კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქალი პატიმრებისთვის გენდერ-სპეციფიკური დაავადებების მკურნალობა ეფექტურად არ ხდება

12 თებერვალი, 2018
 
ნათია გოგოლაშვილი

ადამიანის უფლებათა ცენტრმა მოამზადა კონსტიტუციური სარჩელი, სადაც სადავოდ არის გამხდარი სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში, ბრალდებულთა  და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებასა და ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გადაყვანის წესის შესახებ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2014 წლის 10 აპრილის №55 ბრძანება.

აღნიშნული ბრძანება წარმოადგენს ერთადერთ სამართლებრივ აქტს, რომლის  საფუძველზეც ხორციელდება მსჯავრდებული/ბრალდებული პაციენტების  გეგმიური სამედიცინო მომსახურება. ბრძანების თანახმად, პაციენტს ენიჭება რიგითი ნომერი და მათი სამკურნალო დაწესებულებაში/ცენტრში გადაყვანა ხდება სამედიცინო პროგრამაში მინიჭებული რიგითი ნომრის მიხედვით.

აღსანიშნავია, რომ ელექტრონული რიგით სარგებლობენ მხოლოდ გეგმური პაციენტები. გადაუდებელი შემთხვევები მოლოდინის რეჟიმს არ ექვემდებარება. აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს ფარგლებში ელექტრონული რიგი გამიჯნულია და დამოუკიდებლად რეგულირდება. დამოუკიდებლად რეგულირდება სტაციონარული და ამბულატორიული რეფერალიც.

„რიგითი ნომერი განისაზღვრება სამეციდინო ჩვენების, ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურების შესაბამისად და წარმოებს ელექტრონული ფორმით. ამასთან, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, შესაძლებელია სამედიცინო ინტერვენციის სახის შეცვლა“, - განმატავს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, ალექსანდრე დარახველიძე.

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტის, თამარ ავალიანის განცხადებით, რეგულირებული მექანიზმი სადავოს ხდის ბრძანების კონსტიტუციასთან შესაბამისობას, რადგან აღნიშნულ პუნქტებში დიფერენცირებული არ არის ქალი და მამაკაცი, როგორც გენდერ-სპეციფიკური საჭიროების მქონე პაციენტები, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებებში გეგმიური ან გადაუდებელი გადაყვანისას, სრულად იგნორირებულია ქალთა საჭიროებები და მათ მიმართ სპეციფიკური მიდგომა.  

„მამაკაცი პატიმრების მსგავსად, ქალი პატიმრები დარეგისტრირებულნი არიან საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო  დეპარტამენტის ერთიან ელექტრონულ ბაზაში. ხშირია შემთხვევები, როდესაც ოპერაციული მკურნალობის ჩასატარებლად პაციენტს რამდენიმე თვე უწევს ლოდინი, რაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას იწვევს და სასწრაფო წესით სტაციონარში გაყვანა ხდება საჭირო. უნდა აღინიშნოს, რომ თუ პატიმარს რიგმა მენსტრუალური ციკლის დროს მოუწია, იგი არ გაჰყავთ ოპერაციული მკურნალობის ჩასატარებლად და მას განმეორებით უწევს დარეგისტრირება. ქალი პატიმრების რაოდენობა რამდენჯერმე ნაკლებია მამაკაც პატიმართა რაოდენობაზე და, შესაბამისად, გეგმური რიგი ქალ პატიმრებს გაცილებით გვიან უწევთ, ვიდრე მამაკაცებს, რაც არსებითად არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს ქალებს მამაკაც პატიმრებთან შედარებით“, - აცხადებს თამარ ავალიანი.
სახალხო დამცველის 2016 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ სამედიცინო დეპარტამენტი რიგითობას განსაზღვრავს ტერიტორიული პრინციპის გათვალისწინებით, სამედიცინო ჩვენების, ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურების შესაბამისად. რიგითი ნომრის განსაზღვრისას მხედველობაში არ მიიღება პაციენტის ინდივიდუალური საჭიროებები და რიგითობა დამოკიდებულია არა კლინიკურ ფაქტორებზე, არამედ ისეთ ფაქტორებზე, როგორიცაა სამედიცინო მომსახურების მომლოდინე პაციენტთა რაოდენობა და სამედიცინო დაწესებულების გამტარიანობა. 2015 წლის საპარლამენტო ანგარიშში სახალხო დამცველმა სამედიცინო რეფერალის სისტემის შემდგომი დახვეწის მიზნით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს შესთავაზა, რომ ელექტრონული რიგის დიფერენციაცია მომხდარიყო დაავადებების მწვავე და ქრონიკული ხასიათის, დაავადების მიმდინარეობის დინამიკის, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მათი ზეგავლენისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. სამწუხაროდ აღნიშნული რეკომენდაცია არ გაითვალისწინეს.

