19:38, Friday, 22.06.2018
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

თემირლან მაჩალიკაშვილი გარდაიცვალა - რა კითხვები ჩნდება სპეცოპერაციის საქმეში

10.01.2018

 
ნათია გოგოლაშვილი

პანკისის სპეცოპერაციისას დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილი საავადმყოფოში 10 იანვარს, დილით, გარდაიცვალა. 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს, სუს-ის მიერ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას თავის არეში დაიჭრა. იგი თელავის რეფერალური საავადმყოფოდან თბილისში 28 დეკემბერს გადმოიყვანეს. მაჩალიკაშვილმა წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიან კლინიკურ საავადმყოფოში 12 დღე გაატარა. 

პანკისის სპეცოპერაციისას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 5 პირი დააკავა, მათ შორის თემირლან მაჩალიკაშვილი. სუს-ის განცხადებით, ხუთივე დაკავებული ტერორიზმში ბრალდებული ახმედ ჩატაევის რაზმის თანამზრახველი იყო. გამოძიების ვერსიით, სპეცრაზმელებმა თემირლან მაჩალიკაშვილს ხელყუმბარის გახსნის მცდელობისას ესროლეს. 19 წლის ახალგაზრდის ოჯახის მტკიცებით კი, ოთახში სპეცრაზმელები მაშინ შევიდნენ, როცა თემირლანს ეძინა, შესაბამისად, იგი ხელყუმბარის გახსნას ვერ შეძლებდა.
 „თბილისსა და ახმეტის რაიონის სოფლებში, დუისსა და ომალოში დაკავებულ იქნა საქართველოს ხუთი მოქალაქე: ზურაბ გორნაკაშვილი, რუსლან ალდამოვი, რამაზ მარგოშვილი, ბადურ ჩოფანაშვილი და თემირლან მაჩალიკაშვილი. დაკავებული პირები დაკავშირებული არიან გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად განეიტრალებული დაჯგუფების წევრებთან. აღნიშნულმა პირებმა უზრუნველყვეს ახმეტ ჩატაევისა და მისი თანამზრახველების ჯერ თურქეთის ტერიტორიაზე ტრანსპორტირება, მათი დროებითი საცხოვრებელი მისამართიდან საქართველოს საზღვრის კირნათი-მარადიდის მწვანე ზოლის მონაკვეთამდე, ხოლო შემდგომ დაეხმარნენ ამავე მონაკვეთით საქართველოში უკანონოდ შემოსვლაში. ახმედ ჩატაევის კუთვნილი კომპიუტერიდან და სხვადასხვა ტექნიკური მოწყობილობიდან მოპოვებულია აუდიო ჩანაწერები. ჩანაწერების მიხედვით, ახმეტ ჩატაევი და მისი თანამზრახველები ტერორისტული აქტების განხორციელებას გეგმავდნენ საქართველოსა და თურქეთში“, - განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, ნინო გიორგობიანმა.

გარდაცვლილი მაჩალიკაშვილის ბებია, ელენე მაჩალიკაშვილი, 26 დეკემბერს განვითარებულ მოვლენებს ასე აღწერდა: „ღამის 03:15 საათზე გავიგე საშინელი ხმა, რა დროსაც სპეცრაზმელები შეცვივდნენ მეორე სართულზე საძინებელში, სადაც ბავშვი იყო. კარიც კი არ იყო ჩაკეტილი. ამ შევარდნიდან რამდენიმე წამში გავიგე საშინელი გასროლის ხმა. ეზო სავსე იყო სპეცრაზმელებით, გარეთ გამოსვლის საშუალებას არ გვაძლევდნენ. ნიღბიანი სპეცრაზმელებით გაივსო ეზო. ჩემი შვილი და რძალი ძირს იყვნენ დაწვენილები. ვითხოვდით რომ ბავშვი ენახებინათ, ის სიკვდილს ებრძოდა. სროლის შემდეგ არანაირი ხმა არ გაგვიგია მისი, ამოკვნესებაც არ გაგვიგია. ალბათ, დილის 08:00 საათი იქნებოდა, საკაცით რომ ჩამოიყვანეს და წაიყვანეს. შუბლი აქვს გახვრეტილი ბავშვს",- განაცხადა ელენე მაჩალიკაშვილმა.

