კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კომპანია „ბადაგონმა“ ორივე ღვინის ქარხნის მუშაობა შეაჩერა

8 თებერვალი, 2018
 
reginfo.ge

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა კომპანია „ბადაგონის“ მიერ დიდი ოდენობით წილის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. გამოძიების დაწყების საფუძველი „ბადაგონის“ ყოფილი მეწილის, კომპანია „გრაკორო ტრეიდინგ ლიმიტედის“ წარმომადგენლის განცხადება გახდა. საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა როგორც თბილისში, კომპანიის ოფისში, ისე ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხოდაშენში მდებარე ღვინის ქარხანაში.
 
ღვინის კომპანია „ბადაგონში“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესვლის შემდეგ, კახეთში, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხოდაშენსა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავში მდებარე, კომპანიის კუთვნილი ქარხნების მუშაობა შეჩერებულია. კომპანიის მფლობელის, გიორგი სალაყაიას განცხადებით, მუშაობას საგამოძიებო მოქმედებების დასრულებამდე არ განაახლებენ.

„ბადაგონის“ სათავო ოფისში გამომძიებლები კომპანიის წილის ყოფილი მფლობელის, „გრაკორო ტრეიდინგ ლიმიტედის“ წარმომადგენლის, რუსეთის მოქალაქე ვლადიმერ ჯანჯღავას საჩივრის საფუძველზე შევიდნენ. ვლადიმერ ჯანჯღავას განცხადებით, მისი აქციები მიითვისეს.

ჯანჯღავას ადვოკატის იმედა დვალიძის განმარტებით, „ბადაგონის“ მთავარი დამფინანსებელი წლების განმავლობაში „გრაკორო ტრეიდინგ ლიმიტედი“ იყო, რომლის რეალური მფლობელი მისი კლიენტი ვლადიმერ ჯანჯღავაა და საკუთარი წილი სიმამრსა და ცოლზე ფორმალურად აქვს გაფორმებული. ადვოკატი აღნიშნავს, რომ „ბადაგონში“ „გრაკორო ტრეიდინგ ლიმიტედის“ 60%-იანი წილი ჯანჯღავამ სალაყაიას ნამდვილად გადასცა, თუმცა არსებობდა სიტყვიერი შეთანხმებაც, რომელიც გიორგი სალაყაიამ აღარ შეასრულა.

„კომპანია „ბადაგონში“ ვლადიმერ ჯანჯღავამ 20 მილიონი დოლარი მოიზიდა. არავინ დაიჯერებს, რომ პირს, რომელმაც კომპანიაში 20 მილიონი მოიტანა, წილის 50 ათას დოლარად გაასხვისება შეეძლო, რომელიც ასევე არ არის გადახდილი. ეს ხელშეკრულება იყო ფორმალური, ის იყო ნდობაზე დაფუძნებული გარიგება, რომელიც აღარ შესრულდა“, - განაცხადა დვალიძემ „რუსთავი 2“-თან.
 
თავის მხრივ კომპანია „ბადაგონის“ დამფუძნებელი გიორგი სალაყაია ამბობს, რომ ჯანჯღავას უკან პარლამენტის ყოფილი წევრი დავით ბეჟუაშვილი დგას, რომელიც კომპანიის „ხელში ჩაგდებით“ არის დაინტერესებული და ჯანჯღავას ამ მიზნით მიმართა.

გიორგი სალაყაია აცხადებს, რომ მათზე ზეწოლა 2012 წლის არჩევნებამდეც იყო, როდესაც „ბადაგონში“ საგადასახადო ინსპექცია შევიდა. სალაყაია ამბობს, რომ მაშინ ამ პროცესს დავით ბეჟუაშვილი ხელმძღვანელობდა და საგადასახადო ინსპექციას ჰქონდა მითითება, მათთვის წილების დატოვება ეიძულებინა. გიორგი სალაყაიას განცხადებით, 2014 წელს „ბადაგონმა“ 60%-იანი წილი კომპანია „გრაკორო ტრეიდინგ ლიმიტედისგან“ შეიძინა და საბუთები კანონის სრული დაცვით გაფორმდა. 

„დღეს, როცა კომპანია გახდა ლიდერი, ამას გეუბნებით დადასტურებული ციფრებით - ქართული ღვინის ექსპორტში 250 კომპანიას შორის ვართ უპირობო პირველ ადგილზე, როცა კომპანია გახდა საინტერესო გარკვეული პირებისთვის, მათ დაიწყეს ბრძოლა იმ მეთოდებით, რომელიც იციან და მაგათი ტვინი მეტს ვერ ფლობს. მინდა დავასახელო ადამიანები, ვის ინტერესშიც შედის ეს ყველაფერი. მინდა ხაზი გავუსვა, აღნიშნულ ქმედებას ერთადერთი მიზანი აქვს, რომ გარკვეულმა პიროვნებებმა კომპანია ჩაიგდონ ხელში. ეს პიროვნება არის დავით ბეჟუაშვილი, რომელიც დღესაც ე. წ. პარლამენტარად, თუ ბიზნესმენად ითვლება. ეს არის ის პიროვნება, რომელმაც 2016 წლიდან დაიწყო ქმედებები „ბადაგონის“ ხელში ჩასაგდებად. ეს აბსურდი არის იმისთვის, რომ მე თავი დავხარო და მივიდე ბატონ ბეჟუაშვილთან. ეს არ მოხდება“, – აღნიშნა სალაყაიამ. 

კომპანია „ბადაგონის“ ადვოკატი ზაზა ხატიაშვილია. მისი განცხადებით, კომპანიის დასაცავად ყველა სამართლებრივი მეთოდის გამოყენებით იბრძოლებენ. „მსოფლიოში ყველა გაიგებს, რომ საქართველოში ბიზნესგარემო აი, იმ უბედური პოლიციელების, პროკურორების მეშვეობით არის განადგურებული“, - ამბობს ხატიაშვილი. 
 
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით იძიებს, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო მითვისებას ან გაფლანგვას. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს შპს „ბადაგონის“ სათავო ოფისში და არა უშულოდ საწარმოებში. შესაბამისად, აღნიშნული საგამოძიებო ღონისძიებები ხელს არ უშლის წარმოების პროცესის მიმდინარეობას.

კომპანია „ბადაგონი“ ღვინის მწარმოებელი ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კომპანიაა საქართველოში. 2017 წელს „ბადაგონმა“ ღვინის ექსპორტიორ 250 კომპანიას შორის პირველი ადგილი დაიკავა. კომპანიის ინფორმაციით, გასულ წელს მათი გაყიდვების მოცულობა 35%-ით გაიზარდა.

 
Reginfo.ge-ს ორიგინალი სტატიები: 

ახალი ამბები