14:32, Monday, 20.11.2017
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმატებული საქმეები (მარტი-აპრილი-მაისი-ივნისი)

29.07.2017

 
         დაშგინ და ორხან აღალარლებს საქართველოდან ვერ გააძევებენ
 
ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავს დაშგინ აღალარლის ინტერესებს, რომელიც არის აზერბაიჯანის ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის „მუსავათის“ წევრი. იგი განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებებისა და ხელისუფლების პოლიტიკის კრიტიკის გამო, წლების განმავლობაში იდევნებოდა აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ. დაშგინ აღალარლი და მისი შვილი ორხან აღალარლი ლტოლვილის სტატუსის მიღების მოთხოვნით, 2014 წელიდან იმყოფებიან საქართველოში. 

ლტოლვილის სტატუსის მიღებაზე დაშგინ აღარარლს და მის შვილს  ორხან აღალარლს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ და შემდგომ სააპელაციო სასამათლომ უარი განუცხადა. აღნიშნულის გამო დაშგინ და ორხან აღალარლები აღმოჩნდნენ სრულიად დაუცველები და არსებობდა მათი საქართველოდან გაძევების  საფრთხე. 

ადამიანის უფლებათა ცენტრის სამართლებრივი დახმარებით, ივნისის თვეში, დაშგინ აღალარლიმ და ორხან აღალარლიმ მიიღეს ერთწლიანი დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა, რის საფუძველზეც მათი საქრთველოდან გაძევება იკრძალება. დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა წარმოადგენს არგაძევების საბუთს.
 
კლინიკა „ლანცეტში“ ღვიძლის ტრანსპლანტაციის შედეგად გარდაცვლილთა საქმეები
 
ადამიანის უფლებათა ცენტრი სამართლებრივ დახმარებას უწევს კლინიკა „ლანცეტში“, ღვიძლის ტრანსპლანტაციის ოპერაციის შედეგად გარდაცვლილი გ. ჩ.-სა და კ. კ.-ს ოჯახების წევრებს. 
კლინიკა „ლანცეტში“  განხორციელდა უკანონო საექიმო საქმიანობა, რამაც ადამიანების სიცოცხლის  მოსპობა გამოიწვია. 

ადამიანის უფლებათა ცენტრმა მიმართა მთავარ პროკურატურას და მოითხოვა, პირად კონტროლზე აიყვანოს გარდაცვლილთა საქმეები, შეისწავლოს კლინიკა „ლანცეტში“ წარმოებული უკანონო საექიმო საქმიანობა და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება. 
ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტის განცხადების საფუძველზე ქ. თბილისის პროკურატურამ დაიწყო გამოძიება კლინიკა „ლანცეტში“ სავარაუდო დანაშულის ჩადენის ფაქტზე. 
საქართველოს პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე,  პაციენტებისგან დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლებისა და სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემქმნელი გარემოების შესახებ ინფორმაციის დამალვის ფაქტზე, დააკავა სამედიცინო დაწესებულება შპს „ლანცეტი“-ს დირექტორი ფ.ჯ. დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის III ნაწილითა და ამავე კოდექსის 247-ე მუხლის I ნაწილით.
ამავე დროს, ადამიანის უფლებათა ცენტრის მოთხოვნის საფუძველზე, სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ კლინიკა „ლანცეტს“  ადამიანის ორგანოთა გადანერგვის ოპერაციები აუკრძალა. 
 
მოქალაქეს პენსიის მიღება განუახლდა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბანში მცხოვრებ ი.ბ.-ს მინიჭებული ჰქონდა მნიშვნელოვნად შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი (შრომისუუნარო) და იღებდა პენსიას. სოციალური მომსახურების სააგენტოს გურჯაანის რაიონულმა განყოფილებამ მას უარი უთხრა შეჩერებული სოციალური პაკეტის განახლებაზე, სსე ბიუროს შემოწმების აქტის ამონაწერის მონაცემებს შორის სახელში და მამის სახელში უზუსტობის გამო. მოქალაქეს მოსთხოვეს სასამართლოს გადაწყვეტილება საბუთების კუთვნილების შესახებ.
ადამიანის უფლებათა ცენტრის კახეთის ოფისმა ი.ბ.-ს შეუდგინა განცხადება იურიდიული ფაქტის დადგენის შესახებ, რაც დააკმაყოფილა გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ. სოციალურ სააგენტოში სასამართლოს გადაწყვეტილების წარდგენის შემდეგ ი.ბ.-ს განუახლდა სოციალური პაკეტის - პენსიის მიღება.
 