„ჩემი შვილი დილის ლოცვამდე არ იძინებდა, ჩვენთან დილის ლოცვა 04:30 საათზე იწყება. ბავშვი იყო მაღალი, 198 სანტიმეტრი სიმაღლეში და წოლისას მხრებით საწოლის თავს იყო მიბჯენილი. როგორც ჩანს, ხელში ტელეფონი ეჭირა. თავში ნასროლია მწოლიარე მდგომარეობაში, ტყვია კედელშია ჩარჩენილი. ხმაურზე გამოვედი და ბეტონზე დამაგდეს, არ მიშვებდნენ ზევით. მესმოდა, როგორ გამოიძახეს სასწრაფო და, დაახლოებით, 1 საათის შემდეგ თელავის საავადმყოფოში წაიყვანეს, რადგან თბილისამდე ვერ ჩაიყვანდნენ. ბავშვი სისხლში ცურავდა“,- აცხადებდა გარდაცვლილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა გაავრცელა განცხადება, სადაც საუბარია სამართლებრივ და ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებიც გარკვეულ კითხვებს აჩენს.

„სსკ-ის 3311-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება განხორციელებულად ითვლება იმ შემთხვევაში, თუ პირს შეცნობილი აქვს ტერორისტული ორგანიზაციის ან ტერორისტად მიჩნეული პირისთვის დახმარების გაწევის ფაქტი. გასაჯაროებული ვიდეო მასალა კი ცალსახად ვერ ადასტურებს თემირლან მაჩალიკაშვილის მხრიდან ტერორიზმის მხარდაჭერის განხორციელების ფაქტს. მეტიც, მედიაში გავრცელებული ინფორმაცია უთითებს, რომ ვიდეოში ასახული ჩეჩენი ეროვნების პირები შ. ბორზიევისა და ა. სალტანხმადოვის მანამდეც, დაახლოებით, ორი წლის განმავლობაში იმყოფებოდნენ საქართველოში, მათ შორის, პანკისის ხეობაში და მათთან კომუნიკაცია კერძო პირების დიდ წრეს ექნებოდა. ამასთან, თუ აღნიშნული პირები იდენტიფიცირებადი იყვნენ/უნდა ყოფილიყვნენ ტერორისტულულ ორგანიზაციასთან, პირველ რიგში, ეს სამართალდამცავი ორგანოების პასუხისმგებლობა იყო. სუს-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია გ. სალოსის ქუჩაზე არსებულ ბინაში თ. მაჩალიკაშვილის საბანკო ანგარიშების რეკვიზიტების აღმოჩენაზე და ამოღებაზე დამატებით მტკიცებას საჭიროებს.  აგრეთვე უფრო მყარ მტკიცებულებებს საჭიროებს სუს-ის მითითება, თ. მაჩალიკაშვლის სახლიდან ფულადი თანხის ამოღების თაობაზე, რადგან ოჯახის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შესაბამისად,  ამოღებული თანხა გერმანიაში მცხოვრები ქალიშვილის მიერ სახლის შესაძენად იყო გამოგზავნილი. მთლიანობაში მაჩალიკაშვილის პროცესუალური სტატუსის მიღმა დატოვებასთან ერთად, სუს-ის მიერ აღნიშნული ვიდეო მასალის გავრცელება მიუთითებს საგამოძიებო ორგანოს ინტერესზე მტკიცების არასათანადო სტანდარტით  ისაუბროს მაჩალიკაშვილის დამნაშავეობაზე და ამ გზით გადაფაროს ის კრიტიკა, რომელიც პანკისის ხეობაში დემონსტრაციულად მასშტაბური და ძალადობრივი სპეცოპერაციისა და თ. მაჩალიკაშვილის მიმართ აშკარად სავარაუდოდ არაპროპორციული ძალის გამოყენების ფაქტის მიმართ არსებობს“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

თემირლან მაჩალიკაშვილის ცხედარი წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის მრავალპროფილიანი საავადმყოფოდან ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.

