17:57, Friday, 24.11.2017
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

„სიცოცხლეზე ძვირფასი არაფერია“ - ონკოლოგიური პაციენტი საკუთარი გამოცდილების შესახებ საუბრობს

15.08.2017

 
ლანა გიორგიძე

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის(WHO) მონაცემებით, დღეისათვის მსოფლიოში კიბოთი, ყოველწლიურად, საშუალოდ 10 000 000 ავადდება და ამავე მიზეზით დაახლოებით 6 000 000 ადამიანი იღუპება. საქართველოში კი, დღეისთვის, 46 800 ადამიანია სიმსივნით დაავადებული. 

„ასოციაცია უფლება ჯანმრთელობაზე“ იკვლევს ონკოლოგიურ პაციენტთა შესახებ, კვლევის ინტერესს კი წარმოადგენს: ონკოლოგიურ პაციენტთა და მათი ოჯახის წევრთა უფლებები სამედიცინო დაწესებულებებში; უცხოეთის ქვეყნებისა და საქართველოს პრაქტიკა; წამალზე ხელმისაწვდომობის საკითხები; ონკოპაციენტთა უფლებები დახურულ დაწესებულებებში - პენიტენციურ დაწესებულებებში, ფსიქიატრიულებში;  არასრუწლოვან ონკოპაციენტთა უფლებები; პალიატიური მზრუნველობა; ონკოდაავდებულთა უფლებები ევთანაზიაზე (ევროსასამართლოს პრაქტიკის მიმოხილვა); პაციენტთა უფლებები და საქართველოს სასამართლო პრაქტიკის მიმოხილვა“.
გარდა იმისა, რომ ასოციაცია ატარებს კვლევას, ამასთან,  მართავს შეხვედრებს ონკოლოგიურ პაციენტებთან, სადაც პაციენტები ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებენ. 

ასოციაციის მიერ გამართულ შეხვედრაზე შეკრებილმა საზოგადოებამ გაიცნო 33 წლის მ.ა, რომელიც ონკოლოგიური პაციენტია. მ.ა. კასპის მუნიციპალიტეტში ცხოვრობს, სოციალურად დაუცველია და სახელმწიფოსგან ყოველთვიურ 50 ლარიან შემწეობას იღებს, თუმცა, ეს თანხა საკმარისი არ არის, იბრძოლოს მან მძიმე დაავადების წინააღმდეგ. 

მ.ა. - ონკო-პაციენტი

ერთ ჩვეულებრივ დილას გავიღვიძე და მკერდი მტკიოდა, ორი დღე გავჩუმდი, თუმცა ტკივილი რომ გაგრძელდა, მივხვდი, რომ გაჩუმება აღარ შეიძლებოდა. ჩემმა ოჯახის წევრებმა მირჩიეს ექიმთან წასვლა. ტკივილი 5 დღის შემდეგ გამიქრა, მაგრამ მკერდი ხელით როცა გავისინჯე, შევამჩნიე, რომ კაკლისოდენა ბურთულები მქონდა მკერდში. კასპის მუნიციპალიტეტიდან ვარ და რაიონში გამამხნევეს, ტკივილი გაქვს და ცუდი არაფერი გექნებაო. ყოველ პარასკევს ქალაქ გორიდან რაიონში ონკოლოგი ჩამოდის, მივედი მასთან და მითხრა, რომ წამლები არ მიშველიდა, აუცილებლად უნდა წავსულიყავი თბილისში, კერძოდ, რკინიგზის საავადმყოფოში. ასე ჩავედი თბილისში. კითხვა-კითხვით მივედით კლინიკაში და პირველივე მისვლაზე გამოკვლევების ჩასატარებლად გამაგზავნეს, რისთვისაც 300 ლარზე მეტი თანხა იყო საჭირო. სანამ თანხა მოვიძიე, 1 თვე გავიდა. ნაწილი თანხა მოვაგროვე, ნაწილი კი სახელმწიფომ გადმომირიცხა, როგორც სოციალურად დაუცველს, თუმცა არც კი გაითვალისწინეს, რომ ამხელა თანხას მე ვერ შევაგროვებდი. გამოკვლევების შედეგად ცუდი პასუხი მივიღე და სასწრაფო ოპერაცია დამინიშნეს, კვანძების ამოჭრის მიზნით. ექიმებს უნდოდათ, მკერდი შეენარჩუნებინათ ჩემთვის, თუმცა ოპერაციის შემდეგ გამოკვლევის პასუხები კიდევ უფრო ცუდი მოვიდა, რის გამოც აუცილებელი გახდა მეორე ოპერაციის ჩატარება. მითხრეს, მკერდს თუ მოიჭრი, უფრო მეტი შანსი გექნება სიცოცხლისო, რაზეც დავთანხმდი, რადგან სიცოცხლე ყველას გვიყვარს და გვინდა. 