მძიმე მდგომარეობაში მყოფი ქალი მსჯავრდებული პრეზიდენტმა შეიწყალა
 
ადამიანის უფლებათა ცენტრი სამართლებრივ დახმარებას უწევს სასჯელაღსრულების #5 დაწესებულების ქალ მსჯავრდებულს, მ.დ.-ს. მსჯავრდებულს აღენიშნება მძიმე დაავადება, რომელიც იწვევს მოულოდნელ მოტეხილობებს. მას მხოლოდ ეტლის საშუალებით ჰქონდა საპატიმროში გადაადგილების შესაძლებლობა. სასჯელაღსრულების დაწესებულების კიბეზე დაცემის შედეგად მან მიიღო ფეხის მძიმე მოტეხილობა, რის გამოც 6 თვე მოუწია მწოლიარე რეჟიმში ყოფნა. 

ადამიანის უფლებათა ცენტრის დახმარებით, მსჯავრდებულმა მიმართა საქართველოს პრეზიდენტს, გაეთვალისწინებინა მძიმე მდგომარეობა და შეწყალების აქტით გაენთავისუფლებინა სასჯელის შემდგომი მოხდისაგან. პრეზიდენტმა თხოვნა დააკმაყოფილა და მ. დ. შეწყალების აქტით განთავისუფლდა.
 
დედა შშმ შვილთან საქართველოში დაბრუნებას შეძლებს 
 
ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ ქალაქ თბილისის მერიასა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროში წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, რუსეთში მცხოვრებ საქართველოში დაბადებულ მოქალაქეს, დაუდგინდა საქართველოში ცხოვრების ფაქტი და მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა.  მ. მ. წლების განმავლობაში ვერ ახერხებდა თავის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილთან საქართველოში დაბრუნებას, რადგან არ ჰქონდა დასაბრუნებლად აუცილებელი დოკუმენტაცია. ადამიანის უფლებათა ცენტრის დახმარებით, მ. მ. უკვე ფლობს საქართველოს მოქალაქის დამადასტურებელ პასპორტს  და შეუძლია დაბრუნდეს საქართველოში.
 
მოქალაქეს 17 წლის წინანდელ ვალს დაუბრუნებენ
 
ადამიანის უფლებათა ცენტრის შიდა ქართლის ოფისი იცავდა ქ. გორში მცხოვრები ჯ.გ.-ს ინტერესებს, რომელმაც მოითხოვა დახმარება სარჩელის შედგენაში მოპასუხისათვის თანხის დაკისრების თაობაზე. მისი განმარტებით, 2000 წელს გაყიდა 2000 დოლარის ღირებულების ვაშლი თანხის შემდგომი გადახდის პირობით. მიუხედავად იმისა, რომ მან არაერთგზის მიმართა მყიდველს თანხის დაბრუნების მოთხოვნით, მას ვალდებულება არ შეუსრულებია. ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტმა მოამზადა სარჩელი სასამართლოში წარსადგენად. 21 მარტს დასრულდა საქმის არსებითი განხილვა, რა დროსაც მოსარჩელემ შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა 1150 დოლარამდე. 
2017 წლის 31 მარტს გორის რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა ჯ. გ.-ს მოთხოვნა ნაწილობრივ, კერძოდ, 1150 დოლარის ნაცვლად, მოპასუხე მხარეს დააკისრა 1110 დოლარის გადახდა.

დამსაქმებელი დასაქმებულის სასარჩელო მოთხოვნას დაეთანხმა 

ადამიანის უფლებათა ცენტრის კახეთის ოფისი 2016 წლის აგვისტოდან აწარმოებს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ შაშიანში მცხოვრები ვ. დ.-ს საქმეს შრომის ანაზღაურების შესახებ.
2015 წლის 22 იანვარს რუსეთის მოქალაქე ვ.დ.-სა და ერთ-ერთი შპს-ს დირექტორს შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება, რის საფუძველზეც ვ. დ. დაინიშნა მძღოლ-ექსპედიტორის თანამდებობაზე. მის ვალდებულებას წარმოადგენდა მომსახურებოდა დამქირავებელს მასზედ მინდობილი  ა/მანქანით და მისაბმელით. განეხორციელებინა გადაზიდვები ევროპასა და დსთ-ს ქვეყნებში. სანაცვლოდ, დამქირავებელმა აიღო ვალდებულება, ვ.დ.-სთვის გადაეხადა თვიური ხელფასი 700 ლარის ოდენობით. ხელფასის არასათანადოდ ანაზღაურების გამო ვ. დ. იძულებული გახდა სამუშაოდან წამოსულიყო. შეთანხმება დამსაქმებელთან ვერ შედგა.

ადამიანის უფლებათა ცენტრმა მოამზადა სარჩელი და იშუამდგომლა სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა დადებოდა შპს-ს ანგარიშს, რაც მოთხოვნილი თანხის ფარგლებში დაკმაყოფილდა. მხარემ წარმოადგინა შესაგებელი, რითაც არ სცნო სარჩელი და განჩინება გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოში. თუმცა, განჩინება სარჩელის უზრუნველყოფაზე დარჩა ძალაში.
ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი მონაწილეობდა სასამართლოს მოსამზადებელ სხდომებში. 2017 წლის 7 ივნისს, მთავარ სხდომაზე, მოპასუხემ გამოთქვა სურვილი, საქმე მორიგებით დასრულებულიყო.  მხარეები შეთანხმდენენ თანხაზე, რაც იმავე დღეს ანაზღაურდა მოპასუხის მიერ და საქმის წარმოება შეწყდა.  
 
