კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების კენჭისყრის პროცესის პირველადი შეფასება

21 ოქტომბერი, 2017
 
ადამიანის უფლებათა ცენტრი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს საქართველოს ორ რეგიონში აკვირდება: კახეთში - საგარეჯოს, თელავისა და ახმეტის მუნიციპალიტეტების ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში;  შიდა ქართლში - გორის მუნიციპალიტეტის კონფლიქტისპირა სოფლებში.

20:00 საათისთვის ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლებმა საარჩევნო უბნებზე დაარეგისტრირეს 3 საჩივარი და რამდენიმე შენიშვნა შეიტანეს ჩანაწერთა წიგნში.
 
ამ დროისათვის ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორები აკვირდებიან საარჩევნო ყუთების გახსნისა და ხმების დათვლის პროცესს. მონიტორები საარჩევნო უბნებზე საბოლოო ოქმების შევსებამდე დარჩებიან. დარღვევების თაობაზე საჩივრები მომზადდება როგორც საუბნო, ისე საოლქო და ცენტრალური საარჩევნო კომისიებისთვის. საჭიროების შემთხვევაში, ადამიანის უფლებათა ცენტრი მიმართავს სასამართლოს. 

ადამიანის უფლებათა ცენტრის პირველადი შეფასებით, იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც ორგანიზაცია მონიტორინგს ახორციელებს, კენჭისყრამ, ძირითადად, მშვიდ და სამართლიან გარემოში ჩაიარა. დაფიქსირებულ ცალკეულ დარღვევებს არ შეუძლიათ არსებითი გავლენა მოახდინონ არჩევნების საბოლოო შედეგებზე. 
განსაკუთრებით აღსანიშნავია მშვიდი და სამართლიანი კენჭისყრის პროცესი პანკისის ხეობის სოფლებში, სადაც სიმშვიდე იყო საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიებზეც. 
კენჭისყრის პროცესმა, ასევე, მშვიდად და ინციდენტების გარეშე ჩაიარა გორის მუნიციპალიტეტის კონფლიქტისპირა სოფლებში (ტირძნისი, ტყვიავი, ნიზოქი, ფხვენისი და სხვა).

პრობლემები უფრო მეტად აღირიცხა საგარეჯოსა და თელავის მუნიციპალიტეტების ეთნიკურად აზერბაჯანელი მოქალაქეებით დასახლებულ სოფლებში, სადაც ერთი მხრივ, კომისიის წევრთა არაკომპეტენტურობის, მეორე მრივ კი ამომრჩეველთა დაბალი სამოქალაქო ცნობიერებისა და საარჩევნო კანონმდებლობის არცოდნის გამო, იქმნებოდა დაძაბულობა, ზოგიერთ უბანზე კი დაფიქსირდა დარღვევები.

შემაშფოთებელ ტენდენციად იქცა ზოგიერთი საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე პარტიების კოორდინატორებისა და აგიტატორების გადამეტებული აქტიურობა და ამომრჩეველთა კონტროლის მცდელობა. შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში გვაქვს ახალი პროფესია - „ამომრჩეველთა მთვლელი“ - ადამიანები, რომლებიც არჩევნებიდან არჩევნებამდე „გადამზადებას“ გადიან პარტიების ოფისებში და ყოველ არჩევნებზე მივლინებულნი არიან საარჩევნო უბნებზე წინასაარჩევნო პერიოდში მონიშნული მხარდამჭერების აქტიურობის შესამოწმებლად და მათი რაოდენობის დასათვლელად. 

ფოტოზე: სოფელი ნაფარეული, თელავის მე-17 საარჩენო ოლქის 50-ე საარჩევნო უბანი. „ამომრჩეველთა მთვლელები“ საარჩევნო უბნების გახსნის წინ, ამომრჩევლების მოლოდინში.

მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო კოდექსი არ კრძალავს საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე პარტიათა კოორდინატორების ყოფნას, ადამიანის უფლებათა ცენტრი საბოლოო ანგარიშში ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ასახავს საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე საარჩევნო სუბიექტების, განსაკუთრებული ოდენობით კი - მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ კოორდინატორების მობილიზებას. ისინი აღწერენ მოსულ ამომრჩევლებს, ესაუბრებიან მათ და ზოგჯერ ამ საუბარს აგიტაციის ფორმა აქვს. მსგავსი ფაქტები, პირდაპირ თუ არაპირდაპირ, ხელს უშლის საარჩევნო პროცესში მოქალაქეთა თავისუფალი ნების გამოვლენას.

2013 წლის საპრეზიდენტო, 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობისა და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მსგავსად, ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლებმა 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზეც დააფიქსირეს, რომ ბევრ საარჩევნო უბანზე ბიულეტენების რაოდენობა ნაკლები იყო სიაში არსებული ამომრჩევლის რაოდენობაზე. მართალია, უბნებზე ყველა ამომრჩეველი არ მისულა, მაგრამ მნიშვნელოვანია, კანონით დადგენილი ნორმები შესრულდეს და აცილებული იყოს ყველა რისკი, რაც შეიძლება შეექმნათ ამომრჩევლებს კენჭისყრის პროცესში.
 