ოპერაციის შემდეგ დამინიშნეს ქიმიოთერაპია. იმავე კლინიკაში გავიკეთე 7 ქიმიო-თერაპია. საავადმყოფოში ძალიან კარგი გარემო იყო შექმნილი, ექიმები და მომსახურე პერსონალი ისე მეპყრობოდა, ხანდახან მავიწყებოდა კიდეც, რისთვის ვიყავი იქ. 

ცხოვრება ქიმიოთერაპიებს შორის 

ქიმიოთერაპიის კურსს ვერ დავიწყებდი, ნათესავები რომ არ დამხმარებოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო აფინანსებს ქიმიოთერაპიის ღირებულების ნაწილს, 140 ლარის გადახდა პაციენტს მაინც უწევს თითოეულ ქიმიაზე. ამასთან, თერაპიის შემდეგ რეაბილიტაცია სჭირდება ორგანიზმს, რისთვისაც მედიკამენტებს მინიშნავდა ექიმი, აღნიშნული მკურნალობა თითოეული ქიმიოთერაპიისას 100 – 110 ლარი მიჯდებოდა. როცა სოციალურად დაუცველი ხარ, როცა არანაირი შემოსავალი არ გაქვს, ეს ყველაფერი დიდი პრობლემაა. მე არ ვიცოდი, რა მელოდა ქიმიის შემდეგ, ვიცოდი, რომ ძალიან გამიჭირდებოდა, თუმცა რეალური სურათი არ მქონდა წარმოდგენილი. სახლში ყველა ჩუმად დადიოდა, რადგან ძალიან გაღიზიანებული ვიყავი და არავისა და არაფრის ხმის გაგონება არ მინდოდა. ამასთან, სუნზეც ალერგია მქონდა, ვერაფერს ვირგებდი, წყლის დალევის შემდეგაც კი ღებინება მქონდა. ქიმიოთერაპიის გაკეთებიდან მე-4 დღეს საწოლიდან ვდგებოდი. სახლში ყველა გაფრთხილებული მყავდა, რომ შემდგომი ქიმიოთერაპიისთვის საჭირო წამლისთვის მე  წავიდოდი და დაფინანსებისთვის საჭირო საბუთებსაც მე შევიტანდი, რასაც ვასრულებდი კიდეც. თუმცა, წამალი რომ მეყიდა, ძალიან ბევრი უნდა მევლო აფთიაქიდან-აფთიაქში. მეუბნებოდნენ, ჩვენ არ გვაქვს და ახლომდებარე აფთიაქში აქვთ ერთი ამპულა დარჩენილიო, ასე კითხვა-კითხვით მოვივლიდი აღმაშენებლის და თამარ მეფის გამზირებს. 1 წლის წინ ძალიან რთული იყო წამლის მოძიება, თუმცა ახლა ამბობენ, გამარტივდაო. მე კი დავრბოდი სიცოცხლის გადასარჩენად, რადგან სიკვდილის უფლება არ მაქვს: მყავს მეუღლე, შვილები და ოჯახი, რომლისთვისაც უნდა ვიცოცხლო. 

ქიმიოთერაპიის შემდეგ კარგი კვებაა საჭირო: პაციენტმა უნდა მიიღოს თევზი, ხორცი და ასე შემდეგ. თუმცა, ამის საშუალება არ მქონდა, მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, წამლისთვის საჭირო თანხა შემეგროვებინა.