„არ არის გათვალისწინებული შემთხვევა, როდესაც მომსახურების მომლოდინე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, კლინიკური სურათი თანდათან უარესდება, თუმცა ჯერ კიდევ არ არსებობს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაწევის საჭიროება. აქვე გასათვალისწინებელია, რომ ზოგიერთი დაავადება სწრაფად ვითარდება, ხოლო სიცოცხლისათვის საფრთხის შექმნის შემთხვევაში გადაუდებელი სამედიცინო დახმარება შეიძლება დაგვიანებული იყოს“, - ვკითხულობთ სახალხო დამცველის 2016 წლის ანგარიშში.

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტის, თამარ ავალიანის განცხადებით, არის შემთხვევები, როცა ელექტრონული რიგის მომლოდინე ქალი პატიმრების ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება: „2015 წლის  იანვარ-თებერვლის თვეში, ქალი პატიმრის მიმართ ელექტრონული რიგის დაგვიანების გამო, ქალი პატიმრის ჯანდაცვის უფლების ხელყოფის 10 შემთხვევა დაფიქსირდა. აქვე უნდა აღინიშნოს მსჯავრდებულ ს.მ.-ს შემთხვევა, რომელსაც დასმული აქვს დიაგნოზი: საშვილოსნოს პოლიპი. ოპერაციული მკურნალობის მოთხოვნა 2014 წლის 11 აგვისტოს გაიგზავნა სამედიცინო დეპარტამენტში, თუმცა მონიტორინგის ჩატარების დღეს მასზე პასუხი კვლავ არ იყო მიღებული“, - აცხადებს თამარ ავალიანი.

სასჯელაღსრულების სამინისტროში კი აცხადებენ, რომ რეკომენდებული სამედიცინო მომსახურების მიღების მიზნით, მოლოდინის პერიოდში, ქალ ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას ადგილი არ ჰქონია.

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტის თქმით, მანამ, სანამ საკონსტიტუციო სასამართლო სარჩელის დასაშვებლობას გადაწყვეტდა, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2014 წლის 10 აპრილის №55 ბრძანებაში შევიდა ცვლილებები. შესაბამისად, კანონმდებლობის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლომ შეწყვიტა საკითხის განხილვა. თუმცა, თამარ ავალიანის თქმით, შეტანილი ცვლილებები ტექნიკური ხასიათისაა და აბსოლუტურად არაფერს ცვლის მსჯავრდებულთათვის რეფერალური რიგით სარგებლობასთან დაკავშირებით. იურისტის განცხადებით, მზადდება ახალი კონსტიტუციური სარჩელი და უახლოეს მომავალში წარედგინება საკონსტიტუციო სასამართლოს.

აღნიშნული სტატია გამოქვეყნდა პროექტის, "ქალი და არასრულწლოვანი პატიმრების მდგომარეობის მონიტორინგი საქართველოში" ფარგლებში, რომელსაც ადამიანის უფლებათა ცენტრი ახორციელებს, ბულგარეთის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა, არ გამოხატავდეს დონორის პოზიციას, შესაბამისად, იგი არ არის პასუხისმგებელი გამოქვეყნებული მასალის შინაარსზე.

ახალი ამბები