კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რა პრობლემები იჩენს თავს განქორწინებისა და ალიმენტის დანიშვნის პროცესში

22 იანვარი, 2018
 
ლანა გიორგიძე

„მიუხედავად სასამართლო გადაწყვეტილებისა, ბავშვების მამას 6 თვეა დაკისრებული ალიმენტის თანხა არ გადაუხდია. ადრე დამემუქრა, რომ შვილებს წამართმევს და ქუჩაში დამტოვებს. აღარ ვიცი, ვის ვთხოვო დახმარება, რომ შეგვიფარონ“,-  ამბობს ძალადობის მსხვერპლი ქალი humanrights.ge-სთან საუბრისას. ქალი, რომლის სახელსა და გვარს, მისი ინტერესების გათვალისწინებით, არ ვასახელებთ, ყოფილი ქმრის ოჯახიდან ერთი წელია, რაც წამოვიდა და თავშესაფარში, სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად, ცხოვრობს.

„აპრილში თავშესაფარში ყოფნის ვადა გვეწურება და არ ვიცი, სად წავიდე, არც სამსახური მაქვს და არც სახლი. ყოფილი მეუღლე 5 წლის მანძილზე მცემდა, ბოლოს კი ჯაჭვით მცემა, რის გამოც პოლიცია გამოვიძახე და სახალხო დამცველსაც მივმართე. მის მიმართ გამოცემული იყო შემაკავებელი და დამცავი ორდერები, თუმცა იგი მაინც მემუქრებოდა. სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ კი მუქარის ზარები შეწყდა“, - აღნიშნა ძალადობის მსხვერპლმა ქალმა.

პრობლემა, რომელზეც ჩვენი რესპონდენტი საუბრობს, ძალადობის მსხვერპლ ბევრ ქალს აწუხებს. იმის გამო, რომ მათ საკუთარი შემოსავალი არ აქვთ და შვილებს ვერ უზრუნველყოფენ ფინანსურად, ისინი დამოკიდებული არიან ალიმენტზე. ალიმენტის დანიშვნის პროცესში კი ძალადობის მსხვერპლი ქალები ბევრ ბარიერს აწყდებიან, ერთ-ერთი დიდი პრობლემა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებაა და მამის გადაწყვეტილება, არ მისცეს შვილს/შვილებს კუთვნილი თანხა.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2016 წელს განქორწინებულ წყვილთა რაოდენობა - 9 539 -ს შეადგენდა, 2015 წელს - 9 112, 2014 – 9 114, 2013 წელს - 8  089. რაც შეეხება 2001-2012 წლების მონაცემებს, ის მკვეთრად ნაკლებია ბოლო წლებში არსებულ სტატისტიკურ მონაცემებთან შედარებით. 


განქორწინების ძირითად მიზეზად არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ქალის მიმართ ძალადობას ასახელებენ. უფლებადამცველები თანხმდებიან, რომ ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის პრობლემას წარმოადგენს განქორწინება, შვილებისთვის ალიმენტის დანიშვნა/მიღება და ამასთან, მათი თქმით, პრობლემაა განქორწინების პროცესის შეწყვეტა და გადაწყვეტილების გაუქმება.

„განქორწინების ძირითადი მიზეზი არის ცოლ-ქმარს შორის არსებული დაძაბული ურთიერთობა და კონფლიქტი, რაც შემდეგ, ხშირ შემთხვევაში, ფიზიკურ ძალადობაში გადაიზრდება. მეუღლეები ხშირად მოითხოვენ ქალებისგან, რომ მათ არ იმუშაონ, აკეთონ სახლის საქმე და მიხედონ ბავშვებს. ზოგჯერ მამაკაცები ამბობენ, რომ განქორწინების მიზეზი იყო მეუღლის სურვილი, გადასულიყო დედამთილისა და მამამთილის სახლიდან, რასაც შემდეგ მოჰყვა კონფლიქტი. განქორწინება პრობლემური ხდება, როდესაც მას მოყვება ალიმენტის, ქონების გაყოფის, ბავშვების ნახვის უფლებების მიღება და ა.შ.“, - განაცხადა ადამიანის უფლებათა ცენტრის შიდა ქართლის ოფისის იურისტმა, ალექსი მერებაშვილმა.