ყარაჯალაში ამომრჩევლებს „ქართული ოცნების“ კანდიდატი პირადად აკონტროლებს

თელავის მე-17 საარჩევნო ოლქის 37-ე, 38-ე, 39-ე და 54-ე საარჩევნო უბნები სოფელ ყარაჯალას ცენტრში ერთად არის განლაგებული. 

აქვე არის პარტია „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბი, რომლის წინ დილიდანვე მობილიზებული იყვნენ პარტიის მხარდამჭერები. მათთვის მიკროავტობუსით მოიტანეს საკვები, რათა მათ არ დატოვონ ტერიტორია და მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია ოთხივე უბანზე ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ. 

მხარდამჭერებთან ერთად იმყოფებოდა ყარაჯალის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზურაბ მუსაევი, რომელიც მთელი დღის განმავლობაში საარჩევნო უბნების წინ შეკრებილ ამომრჩევლებს რჩევა-დარიგებებს აძლევდა და სავარაუდოდ, აქტიურად ეწეოდა აგიტაციას. 

დარღვევები სოფელ დუზაგრამაში 

საგარეჯოს მე-11 საარჩევნო ოლქის 38-ე საარჩევნო უბანზე (სოფელი დუზაგრამა) კენჭისყრის დაწყებისას დაირღვა კონფიდენციალურობის პრინციპი. რამდენიმე ამომრჩეველმა ბიულეტენში კაბინის გარეთ შემოხაზა 41 ნომერი. დამკვირვებლის მითითების შემდეგ, ერთ-ერთმა ამომრჩეველმა განაცხადა, ეს სოფელი მისია და თვითონ წყვეტს, რა როგორ გააკეთოს.

ამავე უბანზე ერთ-ერთმა ამომრჩეველმა კომისიის წევრს სთხოვა, ესწავლებინა, როგორ მიეცა ხმა სასურველი საარჩევნო სუბიექტისთვის. კომისიის წევრმა, თითქოსდა სწავლების მიზნით, ამომრჩეველს მიანიშნა, შემოეხაზა 41 ნომერი.
ამავე უბანზე, ამომრჩეველი პირადობის დამადასტურებელი მოწმობის გარეშე გამოცხადდა. იგი გაატარეს სარეგისტრაციო ჟურნალში, რის შემდეგაც ცდილობდა ხმის მიცემას, მაგრამ ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლის მითითების შემდეგ, ამომრჩეველს უბანი დაატოვებინეს.

ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელმა აღნიშნული დარღვევების თაობაზე საჩივარი დაწერა. კომისიის წევრები უარს აცხადებდნენ საჩივრის რეგისტრაციაზე. დიდი წინააღმდეგობის შემდეგ, საუბნო საარჩევნო კომისიამ საჩივარი დაარეგისტრირა.

მარკირებული „ექიმი“

საგარეჯოს მე-11 საარჩევნო ოლქის 38-ე საარჩევნო უბანზე (სოფელი დუზაგრამა) განმეორებით ხმის მიცემას ცდილობდა ქალი, რომელსაც თითზე მარკირების სითხე აღენიშნებოდა. ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელმა მიუთითა კომისიის წევრებს, არ დაეშვათ ეს ამომრჩეველი უბანზე. კომისიის წევრებმა თავდაპირველად განაცხადეს, რომ ქალბატონი ექიმი იყო და მარკირების სითხე შესაძლოა, ამის გამო მოხვედრილიყო მის ხელზე. ფაქტს შელაპარაკებაც მოჰყვა. საბოლოოდ, ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლის დაჟინებული მოთხოვნით, მარკირებულ ამომრჩეველს უბანი დაატოვებინეს და განმეორებით ხმის მიცემის შესაძლებლობა არ მისცეს.

დარღვევები სოფელ ქეშალოში

საგარეჯოს მე-11 საარჩევნო ოლქის, 41-ე საარჩევნო უბანზე (სოფელი ქეშალო), ნაკადის მომწესრიგებელი ბევრ ამომრჩეველს ერთდროულად უშვებდა უბანზე ისე, რომ არ ამოწმებდა მარკირებას. 

საარჩევნო უბანზე ამომრჩეველ ქალბატონს შეჰყვა მამაკაცი, რომელმაც განაცხადა, რომ იგი ამომრჩევლის ქმარი იყო. საარჩევნო კომისიის წევრებმა მამაკაცს არც პირადობის მოწმობა მოსთხოვეს და არც გაარკვიეს, რეალურად ვინ იყო. კაცი ამომრჩეველ ქალბატონს შეჰყვა საარჩევნო კაბინაში და სავარაუდოდ თვითონვე შემოხაზა ერთ-ერთი საარჩევნო სუბიექტის ნომერი. 

ნაკადის მომწესრიგებელმა უბანზე შეუშვა ამომრჩეველი, რომელსაც ხმა უკვე მიცემული ჰქონდა. 
კომისიის წევრები დარღვევებზე არ რეაგირებდნენ. 
ჩამოთვლილ დარღვევებთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელმა დაარეგისტრირა საჩივარი, მაგრამ ასახულ დარღვევებზე  კომისიის არც ერთი წევრი არ დაემოწმა. 

