კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მხარეების დიალოგი ერგნეთის ნეიტრალურ ტერიტორიაზე - მოლოდინი და შედეგი

29 მარტი, 2018
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

1-ელ მარტს, საქართველოს ხელისუფლებამ დროებით უარი თქვა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ფარგლებში გამართულ შეხვედრებში მონაწილეობაზე. პროტესტის მიზეზი კი  საოკუპაციო ძალებისგან არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემის გაჭიანურება გახდა.  20 მარტს, არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემის შემდეგ, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, კახაბერ ქემოკლიძემ ჟურნალისტებს განუცხდა, რომ  ერგნეთის შეხვედრა განახლდება.

ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრების განახლებაზე მხარეებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ მოუწოდა.

,,ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია კვლავ ადასტურებს მზადყოფნას, მხარი დაუჭიროს არჩილ ტატუნაშვილის საქმის გამოძიებას და ხელი შეუწყოს საკითხის განხილვას ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში”, - ნათქვამია მისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, 20 მარტს, გამოქვეყნებულ განცხადებაში. 

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ფარგლებში ერგნეთში გამართული შეხვედრების შედეგებზე  humanrights.ge არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ერგნეთის" ხელმძღვანელ ლია ჩლაჩიძესა და რადიო ,,თავისუფლების" ჟურნალისტს, გოგა აფციაურს ესაუბრა.

,,ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმი, რომელიც ჟენევის დისკუსიის ფარგლებში შეიქმნა, წარმოადგენს ერთადერთ ფორმატს, რომლის ფარგლებშიც რეგულარულ საფუძველზე განიხილება უსაფრთხოების საკითხები. შეხვედრაში მონაწილეობენ თბილისის, ცხინვალის, რუსული საოკუპაციო საჯარისო ნაწილების და  ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები. მოქმედებს ცხელი ხაზი, რაც უდავოდ მისასალმებელია, და საერთოდ, ამ მექანიზმის არსებობა აუცილებელია, რადგან ეს ერთადერთი მექანიზმია ყოველდღიური დარღვევების რეაგირებისთვის. ჩემი აზრით, უნდა გაფართოვდეს მისი ფორმატი, თუნდაც ჩაერთოს შიდა ქართლის რეგიონიდან წარმომადგენლები და რაც მთავარია, თუ ვინმე მიიჩნევს, რომ ოსური მხარე რუსეთის  გარეშე რაიმეს წყვეტს, მიამიტია. მარტო ოსურ მხარესთან ლაპარაკი ზრდის მათ ლეგიტიმურობას, ამიტომ ამ შეხვედრებზე განსაკუთრებით უნდა დაფიქსირდეს რუსეთი, როგორც მხარე", - აცხადებს ლია ჩლაჩიძე, რომელიც ამბობს, რომ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრების დღის წესრიგი უნდა შეიცვალოს. 

„ისინი რეაგირებენ მხოლოდ, როდესაც ხდება გატაცებები. ზუსტად მათ გათავისუფლებაზე მიმდინარეობს ძირითადად ეს შეხვედრები. პოზიტიური მე მახსენდება მხოლოდ და მხოლოდ პატიმრების გაცვლა და დაკავებულების გათავისუფლება", - ამბობს ლია ჩლაჩიძე და აღნიშნავს, რომ აღდგომის დღესასწაულის მოახლოებასთან ერთად დევნილებში ტკივილი ახლდება, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენილ საფლავებს უკავშირდება. ჩლაჩიძის თქმით, არაერთხელ დაიწყო საუბარი, რომ  ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენილი საფლავების მონახულების საშუალება თუნდაც რამდენიმე საათით მიეცათ დევნილებისთვის, თუმცა უსაფრთხოების ზომებს ვერც ცხინვალის ​დე-ფაქტო მთავრობა და ვერც ოკუპირებულ ცხინვალში დისლოცირებული რუსი საჯარისო ნაწილების ხელმძღვანელობა საკუთარ თავზე ვერ იღებს.

ლია ჩლაჩიძე არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ერგნეთის" თავმჯდომარე: ,,საქართველოს ხელისუფლებამ ეს საკითხი რამდენჯერმე დააყენა, მაგრამ პასუხად მიიღო, რომ უსაფრთხოების ზომებს საკუთარ თავზე ვერ იღებს, როგორც ცხინვალის დე-ფაქტო მთავრობა, ისე საოკუპაციო საჯარისო ნაწილების ხელმძღვანელობა ცხინვალში. შესაძლებელია, რომ ჰუმანიტარული კორიდორი გაკეთდეს და ამ ადამიანებს მისცენ, რამდენიმე საათით, საფლავებზე მისვლის შესაძლებლობა. მით უფრო, რომ ცხინვალში  რუსულ სამხედრო ბაზებში 4 000-მდე   რუსი ჯარისკაცი იმყოფება, მაგრამ არ არის ამის პოლიტიკური ნება რუსეთის მხრიდან. ცხინვალის დე-ფაქტო მთავრობას არავინ არ ჰკითხავს შეუშვებენ თუ არა ქართველებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენილ საფლავებზე".

