კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

აზერბაიჯანელი აქტივისტების დევნა საქართველოში

28 ნოემბერი, 2017
 ნათია გოგოლაშვილი

„სიმართლე გითხრათ, ამ მომენტისთვის თავს უსაფრთხოდ ვერ ვგრძნობ. ჩვენ მიმართ ხორციელდება ზეწოლა და თვალთვალი“, - აცხადებს აზერბაიჯანელი პოლიტიკოსი და აქტივისტი დაშგინ აღალარლი. დაშგინ აღალარლი არ არის ერთადერთი აზერბაიჯანელი აქტივისტი, ვინც საქართველოში თავს დაცულად ვერ გრძნობს. ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოში აზერბაიჯანელი აქტივისტების დევნა გაძლიერდა. აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი 2017 წლის 29 მაისს გაიტაცეს საქართველოს ტერიტორიიდან. მისი მეუღლე, ლეილა მუსტაფაევა, იძულებული გახდა, შვილთან ერთად, საქართველო დაეტოვებინა.

დაშგინ და ორან აღალარლები

დაშგინ აღალარლი არის აზერბაიჯანის პოლიტიკური პარტიის „მუსავათის“ წევრი, რომელიც პოლიტიკური შეხედულებებისა და ხელისუფლების პოლიტიკის აქტიური კრიტიკის გამო, წლების განმავლობაში იდევნებოდა აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ. 2013 წელს მას, სხვა პოლიტიკური აქტივისტების მსგავსად, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ბრალად დასდო გადასახადების გადახდისგან თავის არიდება იმ პერიოდში,  როდესაც იგი საერთოდ არ იყო დასაქმებული კერძო სექტორში. დაშგინ აღალარლი 2014 წელს საქართველოში თურქეთის რესპუბლიკიდან შემოსვლისას დააკავეს, როგორც ინტერპოლით ძებნილი.  

„2014 წლის 1 მარტიდან ვიმყოფები საქართველოში. თურქეთიდან როცა ჩამოვედი საქართველოში, სარფის სასაზღვრო გამშვებ პუქტთან დამაკავეს. 3 დღე ვიყავი ბათუმის იზოლატორში. გაიმართა სასამართლო და სამთვიანი პატიმრობა შემეფარდა. გადამიყვანეს ქუთაისის ციხეში, სადაც ერთი თვე გავატარე. შემდეგ გლდანის ციხეში გადამიყვანეს. 29 აგვისტომდე ვიყავი იქ. ჩემი ადგილსამყოფელი ოჯახმა და უფლებადამცველებმა გვიან გაიგეს. იმ დროს აქ კიდევ იმყოფებოდა ჩვენი დიასპორის რამდენიმე წევრი: ჟურნალისტები, უფლებადამცველები, სამოქალაქო საზოგადოების წევრები. ყველასთვის ცნობილი იყო, რომ აზერბაიჯანის მთავრობა ზეწოლას ახორციელებდა საქართველოს მთავრობის მიმართ, რომ ჩვენი ექსტრადირება მომხარიყო. 2017 წლიდან მე საქართველოში აზერბაიჯანულ ოპოზიციურ ტელევიზიას წარმოვადგენდი, რომელიც საფრანგეთში მდებარეობს. როდესაც მე ამ ტელევიზიის წარმომადგენელი გავხდი, ჩემ მიმართ აზერბაიჯანის მხრიდან ზეწოლა გაძლიერდა“, - აცხადებს დაშგინ აღალარლი.

ექვსთვიანი პატიმრობის შემდეგ, 2014 წელს, ადამიანის უფლებათა ცენტრის სამართლებრივი დახმარებით, იგი პატიმრობიდან გირაოთი გაათავისუფლეს. 2014 წლის მარტში მან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართა მისთვის და მისი შვილისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭების თხოვნით.  სამინისტრომ მათი თხოვნა არ დაკმაყოფილა. უარის თქმის მიზეზად კი კონტრდაზვერვის გასაიდუმლოებული დასკვნა დაასახელა. ამავდროულად,  სამინისტროს გადაწყვეტილებაშივე იყო აღნიშნული, რომ აზერბაიჯანში დაბრუნების შემთხვევაში დაშგინ აღალარლი შეიძლებოდა, კვლავ პოლიტიკური დევნის ობიექტი გამხდარიყო.

