კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

HRC-სა და CIU-ს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

15 დეკემბერი, 2017
 
ნათია გოგოლაშვილი

12 დეკემბერს ადამიანის უფლებათა ცენტრსა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა, კახაბერ კორძაიამ, და ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა,  ალეკო ცქიტიშვილმა. 

მემორანდუმის მიზანია მხარეთა მომავალი ურთიერთთანამშრომლობის საფუძვლის ჩაყრა და მისი შემდგომი ხელშეწყობა; ამ ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის - ჟურნალისტიკის პროგრამის სტუდენტების მაღალკვალიფიციურ პროფესიონალებად ჩამოყალიბება; მათი პროფესიული პოტენციალის რეალიზაცია და მათი უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა.

მემურანდუმის თანახმად, ადამიანის უფლებათა ცენტრი იღებს ვალდებულებას, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებს მისცეს სასწავლო და პროფესიული პრაქტიკის გავლის შესაძლებლობა და, შესაძლებლობის არსებობის შემთხვევაში, ხელი შეუწყოს ორგანიზაციაში უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა დასაქმებას. თავის მხრივ, უნივერსიტეტი იღებს ვალდებულებას, ერთობლივი ღონისძიებებისათვის უსასყიდლოდ გამოყოს  უნივერსიტეტის კუთვნილი ფართი და სასწავლო, მატერიალურ-ტექნიკური, საბიბლიოთეკო, საინფორმაციო და სხვა რესურსები; ასევე, უზრუნველყოს ცენტრის საქმიანობის შესახებ პრეზენტაციებისა და შეხვედრების ორგანიზება.

შეხვედრას ესწრებოდნენ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტები. მათ მემორანდუმის მიზნები მხარეებმა პირადად გააცნეს. როგორც უნივერსიტეტის რექტორმა, კახაბერ კორძაიამ, სტუდენტებთან სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სტუდენტებისთვის მნიშვნელოვანია პრაქტიკაზე ორიენტირებული სწავლება, რათა მათ პროფესიონალურ ზრდას შეეწყოს ხელი. 

„ადამიანის უფლებათა ცენტრს, როგორც დიდი ისტორიის მქონე ორგანიზაციას, შეუძლია, სტუდენტებს გაუზიაროს პრაქტიკული გამოცდილება. უნივერსიტეტის სტუდენტები, თავის მხრივ, უფრო მომზადებული შეხვდებიან შემდგომ თავიანთ პროფესიას და გააგრძელებენ კარიერულ წინსვლას. მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტის სტუდენტებმა გამოხატონ ინიციატივა, რომ უფლებადაცვით ორგანიზაციაში გაიარონ სტაჟირება. ასევე, შესაძლებელია დასაქმების შემთხვევებიც. ეს, რა თქმა უნდა, უფრო რთულია, მაგრამ ყოფილა შემთხვევები, როდესაც ჩვენთან სტაჟირებისთვის მოსული სტუდენტები დარჩენილან ორგანიზაციაში და დასაქმებულან“, - განაცხადა ალეკო ცქიტიშვილმა. 

„ჩვენ ამგვარი თანამშრომლობით ძალიან მოხარულები ვართ, რადგან ადამიანის უფლებათა ცენტრი არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და მოწინავე არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც მრავალი წელია, ფუნქციონირებს. ვფიქრობთ, ის გამოცდილება, რომელიც ამ ორგანიზაციას აქვს, ჩვენს უნივერსიტეტსა და სტუდენტებს ძალიან დაეხმარება. ამ მემორანდუმის მიზნები ემსახურება იმას, რომ ჩვენმა სტუდენტებმა მიიღონ მონაწილეობა სხვადასხვა პროექტში და სტაჟირების პროგრამაში, რაც მისასალმებელია“, - განაცხადა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დეკანმა, ვლადიმერ მაჭარაშვილმა.

გიორგი კაკუბავა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტია. ორი წელია, რაც იგი ადამიანის უფლებათა ცენტრში, როგორც სტაჟიორი, ისე მოვიდა და უკვე რამდენიმე თვეა, ორგანიზაციაში დასაქმდა, როგორც იურისტი. გიორგი სტუდენტებს გამოცდილებას უზიარებს. 

„მისასალმებელია ის საკითხი, რომ ადამიანის უფლებათა ცენტრსა და კავკასიის საერთასორისო უნივერსიტეტს შორის  გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. ორგანიზაციაში მუშაობა დავიწყე როგორც სტაჟიორმა, გავიარე სტაჟირების 6-თვიანი პროგრამა, ამის შემდეგ კი დავსაქმდი იურისტის პოზიციაზე. ცენტრში ძალიან დიდი პრაქტიკული გამოცდილება მივიღე, რაც ნამდვილად დამეხმარა უნივერსიტეტში მიღებული თეორიული ცოდნის გაღრმავებაში. ეს, რა თქმა უნდა, ჩემი კოლეგების  დამსახურებაცაა, რადგან, მათი პრაქტიკული გამოცდილების გაზიარებით, ძალიან მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევები შევიძინე. იურისტისთვის პრაქტიკული უნარები ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა, სტუდენტებს ვუთხრა, რომ, რა თქმა უნდა, უნივერსიტეტში მიღებული თეორიული ცოდნა მნიშვნელოვანია, თუმცა ვურჩევ, რომ აუცილებალდ  გაიარონ სტაჟირების კურსები, რათა გაიღრმავონ მიღებული ცოდნა და მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება, ეს მათ აუცილებლად დაეხმარებათ. რაც შეეხება იმ სტუდენტებს, რომლებიც სტაჟირებას გაივლიან ადამიანის უფლებათა ცნეტრში, დახვდებათ, უპირველეს ყოვლისა, ძალიან კომფორტული გარემო და ძალიან დიდ პრაქტიკულ გამოცდილებას მიიღებენ“, - გვითხრა გიორგი კაკუბავამ.

შეხვედრის დასრულებისას სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებმა უკვე გამოთქვეს დაინტერესება და სურვილი სტაჟირების კურსის გავლის. ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიაცენტრიც დაათვალიერა.

ახალი ამბები