ალექსი მერებაშვილის თქმით, განქორწინების ორი გზა არსებობს: მეუღლეები მიმართავენ საჯარო რეესტრს და არეგისტრირებენ განქორწინებას; მეუღლეები მიმართავენ სასამართლოს, რადგან ერთ-ერთი მხარე თანახმა არ არის განქორწინებაზე, ან განქორწინებასთან ერთად წარმოიშობა დავა ქონების ან ბავშვების ადგილსამყოფელის განსაზღვრის შესახებ.

„პირველ შემთხვევაში ერთადერთი დამაბრკოლებელი გარემოება რეგისტრაციის საფასურია. მეორე შემთხვევაში კი - სასამართლოს ბაჟი. უმეტეს შემთხვევაში ძალადობის მსხვერპლ ქალებს არავითარი მატერიალური შესაძლებლობა არა აქვთ, გაიღონ ეს ხარჯები. განქორწინების შემთხვევაში სოციალურად დაუცველი ქალების მდგომარეობა გაცილებით უკეთესია, რადგან ისინი გათავისუფლებული არიან სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მათი სტატუსის გათვალისწინებით. თუმცა, სოციალურად დაუცველების პრობლემა არის ალიმენტის მოთხოვნის საკითხი.  ერთ-ერთმა ბენეფიციარმა, რომელიც იყო სოციალურად დაუცველი, უარი განაცხადა ალიმენტის მოთხოვნით სარჩელის შეტანაზე, რადგანაც, სოციალურ სამსახურში განუცხადეს, რომ თუკი მოხდებოდა მის საბანკო ანგარიშზე რაიმე თახის დარიცხვა, შესაძლებელი იყო, ჩამორთმეოდა სტატუსი. ერთ-ერთი დამაბრკოლებელი გარემოებაა ვადაც, კერძოდ, მოსამართლეს აქვს უფლება, მხარეებს განუსაზღვროს 6- თვიანი ვადა შესარიგებლად და ამ ვადის, უშედეგოდ, გასვლის შემდეგ განაგრძოს საქმის განხილვა“, - აღნიშნა იურისტმა, ალექსი მერებაშვილმა.

„აუცილებელია აღინიშნოს ერთ-ერთი პრობლემური საკითხი, რომელიც კანონის ხარვეზად შეიძლება, მივიჩნიოთ. კერძოდ, როდესაც სასამართლოს გადაწყვეტილებით არასრულწლოვანს ენიშნება ალიმენტი, ამასთან, ოჯახი რესგისტირებულია სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში, ასეთ შემთხვევაში ბენეფიციარი/ სოციალური დახმარების მიმღები კარგავს საარსებო შემწეობას. ამ დროს ბენეფიციარები, მათივე სურვილით, უარს აცხადებენ ალიმენტის მიღებაზე, იმ საფუძვლით, რომ   სოციალური დახმარების მიმღებს უჩნდება დამატებითი შემოსავლის წყარო, რომელიც იწვევს ყოველთვიური შემწეობის შეწყვეტას. განსახილველ პრობლემურ საკითხს არ არეგულირებს კანონი  „სოციალუირად დაცვის შესახებ“.  ვფიქრობ, რომ ალიმენტის სახით მიღებული თანხა არ უნდა იწვევდეს სოციალური დახმარების შეწყვეტას,  რადგან ეს არ არის  მუდმივი სახის შემოსავალი ან შემოსავალი, რომელიც ექვემდებარება დაბეგვრას. აქვე საყურადღებოა ის ფაქტი, რომ,კანონის თანამხად, ალიმენტის გადახდა ხდება პირის სრულწლოვანების მიღწევამდე, ხოლო პირი როდესაც მიაღწევს სრულწლოვანების ასაკს, წყდება ალიმენტის გადახდა.  აუცილებლობას წარმოადგენს კანონში გაჩნდეს ჩანაწერი, რომელიც ალიმენტის დანიშვნის შემთხვევას მიიჩნევს, როგორც გამონაკლისს და არ გამოიწვევს სოციალური შემწეობის შეწყვეტას“, - განაცხადა ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტმა, გიორგი კაკუბავამ.

არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ იურისტის, მარიამ ქევხიშვილის განცხადებით, ერთ-ერთ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ისიც, რომ ძალადობის მსხვერპლი ქალების უმრავლესობა მიმართვის შემდეგ წყვეტს საქმის წარმოებას და იცვლის აზრს.

„ძალადობის მსხვერპლი ქალები განქორწინებისა და შვილებისთვის ალიმენტის დანიშვნის მოთხოვნით ძალიან ხშირად მოგვმართავენ. როდესაც არის სასამართლოს გადაწყვეტილება ალიმენტის დანიშვნასთან დაკავშირებით, შემდეგ იქმნება პრობლემა აღსრულების. უფრო ხშირია ეს შემთხვევები, ვიდრე ის, რომ ნებაყოფლობით იხდიდნენ დაკისრებულ ალიმენტს. ძალადობის მსხვერპლი ქალების ყოფილი მეუღლეები უმეტესად განგებ არ იხდიან ალიმენტს, ვიდრე აღსრულების ეროვნული ბიურო არ ჩაერთვება საქმეში. ამიტომ, ხშირ შემთხვევაში, გვიწევს ბენეფიციარების გადამისამართება აღსრულების ეროვნულ ბიუროში“,- აღნიშნა humanrights.ge-სთან საუბრისას მარიამ ქევხიშვილმა.

ალიმენტის აღსრულებასთან დაკავშირებით არსებულ პრობლემებზე საუბრობს არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი გიორგი კაკუბავაც.

„ოჯახში ძალადობის მსხვერპლი, რომელიც განქორწინებულია მეუღლესთან, სასამართლო წესით ითხოვდა ალიმენტს ორი მცირეწლოვანი შვილისთვის. სასამართლომ დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა, თუმცა პრობლემა არის აღსრულება, რადგან ბენეფიციარის ყოფილი მეუღლე რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველთა რეესტრში და  მიუხედავად იმისა, იგი მუშაობს და  ხელზე იღებს ანაზღაურებას, არ ხდება აღსრულება“, - განაცხადა გიორგი კაკუბავამ.

კაკუბავას თქმით, იყო ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ძალადობის მსხვერპლმა ქალებმა გადაიფიქრეს და განქორწინებაზე უარი თქვეს, მაშინ როდესაც საქმე სასამართლომდე იყო მისული: „ზოგ შემთხვევაში კი ძალადობის მსხვერპლებს არ ჰქონდათ სასამართლო ბაჟის გადასახდელი თანხა, ამიტომ იკავებდნენ თავს განქორწინებისგან. თუმცა, როდესაც მხარე ალიმენტს ითხოვს, მაშინ კანონი ათავისუფლებს მას ბაჟის გადასახდელისგან“.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარის“ იურისტი, თეა თადაშვილი კი აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხე, უმეტესად, ცდილობს, დაფაროს შემოსავლები, სასამართლო, მეტ-ნაკლებად, ეხმარებათ მტკიცებულებების მოპოვებასა და რეალური შემოსავლის დადგენაში.