„2014 წელს დაშგინსა და მის შვილზე, ორან აღალარლიზე, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მივმართეთ, ლტოლვილის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით. ლტოლვილთა სამინისტროსგან მივიღეთ უარი, რაც გავასაჩივრეთ სასამართლოში. პირველი ინსტანციის სასამართლო მოიგო დაშგინ აღალარლიმ, ხოლო სააპელაციო სასამართლომ მას უარი უთხრა ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე. დაშგინ აღალარლის საქმე ჩვენ ახლა უკვე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გვაქვს გასაჩივრებული“, - აცხადებს ადამიანის უფლებათა ცენტრის იურიდიული სამსახურის უფროსი, თამარ ავალიანი.

იურისტის თქმით, საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ დაშგინ აღალარლის მიმართ გამძაფრდა დევნა და მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლა. დაშგინ აღალარლი, ადამიანის უფლებათა ცენტრთან საუბრისას ერთ-ერთ ფაქტს იხსენებს, რომელიც 2016 წლის 6 სექტემბერს მოხდა - მას მობილურ ტელეფონზე დაუკავშირდა ორი სხვადასხვა, გაურკვეველი პიროვნება. მათ მოსთხოვეს თბილისში, რომელიმე სკვერში შეხვედრა და გასაუბრება. ერთ შემთხვევაში პირმა მას უთხრა, რომ იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან, ხოლო მეორე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლად გაეცნო. როგორც აღალარლის იურისტი აღნიშნავს, ამ ფაქტზე ორივე უწყებამ უარყო მათი სახელით დაშგინ აღალარლისთან დაკავშირება, თუმცა, ამ ფაქტით დღემდე არც ერთი უწყება არ დაინტერესებულა. 

„დაშგინ აღალარლი, საქართველოში ყოფნის დროს, განიცდიდა შევიწროებას. მას ურეკავდნენ უსაფრთხოების სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები და პრივატულ შეხვედრებს უნიშნავდნენ, ემუქრებოდნენ. ამასთან  დაკავშირებით, ჩვენ მივმართეთ შსს-ს გენერალურ ინსპექციას და შესაბამის საგამოძიებო უწყებებს, თუმცა ამ ფაქტების შესწავლა და გამოძიება დღემდე არ ხდება“, - აცხადებს თამარ ავალიანი.

„მე ჩემს ადვოკატს შევატყობინე ამ ზარების შესახებ. მან მითხრა, რომ არაოფიციალურ შეხვედრაზე არ წავსულიყავი. ორი დღის შემდეგ, აღმოვაჩინეთ, რომ შეხვედრას აზერბაიჯანის წარმომადგენელიც დაესწრებოდა. მათ უნდოდათ, რომ ჩვენ შევხვედროდით. მე არ შემიძლია, ზუსტად ვთქვა, ამ შეხვედრის მიზანი რა იქნებოდა. ვვარაუდობთ, რომ მათი სურვილი იყო, ჩვენ აზერბაიჯანის უშიშროების წარმომადგენელს შევხვედროდით, გადაეღოთ შეხვედრის ფოტოები და ამით დაემტკიცებინათ, რომ ჩვენ აზერბაიჯანულ მხარესთან ვთანამშრომლობთ. ამიტომ ლტოლვილის სტატუსი არ გვესაჭიროებოდა“, - განმარტავს აღალარლი.

