კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დევნილების პროტესტი გორში

27 დეკემბერი, 2017
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

დევნილთა გარკვეული ნაწილის უკმაყოფილება, გორში, 8-10-სართულიან კორპუსებში, იძულებით გადაადგილებული პირებისთვის ბინების გადაცემამ გამოიწვია. დევნილების ის კატეგორია, რომლებსაც ბინები არ შეხვდათ,  22 დეკემბერს გორის ადმინისტრაციულ შენობაში, პროტესტის ნიშნად, შეიკრიბნენ და ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში შექმნილი კომისიის მუშაობა  შეაფასეს და მას უსამართლო უწოდეს.

დევნილთა სამინისტრომ 21 დეკემბერს გამოაქვეყნა იმ დევნილების სია, რომლებიც გორში აშენებული მრავალსართულიან კორპუსებში ერთ, ორ და სამ ოთახიან ბინებს მიიღებენ. დევნილების აღნიშნულ კატეგორიას საკუთარი სახლების დატოვება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში 90-იან წლებში მომხდარი საომარი მოქმედებების შედეგად მოუხდათ. ამ წლების განმავლობაში მათ ცხოვრება ქალაქ გორსა და გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში ყოფილი სასტუმროების და  სახელწიფო ბალანსზე მყოფ სხვადასხვა, პროფილდაკარგული წარმოების,  შენობაში უხდებოდათ.  

იძულებით გადაადგილებული პირების განცხადებით, მათი საცხოვრებელი სახლები ნგრევად კატეგორიას განეკუთვნება. უბინაოდ დარჩენილ იძულებით გადადგილებულ პირებს   კომისიის წარმომადგენლებთან ბინების განაწილების პროცესთან დაკავშირებით შეკითხვები აქვთ. 

,,ბინების გადანაწილება მოხდა შერჩევით, პირადი ნაცნობობითა და მეგობრობით. ბინებით ის ადამიანები დაკმაყოფილდნენ, ვისაც პატრონი ჰყავდა. სასტუმრო „ქართლში“ დავრჩით ათი დევნილი ოჯახი, რომლებიც ველოდებოდით ბინების მიღებას, მაგრამ პატრონი არ გვყავდა და დავრჩით ბინის გარეშე.  ეს არის უსამართლობა რაც ამ ბინებთან დაკავშირებით მოხდა",  - განცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

უბინაოდ დარჩენილმა ერთ-ერთმა დევნილმა გორის ადმინისტრაციულ შენობაში ვენები გადაიჭრა,  დაშავებული საავდმყოფოში გადაიყვანეს. ოჯახი აფხაზეთიდან დევნილია და ამჟამად გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სვენეთში ნახევრად დანგრეულ სახლში ცხოვრობს. მამაკაცი, რომელმაც პროტესტის ნიშნად ვენები გადაიჭრა, ონკოლოგიური პაციენტია და ქიმიის კურსი უტარდება, მისი მეუღლეც ეპილეფსიითაა დაავადებული. ოჯახს ორი მცირეწლოვანი ბავშვი ჰყავს, რომელთაგან ერთ-ერთი შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა.
 
,,ჩვენს საცხოვრებელ სახლს სახურავი სახურავი აქვს დაზიანებული, როგორც გარეთ,  ისე სახლში წვიმს, სითბო ჩვენ არა გვაქვს, ვართ უკიდურეს პირობებში და გვეუბნებიან, არ გეკუთვნის სახლიო, როდესაც სიაში ვინც ბინებით უნდა დაკმაყოფილებულიყო მეორე ვიყავი და ახლა არ ვიცი რა მოხდა", - აცხადებს შორენა გელაშვილი.

ლტოლვილთა და განსახლების  მინისტრის პირველი მოადგილე დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის წევრებთან ერთად გორში იმყოფებოდა და იძულებით გადაადგილებულ პირებს ინდივიდუალურად უხსნიდა ქულების მინიჭების კრიტერიუმებს. გრიგოლ გიორგაძის განცხადებით, მამაკაცი, რომელმაც ვენები გადაიჭრა, თავად არ არის დევნილი, დევნილის სტატუსი მის მეუღლეს აქვს. 

„ეს ოჯახი ცხოვრობს მეუღლის მამა-პაპისეულ სახლში. ჩვენ, პირველ რიგში, ისეთ ოჯახებს ვაძლევთ ფართებს, ვისაც ალტერნატიული თავშესაფარი აქვს",-აცხადებს გრიგოლ გიორგაძე.

ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის პირველი მოადგილის, გრიგოლ გიორგაძის თქმით, კომისიის გადაწყვეტილებით, შიდა ქართლის რეგიონში 5 ნგრევადი ობიექტი იხურება. გიორგაძის განცხადებით ბინების განაწილების პროცესი მიმდინარეობდა გამჭვირვალედ, თუმცა  მინისტრის მოადგილე ხარვეზების გაპარვას არ გამორიცხავს. 

,,შეიძლება გამოიკვეთოს, რომ დევნილების ნაწილს არასწორად გადაეცა ბინა,  ან პირიქით - რომელიმე ოჯახს ეკუთვნოდა და არ მისცეს. დღევანდელ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ვამოწმებთ პრეტენზიის მქონე დევნილების მდგომარეობას",- ამბობს გიორგაძე.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, გორში 8-10-სართულიან კორპუსებში, საცხოვრებელი ფართი 436 დევნილ ოჯახს გადაეცემა, დარჩენილ 44-სამოთახიან ბინაზე კი, ახალი განაცხადები მიიღება.

კომისიის მუშაობითა და ბინების გადანაწილებით უკმაყოფილო იძულებით გადაადგილებული პირების უმეტესობა არ გამორიცხავს, რომ სასამართლოს მიმართონ. 

ახალი ამბები