კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ძალადობის მსხვერპლი ქალები პოლიციას არ ენდობიან

2 აპრილი, 2018
 
ლანა გიორგიძე

საქართველოში, ქალებისა და კაცებისთვის, ქალთა მიმართ ძალადობა დიდწილად კვლავ მისაღებია: ქალების თითქმის ერთ მეოთხედს (22%) და კაცების ერთ მესამედს (31%) მიაჩნია, რომ ცოლის ცემა გარკვეულ გარემოებებში გამართლებულია. უფრო მეტიც, ქალების თითქმის ერთი მეოთხედი (23%) და კაცების თითქმის ნახევარი (42%) მიიჩნევს, რომ ცოლი ქმარს მაშინაც კი უნდა დაემორჩილოს, თუ ის მას არ ეთანხმება. 

ასეთი შედეგები გამოკვეთა კვლევამ, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციამ, საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა და ევროკავშირმა ერთობლივად ჩაატარეს. კვლევის შედეგად, 2009 წლის შემდეგ ქალთა მიმართ ძალადობის გავრცელებისა და ამ პრობლემის მიმართ მოსახლეობის დამოკიდებულებების შესახებ ეროვნული მასშტაბის სარწმუნო მონაცემების მოპოვება პირველად მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, 2017 წლის 9 თვის განმავლობაში 1439 ოჯახში ოჯახში ძალადობის დანაშაულია რეგისტრირებული. ოჯახში ძალადობის შემთხვევაში, 2017 წლის 9 თვის მონაცემი აღემატება 2016 წლის 12 თვის მონაცემს. 2016 წელს, მთელი წლის განმავლობაში 83-ით ნაკლები ოჯახში ძალადობის დანაშაული მოხდა, ვიდრე 2017 წლის 9 თვეში.

2017 წლის 9 თვეში ოჯახში ძალადობის საქმეზე გაცემულია 3 137 შემაკავებელი ორდერი. ჯამში შემაკავებელი ორდერები მთელ საქართველოში 5 843 პირზეა გაცემული. შსს-ს განმარტებით, რაოდენობრივი სხვაობა რეგისტრირებულ რაოდენობასა და შემაკავებელი ორდერების რაოდენობას შორის, ერთსა და იმავე შემთხვევაზე დანაშაულის განმეორებას უკავშირდება.

არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა ცენტრის იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელის, თამარ ავალიანის თქმით, ძალადობის მსხვერპლ ქალებს სამართალდამცავები ხშირად ეუბნებიან, რომ უმჯობესი იქნება, თუ „ოჯახში მოგვარდებიან“. ამასთან, პოლიციელები „ამხნევებენ“ ძალადობის მსხვერპლებს, რომ ყველა კაცი ერთნაირია და უნდა უხაროდეთ, რომ ძალადობას სისტემატური ხასიათი არ აქვს, რადგან მათ მხოლოდ მაშინ სცემენ, როდესაც მამაკაცი ნასვამ მდგომარეობაშია. თამარ ავალიანის თქმით, მსგავსი განცხადებები სამართლადამცავთა მხრიდან გაუმართლებელია.

პოლიციელთა მხრიდან არასათანადო და შეურაცხმყოფელ  დამოკიდებულებაზე საუბრობს არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარის“ იურისტი ელისო რუხაძეც. 
„გვაქვს არაერთი საქმე, როდესაც პოლიციის განყოფილებაში მყოფმა ქალმა განიცადა მეორადი ტრავმირება. ზოგჯერ ქალები იმაზე მეტ ტრავმას იღებენ პოლიციის განყოფილებაში, ვიდრე ოჯახში ძალადობის დროს. როდესაც ძალადობის მსხვერპლი ქალები პოლიციას მიმართავენ, პოლიციელები, ძირითადად, ურჩევენ რომ ფიზიკური ძალადობის დროს დააფიქსირონ, რომ ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი იყვნენ. არ ვიცი, რა არის პოლიციის მოტივაცია ამ შემთხვევაში. თუ ძალადობის მსხვერპლი ქალი ტრანსგენდერი ან შშმ პირია, მაშინ პოლიციელები მას დასცინიან და არასათანადოდ ეპყრობიან“, - აღნიშნა ელისო რუხაძემ.

რუხაძის თქმით, პოლიციელების დიდ ნაწილს ძალადობის მსხვერპლი ქალების მიმართ ნულოვანი მგძნობიარობა გააჩნიათ: „ნულოვანი სენსიტიურობა, საკითხის მიმართ არასერიოზული მიდგომა, პროფესიონალიზმის ნაკლებობა და ბევრი სხვა ფაქტორი განაპირობებს იმას, რომ ქალი მსხვერპლები პოლიციის განყოფილებაში მარტო ვერ მიდიან და ჩვენ გვთხოვენ დახმარებას, ან საერთოდ უარს ამბობენ, მიმართონ პოლიციას და ამჯობინებენ დარჩნენ მოძალადესთან, ვიდრე მიიღონ ახალი ტრავმა. სწორედ ეს ყველაფერი განაპირობებს იმას, რომ ძალადობის მსხვერპლები აღარ აძლევენ ჩვენებას ან შემდეგ, სასამართლოზე ამბობენ უარს და თავს იკავებენ ჩვენების მიცემისგან. ძალადობის მსხვერპლი, რომელიც ისედაც დათრგუნულია, ვერ იღებს სათანადო მომსახურებას სამართალდამცავებისგან“.

