კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ყვარლის სკოლებში მღვდლებმა ბავშვები ვერტმფრენიდან აკურთხეს და კანფეტები ჩაყარეს

17 ნოემბერი, 2017
 
Reginfo.ge
 
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფლების შილდის, გრემის, ენისელის, ალმატის და საბუეს სკოლებში გრემის მონასტრის სასულიერო პირებმა ბავშვები ვერტმფრენიდან აკურთხეს და კანფეტები ჩაუყარეს. შილდის N1 სკოლის მოსწავლეების თქმით, ისინი აქციის შემდეგ სკოლაში აღარ დაბრუნდნენ და გაკვეთილები გააცდინეს.
 
შილდის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ზაიარა არევაძე სკოლაში სასწავლო პროცესის ჩაშლას არ ადასტურებს.
 
სასულიერო პირები მსგავს აქციას რომ გეგმავდნენ, მოსწავლეები მასწავლებლებმა გააფრთხილეს, მასწავლებლების თქმით კი, ეს ინფორმაცია სკოლის დირექტორებისგან მიიღეს.
 
„დიდი დასვენების ფარგლებში გავიდნენ ბავშვები გარეთ. მამა იოანემ და მამა მარკოზმა კანფეტები ჩამოყარეს ვერტმფრენიდან. მერე ისევ სკოლაში დავბრუნდით და სწავლა გაგრძელდა“, – უთხრა „რეგინფოს“ საბუეს საჯარო სკოლის დირექტორმა ვალენტინა შაბლიკმა.
 
„მამა იოანემ დამირეკა, ვერტმფრენით გადმოვიფრენთ და ბავშვები გარეთ დაგვახვედრეთ, გავახარებთო. დასვენებაზე ბავშვები ეზოში იყვნენ და კანფეტები ჩამოუყარეს“, – აღნიშნავს ენისელის საჯარო სკოლის დირექტორი კონსტანტინე ცხოვრებაძე.
 
ყვარლის საგანმანათლებლო რესურს–ცენტრის უფროსის ქეთევან ჭიპაშვილის განცხადებით, სკოლებში ვერტმფრენიდან კანფეტების ჩაყრის და კურთხევის შესახებ მან აქციის შემდეგ შეიტყო.
 
მამა იოანეს თქმით, თვეში ერთხელ სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის დახმარებით, ისინი ეპარქიის საზღვრებს აკურთხებენ, „ზოგჯერ კი ბავშვებსაც გაახარებენ ხოლმე“: „დღესაც სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი დაგვეხმარა. გნებავთ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდით, ყველაფერი იციან. სკოლის დირექტორებს ვთხოვეთ, რომ ბავშვები გარეთ ყოფილიყვნენ, კანფეტები ჩავუყარეთ და დავლოცეთ. მომავალ წელს სხვა სკოლებში ჩავყრით კანფეტებს და ვაკურთხებთ“.
 
რაც შეეხება გრემის მონასტრის სასულიერო პირების მიერ, ვერტმფრენიდან,ყვარლის რამდენიმე სკოლაში ღია ცის ქვეშ, საგანგებოდ გამოყვანილი ბავშვების კურთხევას და მათთვის კანფეტების ჩაყრას, მეუფე ამბობს, რომ „ბავშვები გაახარეს“.
 
გრემის მონასტერში მოღვაწე სასულიერო პირის მამა იოანეს თქმით, კანფეტები ვერტმფრენიდან გასულ წელსაც ჩაუყარეს ბავშვებს ახალსოფლის საჯარო სკოლაში. „მომავალ წელს სხვა სკოლებს შემოვუფრენთ და სხვა ბავშვებს გავახარებთ. ვერტმფრენის გამოყენებას რაც შეეხება, შინაგან საქმეთა სამინისტროში იცოდნენ ამის შესახებ, მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილიც საქმის კურსში იყო“, - უთხრა მამა იოანემ „რეგინფოს“.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სავარჯიშო ფრენების დროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენში მღვდლების ყოფნის გამო, საიდანაც მათ ყვარლის სოფლების სკოლების მოსწავლეები აკურთხეს და კანფეტები ჩაუყარეს, სასაზღვრო პოლიციის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსს სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუწყდა.
 
„მიმდინარე წლის 15 ნოემბერს შსს-ს სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენით კახეთის რეგიონის სოფელ ენისელის მიმართულებით გახორციელებული სავარჯიშო ფრენების დროს მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი შემოწმება დაიწყო. მომხდარი ფაქტის გამო, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის მთავარი სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელს შეუწყდა სამსახურებრივი უფლებამოსილება“, - ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში.

ახალი ამბები