რადიო ,,თავისუფლების" ჟურნალისტ გოგა აფციაურის განცხადებით. ტატუნაშვილის საქმეზე მიმდინარე გამოძიების პარალელურად, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში ერგნეთის შეხვედრებზეც ტატუნაშვილის გარდაცვალების საკითხს ვერ აუვლიან გვერდს.

,,ტატუნაშვილის შემთხვევაში საქართველოს ექსპერტიზის ბიუროს გარკვეული მონაცემები აქვთ და ცოტა ხანში დადებენ დასკვნას, რომელიც ყველა კითხვას პასუხს გასცემს. მე ვნახე ცხედარი, თითქოს  ერთი თვალის შეხედვით,  ხელის მტევნები მთლიანად დაჩეჩქვილი იყო, მსგავსი რამ პირველად ვნახე.  ფაქტია, რომ ადამიანი არის ნაწამები. მას შემდეგ, რაც წამება და არაადამიანური მოპყრობა ექსპერტიზით დადასტურდება, ძიების ფარგლებში, პასუხისმგებელი პირების გამოვლენა და, კანონის მიხედვით, მათი დასჯის მოთხოვნის საკითხი ამ შეხვედრების დღის წესრიგში დადგება", - ამბობს გოგა აფციაური. მისივე თქმით, ერგნეთის შეხვედრების მიმართ უფრო დიდი მოლოდინი არსებობდა, ვიდრე ამ შეხვედრების შედეგია. 

გოგა აფციაური რადიო ,,თავისუფლების"ჟურნალისტი: ​,,ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ფარგლებში ერგნეთში გამართულ შეხვედრებს დიდი შედეგები არა აქვს, მაგრამ საგაზაფხულო სამუშაოების დროს ერთგვარი შედეგი არის იმ ფერმერებისთვის, რომლებიც გამყოფ ხაზთან ცხოვრობენ. იყო შემთხვევები, როდესაც ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოვიდნენ და ფერმერებს ტრაქტორი წაართვეს, მოსავალი წაართვეს და შეაშინეს, სწორედ ამ შეხვედრებზე ხდება შეთანხმება ფერმერების უსაფრთხოების საკითხზე და ვფიქრობ, რომ ახალაც სწორედ ეს იქნება თემა, რათა საოკუპაციო ხაზთან საქართველოს მოქალაქეებმა საგაზაფხულო სამუშაოები უსაფრთხოდ ჩაატარონ. გარდა ამისა, შედეგებზე და მიღწეულ შეთანხმებებზე თუ ვსაუბრობთ,  ტირიფონის სარწყავ არხში წყალი გამოუშვეს, რომლითაც როგორც ქართული, ისე ოსური სოფლების მცხოვრებლებმა ისარგებლეს".

რადიო თავისუფლების ჟურნალისტი, რომელიც ყველაზე ხშირად რეპორტაჟებს ე.წ. „სამხრეთ ოსეთის საზღვრის“ დარღვევის ბრალდებით დაკავებულ საქართველოს მოქალაქეებზე ამზადებს, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართული შეხვედრებს და ამოქმედებულ ცხელი ხაზს, რომელიც დაკავებულების გათავისუფლებას ეხება, მნიშვნელოვნად აფასებს.

,,ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ცხელი ხაზი, რომელიც დაკავებულების გათავისუფლების მიმართულებით მუშაობს. საუბარი მაქვს იმ ადამიანებზე, რომლებიც  შემთხვევით მოხვდებიან ე.წ. „საზღვრის“ აღმნიშვნელი ბანერების მიღმა და აკავებენ. ბოლო ასეთი შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა, როდესაც საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს, თუმცა ისინი ერთ დღეში გაათავისუფლეს. მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრები შეწყვეტილი იყო, მათი გათავისუფლება ცხელი ხაზის მექანიზმის ფარგლებში მოხდა.  ერგნეთის შეხვედრებზე დიდი მიღწევები არ არის, მაგრამ ყოფით დონეზე რაღაცა მიღწევები არის", - აცხადებს აფციაური.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში ერგნეთის ნეიტრალურ ტერიტორიაზე შეხვედრები აპრილიდან განახლდება.

ახალი ამბები