კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრი 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს აფასებს

23 ოქტომბერი, 2017
 ადამიანის უფლებათა ცენტრი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს საქართველოს ორ რეგიონში დააკვირდა: კახეთში - საგარეჯოს, თელავისა და ახმეტის მუნიციპალიტეტების ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში;  შიდა ქართლში - გორის მუნიციპალიტეტის კონფლიქტისპირა სოფლებში.

21 ოქტომბერს ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლებმა საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის მიმდინარეობისას დაარეგისტრირეს 3 საჩივარი და რამდენიმე შენიშვნა შეიტანეს ჩანაწერთა წიგნში. საჩივრები ნაკადის მოწესრიგების, კენჭისყრის პროცესში კონდიფენციალობის დარღვევის, ხმის უფლების შეზღუდვის ფაქტებზე დაიწერა.

კენჭისყრის პროცესის დასრულების შემდგომ ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორები დააკვირდნენ საარჩევნო ყუთების გახსნასა და ხმების დათვლის პროცესს. მონიტორები საარჩევნო უბნებზე საბოლოო ოქმების შევსებამდე დარჩნენ. ხმების დათვლამ დარღვევების გარეშე ჩაიარა.
 
ადამიანის უფლებათა ცენტრმა თელავისა და საგარეჯოს საოლქო კომისიებს წარუდგინა 2 საჩივარი, რომელთა განხილვაში ორგანიზაციის იურისტები მიიღებენ მონაწილეობას. საჭიროების შემთხვევაში, ადამიანის უფლებათა ცენტრი მიმართავს სასამართლოს. 

ადამიანის უფლებათა ცენტრის შეფასებით, იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც ორგანიზაცია მონიტორინგს ახორციელებდა, არჩევნები, ძირითადად, მშვიდ და სამართლიან გარემოში ჩატარდა. დაფიქსირებულ ცალკეულ დარღვევებს არ შეუძლიათ არსებითი გავლენა მოახდინონ არჩევნების საბოლოო შედეგებზე. 
განსაკუთრებით აღსანიშნავია მშვიდი და სამართლიანი კენჭისყრის პროცესი პანკისის ხეობის სოფლებში, სადაც სიმშვიდე იყო საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიებზეც. კენჭისყრის პროცესმა, ასევე, მშვიდად და ინციდენტების გარეშე ჩაიარა გორის მუნიციპალიტეტის კონფლიქტისპირა სოფლებში (ტირძნისი, ტყვიავი, ნიქოზი, ფხვენისი და სხვა).

პრობლემები მეტწილად აღირიცხა საგარეჯოსა და თელავის მუნიციპალიტეტების ეთნიკურად აზერბაჯანელი მოქალაქეებით დასახლებულ სოფლებში, სადაც ერთი მხრივ, კომისიის წევრთა არაკომპეტენტურობის, მეორე მრივ კი ამომრჩეველთა დაბალი სამოქალაქო ცნობიერებისა და საარჩევნო კანონმდებლობის არცოდნის გამო, იქმნებოდა დაძაბულობა, ზოგიერთ უბანზე კი დაფიქსირდა დარღვევები.

შემაშფოთებელ ტენდენციად იქცა ზოგიერთი საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე პარტიების კოორდინატორებისა და აგიტატორების გადამეტებული აქტიურობა და ამომრჩეველთა კონტროლის მცდელობა. შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში გვაქვს ახალი პროფესია - „ამომრჩეველთა მთვლელი“ - ადამიანები, რომლებიც არჩევნებიდან არჩევნებამდე „გადამზადებას“ გადიან პარტიების ოფისებში და ყოველ არჩევნებზე მივლინებულნი არიან საარჩევნო უბნებზე წინასაარჩევნო პერიოდში მონიშნული მხარდამჭერების აქტიურობის შესამოწმებლად და მათი რაოდენობის დასათვლელად. 

ფოტოზე: სოფელი ნაფარეული, თელავის მე-17 საარჩენო ოლქის 50-ე საარჩევნო უბანი. „ამომრჩეველთა მთვლელები“ საარჩევნო უბნების გახსნის წინ, ამომრჩევლების მოლოდინში.

მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო კოდექსი არ კრძალავს საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე პარტიათა კოორდინატორების/აგიტატორების ყოფნას, ადამიანის უფლებათა ცენტრი საბოლოო ანგარიშში ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ასახავს საარჩევნო უბნების წინ საარჩევნო სუბიექტების, განსაკუთრებული ოდენობით კი - მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ კოორდინატორების მობილიზებას. ისინი აღწერენ მოსულ ამომრჩევლებს, ესაუბრებიან მათ და ზოგჯერ ამ საუბარს აგიტაციის ფორმა აქვს. მსგავსი ფაქტები, პირდაპირ თუ არაპირდაპირ, ხელს უშლის საარჩევნო პროცესში მოქალაქეთა თავისუფალი ნების გამოვლენას.

ეს სისტემური პრობლემა განსაკუთრებული სიმწვავით წარმოჩინდა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში. სოფლის ცენტრში ერთად იყო განლაგებული თელავის მე-17 საარჩევნო ოლქის 37-ე, 38-ე, 39-ე და 54-ე საარჩევნო უბნები. ამის გამო, აქ კენჭისყრის მიმდინარეობისას ამომრჩეველთა განსაკუთრებული სიმრავლე შეინიშნებოდა. იქვე, საარჩევნო უბნების გვერდით გახსნილი იყო პარტია „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბი, რომლის წინ დილიდანვე მობილიზებული იყვნენ პარტიის მხარდამჭერები და აგიტატორები. ისინი აქტიურად ეკონტაქტებოდნენ ამომრჩევლებს საარჩევნო უბანში შესვლამდე.
 
ფოტოზე: ყარაჯალის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ზურაბ მუსაევი ყარაჯალის ცენტრში საარჩევნო უბნებთან მისულ ამომრჩევლებს ესაუბრება.

მხარდამჭერებთან ერთად იმყოფებოდა ყარაჯალის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზურაბ მუსაევი, რომელიც მთელი დღის განმავლობაში საარჩევნო უბნების წინ შეკრებილ ამომრჩევლებს რჩევა-დარიგებებს აძლევდა და სავარაუდოდ, აქტიურად ეწეოდა აგიტაციას. შუადღით „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის წარმომადგენლებისთვის მიკროავტობუსით მოიტანეს საკვები, რათა მათ არ დაეტოვებინათ ტერიტორია და მიეღოთ ამომწურავი ინფორმაცია ოთხივე უბანზე ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ. 

საარჩევნო უბნების წინ კოორდინატორებისა და აგიტატორების მობილიზების პრაქტიკა ოპოზიციურ პარტიებსაც აქვთ. როგორც ვითარება გვიჩვენებს, ამ ადამიანების მოხალისეობრივ საწყისებზე მოზიდვა ან/და დაქირავება დამოკიდებულია არა იმდენად პარტიების რეიტინგზე, არამედ ფინანსურ რესურსებზე. შესაბამისად, საარჩევნო უბნების წინ დღის განმავლობაში ყველაზე მეტნი არიან იმ პარტიის წარმომადგენლები, ვისაც მეტი ფული აქვს. როგორც წესი, ეს არის მმართველი პარტია (ამ დროისთვის - „ქართული ოცნება“, 2012 წლამდე - „ნაციონალური მოძრაობა“, 2004 წლამდე - „მოქალაქეთა კავშირი“), რომელიც ფინანსურ მხარდაჭერას იღებს ბიზნესისგან. 

საქართველოს საარჩევნო ისტორია გვიჩვენებს, რომ ბიზნესი თავს იკავებს ოპოზიციური პარტიების დაფინანსებისგან, რადგან არ სურს მოქმედ მთავრობასთან ჰქონდეს პრობლემები. წინასაარჩევნო პერიოდში ფინანსური რესურსების არათანაბარი გადანაწილება, საბოლოო ჯამში, ოპოზიციურ პარტიებს არჩევნებში წარმატებების შანს უმცირებს. 

