძანებულება ფორმალური აქტია?!“

27 ივლისი, 2017
 
ნათია გოგოლაშვილი

„წინ მიდევს თქვენ მიერ 2014 წელს გამოცემული ბრძანება შეწყალების შესახებ. ალბათ, ასჯერ მაინც გადავიკითხე მუხლობრივად აღნიშნული იურიდიული დოკუმენტი და, კერძოდ, ე.წ. კრიტერიუმები, რომელსაც ყველა მსჯავდებული უნდა აკმაყოფილებდეს შეწყალებისთვის. ბატონო პრეზიდენტო, შეწყალების ბრძანებულება არ გგონიათ, რომ ფორმალური აქტია?! თითოეული ქალბატონისთვის გათავისუფლება დიდი სიხარულია, მაგრამ ვერაფრით მოვიყვანე თანხვედრაში დაწესებული კრიტერიუმები და გათავისუფლებული რიგი პირების შეწყალებისთვის საჭირო არადამაკმაყოფილებელი პირობები“, - მსჯავდებული ქეთევან ხმალაძე პრეზიდენტისგან ითხოვს პასუხებს კითხვებზე, რომლებიც შეწყალების მომლოდინე ქალ მსჯავდებულებს აქვთ.

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტის, ეკა ქობესაშვილის განცხადებით, პატიმართათვის გასაგები უნდა იყოს შეწყალების კრიტერიუმები: „თუკი რიგ პატიმრებს ეუბნებიან, რომ ვერ შეიწყალებენ, რადგან კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებენ, მაშინ რატომ ხდება, რომ ზოგიერთი პატიმრის შემთხვევაში ეს კრიტერიუმები სრულად უგულებელყოფილია და მათ იწყალებენ. ეს პატიმრებში გაურკვევლობას იწვევს. ისინი ვერ იღებენ დასაბუთებუთებულ პასუხს, რატომ ვერ მოხვდნენ შეწყალებულთა რიგებში. ვფიქრობ, პატიმარი უფლებამოსილია, მიეწოდოს დასაბუთებული პასუხი, რათა შემდგომში გაითვალისწინოს“, - აცხადებს ეკა ქობესაშვილი.

ადამიანის უფლებათა ცენტრმა განახორციელა პროექტი „შეწყალების უფლებამოსილების კვლევა“, რომლის ფარგლებშიც გაიმართა მრგვალი მაგიდა, თემაზე: „შეწყალების მექანიზმი საქართველოში - პრობლემები, გამოწვევები“. აღნიშნულ შეხვედრაზე შეწყალების სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარემ, ზვიად ქორიძემ განაცხადა, რომ შეწყალებას არაფერი აკავშირებს სამართლებრივობასთან და სამართლიანობასთან.

„შეწყალება ეს არის ჰუმანური აქტი. შეწყალება არის პრინციპი ჰუმანიზმის, რომელიც სახელმწიფოს ფუნდამენტში დევს. ეს არის ერთადერთი ბერკეტი, რომელსაც ჰუმანურობის ხაზგასასმელად იყენებენ. შეწყალება არის პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლება, რაც მას კონსტიტუციით აქვს მინიჭებული. ამიტომ ჩვენ უნდა ვისაუბროთ იმ პრობლემებზე, რაც შეწყალების მექანიზმს საზოგადოებაში აქტუალურს ხდის. შეწყალებას არაფერი აკავშირებს სამართლებრივობასთან და სამართლიანობასთან. როდესაც ვამბობთ, რომ ეს არის პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლება, იქ უკვე სამართლიანობის პრინციპი ირღვევა“, - აღნიშნა ზვიად ქორიძემ.

„შეწყალების უფლებამოსილების კვლევის“ ანგარიშში ნათქვამია, რომ არც საქართველოს კონსტიტუცია და არც შეწყალების მექანიზმის მომწესრიგებელი სხვა აქტები არ შეიცავენ ინფორმაციას შეწყალების მიზნებთან დაკავშირებით, რაც გარკვეულ ბუნდოვანებას ბადებს შეწყალების მექანიზმის გამოყენების შესახებ და ცრუ მოლოდინებს იწვევს მსჯავრდებულებში. 