პარტიის ერთდრულად ორი წარმომადგენელი საარჩევნო უბანზე

ახმეტის მე-18 საარჩევნო ოლქის 23-ე საარჩევნო უბანზე (სოფელი ჯოყოლო), პარტია „ქართული ოცნების“ ერთდროულად ორი წარმომადგენელი იმყოფებოდა, რაც საარჩევნო კანონის დარღვევაა. დამკვირვებლის მითითების შემდეგ ერთ-ერთ წარმომადგენელს უბანი დაატოვებინეს. 

საარჩევნო კომისიის წევრის პროტესტი

ახმეტის მე-18 საარჩევნო ოლქის მე-5 საარჩევნო უბანზე (სოფელი დუისი) საუბნო საარჩევნო კომისიის 12 წევრი იმყოფება. მე-13 წევრის - ნათელა მარგოშვილის არყოფნა საარჩევნო პროცესის მიმდინარეობას ხელს არ უშლის, მაგრამ საინტერესოა მისი გამოუცხადებლობის მიზეზი. კომისიის სხვა წევრები ნათელა მარგოშვილს ტელეფონით დაუკავშირდნენ. მან განაცხადა, რომ იგი „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი იყო, რის გამოც რცხვენია და პროტესტის ნიშნად არ გამოცხადდა კენჭისყრის დღეს.

ხმის მიცემის უფლების შეზღუდვა

თელავის მე-17 საარჩევნო ოლქის 37-ე საარჩევნო უბანზე (სოფელი ყარაჯალა) მივიდა ამომრჩეველი, რომელსაც მარკირება არ ჰქონდა, მაგრამ მას ხმის მიცემის უფლებას უზღუდავდა საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. როგორც აღმოჩნდა, ამ ამომრჩევლისთვის განკუთვნილ სარეგისტრაციო გრაფაში სხვას ჰქონდა ხელი მოწერილი.  

კომისიის თავმჯდომარემ ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელს განუცხადა, რომ რეგისტრატორი დაღლილი იყო და ამასთან, მას უკვე ჰქონდა ერთი ახსნა-განმარტება დაწერილი, ამიტომ მეორე ახსნა-განმარტებას ვერ დააწერინებდა. დამკვირვებლის მოთხოვნის შემდეგ კომისიის წევრებმა საოლქო კომისიაში დარეკეს, საიდანაც მიიღეს მითითება, ხელი არ შეეშალათ ხმის მიცემის პროცესისთვის. ამის შემდეგ ამომრჩეველმა შეძლო ხმის მიცემა, ხოლო კომისიის წევრმა კიდევ ერთი ახსნა-განმარტება დაწერა. ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელმა ფაქტის თაობაზე ჩანაწერთა წიგნში შეიტანა შენიშვნა.
კენჭისყრის დასრულებამდე ნახევარი საათით ადრე საარჩევნო უბანზე იგივე დარღვევა განმეორდა - კვლავ მოვიდა ამომრჩეველი, რომელსაც მარკირება არ ჰქონდა, მისთვის განკუთვნილ სარეგისტრაციო გრაფაში კი უკვე სხვას ჰქონდა ხელი მოწერილი.  ამომრჩეველს ხმის მიცემის უფლება არ მისცეს, რაზეც ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელმა დაწერა საჩივარი.

ადამიანის უფლებათა ცენტრი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს 25 დამკვირვებლით აკვირდება. საარჩევნო უბნებზე არჩევნებს ასევე აკვირდებიან და აშუქებენ ადამიანის უფლებათა ცენტრის ინტერნეტგამოცემის - humanrights.ge-სა და ვიდეოპორტალის - hridc.tv-ს ჟურნალისტები. დამკვირვებელთა და ჟურნალისტთა მიერ მოწოდებული ინფორმაცია არჩევნების მიმდინარეობისა და აღმოჩენილი დარღვევების შესახებ ოპერატიულად ქვეყნდება ორგანიზაციის ფეისბუკ-გვერდსა და ინტერნეტ-გაზეთში - www.humanrights.ge, ქართულ და ინგლისურ ენებზე, ასევე - მიეწოდება სხვადასხვა მედიასაშუალებებს.

კახეთში ორგანიზაციის მობილური ჯგუფებისა და სტაციონარული მონიტორების დაკვირვების არეალშია საგარეჯოსა და თელავის ეთნიკურად აზერბაიჯანელებით დასახლებული სოფლები, ასევე - პანკისის ხეობა, სადაც ქისტები და ჩეჩნები ცხოვრობენ. შიდა ქართლის საარჩევნო უბნებს ცენტრის მობილური ჯგუფის წევრები და სტაციონარული მონიტორები აკვირდებიან გორის მუნიციპალიტეტის კონფლიქტისპირა სოფლებში, როგორიცაა: ტყვიავი, ტირძნისი, ნიქოზი და ა.შ.

2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მონიტორინგს ადამიანის უფლებათა ცენტრი ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ მხარდაჭერით ახორციელებს. 

ახალი ამბები