კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კოალიციამ 'სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის’' მუშაობა განაახლა

31 ოქტომბერი, 2017
 
ნათია გოგოლაშვილი

საქართველოს სამოქალაქო კოალიციამ - „სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის“ მუშაობა განაახლა. საქართველოს უფლებადამცველი ორგანიზაციები ერთიანდებიან საქართველოს კოალიციაში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსათვის. 

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო (ICC) განიხილავს ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს (გენოციდი, ომის დანაშაულები, კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები). სისხლის სამართლის სასამართლო იძიებს 2008 წლის აგვისტოში საქართველოში სავარაუდოდ ჩადენილ ომის დანაშაულებს. ICC  საგამოძიებო ეტაპზეა გადასული.

კოალიცია „სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის" თავმჯდომარე ორგანიზაციად ახლახან ადამიანის უფლებათა ცენტრი აირჩიეს.

„გამოძიების ეტაპზე ორი მნიშვნელოვანი საკითხია, რაზეც საჭიროა მუშაობა, მათ შორის - სამოქალაქო საზოგადოების მხრიდანაც. კოალიციაში შემავალი ორგანიზაციები ბოლო თვეების განმავლობაში ამ თემებზე აქტიურად ვმუშაობთ. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც ყურადღებას ვამახვილებდით სხვადასხვა ფორუმზე, მათ შორის - სასამართლოს სხვადასხვა ორგანოს წინაშე,  საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, იყო და არის ICC-ის მიერ ადგილობრივი წარმომადგენლობის გახსნა. წარმომადგენლობის გახსნა უკავშირდება საქართველოში ეფექტური გამოძიების განხორციელებას. იმისათვის, რომ გამოძიება იყოს სრულფასოვანი და ეფექტური, აუცილებელია ადგილობრივი ოფისი, სადაც დასაქმებული პერსონალი ადგილზე აქტიურად იმუშავებს სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე. მათ შორის არის ფართო საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და, ასევე, რა თქმა უნდა, დაზარალებულთა ცნობიერების ამაღლებაც. დაზარალებულთა შორის არის ინფორმაციის ნაკლებობა. ძალიან მნიშვნელოვანია მათი მოტივაციის გააქტიურება, რათა მათ ითანამშრომლონ გამოძიებასთან. კიდევ ერთი მნიშველოვანი საკითხი არის მოწმეთა დაცვისა და უსაფრთხოების საკითხი. ამიტომ აუცილებელია, ადგილზე ჰააგის სასამართლოს წარმომადგენლები მუშაობდნენ, რომლებიც ოპერატიულ რეჟიმში მიიღებენ ინფორმაციას, სწრაფ რეაგირებას მოახდენენ და სასამართლოს შესაბამისს ორგანოებს მიაწვდიან ინფორმაციას. ეს არის ის თემები, რასაც სხვადასხვა შეხვედრაზე ყოველთვის ვაყენებდით სასამართლოს წარმომადგენლებთან“, - აცხადებს კოალიციის თავმჯდომარე, ნინო ცაგარეიშვილი. 

2017 წლის 13-16 ივნისს, ჰააგაში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის ყოველწლიური სტრატეგიული მრგვალი მაგიდის შეხვედრების სერია გაიმართა. შეხვედრებს ესწრებოდნენ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს მოსამართლეები და პროკურორი, ასევე პროკურორის ოფისის, რეგისტრატურისა და სასამართლოს სხვა სექციების წარმომადგენლები. საქართველოდან შეხვედრებში მონაწილეობდნენ ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“, ადამიანის უფლებათა ცენტრის, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის წარმომადგენლები. ნინო ცაგარეიშვილის განცხადებით, ამ შეხვედრაზეც დაისვა საქართველოში ჰააგის სასამართლოს წარმომადგენლობითი ოფისის გახსნის საკითხი.

კოალიციის თავმჯდომარის განცხადებით, პრობლემებზე საუბრის დროს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მხრიდან არის გარკვეული ღიაობა, რადგან ისინი არა მხოლოდ ისმენენ ამ პრობლემებს, არამედ რიგ შემთხვევებში ეს საკითხები მათ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებშიც აისახება. ნინო ცაგარეიშვილის თქმით, ერთ-ერთი ასეთი გადაწყვეტილება საქართველოში წარმომადგენლობის გახსნაა: „სასამართლო უკვე ფიქრობს ადგილობრივი წარმომადგენლობის გახსნის შესახებ. სასამართლოს მიერ შემუშავებული ბიუჯეტი, რომელიც დეკემბერში წარედგინება რომის სტატუტის წევრი ქვეყნების ასამბლეას დასამტკიცებლად, ითვალისწინებს საქართველოში ადგილობრივი წარმომადგენლობის საჭიროებასა და შესაბამის ფინანსურ რესურსს. ამ დოკუმენტის თანახმად, წარმომადგენლობითი ოფისისთვის შესაბამისი პერსონალიც არის გამოყოფილი. ეს მისასალმებელია, რადგან აქამდე ამ საკითხის შესახებ ბუნდოვანება იყო. უნდა ითქვას, რომ ეს პროცესი დროში ძალიან გაიწელა. თუმცა, ეს გადაწყვეტილება არის წინგადადგმული ნაბიჯი იმ მხრივ, რომ სასამართლო აღიარებს საჭიროებას და ითხოვს ჩვენს ქვეყანაში წარმომადგენლობითი ოფისის გახსნას“.

უნდა აღინიშნოს, რომ ბიუჯეტს ამტკიცებს რომის სტატუტის წევრი ქვეყნების ასამბლეა, რომელიც 2017 წლის დეკემბერში შეიკრიბება. კოალიციის თავმჯდომარის განცხადებით, ხშირად ასამბლეა, სამწუხაროდ, ამცირებს ბიუჯეტს. ამიტომ, საბოლოოდ, რა გადაწყდება საქართველოში ადგილობრივი ოფისისთვის ბიუჯეტის გამოყოფასთან დაკავშირებით, ჯერჯერობით უცნობია.  

ახალი ამბები