კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

წლების მანძილზე გაზრდილი საბანკო სესხები - მსჯავრდებულთა პრობლემა

16 აპრილი, 2018
 
ნათია გოგოლაშვილი

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №5 ქალთა პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი ერთ-ერთი მსჯავრდებულის ისტორია კვლავ გვახსენებს წლების განმავლობაში დაგროვებული და გაზრდილი საბანკო ვალდებულებების პრობლემას, რაც სხვა პენიტენციური დაწესებულებების მსჯავრდებულებისთვისაც კარგად არის ნაცნობი.

პენიტენციური დაწესებულების გარეთ ადამიანს აქვს შესაძლებლობა, იმუშაოს და დაფაროს სესხები, საპატიმროში მყოფ პატიმრებს კი სესხის პროცენტების გადახდა ხშირად არ შეუძლიათ.

„ჩვენს ერთ-ერთ ბენეფიციარს, რომელსაც იურიდიულ დახმარებას ვუწევთ, არა ჰყავს ოჯახი და რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველთა ბაზაში. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხვედრამდე, ბანკიდან დაახლოებით 500 ლარი ჰქონდა სესხად აღებული და წლების განმავლობაში სასესხო ვალდებულება 42 000 ლარამდე გაეზარდა. პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებული მთლიანად სახელმწიფოს მეთვალყურეობის ქვეშ გადადის, სახელმწიფოს რჩენის ვალდებულებით. მსჯავრდებულებს აღარ აქვთ შემოსავალი და ყოველთვიურ გადასახადს ვეღარ იხდიან, რის გამოც აღებულ სესხებზე პროცენტები და ჯარიმები ერიცხებათ. თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს პირები სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არაერთ წელს ატარებენ, ყოველთვიურად დარიცხული პროცენტები მასშტაბურ თანხებს აღწევს, რისი გადახდაც მათ აღარ შეუძლიათ. ციხიდან გამოსულ ადამიანს გარეთ არა ახალი ცხოვრების დაწყების შესაძლებლობა, არამედ საკმაოდ გაზრდილი საბანკო ვალდებულება ხვდება“, - ამბობს ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი, ნესტან ლონდარიძე.

2017 წელს პარლამენტმა ადამიანის უფლებათა ცენტრის საკანონმდებლო წინადადება განიხილა. ორგანიზაციის ინიციატივა იყო, რომ პატიმრობის პერიოდში შეჩერებულიყო საბანკო სესხებზე პროცენტებისა და ჯარიმების დარიცხვა. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრებმა იდეა მოიწონეს, მაგრამ მოითხოვეს დაკონკრეტება, რა კატეგორიის მსჯავრდებულებს უნდა შეჩერებოდათ საბანკო სესხებზე პროცენტების დარიცხვა.

„დეპუტატებმა აღნიშნეს, რომ დასაზუსტებელი იყო საკითხი, ყველა კატეგორიის მსჯავრდებულს უნდა შეხებოდა ეს ცვლილება, თუ - მოწყვლად ჯგუფებს. ხომ არ იყო უმჯობესი, რომ ცვლილება მხოლოდ სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებულ მსჯავრდებულებს შეხებოდათ. გარკვეული ლოგიკა ასეთ მიდგომას შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ სოციალურად დაუცველთა ბაზაზე ამ შეღავათის მიბმა წარმოშობს მეორე პრობლემას - იმ პატიმრებს, ვისაც ოჯახი არ ჰყავს, საპატიმროს გარეთ თუ სარგებლობდნენ სოციალურად დაუცველთა ბაზით, საპატიმროში ყოფნისას უკვე ვეღარ ისარგებლებენ ამ სტატუსით, რადგან სტატუსის მისანიჭებლად პერიოდულ გადამოწმებასა და მისამართის განახლებას საჭიროებენ. როგორც წესი, მოქალაქეებს პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნისას სოციალურად დაუცველის სტატუსი უჩერდებათ. ამ დროს მათ სოციალურ საჭიროებებზე ისედაც სახელმწიფო ზრუნავს. გარდა ამისა, არის პატიმართა კატეგორია, რომელიც ციხეშიც დასაქმებულია და გარკვეული შემოსავალი ერიცხება. ეს ნაწილი, ალბათ, უფრო გაუმჯობესებულ მდგომარეობად შეიძლება მივიჩნიოთ, რადგან მათ აქვთ მინიმალური თანხა, რომ სესხებზე პროცენტები გადაიხადონ“, - ამბობს ნესტან ლონდარიძე.

ნესტან ლონდარიძის განცხადებით, ადამიანის უფლებათა ცენტრი განაგრძობს ამ თემაზე მუშაობას და ამზადებს ახალ საკანონმდებლო წინადადებას, სადაც გათვალისწინებული იქნება ის საკითხებიც, რაზეც გასულ წელს დეპუტატები ამახვილებდნენ ყურადღებას პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში საკითხის განხილვისას.

„ადამიანი, როცა სასჯელაღსრულების დაწესებულებას ტოვებს, უნდა წავახალისოთ და ცხოვრების სტიმული მივცეთ. მას უნდა უნდოდეს დასაქმება და საზოგადოებაში ჩართვა. ახლა კი საპატიმროს გარეთ გამოდის ადამიანი, რომელსაც წარმოუდგენელი ვალი ხვდება. ამით მას ვუსპობთ ყველანაირ სურვილს, იქნება ეს დასაქმება, თუ სხვა საზოგადოებრივ აქტივობებში მონაწილეობა. ეს ადამიანი როგორც კი დასაქმდება, ვალის გამო, მისი სახელფასო ანგარიში პირდაპირ დაყადაღდება. შესაბამისად, მას საერთოდ აღარ გაუჩნდება სურვილი, რომ მუშაობა დაიწყოს. ადამიანს, რომელსაც არ აქვს მუშაობის სურვილი და არ აქვს შემოსავალი, კვლავ ვტოვებთ ქუჩაში, საიდანაც საპატიმრომდე ერთი ნაბიჯია. ეს პრაქტიკა უნდა შეიცვალოს“,  - განაცხადა ნესტან ლონდარიძემ.

პუბლიკაცია მომზადდა პროექტის, „ქალი და არასრულწლოვანი პატიმრების მდგომარეობის მონიტორინგი საქართველოში" ფარგლებში, რომელსაც ადამიანის უფლებათა ცენტრი ახორციელებს, ბულგარეთის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა, არ გამოხატავდეს დონორის პოზიციას, შესაბამისად, იგი არ არის პასუხისმგებელი გამოქვეყნებული მასალის შინაარსზე.

ახალი ამბები