„არის შემთხვევები, როდესაც ძალადობის მსხვერპლი ქალები, რომლებიც მოგვმართავენ, უკვე განქორწინებულები არიან. რაც შეეხება ალიმენტის დანიშვნას, ალიმენტის განსაზღვრა ქონებრივ მდგომარეობაზეა დამოკიდებული, თუმცა, არის შემთხვევები, როდესაც მამებს არ აქვთ სამსახური, რეალური შემოსავალი, ან შემოსავალი, რომელიც ფიქსირდება და აღრიცხვა ხდება. მოპასუხე უმეტესად ცდილობს, შემოსავლები დაფაროს და ამით მინიმალური ოდენობა დაეკისროს ალიმენტის. ეს პრობლემაა, თუმცა, სასამართლო მეტ-ნაკლებად გვეხმარება ისეთი მტკიცებულებების მოპოვებაში, რომ გავარკვიოთ რეალური შემოსავალი. მეორე საკითხი, რაც პრობლემას წარმოადგენს, არის სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება. უმეტეს შემთხვევაში, ბევრი ქალბატონისგან მომისმენია, რომ მათ აქვთ სასამართლო გადაწყვეტილება ალიმენტის დანიშვნის შესახებ, თუმცა არ ხდება აღსრულება, რადგან მოპასუხე მხარეს არ აქვს შემოსავალი, არ უფიქსირდება ხელფასი და სამუშაო ადგილი. ეს პრობლემა ძირითადად ვერ გვარდება, თუ არ არის მშობლის ნება, შვილს ჰქონდეს ფინანსური მხარდაჭერა. ასეთ შემთხვევაში ერთი მშობელი დამოკიდებულია მეორე მშობლის კეთილ ნებაზე“, - განაცხადა იურისტმა, თეა თადაშვილმა humanrights.ge-სთან საუბრისას. 

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტის, ალექსი მერებაშვილის თქმით, სასამართლო გადაწყეტილების ძალაში შესვლის შემდეგ გაიცემა სააღსრულებლო ფურცელი და აღსრულების ეროვნული ბიურო იწყებს მოვალის ქონების მოძიებას.

„იმ შემთხვევაში, თუ მოვალე (ვისაც დაეკისრა ალიმენტის გადახდა) საკუთარი ნებით არ ასრულებს სასამართლოს მიერ დაკისრებულ ვალდებულებას, აღსრულების ეროვნული ბიურო იწყებს იძულებით აღსრულებას. თუ მოვალეს ერიცხება ხელფასი ბანკში, გააჩნია უძრავი ქონება, რეგისტრირებული აქვს ავტომობილი და ა.შ. ხდება ამ ქონების (საბანკო ანგარიშების) დაყადაღება. თუ მოვალეს არ გააჩნია არავითარი ქონება, მაშინ იძულებითი აღსრულება, ფაქტობრივად, შეუძლებელი ხდება და ალიმენტის მომთხოვნი მხარე რჩება ალიმენტის გარეშე მანამ, ვიდრე მოვალე თავისი ნებით არ დაიწყებს გადახდას, ან გაუჩნდება ქონება, რომელზეც შეიძლება, განხორციელდეს იძულებითი აღსრულება. არაერთი შემთხვევა მქონია, როდესაც სასამართლო გადაწყვეტილება, ფაქტობრივად, არ სრულდება“, - აღნიშნა ალექსი მერებაშვილმა.

ის, რომ ძალადობის მსხვერპლთა უმეტესობას არ აქვს ფინანსური დამოუკიდებლობა და ალიმენტის აღსრულებაც, ხშირ შემთხვევაში, პრობლემას წარმოადგენს და დროში იწელება, სწორედ ამიტომ ამბობენ ძალადობის მსხვერპლი ქალები უარს განქორწინებაზე და იძულებული ხდებიან, მოძალადე ქმრებთან იცხოვრონ. ეს ყველაფერი კი მიუთითებს იმაზე, რომ სახელმწიფომ კიდევ უფრო მეტად უნდა იზრუნოს ოჯახში ძალადობის პრობლემის აღმოფხვრაზე, კერძოდ კი, ყველაზე მოწყვლად ჯგუფზე - ქალებზე. 

სტატია მომზადდა პროექტის „ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია აშშ-ის საელჩოს მიერ დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში. სტატიაში გამოთქმული თვალსაზრისი ავტორისეულია და შეიძლება არ ასახავდეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მოსაზრებას.

ახალი ამბები