კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ნოეს უბანში წყალს ითხოვენ

13 სექტემბერი, 2017
 
მანონ ბოკუჩავა, ლიბერალი 

გარდაბნის მუნიციპალიტეტის, სოფელ აღთაკლიის ნოეს უბნის დასახლებაში 12 ოჯახი ცხოვრობს. ადგილობრივები ბოშათა თემს წარმოადგენენ. ისინი ყოველდღიურად უმკლავდებიან სასმელი წყლის, გზის და გარე განათების უქონლობის პრობლემას.

ადგილობრივი აიდა პეტრენკო ამბობს, რომ მალე სკოლა მოდის, მათ კი არ იციან წყლის უქონლობის გამო, როგორ მოაწესრიგონ ბავშვები.

ლუბა კარპენკო და ალიონა პეტრენკო კი საუბრობენ, რომ ამ დროისთვის მათ დასახლებას კუსტარული წესით, ერთი რეზინის მილით გამოყვანილი წყალი აქვს, რომელიც 2-3 დღით წყდება ხოლმე. სახელდახელოდ მოყვანილ წყალს აქვს ის თავისებურებაც, რომ როდესაც მას დასახლების ერთი ოჯახი მოიხმარს, სხვაგან წყდება. მეზობლები ელოდებიან ერთმანეთს და ონკანების გარშემო პლასტმასის ბოთლებს  ალაგებენ.

სასმელი წყლის შოვნის მეორე გზა კი მისი გვერდითა დასახლებიდან ზიდვაა. ალიონა პეტრენკო ამბობს, რომ ეს საკმაოდ შრომატევადი საქმეა და თან ოჯახისთვის საკმარისი წყლის მოზიდვა მაინც შეუძლებელია.

ბოშათა თემის პრობლემებს ადგილობრივ და ცენტრალურ დონეზე „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ლობირებს. ცენტრის პროექტების კონსულტანტი ელენე პროშიკიანი ამბობს, რომ მათ მიმართეს როგორც გარდაბნის გამგეობას, ასევე გუბერნიას, სახალხო დამცველს და ეთნიკური უმცირესობების საბჭოს. ელენე პროშიკიანი გვიხსნის, რომ დასახლების პრობლემებს ადგილზე ქვემო ქართლის გუბერნიაც გაეცნო, თუმცა ამ დროისთვის ბოშათა თემის პრობლემები კვლავ მოუგვარებელია.

საკითხზე გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, რომ 2017 წლის ბიუჯეტში არაა გაწერილი თანხები აღთაკლიის ნოეს უბნის წყლის, გარე განათების, გზის საკითხის მოსაგვარებლად. თუმცა დასძენენ, რომ ეცდებიან პრობლემების ეტაპობრივ მოგვარებას.

ქვემო ქართლის გუბერნიაში კი აცხადებენ, რომ იცნობენ ამ დასახლების პრობლემებს. გუბერნატორის მოადგილე ზაურ დარგალი გვწერს: „ერთ-ერთ ძირითად საკითხს დასახლების წყალმომარაგებით უზრუნველყოფა წარმოადგენს, რომელიც გუბერნიისა და მუნიციპალიტეტის ერთობლივი ძალისხმევით დადებითად გადაწყდება“.

დარგალი არ აკონკრეტებს, რა დროში მოხდება პრობლემის მოგვარება.
იმის გათვალისწინებით, რომ დასახლება გარდაბანს ეკუთვნის, ბოშათა თემის მთავარ ადრესატად მაინც გარდაბნის გამგეობა რჩება. თემს და მის გულშემატკივრებს ამ პრობლემების მოგვარებისთვის ბრძოლა გარდაბნის 2018 წლის ბიუჯეტის ფორმირებისას მოუწევთ.


ახალი ამბები