უფლებადამცველის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის შექმნა სწორედ იმის აღიარებაცაა, რომ პოლიციელები ძალადობის მსხვერპლ ქალებს არასათანადოდ ეპყრობიან.

უფლებადამცველების განცხადებით, უმჯობესი იქნებოდა, ძალადობის მსხვერპლი ქალები პოლიციელ ქალებს დაეკითხათ, რადგან ისინი უფრო სენსიტიურები არიან ქალი მსხვერპლების მიმართ. ამ ინიციატივას მიესალმება არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარის“ ფსიქოლოგი, ანა ჭიღვარია, რომელიც მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია ქალების მომზადება და  ჩართვა პროცესებში, რადგან ქალს უფრო შეუძლია ემპათია და მდგომარეობაში შესვლა, რადგან მან უკეთ იცის ქალის პრობლემების შესახებ, იმის შესახებ - თუ რას გრძნობს ქალი.  

„მიუხედავად იმისა, რომ ოჯახში ძალადობა, წლების მანძილზე, შეიძლება, გრძელდებოდეს, მსხვერპლი მაინც ცდილობს, სხვა სახელი უწოდოს ძალადობას. მსხვერპლისთვის ძალიან რთულია, გადადგას ნაბიჯი და უჩივლოს საკუთარი ოჯახის წევრს. როდესაც მსხვერპლი ურთულეს ნაბიჯს გადადგამს და პოლიციის განყოფილებაში მიდის, ის პოლიციელების მხრიდან არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი ხდება. იმის ნაცვლად, რომ პოლიციელმა მიაწოდოს ინფორმაცია, რა შეიძლება, გააკეთოს ძალადობის მსხვერპლმა, იგი პირიქით - სტრესს იღებს. მსხვერპლი კარგავს უკანასკნელ იმედს - რომ მას დაეხმარება სამართალდამცავები. ჩვენ არაერთი შემთხვევა გვქონია, როდესაც ძალადობის მსხვერპლმა გვითხრა, რომ  პოლიცია მას ვერ დაიცავს, რადგან ისინი არ რეაგირებენ ძალადობაზე და არ სჯიან მოძალადეს. ეს გარემოება კი კიდევ უფრო ამძიმებს მდგომარეობას, გამოუვალ მდგომარეობაში აგდებს მსხვერპლს და კიდევ უფრო კრავს ჩაკეტილ წრეს“, - აღნიშნა ფსიქოლოგმა ანა ჭიღვარიამ.

ფსიქოლოგის თქმით, პოლიცია უნდა იყოს საკითხის მიმართ მგძნობიარე, უნდა იცოდეს ტრავმისა და მსხვერპლის სპეციფიკა. ასევე, პოლიციელმა უნდა იცოდეს, რომ ძალადობის მსხვერპლმა ქალმა შესაძლოა, ერთ დღეს მისცეს ჩვენება და მეორე დღეს - შეცვალოს, რადგან მსხვერპლსა და მოძალადეს შორის არსებობს ტრავმული ბმა.

„გასათვალისწინებელია სხვა ფსიქოლოგიური მექანიზმი, რომელიც ძალადობის მსხვერპლს აკავებს ძალადობრივ გარემოში. პოლიცია უნდა იყოს ჯგუფი, რომელიც  შედგება იმ ადამიანებისგან, რომლებიც გაიაზრებენ, რა მდგომარეობაშია მსხვერპლი და მას კიდევ უფრო მეტ ზიანს არ მიაყენებს. ძალადობის მსხვერპლები ასევე ვერ, ან არ საუბრობენ სექსუალურ ძალადობაზე, რომელიც, ხშირად, ახლავს ოჯახში ძალადობას თან. პოლიციელებს აქვთ მწირი ცოდნა, რასაც ემატება ის გარემოება, რომ ისინი არიან იმ საზოგადოების ნაწილი, რომლის უმრავლესობა, კვლევების თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობას ამართლებს. გასამიჯნია პოლიციელისა და მისი, როგორც მოქალაქის მიდგომები საკითხთან დაკავშირებით“, - განაცხადა საფარის ფსიქოლოგმა ანა ჭიღვარიამ humanrights.ge-სთან საუბრისას.

