კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გენდერული თანასწორობის საბჭოს შემადგენლობაში 11 კაცი და 3 ქალია

16 მარტი, 2018
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი 

9 მარტს, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნაზე იმსჯელეს და საკითხი დადებითად გადაწყვიტეს, თუმცა 14 წევრისგან შემდგარ საბჭოში 11 კაცი და 3 ქალია. 

საბჭოს შემადგენლობა  გააპროტესტა ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" საკრებულოს წევრმა ირმა ამბარდნიშვილმა. მისი თქმით, საბჭოში გენდერული დისბალანსია და, შესაბამისად, იგი თავისზე დაკისრებულ მოვალეობას ვერ შეასრულებს. ამბარდნიშვილი 12 იანვრის საკრებულოს სხდომაზე  მიღებული დებულების გაუქმებას ითხოვს, რომლის საფუძველზეც, საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრა. 

„ეს არის კურიოზი, რადგან გენდერული თანასწორობის საბჭოს შემადგენლობაში 11 კაცი და 3 ქალია. უნდა გაუქმდეს ის დებულება, რომლის მიხედვითაც, განისაზღვრა საბჭოს შემადგენლობა და ხელმეორედ უნდა იმსჯელოს საკრებულომ საბჭოს ფორმირებაზე”, - აცხადებს ამბარდნიშვილი.

გენდერული თანასწორობის საბჭოს შემადგენლობას „გენდერულად ბრმა“ უწოდა არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალი და განვითარების“ ხელმძღვანელმა, ფატი ბუხრიკიძემ: „საბჭოში, რომელმაც გენდერულ თანასწორობაზე უნდა იმუშაოს, გენდერული უთანასწორობაა. მრჩება შთაბეჭდილება, რომ არასერიოზული მიდგომები არსებობს.“

საკრებულოს სპეციალისტი გენდერულ საკითხებში, ნათია ომაძე ამბობს, რომ 12 იანვარს საკრებულოს მიერ  მიღებული დებულებით მოხდა საბჭოს შემადგენლობის განსაზღვრა, რომელიც გენდერული თანასწორობის კანონთან შესაბამისობაში მოდის.   

საკრებულოს მიერ მიღებული დებულების მიხედვით, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე საკრებულოს თავმჯდომარე ხდება, ხოლო წევრები: საკრებულოს თავმჯდომარის ორი მოადგილე, ასევე კომისიების და ფრაქციების თავმჯდომარეები.

 გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 13 თანამდებობის პირიდან მხოლოდ ორია ქალი და, შესაბამისად, სწორედ ამან განაპირობა გენდერული თანასწორობის საბჭოს შემადგენლობაში გენდერული დისბალანსი.  

მმართველი პარტიის წევრი, ფრაქცია ,,კონსერვატორების" თავმჯდომარე, არ გამორიცხავს, რომ საბჭოს შემადგენლობას საკრებულომ კიდევ ერთხელ გადახედოს და გენდერული დისბალანსი გამოსწორდეს.

,,მე ვფიქრობ, რომ ამის გამოსწორება შესაძლებელია და ვფიქრობ, რომ ამაზე პრობლემა არ უნდა შეიქმნას", -აცხადებს თამარ მურალოვა.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოში მესამე ქალი არასამთავრობო ორგანიზაციებმა წარადგინეს, რომელიც  ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრის ხელმძღვანელი ლამარა შაყულაშვილია.
  
,,საბჭოს  შემადგენლობიდან ჩანს, რომ საჭიროა გენდერული კვოტირება, როგორც დროებითი ღონისძიება ქალთა გაძლიერებისათვის, რაც ავტომატურ, ჯაჭვურ ასახვას პოვებს გენდერული თანასწორობის საბჭოს შემადგენლობაზე", - აცხადებს ლამარა შაყულაშვილი.

ლამარა შაყულაშვილის თქმით, გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრის მიზნით, დაგეგმილია გენდერულად მგრძნობიარე მუნიციპალური პროგრამების მომზადებაში მონაწილეობა და მონიტორინგი. ასევე, ბიუჯეტის ფორმირებაში მონაწილეობა, რაც ხელს შეუწყობს გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფას.

ახალი ამბები