აფგან მუხთარლი და ლეილა მუსტაფაევა

ჟურნალისტური საქმიანობისა და კრიტიკული პოზიციების მსხვერპლი გახდნენ აფგან მუხთარლი და მისი მეუღლე ლეილა მუსტაფაევა. ისინი აზერბაიჯანში აქტიურ ჟურნალისტურ საქმიანობას ეწეოდნენ, აშუქებდნენ ხელისუფლების მიერ ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებს და ღიად აკრიტიკებდნენ მმართველ პოლიტიკურ გუნდს. ამის გამო აზერბაიჯანის ხელისუფლების მხრიდან აფგან მუხთარლი და ლეილა მუსტაფაევა ხშირად გამხდარან შევიწროების მსხვერპლი.

2015 წლიდან ლეილა მუსტაფაევა და აფგან მუხთარლი საქართველოში ჩამოვიდნენ,  მიიღეს ბინადრობის ნებართვა და გააგრძელეს ჟურნალისტური საქმიანობა. საქართველოში ცხოვრების დროს ისინი აქტიურად წერდნენ აზერბაიჯანის ხელისუფლებისა და ილჰამ ალიევის ოჯახის ბიზნეს ინტერესებისა და კორუფციული სქემების, ასევე აზერბაიჯანში პოლიტიკური დევნის პრაქტიკების თაობაზე. ამიტომ აქტიური ჟურნალისტური საქმიანობის გამო, აზერბაიჯანის ხელისუფლების ინტერესი მათ მიმართ ყოველთვის მაღალი იყო, რაც მუქარისა და საქართველოს ტერიტორიაზე თვალთვალის ფაქტებში გამოიხატებოდა.

მიმდინარე წლის სექტემბრში ლეილა მუსტაფაევამ ფოტო და ვიდეომასალა გაასაჯაროვა, სადაც, მისი თქმით, ასახულია ის უცნობი პირები, რომლებიც მას და მის ქალიშვილს რეგულარულად უთვალთვალებდნენ. მასალები გადაღებულია ლეილა მუსტაფაევას მიერ. როგორც მუსტაფაევას უფლებადამცველი აცხადებს, მასალები გასაჯაროებამდე პროკურატურას გადაეცა, თუმცა, პროკურატურის მხრიდან, რეაგირება არ მოჰყოლია.  

„თბილისის ცენტრალურ უბანში, თავისუფლების მოედანზე, ერთ-ერთ კაფეში ვიმყოფებოდი, როცა რამდენიმე ადამიანი შემოვიდა და ჩემ უკან დადეს ჩანთა. ჩემი აზრით, ეს იყო მოსასმენი მოწყობილობა. ამასთან დაკავშირებით, დავრეკე პოლიციაში, თუმცა ეს ფაქტი არ გამოუძიებიათ. პროკურატურიდან ოფიციალური ინფორმაცია არ მიგვიღია. რატომ ამედევნა ეს ხალხი?! ვინ იყვნენ ისინი?! რატომ დადეს ჩანთა ჩემ უკან?! ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ძალოვანი სტრუქტურები და პროკურატურა  მფარველობს და ამ ხალხს. საქართვლოში აზერბაიჯანის მინისტრის ვიზიტის შემდეგ, აღმოვაჩინე, რომ საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის მთავრობას შორის გარკევული სახის შეთანხმება არსებობს. რიგითი ადამიანები მითვალთვალებდნენ. საქართველოს პოლიციასა და ძალოვან სტრუქტურებს უნდა აღეკვეთათ ასეთი ფაქტები, მაგრამ ეს არ გაუკეთებიათ. არალეგალურია, როდესაც გითვალთვალებენ და უკან მოგყვებიან ქუჩაში და შენ არ შეგიძლია, ქუჩებში თავისუფლად გადაადგილება, შვილთან ერთად“, - აცხადებს ლეილა მუსტაფაევა.

