კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადევნების მუხლით სისხლისსამართლებრივი დევნა რამდენიმე პირის მიმართ დაიწყო

19 მარტი, 2018
 
ნათია გოგოლაშვილი

ადევნება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით უკვე რამდენიმე თვეა, დასჯადი ქმედებაა. სისხლის სამართლის კოდექსში ახალი დასჯადი ცნება  2017 წლის 4 მაისს შევიდა და 25 მაისიდან ამოქმედდა.

2017 წლის 24 იანვარს მთავრობამ ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი დაამტკიცა. ცვლილებები 20-მდე კანონში შევიდა. შეტანილი ცვლილებების მიზანი ქალთა უფლებების დაცვა და ქალთა წინააღმდეგ ძალადობის შესახებ სტამბოლის კონვენციასთან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანაა. 

„ადევნება“ (სისხლის სამართლის კოდექსის 1511 მუხლის პირველი ნაწილი) განისაზღვრება როგორც პირადად ან მესამე პირის მეშვეობით პირის, მისი ოჯახის წევრის ან სხვა ახლო ნათესავის არაკანონიერი თვალთვალი, ასევე არასასურველი კომუნიკაციის დამყარება სატელეფონო, ელექტრონული ან სხვა საშუალებებით; მუქარა, რაც აიძულებს პირს, მნიშვნელოვნად შეცვალოს ცხოვრების წესი. ცვლილებების თანახმად, ეს ქმედება ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთით დასჯადი ხდება. 

საკანონმდებლო ინიციატივა არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარს” ეკუთვნის: „ჯერ კიდევ 2014 წლის მარტში, ევროკავშირის ეგიდით ჩატარებული კვლევის შედეგად, კავშირმა საფარმა და ორგანიზაციამ GCRT (წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი), საკანონმდებლო ინიციატივა შეიმუშავეს, რომლის სახითაც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისხლის სამართლის კოდექსის სქესობრივი დანაშაულების თავში შესატანი ცვლილებები შესთავაზეს. ინიციატივის ერთი ნაწილი, რომელიც გადაკიდებას ეხებოდა, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის თავში მოხვდა. 2015 წლის აპრილში, უკანონო თვალთვალთან და ადევნებასთან დაკავშირებით, საფარმა საგანგებო კანონპროექტი შეიმუშავა და იუსტიციის სამინისტროს გადასცა. საფარის მიერ მომზადებულ კანონპროექტში გამოყენებული ტერმინი – „გადაკიდება” (სტოკინგი) იუსტიციის სამინისტრომ „უკანონო თვალთვალითა” და „ადევნებით” შეცვალა“, - ნათქვამია საფარის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

“საფარის“ წარმოებაშია ნინო ა-ს საქმე, რომელსაც წლების მანძილზე, 2012 წლიდან მოყოლებული, სრულიად უცხო მამაკაცი ჰყავს ადევნებული. 

„საფარში“ მოსვლამდე, ნინო სისტემატურად იყო უკანონო თვალთვალის, არასასურველი კომუნიკაციის მსხვერპლი. აღნიშნული ვითარება იწვევდა მის ფსიქიკურ ტანჯვას და მას აიძულებდა, ცხოვრების წესი შეეცვალა. კერძოდ, იგი გადაადგილდება მხოლოდ მამის თანხლებით, რამდენჯერმე შეიცვალა სამსახური და კუთვნილი ტელეფონის ნომრები, საღამოს საათებში სახლიდან ვერ გამოდიოდა და ა .შ. „საფარის“ დახმარებით, ნინო ა-მ სამართალდამცავ ორგანოებს მიმართა. დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151 პრიმა მუხლით, რაც გულისხმობს გენდერული ნიშნით ქალის მიმართ ადევნებას. ორგანიზაციის აქტიური ჩარევის შედეგად, პოლიციამ გამოწერა შემაკავებელი ორდერი ქალთა მიმართ ძალადობაზე გენდერული ნიშნით, ხოლო 2017 წლის 12 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ორგანიზაციის თხოვნა დამცავი ორდერის გაცემის თაობაზე. აღსანიშნავია, რომ სტამბოლის კონვენციის ძალაში შესვლის შემდეგ, სისხლის სამართლის კოდექსში შემოსული ახალი ცნების – ადევნების საფუძველზე, სასამართლო ორდერს იშვიათად გასცემს. სისხლის სამართლის კოდექსში, ცნება „ადევნება“ განსაზღვრულია, როგორც პირადად ან მესამე პირის მეშვეობით პირის, მისი ოჯახის წევრის ან სხვა ახლო ნათესავის არაკანონიერი თვალთვალი; ასევე, არასასურველი კომუნიკაციის დამყარება სატელეფონო, ელექტრონული ან სხვა საშუალებებით; მუქარა, რაც აიძულებს პირს, მნიშვნელოვნად შეცვალოს ცხოვრების წესი. ეს ქმედება  ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთით დასჯადია“, - ვკითხულობთ „საფარის“ მიერ 2017 წლის ოქტემბერში გავრცელებულ განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი თამარ ლუკავა იცავს მოქალაქე მ.ა.-ს. იურისტის თქმით, მ.ა. სისხლის სამართლის კოდექსის 1511 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულებრივ  ქმედებებში ადანაშაულებს საკუთარ მეზობელს.