დავა საკუთრების უფლების დასაცავად

ადამიანის უფლებათა ცენტრის კახეთის ოფისი იცავდა მოქალაქე ნ.ნ.-ს ინტერესებს ადმინისტრაციულ საქმეზე, სადაც მოპასუხე მხარეს წარმოადგენდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, ხოლო მესამე პირს - სს „საქართველოს რკინიგზა“. დავა მიმდინარეობდა 2015 წლის 30 მარტიდან. 
ნ.ნ.-ს მიერ აუქციონზე შეძენილი შენობა, რომელსაც ელექტრონული რეგისტრაცია არ ჰქონდა საჯარო რეესტრში, სს „საქართველოს რკინიგზამ“ მიწის სხვა ფართობებთან ერთად, დაირეგისტრირა თავის საკუთრებაში, რაც ადამიანის უფლებათა ცენტრის დახმარებით, გასაჩივრდა გურჯაანის რაიონულ სასამართლოში. სასამართლომ სარჩელი არ დააკმაყოფილდა, რის შემდეგაც ადამიანის უფლებათა ცენტრმა მოამზადა საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატისთვის. ორგანიზაციამ მოითხოვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა, ასევე - სადავო ფართის ნაწილში, ნაწილობრივ ბათილად ცნობა საჯარო რეესტრის იმ გადაწყვეტილებისა, რითაც სს „საქართველოს რკინიგზის“ საკუთრებად დარეგისტრირდა მოსარჩელის კუთვნილი შენობა. 

2017 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილებით, სასამართლომ გააუქმა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 21 მაისის გადაწყვეტილება და მიიღო ახალი გადაწყვეტილება, რითაც სადავო ფართის ნაწილში ბათილად ცნო გურჯაანის სარეგისტრაციო სამსახურის ყველა გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ. სასამართლომ სარეგისტრაციო სამსახურს დაავალა ნ. ნ.-ს განცხადებაზე საქმის წარმოების განახლება და რეგისტრაციის შესახებ ახალი გადაწყვეტილების მიღება.
 
სხვადასხვა
  •  ადამიანის უფლებათა ცენტრის დახმარებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული კოლეგიის მოსამართლემ მოქალაქე გ.ვ. გაამართლა და არ ცნო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით (წვრილმანი ხულიგნობა) გათვალისწინებულ სამართალდამრღვევად, რის გამოც იგი დააკავა პოლიციამ.
  • ქალ მსჯავრდებულთა საქმეების განმხილველმა ადგილობრივმა საბჭომ დააკმაყოფილა ადამიანის უფლებათა ცენტრის შუამდგომლობა და მსჯავრდებული გ.ჩ. პირობით ვადამდე გაანთავისუფლა.
  • საქართველოს პრეზიდენტმა დააკმაყოფილა ადამიანის უფლებათა ცენტრის შუამდგომლობა და შეწყალების აქტის საფუძველზე, მსჯავრდებულ ი.წ.-ს მოაკლდა მოსახდელი სასჯელის 2/3. მსჯავრდებულს უკვე  შეუძლია ისარგებლოს კანონით დადგენილი შეღავათებით, მათ შორის - პირობით ვადამდე განთავისუფლების მოთხოვნით.
  • საქართველოს სოციალურმა სამსახურმა დააკმაყოფილა ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტის მოთხოვნა, რის საფუძველზეც ლ.კ.-მ თავის მეურვეობის ქვეშ დაიბრუნა ბიოლოგიური შვილი, რომელიც ამ დრომდე ბავშვთა სახლში ცხოვრობდა.  
  • თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა მოქალაქე დ.გ.-ს სარჩელი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წინააღმდეგ. სამინისტროს კანონდარღვევით ჰქონდა დარეგისტრირებული დ.გ.-ს კუთვნილი ნაკვეთი სახელმწიფო საკუთრებად. ადამიანის უფლებათა ცენტრის სასარჩელო მოთხოვნით, თბილისის საქალაქო სასამართლომ გააუქმა სსიპ ქონების  მართვის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანება.  

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
ჩატარდა თუ არა თვითმმართველობის არჩევნები დემოკრატიულად?
კი არა არ მაქვს პასუხი

ბლოგი

კუდები გვაკვირვებს
ბოლო დღეების განმავლობაში საზოგადოებისთვის თვალშისაცემია კამპანია „ეს შენ გეხებას“ გააქტიურება. კამპანიის ცნობილ მარკაზე გაჩნდა ახალი წარწერა - „ისევ გვისმენენ - ისევ გვითვალთვალებენ“. ეს
ვრცლად...
მოჩვენებითი მშვიდობა ბალკანეთში
მშიერი კომისიის წევრები და გაბრაზებული თავმჯდომარეები ბათუმში
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2017 HRIDC