სხივური თერაპია 

სხივურ თერაპიას როცა ვიტარებდი, იყო პერიოდი, რიგში საათობით ვიჯექი, თუმცა მათ ავუხსენი, რომ რაიონიდან დავდიოდი და საათობით რიგში ჯდომის დრო არ მქონდა. ორი კვირის მანძილზე ასე ვიწვალე. სხივური თერაპია 7 000 ლარამდე ჯდებოდა, თუმცა სახელმწიფომ სრულად დამიფინანსა.  25 დღის მანძილზე რაიონიდან ქალაქში ჩასვლა-ჩამოსვლის ხარჯი მქონდა და ესეც საკმაოდ ძვირი მიჯდებოდა. სხივური თერაპიის შემდეგ რეაბილიტაციისითვის საჭირო მედიკამენტებს ვერ ვყიდულობდი, რადგან ამის საშუალება არ მქონდა. სხივური თერაპიის დროს განვითარდა დამწვრობა, რისთვისაც სხვადასხვა სახის მალამოს ვიზელდი, თუმცა აფთიაქში ნაყიდი მალამოები არ მშველოდა, ამიტომ სოფლის პირობებში დამზადებულს ვიყენებდი. გარდა დამწვრობისა, კუჭის ტკივილებიც მქონდა. სხივებმა საყლაპავიც დამიზიანა, თითქოს ყველაფერი დამწვარი მქონდა. მიუხედავად ამისა, სიცოცხლის სურვილი არ დამიკარგავს. საავადმყოფოში სხვა ონკო-პაციენტებს ვამხნევებდი და ვეუბნებოდი, რომ არაფერია სიცოცხლეზე ძვირფასი, რომ ამდენი ტკივილისა და დაკარგული თმების მიუხედავად, აუცილებელია ბრძოლა. 

რეაბილიტაცია 

მკურნალობის დასრულების შემდეგ, ყოველ სამ თვეში, აუცილებელია გამოკვლევების ჩატარება - ე.წ. ონკო მარკები, რათა  მდგომარეობა უარესობისკენ არ შეიცვალოს. თავიდან ყველაფერი რიგზე იყო, ახლა ონკო მარკები აწეული მაქვს. მჭირდება კომპიუტერული გამოკვლევების ჩატარება, თუმცა მუცლის ღრუს გამოკვლევას არ მიფინანსებენ, მკერდს რაც შეეხება, ამასაც ნაწილს აფინანსებენ. საიდან უნდა მოვიძიო ამდენი თანხა? ტელევიზიით სულ ტყუილად ამბობენ, თითქოს სოციალურად დაუცველთათვის ყველაფერი ანაზღაურდება სახელმწიფოს მიერ. ჩემი აზრით, უნდა იყოს ცალკე პროგრამა ონკოლოგიური პაციენტებისთვის, ისევე როგორც არის ც ჰეპატიტის პროგრამა და ასე შემდეგ... 

როდესაც აღმოაჩენ, რომ ხარ ონკოლოგიური პაციენტი, იქიდან იწყება ბრძოლა საკუთარ თავთან, შენ უნდა შეძლო და დაამარცხო დაავადება და იცოცხლო. ამასთან, ძალიან ბევრს ნიშნავს, თუ ვინ დგას შენ გვერდით, ვინ გამხნევებს და გიჭერს მხარს. ბრძოლა ყველას არ შეუძლია, მაგრამ შენი ოჯახისთვის ეს უნდა გააკეთო.  

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
როგორი წესით უნდა მოხდეს საქართველოს პრეზიდენტის არჩევა?
პირდაპირი არჩევნების გზით (ხალხის მიერ) არაპირდაპირი არჩევნების გზით (საქართველოს პარლამენტის მიერ)

ბლოგი

კუდები გვაკვირვებს
ბოლო დღეების განმავლობაში საზოგადოებისთვის თვალშისაცემია კამპანია „ეს შენ გეხებას“ გააქტიურება. კამპანიის ცნობილ მარკაზე გაჩნდა ახალი წარწერა - „ისევ გვისმენენ - ისევ გვითვალთვალებენ“. ეს
ვრცლად...
მოჩვენებითი მშვიდობა ბალკანეთში
მშიერი კომისიის წევრები და გაბრაზებული თავმჯდომარეები ბათუმში
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2017 HRIDC