„მ.ა. -ს თქმით მისი მეზობლის მიერ, მის მიმართ სისტემატურად ხორციელდება არასასურველი თვალთვალი, სიტყვიერი შეურაცხყოფა, არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ელექტრონული ან სხვა საშუალებით,  რაც  იწვევს მ. ა ფსიქიკურ ტანჯვას  და  მისი ოჯახის წევრის მიმართ ძალადობის გამოყენების ან/და  ქონების განადგურების საფუძვლიან შიშს,  რის გამოც მ.ა. და მისი ოჯახის წევრები იძულებული არიან შეცვალონ ცხოვრების წესი მნიშვნელოვნად“, - ამბობს თამარ ლუკავა.

ადევნების მუხლით საქმე წარმოებაში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასაც ჰქონდა. 2017 წლის ივლისში ორგანიზაციის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ ძალადობის მსხვერპლი ქალის დასაცავად 6 თვემდე ვადით დამცავი ორდერი გამოსცა. 

„ქალი იყო მამაკაცის მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი. სხვა ქმედებებთან ერთად, მის მიმართ ადგილი ჰქონდა ადევნებას, რაც გულისხმობს დაზარალებულთან არასასურველი კომუნიკაციის დამყარებასა და უკანონო თვალთვალს, რომელიც იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას და აიძულებს მნიშვნელოვნად შეცვალოს ცხოვრების წესი. 2017 წლის პირველ ივნისამდე, არსებული რეგულაციით, მსხვერპლს არ შეეეძლო, შემაკავებელი ან დამცავი ორდერის გამოყენებით დაეცვა თავი და არ არსებობდა სისხლის სამართლის ნორმა, რომელიც მის წინააღმდეგ ჩადენილი ქმედებას ადევნებად შეაფასებდა. სასამართლომ გაიზიარა საიას ადვოკატების არგუმენტები და მიიღო ერთ-ერთი პრეცედენტული გადაწყვეტილება, რომელიც ქალის მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის (ადევნების) საქმეზე სხვადასხვა დაცვის მექანიზმს ითვალისწინებს“, - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

ტაბულას ინფორმაციით, 2017 წელს, ადევნების მუხლით, გამოძიება 19 საქმეზე დაიწყო. ინფორმაცია ამის შესახებ ტაბულას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიაწოდა.

მთავარი პროკურატურის ცნობით კი, სისხლის სამართლის კოდექსის 151¹ მუხლით (ადევნება) სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 10 პირის მიმართ. უწყება ასევე აცხადებს, რომ დევნის შეწყვეტისა და განრიდების მაჩვენებელი არ დაფიქსირებულა. 

რაც შეეხება სასამართლოს გადაწყვეტილებებს, 2017 წელს საერთო სასამართლოებში ადევნების მუხლით 6 საქმე შევიდა და ექვსივე განიხილეს. როგორც ტაბულას უზენაესი სასამართლოდან აცნობეს, 151¹ მუხლით სასამართლოს მიმართეს ხელვაჩაურში, ზუგდიდში, ქუთაისსა და სამტრედიაში.
ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში 2 საქმე (ერთი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11¹-151¹ მუხლით, მეორე 151¹ მუხლით) - ორივე საქმეზე გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი, ბრალდებულებს სასჯელის სახედ განესაზღვრათ პირობითი მსჯავრი.

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ერთი საქმე (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151¹ მუხლით) - საქმეზე გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი, ბრალდებულს სასჯელის სახედ განესაზღვრა პირობითი მსჯავრი.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ერთი საქმე (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151¹ მუხლით) - საქმე განრიდებისთვის დაუბრუნდა პროკურატურას.

სამტრედიის რაიონულ სასამართლოში ორი საქმე, სადაც ადევნების მუხლი არ არის ძირითადი მუხლი:

სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე და 151¹-ე მუხლებით შესულ საქმეზე, ბრალდებულის მიმართ 187-ე მუხლზე გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი, 151¹-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა.
სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე და 151¹-ე მუხლებით შესულ საქმეზე სასამართლომ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი და სასჯელის სახედ განისაზღვრა თავისუფლების აღკვეთა.

ადევნებაში ბრალდებული ერთი პირი სასამართლომ დამნაშავედ ცნო 2018 წლის 29 იანვარსაც. საქმე ზუგდიდის საქალაქო სასამართლოში განიხილებოდა. პროკურატურის ცნობით, ვ.ჭ. სოციალური ქსელისა და სხვა ელექტრონული საშუალებების გამოყენებით, ს.შ.-ს შესახებ შეურაცხმყოფელ ინფორმაციას ავრცელებდა. შედეგად, დაზარალებული მუდმივად განიცდიდა შეურაცხყოფას, დამცირებასა და შანტაჟს, რაც იწვევდა მის ტანჯვას და მუდმივი თვალთვალის გამო ვერ ახერხებდა თავისუფლად გადაადგილებას. ზუგდიდის საქალაქო სასამართლომ ვ.ჭ-ს 2-წლიანი პირობითი მსჯავრი განუსაზღვრა.

ახალი ამბები