17:53, Friday, 24.11.2017
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ადამიანის უფლებათა ცენტრი ე. წ. ციანიდის საქმეზე გამოტანილ განაჩენს აფასებს

05.09.2017

 
ადამიანის უფლებათა ცენტრი არ იზიარებს ე. წ. ციანიდის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს, რომლის ძალითაც დეკანოზ გიორგი მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. 

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი უშუალოდ იყო ჩართული სასამართლო პროცესში და იცავდა დეკანოზ გიორგი მამალაძის ინტერესებს, რა გზითაც ორგანიზაციამ მიიღო სრული ინფორმაცია როგორც უშუალოდ საქმეში არსებული დარღვევების, ისე თვითონ სასამართლო პროცესის ხარვეზების შესახებ.

ე. წ. ციანიდის საქმის განხილვა სასამართლოში მთელი 6 თვის განმავლობაში დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა, რისი აუცილებლობაც არ არსებობდა. სასამართლო სხდომების დახურვის დღიდან ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებდა სასამართლოს, გაეხსნა სასამართლო პროცესი და მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში მომხდარიყო კონკრეტული სასამართლო სხდომის დახურვა. 

ადამიანის უფლებათა ცენტრს მიაჩნია, რომ პროცესის დახურვით სასამართლომ ხელი შეუწყო მართლმსაჯულების გამჭვირვალობის ხარისხისა და სასამართლოსადმი საზოგადოების ნდობის შემცირებას. მით უფრო, როცა საქმე ეხება რეზონანსულ საქმეს, რომლის მიმართაც საზოგადოების ინტერესი თავიდანვე დიდი იყო. ამიტომაც სასამართლო პროცესი ყველა დაინტერესებული მოქალაქისთვის უნდა ყოფილიყო ღია.

სისხლის სამართლის საქმეზე 6 თვის განმავლობაში სასამართლომ დაჩქარებულ რეჟიმში დაკითხა 120 მოწმემდე, გამოიკვლია მტკიცებულებების 10 ტომი, მოისმინა გამომძიებელთა და თბილისის საერთაშორისო აეროპორტის თანამშრომელთა ჩვენებები, ასევე მოისმინა სრული აუდიო და ვიდეო ჩანაწერები, სადაც ჩანს, რომ საქმის მთავარი მოწმე - ირაკლი მამალაძე ახდენდა დეკანოზ გიორგი მამალაძის საუბრის პროვოცირებას. სასამართლომ ვერსად მოისმინა, რომ გიორგი მამალაძე გეგმავდა საპატრიარქოს მდივან-რეფერანტის, შორენა თეთრუაშვილის, ან საერთოდ ვინმეს მკვლელობას. სასამართლომ ვერ მოისმინა, თუ სად, ვისგან, როგორ შეიძინა  ციანიდი დეკანოზმა იმ პირობებში, როცა საგამოძიებო ორგანოები უწყვეტ რეჟიმში ახორციელებდნენ მის ფარულ მიყურადებას. 

სასამართლომ ვერ მოისმინა არგუმენტირებული პასუხები საგამოძიებო ორგანოებისგან, თუ რატომ არ არსებობს დეკანოზის ბარგის დათვალიერების, მისი ჩხრეკის დამადასტურებელი ვიდეომასალა, როცა არსებობს ნაკლებმნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედებების ვიდეოჩანაწერები. 

დღეს სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-18, 108-ე მუხლებით, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობის მომზადებას. თუმცა, ბრალდების მიერ საქმეზე არსებული ანგარების მოტივი სასამართლომ ბრალდების მხარისგან არ გაიზიარა. ანგარების მოტივის გამორიცხვით ფაქტობრივად გამამართლებელი განაჩენის წინაპირობა შეიქმნა, მაგრამ სასამართლომ პროკურატურის ბრალდება გადააკვალიფიცირა და მკვლელობის მომზადების მოტივად საქმის მასალებით სრულიად დაუდასტურებელი შურისძიება მიუთითა. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი მიიჩნევს, რომ ე. წ. ციანიდის საქმეზე დაირღვა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი; ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებმა გიორგი მამალაძის მიმართ უხეშად დაარღვიეს უდანაშაულობის პრეზუმფცია; პროკურატურის მიერ სასამართლოსთვის წარდგენილია დეკანოზის პირადი ცხოვრების ამსახველი, მაგრამ ბრალდებასთან კავშირში არმყოფი მასალები; ერთიანი  სისხლის სამართლის საქმე გაყოფილია; დაუდასტურებელია ციანიდის შეძენის ფაქტი; დარღვეულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლება. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
ჩატარდა თუ არა თვითმმართველობის არჩევნები დემოკრატიულად?
კი არა არ მაქვს პასუხი

ბლოგი

კუდები გვაკვირვებს
ბოლო დღეების განმავლობაში საზოგადოებისთვის თვალშისაცემია კამპანია „ეს შენ გეხებას“ გააქტიურება. კამპანიის ცნობილ მარკაზე გაჩნდა ახალი წარწერა - „ისევ გვისმენენ - ისევ გვითვალთვალებენ“. ეს
ვრცლად...
მოჩვენებითი მშვიდობა ბალკანეთში
მშიერი კომისიის წევრები და გაბრაზებული თავმჯდომარეები ბათუმში
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2017 HRIDC