2016 წლის აგვისტოში, ლეილა მუსტაფაევას საქართველოში ბინადრობის ნებართვას ვადა გაუვიდა და, ხელახალი ნებართვის მიზნით, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს განცხადებით მიმართა. თუმცა, საქართველოს სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოებისათვის საფრთხის შექმნის შესაძლებლობის მოტივით, მისი განცხადება არ დაკმაყოფილდა. ბინადრობის ნებართვაზე უარის მიღების შემდგემ მუსტაფაევა და მისი მეუღლე ტურისტული ვიზით იმყოფებოდნენ საქართველოში.

მიმდინარე წლის 29 მაისს აფგან მუხთარლი საქართველოს ტერიტორიიდან გაუჩინარდა და აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საზღვრის უკანონო კვეთისა და კონტრაბანდის შეტანის ბრალდებით დააკავეს. როგორც აფგან მუხთარლის ადვოკატი, „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ იურისტი, არჩილ ჩოფიკაშვილი აცხადებს, მუხთარლი საკუთარ სახლთან გაიტაცეს, ძალით ჩასვეს მანქანაში, თავზე ტომარა ჩამოაცვეს და რამდენიმე საათის განმავლობაში  მანქანით გაურკვეველი მიმართულებით მიჰყავდათ. როცა მას ტომარა მოხსნეს, იგი აზერბაიჯანის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტში იმყოფებოდა, სადაც მას 10 ათასი ევრო ჩაუდეს.

„პოლიციისფორმიანმა ადამიანებმა სედანის მარკის ავტოსატრანსპორტო საშუალებაში ჩასვეს აფგან მუხთარლი და გაიყვანეს ქალაქიდან, აეროპორტის ტრასის მიმართულებით. მოგვიანებით, ის გადასცეს აზერბაიჯანულად მოსაუბრე ადამიანებს, რომლებმაც, მისი ვარაუდით, სახელმწიფო საზღვარზე გადაიყვანეს. მოგვიანებით, ის აღმოჩნდა მდინარე მიზიმჩაეს მიმდებარედ, სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან, სასაზღვრო სამსახურის ადმინისტრაციულ შენობაში, სადაც უკვე მას აუხილეს თვალები და ის იყო აზერბაიჯანში, აზერბაიჯანელი მესაზღვრეებისა და სამართალდამცავების გარემოცვაში“, - აღნიშნავს აფგან მუხთარლის ადვოკატი არჩილ ჩოფიკაშვილი.

აფგან მუხთარლი გაუჩინარებამდე რამდენიმე წუთით ადრე, მის მეგობარს დაშგინ აღალარლის შეხვდა. შეხვედრა ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ კაფეში შედგა. დაშგინ აღალარლი, ჩვენთან საუბრიასას, 29 მაისს განვითარებულ მოვლენებს იხსენებს.

„აფგანმა, დაახლოებით, სამ საათზე დამირეკა და შეხვედრა მთხოვა. ჩემთან საუბარი უნდოდა, იგი თავს კარგად არ გრძნობდა. ჩვენთან ერთად კიდევ ერთი მეგობარი იმყოფებოდა, რომელმაც ნახევარ საათში დაგვტოვა. 5 საათისთვის შევხვდით და ორი საათის განმავლობაში ვიყავით ერთად, 7 საათამდე. წვიმდა. ჩემი გაჩერება იქვე გვერდოთ იყო. მე აფგანს ვთხოვე, რომ სახლში ფეხით არ წასულიყო, რადგან წვიმდა.  მან მე გამაცილა და მიწისქვეშა გადასასვლელით განაგრძო გზა“, - იხსენებს დაშგინ აღალარლი.