„9 იანვარს, შუადღის შემდეგ, გამოიხატა მდგომარეობის საკმაოდ მკვეთრი გაუარესება. უფრო მოგვიანებით, უკვე გამთენიისას, გულის გაჩერება დაფიქსირდა. ეს იყო სამი ეპიზოდი. სამივეჯერ სარეანიმაციო ღონისძიებებით მოხერხდა გულის მუშაობის აღდგენა, თუმცა მეოთხედ, მიუხედავად ძალიან აქტიური მცდელობისა, გულის მუშაობის აღდგენა ვერ მოხერხდა და 10 იანვარს, დილით, დაახლოებით, 08:00 საათზე ბიოლოგიური სიკვდილი დაფიქსირდა”, - განაცხადა წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა, ზაზა ლურსმანაშვილმა.

ექსპერტიზაში დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილიც მიიღებს მონაწილეობას. „მთავარი კითხვა, რომელსაც პასუხი უნდა გაეცეს, არის სროლის მანძილი და ის, თუ რა პოზაში იმყოფებოდა თემირლანი სროლის დროს“, - ნიკოლეიშვილმა მაჩალიკაშვილის საქმის დეტალებზე 9 იანვარს „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ისაუბრა.

„საჭიროა საბოლოო წერტილის დადგენა, საიდანაც ტყვია არის ამოღებული. როდესაც მე ვნახე ის ადგილი, გამოჭრილია, ტყვია ამოღებულია, ამიტომ არ ვიცით ბოლო წერტლი, თუ სად გაჩერდა ტყვია. ამის შემდეგ უნდა მოხდეს ვიზირება და აღდგენა, ალბათ ამას გამოძიება გააკეთებდა, მაგრამ ბუნებრივია გვაინტერესებს, რომ იგივე ვნახოთ ჩვენც. შესაძლებელია რაღაც ეტაპზე მოხდეს იმ პარამეტრების მოცემა, რომელიც დღეს აქვს გამოძიებას. ტყვიის ტრაექტორია გვაძლევს იმის საშუალებას, რომ გავიგოთ ეს ადამიანი ოდნავ წამომჯდარი იყო საწოლში თუ იწვა. ამიტომ გვინდა პარამეტრები, რაც გამოძიებას აქვს. გამოძიების მასალები ჩვენთვის უცნობია, ამიტომ ვერ გეტყვით, სად იდო ხელყუმბარა და ვერ ვიტყვი მოახერხებდა თუ არა ის ხელყუმბარის აღებას. გამოძიებას აქვს რაღაც მასალები, რომლის წვდომაც აუცილებელია, ამის გარეშე ჩვენ მხოლოდ პოზაზე ვისაუბრებთ“, - განაცხადა მაია ნიკოლეიშვილმა.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი თემირლან მაჩალიკაშვილის დაზარალებულად ცნობას მოითხოვს. თამთა მიქელაძე აცხადებს, რომ, წინასწარი მოკვლევით, არსებობს ეჭვი, რომ სპეცოპერაციისას დაჭრილის მიმართ არაპროპორციული ძალა გამოიყენეს. მისივე თქმით, საკითხავია, რამდენად დროულად აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება თემირლან მაჩალიკაშვილს.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლები სახალხო დამცველის მოადგილეს გიორგი ბურჯანაძეს შეხვდნენ
სახალხო დამცველმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს „რუსთავი 2-ის“ საქმესთან დაკავშირებით სასამართლო მეგობრის მოსაზრებით მიმართა
არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოდან ჰააგაში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წარმომადგენლებს შეხვდნენ
გურჯაანში ვასო მაისურაძის ცემის საქმეზე სლოტ კლუბის დაცვის თანამშრომლები დააკავეს
ადვოკატ გიორგი მდინარაძის ცემისა და ე. წ. ციანიდის საქმე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში მოხვდა
არქივი
გამოკითხვა
ემხრობით თუ არა ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას?
კი არა არ ვიცი

ბლოგი

კუდები გვაკვირვებს
ბოლო დღეების განმავლობაში საზოგადოებისთვის თვალშისაცემია კამპანია „ეს შენ გეხებას“ გააქტიურება. კამპანიის ცნობილ მარკაზე გაჩნდა ახალი წარწერა - „ისევ გვისმენენ - ისევ გვითვალთვალებენ“. ეს
ვრცლად...
მოჩვენებითი მშვიდობა ბალკანეთში
მშიერი კომისიის წევრები და გაბრაზებული თავმჯდომარეები ბათუმში
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2018 HRIDC