2013 წლის საპრეზიდენტო, 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობისა და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მსგავსად, ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლებმა 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზეც დააფიქსირეს, რომ ბევრ საარჩევნო უბანზე ბიულეტენების რაოდენობა ნაკლები იყო სიაში არსებული ამომრჩევლის რაოდენობაზე. მართალია, უბნებზე ყველა ამომრჩეველი არ მისულა, მაგრამ მნიშვნელოვანია, კანონით დადგენილი ნორმები შესრულდეს და აცილებული იყოს ყველა რისკი, რაც შეიძლება შეექმნათ ამომრჩევლებს კენჭისყრის პროცესში.

საარჩევნო უბნებზე კვლავ კრიტიკულად შეიძლება შეფასდეს საარჩევნო კომისიების ნეიტრალიტეტი, განსაკუთრებით - ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში, სადაც კომისიის წევრები (განსაკუთრებით - თავმჯდომარეები) ხშირად მმართველი პარტიის მხარდამჭერები არიან და ამ მიკერძოებიდან გამომდინარე, არღვევენ საარჩევნო კანონმდებლობას ან თვალს ხუჭავენ ამომრჩევლების მხრიდან კანონის დარღვევებზე.

მაგალითი საგარეჯოს მე-11 საარჩევნო ოლქის 38-ე საარჩევნო უბანზე (სოფელი დუზაგრამა) კენჭისყრის დაწყებისას დაირღვა კონფიდენციალურობის პრინციპი. რამდენიმე ამომრჩეველმა ბიულეტენში კაბინის გარეთ შემოხაზა 41 ნომერი, რაზეც კომისიას რეაგირება არ მოუხდენია. ამავე უბანზე ერთ-ერთმა ამომრჩეველმა კომისიის წევრს სთხოვა, ესწავლებინა, როგორ მიეცა ხმა სასურველი საარჩევნო სუბიექტისთვის. კომისიის წევრმა, თითქოსდა სწავლების მიზნით, ამომრჩეველს მიანიშნა, შემოეხაზა 41 ნომერი. ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელმა აღნიშნული დარღვევების თაობაზე საჩივარი დაწერა. კომისიის წევრები უარს აცხადებდნენ საჩივრის რეგისტრაციაზე. დიდი წინააღმდეგობის შემდეგ, საუბნო საარჩევნო კომისიამ საჩივარი დაარეგისტრირა.

გარდა მიკერძოებისა, საარჩევნო ადმინისტრაციის პრობლემად რჩება დაბალი კვალიფიკაცია. საარჩევნო კომისიების წარმომადგენლების მხრიდან პროცედურული დარღვევების უმრავლესობა გამოწვეულია მათი არაკვალიფიციურობით და საარჩევნო კანონმდებლობის არცოდნით. ეს პრობლემები განსაკუთრებით ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში ვლინდება, სადაც კომისიის წევრთა არაკომპეტენტურობის გამო საარჩევნო უბნებზე იქმნება დაძაბულობა და ზოგჯერ - კონფლიქტებიც.

ადამიანის უფლებათა ცენტრი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს 25 დამკვირვებლით დააკვირდა. საარჩევნო უბნებზე არჩევნებს ასევე აკვირდებოდნენ და აშუქებდნენ ადამიანის უფლებათა ცენტრის ინტერნეტგამოცემის - humanrights.ge-სა და ვიდეოპორტალის - hridc.tv-ს ჟურნალისტები. დამკვირვებელთა და ჟურნალისტთა მიერ მოწოდებული ინფორმაცია არჩევნების მიმდინარეობისა და აღმოჩენილი დარღვევების შესახებ ოპერატიულად ქვეყნდებოდა ორგანიზაციის ფეისბუკ-გვერდსა და ინტერნეტ-გაზეთში - www.humanrights.ge, ქართულ და ინგლისურ ენებზე, ასევე - მიეწოდებოდა სხვადასხვა მედიასაშუალებებს.

2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მონიტორინგს ადამიანის უფლებათა ცენტრი ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ მხარდაჭერით ახორციელებს. 

ახალი ამბები