„შეწყალების კომისიის წევრთა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა განმარტებით, მსჯავრდებულთა ნაწილს შეწყალება წარმოდგენილი აქვთ მართლმსაჯულების ხარვეზების გამოსწორების მექანიზმად, რაც განპირობებულია იმით, რომ შეწყალების მიზნების რეგლამენტაცია არ განხორციელებულა და შესაბამისად, მსჯავრდებულმაც არ იცის, რას ემსახურება შეწყალების მექანიზმი. საქართველოს შეწყალების კომისიის წევრთა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელთა ნაწილის განმარტებით, ვინაიდან დღემდე სახელმწიფოს არ შეუქმნია დარღვეული უფლების აღდგენის ეფექტური მექანიზმი, მსჯავრდებულები შეწყალებას მიიჩნევენ სამართლიანობის აღდგენის ერთ-ერთ საშუალებად, რომელსაც შეუძლია, კანონიერ ძალაში შესული განაჩენების გადახედვის გზით, მსჯავრდებულთა სასჯელის შემცირება ან სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლება. შეწყალების კომისიის წევრთა ნაწილის განმარტებით, კომისიას შეწყალების თხოვნით მიმართავენ მსჯავრდებულები, რომელთაც თავი მიაჩნიათ უკანონო მსჯავრდების მსხვერპლად. საქართველოს პრეზიდენტი და შეწყალების კომისია კი უარს ეუბნებიან ამ კატეგორიის მსჯავრდებულებს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე იმ მოტივით, რომ შეწყალება არ შეიძლება, განხილულ იქნას კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადახედვის მექანიზმად თუნდაც მსჯავრდებულს თავი უკანონო მსჯავრდების მსხვერპლად მიაჩნდეს“, - ვკითხულობთ ანგარიშში („ შეწყალების უფლებამოსილების კვლევა“).

ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ წარმოებული კვლევის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ მოწოდებული სტატისტიკური მონაცემებიდან ირკვევა, რომ 2013 წლის ნოემბრიდან 2015 წლის ჩათვლით (მარტო 2 წლისა და 2 თვის განმავლობაში შეწყალებულია 1797 მსჯავრდებული) პროპორციულად მეტი მსჯავრდებულია შეწყალებული, ვიდრე 2004-2013 წლებში (10 წლის განმავლობაში შეწყალებულია მხოლოდ 3068 მსჯავრდებული). ამასთანავე, ირკვევა 2013 წლის ნოემბრიდან იკვეთება საქართველოს პრეზიდენტის უფრო ჰუმანური დამოკიდებულება ქალებისა და არასრულწლოვანი მსჯავრდებულების მიმართ. თუკი 2004-2013 წლებში (10 წლის განმავლობაში), პრეზიდენტმა შეიწყალა მხოლოდ 216 ქალი მსჯავრდებული, 2013 წლის ნოემბრიდან 2015 წლის ჩათვლით (მხოლოდ 2 წლისა და ორი თვის განმავლობაში) პრეზიდენტს შეწყალებული ჰყავს 80 ქალი მსჯავრდებული.

შეწყალების უფლებამოსილების გამოყენების ტენდენციები 2004-2015 წლებში შემდეგნაირია:

2004 წლიდან 2013 წლის ნოემბრამდე, შეწყალების საკითხთა კომისიას შუამდგომლობით მიმართა 49 599 მსჯავრდებულმა პირმა, მათ შორის 3698 ქალმა. აქედან, შეწყალების საკითხთა კომისიის რეკომენდაციით, საქართველოს პრეზიდენტმა შეიწყალა 3068 მსჯავრდებული, მათ შორის 216 ქალი.

2004 წლიდან 2013 წლის ნოემბრამდე, შეწყალებულია მსჯავრდებულ ქალთა დაახლოებით 6% (3698 ქალი მსჯავრდებულიდან პრეზიდენტმა შეიწყალა 216 მსჯავრდებული).

2013 წლის ნოემბრიდან 2015 წლის დეკემბრის ჩათვლით შეწყალების საკითხთა კომისიას შუამდგომლობით მიმართა 13 394 მსჯავრდებულმა, მათ შორისაა 627 ქალი. შეწყალების საკითხთა კომისიის რეკომენდაციით, საქართველოს პრეზიდენტმა შეიწყალა სულ 1797 მსჯავრდებული, მათ შორის 80 ქალი.

2013 წლის ნოემბრიდან 2015 წლის ჩათვლით, შეწყალებულია მსჯავრდებულ ქალთა დაახლოებით 13 % (627 ქალი მსჯავრდებულიდან პრეზიდენტმა შეიწყალა 80 მსჯავრდებული).

