კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რატომ ამბობენ უარს ძალადობის მსხვერპლი ქალები პროკურატურაში ჩვენების მიცემაზე

18 აპრილი, 2018
 
ლანა გიორგიძე

ძალადობის მსხვერპლი ქალები, ხშირ შემთხვევაში, უარს ამბობენ პროკურატურაში ჩვენების მიცემაზე ან ცვლიან ჩვენებას მოძალადის სასარგებლოდ. ამის მიზეზად არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საქართველოს მთავარი პროკურატურის წარმომადგენლები სხვადასხვა არგუმენტს ასახელებენ.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარის“ იურისტი, ელისო რუხაძე humanrights.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ უმეტეს შემთხვევაში პროკურორებს დაზარალებული ნანახიც კი არ ჰყავთ: „საქმეს იძიებს გამომძიებელი და პროკურორი ერთად, მაგრამ ძირითადად, შავ საქმეს ასრულებს გამომძიებელი. პროკურორი ენდობა საქმის გამომძიებელს და მათ უმეტესობას წარმოდგენაც არ აქვს მსხვერპლთან დაკავშირებით, ვინ არის, რას წარმოადგენს, იქნებ იტყუება, იქნებ პროვოკაციაზე მიდის. ძალიან იშვიათია, რომ პროკურორს ნანახი ჰყავდეს დაზარალებული პირისპირ. სწორედ ეს არის განმაპირობებელი იმისა, რომ დაზარალებულები უარს ამბობენ ჩვენების მიცემაზე“.

ელისო რუხაძის თქმით, ჩვენების შეცვლისა და ჩვენების მიცემაზე უარის თქმის მიზეზია ბევრია, მათ შორის, გამომძიებელთა ნულოვანი სენსიტიურობა, განსაკუთრებით კაცი გამომძიებლების მხრიდან. „ამასთან, მსხვერპლებს აქვთ განცდა, რომ მოძალადე კიდევ უფრო გაბოროტდება. სახელმწიფოს არ აქვს ციხი ალტერნატივა, გარდა საპროცესო შეთანხმებისა, რომელიც იშვიათ შემთხვევებში კეთდება. ამის გათვალისწინებით, მსხვერპლები ერიდებიან მოძალადეების კიდევ უფრო გაბოროტებას. დაზარალებულებს ვერავინ აძლევს გარანტიას, რომ ისინი სახელმწიფოს მხრიდან იქნებიან დაცულები. ამ ფაქტორების გათვალისწინებით, მსხვერპლი ირჩევს დუმილს, ან ეგუება მდგომარეობას“.

ადამიანის უფლებათა ცენტრის ქვემო ქართლის ოფისის კოორდინატორის, თამარ ლუკავას თქმით, ორგანიზაციას წარმოებაში ჰქონდა ორი საქმე, როდესაც მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურას ყველა საპროცესო მოქმედება ჰქონდა ჩატარებული, ძალადობის მსხვერპლებმა უარი თქვეს ჩვენების მიცემაზე - „ძალადობის მსხვერპლმა ქალმა, რომელმაც ჩვენება მისცა ქმრის წინააღმდეგ, შემდეგ ჩვენება შეცვალა და აღნიშნა, რომ დაზიანებები, რომელიც ფეხზე ჰქონდა მიყენებული, შემთხვევითი იყო და მეუღლემ შემთხვევით გადაუარა მას ფეხზე, რადგან ვერ დაინახა იგი“.

თამარ ლუკავას თქმით, დაზარალებული შეცვლილ ჩვენებაში ამბობდა, რომ მას პროკურატურაში გამოკითხვისას ფსიქოლოგიური ზეწოლით მიაცემინეს ჩვენება ქმრის წინააღმდეგ, რაც სიმართლეს არ შეესაბამებოდა: „ამ საქმეზე პროკურატურას ყველა საპროცესო მოქმედება ჰქონდა ჩატარებული, მაგრამ როგორც საქმიდან გაირკვა, ოჯახმა ზეგავლენა მოახდინა მასზე და ამის გათვალისწინებით, მსხვერპლმა ჩვენება შეცვალა“.

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტის თქმით, ჩვენების შეცვლა, უმეტესად, ოჯახის ჩართულობით ხდება: „მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურას მტკიცებულებები მრავლად აქვს მოძიებული, მსხვერპლები მაინც ცვლიან ჩვენებას. თუმცა, ერთ-ერთი შემთხვევის დროს, როდესაც მსხვერპლმა ჩვენება შეცვალა, სასამართლოს განაჩენი მაინც გამამტყუნებელი დადგა. სასამართლო მხოლოდ მოწმის ჩვენებას კი არ ეყრდნობა, არამედ ექსპერტიზის დასკვნასა და სხვა მოწმეთა ჩვენებებს. არ გვქონია საქმე, სადაც პროკურორი არ ყოფილიყოს ჩართული პირადად საპროცესო მოქმედებებში“.

იმ მოსაზრებას, რომ პროკურორები თავს არიდებენ საპროცესო მოქმედებებს და პირადად არ ხვდებიან ძალადობის მსხვერპლებს, არ ეთანხმება მთავარი პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი,  ნათია მერებაშვილი.

