კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრი სოფელ შილდაში ქალის გარდაცვალების ფაქტის დროულად გამოძიების მოთხოვნით სამართალდამცავ უწყებებს მიმართავს

20 დეკემბერი, 2017
 
2017 წლის 18 ოქტომბერს, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში კერძო საცხოვრებელი სახლის სადგომში გ.გ-მ იპოვა თავისი ძმის 24 წლის ცოლის, ე.ნ-ს ნახევრადშიშველი ცხედარი, რომელიც ყელზე გამობმული თოკით ჩამოკიდებული იყო სახურავის კოჭზე. ცხედარს სხეულზე აღენიშნებოდა მრავლობითი დაზიანებები, რაც აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ მასზე განხორციელდა ძალადობა.
 
დღემდე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით (თვითმკვლელობამდე მიყვანა). დანაშაულს წინ უსწრებდა ოჯახში ძალადობის ფაქტები. კერძოდ, 2017 წლის 18 ოქტომბრამდე ოჯახში არსებული კონფლიქტებისა და ძალადობრივი გარემოს შესახებ არაერთხელ იყო ინფორმირებული ყვარლის შინაგან საქმეთა სამმართველო. ოჯახში ხშირი იყო პოლიციის გამოძახება. უფრო მეტიც, 2017 წლის 12 ოქტომბერს,  შსს ყვარლის რაიონულ სამმართველოში ე.ნ-ს   შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის  საქმეზე, სოფელ შილდაში განხორციელებული ოჯახში ძალადობის ფაქტზე, სსკ–ის 1261 მუხლის პირველი ნაწილის ნიშნებით. მოპოვებული ინფორმაციით, კონფლიქტი მოხდა ე.ნ-სა   და მის დედამთილს შორის. ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებას. მოცემულ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება და შემაჯამებელი გადაწყვეტილება დღემდე არ არის მიღებული. 
 
ადამიანის უფლებათა ცენტრის კახეთის ოფისი იურიდიულ დახმარებას უწევს გარდაცვლილი ქალის დედას, რომელიც ადვოკატის თანდასწრებით დაიკითხა მოწმის სახით. ადვოკატის მოთხოვნის მიუხედავად, დღემდე ჭიანურდება გარდაცვლილის დედისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭება, უზრუნველყოფილი არ არის გამოძიების პროცესში გარდაცვლილის ოჯახის ჩართულობა, გარდაცვლილის დედას და მის ადვოკატს არა აქვთ ინფორმაცია გამოძიების მსვლელობაზე და გატარებულ ღონისძიებებზე. მიუხედავად იმისა, რომ უკვე ორი თვეა, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, დღეის მდგომარეობით  რაიმე კონკრეტული დანაშაულის ნიშნები ამ ეტაპზე გამოკვეთილი არ არის.  
 
ადამიანის უფლებათა ცენტრი მიმართავს მთავარ პროკურატურას და შინაგან საქმეთა სამინისტროს, გამოძიება წარიმართოს დროულად და ეფექტიანად; დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი მიენიჭოს გარდაცვლილის დედას და მიეწოდოს მას ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ.
                                                                             
აღნიშნულ საქმეზე ადამიანის უფლებათა ცენტრი იურიდიულ დახმარებას უწევს „საქართველოს რეგიონებში მცხოვრები ქალების, რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის მხარდაჭერა“ პროექტის ფარგლებში, რომლის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის გულუხვი დახმარების წყალობით, რომელიც აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით იქნა გაწეული. მიმართვის შინაარსზე პასუხისმგებელია ადამიანის უფლებათა ცენტრი. ის შესაძლოა არ ასახავდეს USAID-ის, აშშ-ის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის შეხედულებებს.

ახალი ამბები