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტის, თამარ ავალიანის განცხადებით, „შეწყალების უფლებამოსილების კვლევის“ განხორციელებისას რამდენიმე მთავარი პრობლემური საკითხი გამოიკვეთა.
„არც საკანონმდებლო და არც კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის დონეზე რეგლამენტირებული არ არის შეწყალების საკითხთა კომისიის შემადგენლობის ფორმირების წესი და პროცედურა, წევრთა შერჩევის კრიტერიუმები, წევრთა რაოდენობა, რაც მოქმედი რეგულირების გარკვეულ ხარვეზს წარმოადგენს. სასურველია, ნორმატიულად დარეგულირდეს, შეწყალების კომისიის წევრთა რაოდენობისა და კომისიის წევრთა განათლების ცენზის საკითხი. ასევე, შეწყალების კომისიაში უნდა იყვნენ წარმოდგენილი წევრები არა კონფესიური ნიშნით, არამედ მათი ჰუმანურობა და ლიბერალური მიდგომები უნდა იყოს განმსაზღვრელი. ამასთან, ყურადღება უნდა გავამახვილოთ შემდეგზე: პრეზიდენტს შეუძლია განსაკუთრებული გარემოებების საფუძველზე, კრიტერიუმების დაუცველად, პირი შეიწყალოს იმ შემთხვევაში, თუ არსებობს განსაკუთრებული გარემოებები. თუმცა, ამ განსაკუთრებული გარემოებების ჩამონათვალი არ არის. ეს გარემოება პატიმრებში აზრთა სხვადასხვაობას იწვევს. ჩვენი რეკომენდაციაა, შიდა ინსტრუქციის მეშვეობით, გაიწეროს განსაკუთრებული გარემოებები. მაგალითად, პრაქტიკამ აჩვენა, რომ განსაკუთრებული გარემოებებია პირის ავადმყოფობა, ან თუ არის წამების მსხვერპლი და თუ არსებობს ამაზე სასამართლოს გადაწყვეტილება, ან თუ ქალს არასრულწლოვანი შვილები ჰყავს და მათ განსაკუთრებული მზრუნველობა სჭირდებათ და ეს მსჯავრდებული მათი ერთადერთი მარჩენალია. ყველაზე დიდ დავას კი იწვევდა პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლება, პატიმარი კრიტერიუმების დაუცველად შეიწყალოს. ამ შემთხვევაში პრეზიდენტი კომისისას არ ეკითხება და ყველაფრის გვერდის ავლით შეიწყალებს პატიმარს. ჩვენ ვთვლით, რომ ეს არის საშიში კომპეტენცია“, - აცხადებს თამარ ავალიანი.

საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 27 მარტის #120 ბრძანებულებით, შეწყალების ახალი წესი დამტკიცდა. აქვე აღსანიშნავია, პრეზიდენტის 2014 წლის 27 მარტის ბრძანებულების დადებითი სიახლეებიც.

2014 წლის 27 მარტამდე არსებული დებულებით, უვადო მსჯავრდებულს 25 წელი უნდა გაეტარებინა პენიტენციურ დაწესებულებაში, რათა მას უფლება ჰქონოდა შეწყალების კომისიისათვის მიემართა. 2014 წლის ცვლილებებით, ეს ვადა 15 წლამდე შემცირდა.

ძველი დებულებით, თუ მსჯავრდებული ბრალს არ აღიარებდა, შეწყალების კომისია მის საქმეს არ განიხილავდა. ცვლილებების თანახმად, აღიარება შეწყალების სავალდებულო კრიტერიუმს აღარ წარმოადგენს.

2014 წელს, ცვლილება შეეხო შეწყალების კომისიის დებულებას არასრულწლოვნებთან დაკავშირებით. კერძოდ, იმ მსჯავრდებულის საქმეს, რომელიც დანაშაულის ჩადენის დროს არასრულწლოვანი იყო და სასჯელის მოხდის პერიოდში სრულწლოვანების ასაკს მიაღწია, შეწყალების კომისია განიხილავს, როგორც არასრულწლოვნის საქმეს, ყოველგვარი კრიტერიუმების გარეშე.

ახალი დებულებით, ცვლილებები შეეხო იმ მსჯავრდებულთა შეწყალების საკითხსაც, რომლებსაც საპატიმრო და პირობითი სასჯელი აქვთ. ახალი რეგულაციით, შეწყალების კომისია სასჯელს არ ითვლის პირობითთან ერთად, და მსჯელობს მხოლოდ საპატიმრო სასჯელით.

2014 წლამდე მოქმედი დებულებით, თუ შეწყალების კომისია მსჯავრდებულს შეწყალებაზე უარს ეტყოდა, მას კომისიისათვის ხელმეორედ მიმართვა 3 თვეში შეეძლო, ახალი რეგულაციით, აღნიშნული ვადა 6 თვეს შეადგენს.

2014 წლამდე არსებული რეგულაციით, იმ ამნისტირებული და შეწყალებული მსჯავრდებულის საქმეს, რომლებიც ნასამართლობის გაქარწყლებამდე ჩაიდენდნენ დანაშაულს და ისევ დააკავებდნენ, შეწყალების კომისია არ იხილავდა. ახალი ნორმებით, შეწყალების კომისია იხილავს ამ კატეგორიის მსჯავრდებულთა საქმეებს, თუ მსჯავრდებულმა სასჯელის 2/3 მოიხადა.

ახალი ამბები