„არ ვიზიარებთ მოსაზრებას, რომ პროკურორები თავს არიდებენ საპროცესო მოქმედებებს, პირიქით, პროკურორების უმეტესობა  მსხვერპლებს გამომძიებლებთან შეხვედრამდეც ხვდებიან, საქმის სენსიტიურობის გათვალისწინებით. მით უმეტეს, როდესაც პროკურორმა იცის, რომ დაზარალებული ჩვენების შეცვლას აპირებს, ის მას ხვდება, აფრთხილებს, რა შედეგები შეიძლება, მოჰყვეს ამას. თუმცა, პროკურორი ვერ დააკისრებს ვალდებულებას დაზარალებულს, რომ ჩვენება მისცეს ოჯახის წევრის წინააღმდეგ. ის განცხადება, რომ პროკურორი არ ხვდება დაზარალებულს, რეალობასთან შეუსაბამოა“, - აღნიშნა ნათია მერებაშვილმა.

მთავარი პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია მერებაშვილის განცხადებით, გამოძიების ეტაპზე, ძირითადად, ყველა მსხვერპლი თანახმაა ჩვენების მიცემაზე, თუმცა, შემდეგ, როდესაც დრო გადის და სანამ აღკვეთის ღონისძიება შეეფარდება, მსხვერპლები ცვლიან ჩვენებას, ან უარს ამბობენ ჩვენების მიცემაზე. მით უფრო, რომ ოჯახის წევრის წინააღმდეგ ჩვენების მიცემის ვალდებულება არ აქვთ: „ჩვენ მაინც ვცდილობთ მოვიპოვოთ მტკიცებულებები, რომ ჩვენების შეცვლის ან ჩვენების არ მიცემის შემთხვევაში, აღსრულდეს მართლმსაჯულება. 50-80 %-მდე არის საქმეები, როდესაც მსხვერპლები იცვლიან პოზიციას“. 

ნათია მერებაშვილის თქმით, ჩვენების მიცემაზე უარის თქმის ძირითადი მიზეზი, ალბათ, არის ის, რომ ძალადობის მსხვერპლ ქალებს არ სურთ მარჩენალის დაკარგვა, რადგან ისინი მატერიალურად დამოკიდებული არიან მოძალადეზე, ან ოჯახის სხვა წევრებზე - დედამთილზე ან მამამთილზე, მით უფრო, თუ მათ ჰყავთ შვილები და დამოუკიდებლად ვერ უზრუნველყოფენ მათ. 

მისივე თქმით, კიდევ ერთი მთავარი მიზეზია სტერეოტიპების გავლენის ქვეშ ყოფნა - „როგორ უნდა დააჭერინო ქმარი?!“ ასევე არსებობს შიშის ფაქტორიც - „რომ გამოვა, მერე რა მელის!“ მიზეზები ბევრია: მენტალიტეტი, ეკონომიკური მდგომარეობა და ა. შ. ძალადობის ფაქტები, ძირითადად, 25-დან 35-წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში ხდება და ამ ასაკში მოძალადესა და მსხვერპლს ჰყავთ არასრულწლოვანი შვილები. 

„ძალადობის მსხვერპლებმა უმჯობესი იქნება, იცხოვრონ არაძალადობრივ გარემოში. უფრო მნიშვნელოვანია მათი და მათი შვილების უსაფრთხოება, ვიდრე ეკონომიკური კეთილდღეობა. პირველ რიგში უნდა იფიქრონ შვილების ნორმალურ განვითარებაზე და საკუთარ უსაფრთხოებაზე. დანაშაული განმეორებითია, რასაც სტატისტიკაც მეტყველებს, ამიტომ საჭიროა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ღონისძიებები გატარდეს“, - ამბობს ნათია მერებაშვილი humanrights.ge-სთან საუბრისას. 

მთავარი პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებით, მოძალადეებს უნდა ჩაუტარდეთ რეაბილიტაციის კურსები და იმუშაონ ქცევის შეცვლაზე, რაც ძალადობის რეალურ პრევენციას მოახდენს. 

არასამთავრობო ორგანიზაციისა თუ პროკურატურის წარმომადგენლებიც თანხმდებიან, რომ ძალადობის პრევენციისთვის საჭიროა კომპლექსური მიდგომა, რაც გულისხმობს მოძალადესთან ფსიქოლოგის მუშაობას, ქცევის შეცვლასა და რეაბილიტაციას.

სტატია მომზადდა პროექტის "სასამართლო მონიტორინგი ქალებისთვის" ფარგლებში, რომელსაც ადამიანის უფლებათა ცენტრი ახორციელებს ბულგარეთის განვითარების ფონდთან ერთად. სტატიაში მოცემული ინფორმაცია შესაძლოა, არ გამოხატავდეს დონორის პოზიციას, შესაბამისად, იგი არ არის პასუხისმგებელი გამოქვეყნებული სტატიის შინაარსზე. 


ახალი ამბები