ჭიღვარიას თქმით, უმეტეს შემთხვევაში, პოლიციელები ოქმში არ წერენ, რომ ძალადობის ფაქტებს ბავშვი ესწრებოდა, ან დაკითხვაზე იმყოფებოდა ბავშვი. აღნიშნული მნიშვნელოვანია, რადგან თუ ბავშვი ძალადობის ფაქტის შემსწრეა, მაშინ ის თავად არის ძალადობის მსხვერპლი. პოლიციელები ოქმში არ აღნიშნავენ ბავშვების შესახებ, რადგან იჭერენ მოძალადის მხარს და არ საუბრობენ დამამძიმებელი გარემოებების შესახებ. ჭიღვარიასვე განცხადებით, აუცილებელია, რომ ძალადობის მსხვერპლი დაიკითხოს განცალკევებულ ოთახში და არა საერთო სივრცეში, რადგან მას არ შეუძლია ძალადობის შესახებ ხმამაღლა საუბარი: „პოლიციის განყოფილებაში საერთოდ არ არის კონფიდენციალურობის დაცვის კულტურა. ამასთან, ძალიან დიდი ცოდნაა საჭირო, რომ კიდევ უფრო არ დააზიანო ძალადობის მსხვერპლი ქალი“.

არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის, ალეკო ცქიტიშვილის თქმით, ორგანიზაციამ  მოამზადა ანგარიში „ქალთა მიმართ ძალადობის პრევენცია - პრობლემები და გამოწვევები“, რომელშიც გაანალიზებულია სხვადასხვა სამთავრობო უწყებასთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან გამართული სადისკუსიო შეხვედრებიდან მიღებული ინფორმაცია. ანგარიშის პრეზენტაცია იგეგმება 18 აპრილს, კონფერენციაზე, სამთავრობო უწყებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ რეგიონებსა და თბილისში გამართული შეხვედრებიდან გამოიკვეთა, რომ სამართალდამცველი ორგანოების მუშაობაში არსებულ ხარვეზებს და პრობლემებს შინაგან საქმეთა სამინისტრო აღიარებს, რაც ამ ეტაპზე, დადებითად უნდა შეფასდეს. შსს-ში ახლახან შეიქმნა ადამიანის უფლებათა დეპარტამენტი, რომელიც გეგმავს არასამთავრობო ორგანიზაციებთან აქტიურ თანამშრომლობას, რათა გამოსწორდეს ის სისტემური ხარვეზები, რაც უკავშირდება ერთი მხრივ, ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციას და მეორე მხრივ, ძალადობაზე ეფექტიან რეაგირებას. არასამთავრობო ორგანიზაციები შსს-სგან ველით კონკრეტულ ნაბიჯებს, რაც შეცვლის არსებულ არასახარბიელო ვითარებას. მანამდე კი მსხვერპლ ქალებს, პოლიციაში ძალადობის ფაქტების გახმაურებისას, გადაულახავ ფსიქოლოგიურ ბარიერად რჩებათ პოლიციელთა მხრიდან გულგრილი, ზოგჯერ - ცინიკური, დამცინავი დამოკიდებულება და ე. წ. „მამაკაცური სოლიდარობა“ მოძალადე კაცების მიმართ. ამიტომაც მსხვერპლებს აქვთ უნდობლობა სამართალდამცველი ორგანოებისადმი“, - ამბობს ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ალეკო ცქიტიშვილი.

მისივე თქმით, ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციისათვის კიდევ ბევრი რამ არის გასათვალისწინებელი და შესაცვლელი როგორც კანონმდებლობაში, ისე პრაქტიკაში. მნიშვნელოვანია, რომ კანონმდებლობისა და პრაქტიკის ცვლილებები უნდა მოჰყვეს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სხვადასხვა ვალდებულებას, რაც საქართველოს სახელმწიფოს აქვს ნაკისრი. ასევე, ოპტიმიზმის საფუძველს აჩენს საქართველოს მიერ „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ კონვენციის (სტამბულის კონვენცია) რატიფიცირება, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობის ყველა ფორმას განსაზღვრავს და  სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ადგენს დანაშაულებზე, რომელიც მიმართულია ქალთა წინააღმდეგ. სტამბულის კონვენციის იმპლემენტაციის გზით, შესძლებელია ახლო მომავალში ვივარაუდოთ მთელი რიგი პრობლემების აღმოფხვრა, თუკი ხელისუფლება დასახავს შესაბამის ცვლილებებს ეროვნულ კანონმდებლობაში და დაგეგმავს რეალურ ცვლილებებს სხვადასხვა დონეზე.

სტატია მომზადდა პროექტის "სასამართლო მონიტორინგი ქალებისთვის" ფარგლებში, რომელსაც ადამიანის უფლებათა ცენტრი ახორციელებს ბულგარეთის განვითარების ფონდთან ერთად. სტატიაში მოცემული ინფორმაცია შესაძლოა, არ გამოხატავდეს დონორის პოზიციას, შესაბამისად, იგი არ არის პასუხისმგებელი გამოქვეყნებული სტატიის შინაარსზე.

ახალი ამბები