„არ ვიცი, რა შეიძლებოდა მომხდარიყო. დილით როდესაც გავიღვიძე, აფგანი არ იყო. მე გავაცნობიერე, რომ მის თავს რაღაც ხდებოდა. მე დავურეკე იმ ხალხს, ვისაც  29 მაისს უკანასკნელად ჰქონდა მასთან ურთიერთობა. მათ მითხრეს, რომ, დაახლოებით, 7 საათისთვის  დაშორდა აფგანი მათ და წავიდა თავისი გზით. 29 მაისს 7 საათისთვის აფგანმა დამირეკა და მკითხა, რა წამოეღო სახლში. თუმცა იგი სახლში არ მოსულა. ამის მერე, მე მას ტელეფონით ვეღარ დავუკავშირდი, თუმცა ვიცოდი, რომ ტელეფონს ელემენტი უჯდებოდა და მივხვდი, რომ შესაძლებელი იყო, მისი ტელეფონი გათიშულიყო. მეორე დღეს კი გავაცნობიერე, რომ ყველაფერი რიგზე არ იყო“, - ამბობს ლეილა მუსტაფაევა.

მომხდარიდან რამდენიმე დღეში არასამთავრობო ორგანიზაციათა ნაწილმა გაავრცელა განცხადება, სადაც უფლებადამცველებმა გამოთქვეს ვარაუდი, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტისთვის საქართველოში თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა და აზერბაიჯანის სახელმწიფოს ტერიტორიაზე გადაყვანა საქართველოს სახელმწიფოს წარმომადგენლების მხარდაჭერისა და უშუალო მონაწილეობის ან როგორც მინიმუმ, დემონსტრაციული უმოქმედებისა და არაეფექტიანობის გარეშე, ვერ განხორციელდებოდა. სხვა ორგანიზაციებთან ერთად განცხადებას ხელს აწერს თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი, რომლის წევრი ორგანიზაციები - ადამიანის უფლებათა ცენტრი და „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ აზერბაიჯანელ აქტივისტებს სამართლებრივ დახმარებას უწევენ.

„ყველა გარემოება მიგვითითებს, რომ ამ აღმაშფოთებელ გატაცებაში მონაწილეობდნენ საქართველოს სპეცსამსახურების წარმომადგენლები. როგორც ჩანს, მათ ჰქონდათ საიდუმლო ურთიერთთანამშრომლობა. მას შემდეგ, რაც ამ საქმეზე საერთაშორისო სკანდალი აგორდა, ქართულმა მხარემ ამ გატაცებაში ყოველგვარი მონაწილეობა უარყო. ისინი მხოლოდ შემოიფარგლნენ ბუნდოვანი დაპირებებით, რომ გამოიძიებდნენ ამ ფაქტს. ჩვენ კი ვხედავთ, რომ ეს გამოძიება ჩიხშია შესული, სწორედ იმიტომ, რომ ეს გატაცება საიდუმლო თანამშრომლობის ფარგლებში მოხდა“, - აცხადებს ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი, ალეკო ცქიტიშვილი.

აფგან მუხთარლის ადვოკატის, არჩილ ჩოფიკაშვილის განცხადებით, მათ უნდობლობა გამოუცხადეს გამოძიებას, რადგან პროკურატურამ აფგანსა და მისი ოჯახის წევრებს დაზარალებულის სტატუსიც კი არ მიანიჭა. თუმცა, ადვოკატის თქმით, საგამოძიებო ორგანოებთან თანამშრომლობაზე ისინი უარს არ ამბობენ.

„გამოძიება მიმდინარეობდა, რათა არ ჩატარებულიყო რეალური გამოძიება. დაკითხული იყო ასობით მოწმე და ამით ამაყობდნენ კიდეც ხელისუფლების წარმომადგენლები. თუმცა, ამ ასობით მოწმეს არავითარი ღირებული ინფორმაცია დანაშაულისა და საქმის შესახებ არ ჰქონდა. შეიძლება ითქვას, რომ ეს დრო და ეს რესურსი ფუჭად დაიხარჯა. ერთ-ერთ ვიდეოჩანაწერში, რომელიც მე ვნახე, ჩემი აღქმით, იყო შავებში ჩაცმული მამაკაცი, რომელიც პირდაპირ აფგანს უთვალთვალებდა. როგორც კი აფგანი ჩაჯდა სამარშრუტო  ტაქსიში, ეს ადამიანიც გავიდა კადრიდან. მე წერილობითაც მოვითხოვე, რომ ამ ადამიანის ვინაობა ყოფილიყო დადგენილი, თუმცა არანაირი რეაგირება ამ მიმართულებით არ მომხდარა. მოგვიანებით, აღმოჩნდა, რომ ეს ვიდეოჩანაწერი ვეღარ გახსნა გამოძიებამ“, - აცხადებს არჩილ ჩოფიკაშვილი.

„დარწმუნებული ვარ, რომ ორი ქვეყნის მთავრობებს შორის არის თანამშრომლობა. აფგანი საქართველოს ხელისუფლებისთვისაც თავის ტკივილი იყო. ბოლო არჩევნების შემდეგ, აფგანი ქართულ ოცნებას აკრიტიკებდა. საქართველო მფარველობს და მხარს უჭერს ავტორიტარულ ქვეყანას. ჩვენ ველოდებით ოფიციალურ პასუხს სახელმწიფო უწყებებისგან. თუმცა, მათ არ აქვთ პასუხი აფგანის გატაცებასთან დაკავშირებით“, - აცხადებს ლეილა მუსტაფაევა.

ჟურნალისტებმა კოლეგის, აფგან მუხთარლის, მხარდასაჭერად პარლამენტში,  ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის სხდომაზე აქცია გამართეს. მათ კომიტეტის სხდომის მიმდინარეობისას მოულოდნელად ჩამოიცვეს თავზე ტომრები და ამ სახით გააპროტესტეს დემოკრატიულ ქვეყანაში ჟურნალისტის გაუჩინარების ფაქტი. ისინი საკანონმდებლო ორგანოსგან ქმედით ნაბიჯებს ითხოვდნენ.

საქართველოს იმიჯი ილახება - ასე შეაფასა ქვეყნის პრეზიდენტმა საქართველოს ტერიტორიაზე აფგან მუხთარლის გაუჩინარების საქმე. იგი პირადად შეხვდა ლეილა მუსტაფაევასა და მის ადვოკატს და მზადყოფნა გამოთქვა, ლეილა მუსტაფაევასა და მისი შვილისთვის მოქალაქეობა მიენიჭიბინა. თუმცა, დაკავებული ჟურნალისტის მეუღლემ შეთავაზებაზე უარი განაცხადა. ლეილა მუსტაფაევამ საქართველოს ტერიტორია უკვე რამდენიმე თვეა, დატოვა. როგორც თავად ამბობს, იგი ქართულ მხარეს აღარ ენდობა.

„ჩვენ ახლა კრიზისის მენეჯმენტის რეჟიმში ვართ, რათა საქართველოს სახელმწიფოს იმიჯი გამოსწორდეს. იმ ბრალდებებს, რომელიც გაისმა ქართულ სახელმწიფოსთან მიმართებაში, პასუხი უნდა გაეცეს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. სულ რამდენიმე დღის წინ თბილისში გაქრა ადამიანი, ბაქოში კი აღმოჩნდა ადამიანი. როგორ ხდება ასეთი რამ, რომ ადამიანი A პუნქტში ქრება და B პუნქტში ჩნდება?!“ - აცხადებდა გიორგი მარგველაშვილი.

„ჩემთვის, როგორც მთავრობის მეთაურისთვის, უპირველესი ამოცანაა, ყველა კითხვას მაქსიმალურად მოკლე დროში გაეცეს პასუხი. მომხდართან დაკავშირებით, დაწყებულია გამოძიება და ჩვენი სახელმწიფოს ინტერესშია, პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალედ წარიმართოს“, - ეს სიტყვები ქვეყნის პრემიერ მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს ეკუთვნის. განცხადება 3 ივნისსაა გამოქვეყნებული. თუმცა, ფაქტია, რომ 4 თვეზე მეტია, გამოძიება მიმდინარეობს, საზოგადოებისთვის კი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გაუჩინარების ფაქტი კვლავ ბურუსითაა მოცული. 

ახალი ამბები