11:13, Tuesday, 16.10.2018
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ქალი მსჯავრდებულების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა

24.04.2018

 
ნათია გოგოლაშვილი

20 აპრილს თბილისის ადამიანის უფლებათა სახლში  ქალი მსჯავრდებულების მიერ დამზადებული თიხის ნაკეთობების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. გამოფენაზე ქალი მსჯავრდებულების მიერ დამზადებული ათობით ნამუშევარი იყო წარმოდგენილი. ნამუშევრები მსჯავრდებულებმა ადამიანის უფლებათა ცენტრის არტ-თერაპიის პროექტის ფარგლებში დაამზადეს.

ადამიანის უფლებათა ცენტრმა, ბულგარეთის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით,  სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №5 ქალთა პენიტენციურ დაწესებულებაში ოთხთვიანი პროექტი განახორციელა. პროექტი მოიცავდა თიხაზე მუშაობის პროგრამას, ადამიანის უფლებათა ცენტრის არტ-ტრენერისა და ფსიქოლოგის მონაწილეობით. პროექტის ფარგლებში თიხის სპეციალისტმა პროექტის ბენეფიციარებს შეასწავლა თიხაზე მუშაობა - კერამიკული ნაკეთობების მომზადება და გამოწვა სპეციალურ ღუმელში. პროგრამაში მონაწილეობდა №5 ქალთა პენიტენციურ დაწესებულების სოციალური მუშაკი, რომელმაც ასევე შეისწავლა თიხაზე მუშაობა და პროექტის დასრულების შემდეგ, გაუძღვება არტ-თერაპიის კურსს.

ადამიანის უფლებათა ცენტრის დირექტორის მოადგილის, ნინო ტლაშაძის განცხადებით, პროგრამაში ჩართვის სურვილი ბევრ მსჯავრდებულს ჰქონდა, თუმცა საბოლოოდ 20 მათგანი შეირჩა.

„პროგრამაში ჩართული მსჯავრდებულები სხვადასხვა კრიტერიუმით შეირჩნენ: გავითვალისწინეთ მათი სოციალური მდგომარეობა, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მოტივაცია. თავიდან მსჯავრდებულები ცოტა სკეპტიკურად იყვნენ განწყობილი, არ ეგონათ, რომ ასე მოკლე ვადაში შეძლებდნენ თიხაზე მუშაობის შესწავლას. თუმცა, პროექტი წარმატებული აღმოჩნდა. პროექტში ჩართული იყო ფსიქოლოგიც, რომელიც მსჯავრდებულებს ფსიქოლოგიურ თერაპიას უწევდა. პროექტის ფარგლებში ადამიანის უფლებათა ცენტრმა შეიძინა თიხის გამოსაწვავი ღუმელი, ასევე მასალები, რომლის საშუალებითაც, ოთხი თვის განმავლობაში, მსჯავრდებული ქალები ნამუშევრებს ამზადებდნენ. პროექტის დასრულების შემდეგ დაწესებულებას გადავეცით გამოსაწვავი ღუმელი და თიხა, რომელიც მსჯავრდებულებს საშუალებას მისცემს, გააგრძელონ თიხაზე მუშაობა. ჩვენ ვგეგმავთ და დიდი სურვილი გაქვს, მსგავსი პროგრამები მომავალში კიდევ განვახორციელოთ“, - განაცხადა ნინო ტლაშაძემ.
არტ-თერაპიის პროექტის ფარგლებში მსჯავრდებულებს თიხაზე მუშაობას სპეციალისტი კახაბერ ქემოკლიძე ასწავლის.

„მეცადინეობები კვირაში ორი დღე, ორ-ორი საათი მიმდინარეობდა. ორი ათ-ათკაციანი ჯგუფი გვყავდა. ნამუშევრების შექმნისას, კომპოზიციური თვალსაზრისით, მე არ ჩავრეულვარ. ეს ნამუშევრები მსჯავრდებულთა ქვეცნობიერის ნაყოფია. თითოეული ნამუშევარი თითქმის შემდგარი მხატვრის გაკეთებულია, ვერავინ იტყვის, რომ ამ ადამიანს პირველად ჰქონდა თიხასთან შეხება“, - განაცხადა კახაბერ ქემოკლიძემ.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, სოციალური უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსის, ლეილა აფციაურის განცხადებით, პენიტენციურ დაწესებულებებში უდიდესი როლი ეკისრება რესოციალიზაცია-რეაბილიტაციას. 

„სარეაბილიტაციო პროგრამებს, განსაკუთრებით ისეთს, როგორიც არის არტ-თერაპია, უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ამ პროგრამამაც უდიდესი დაინტერესება გამოიწვია მსჯავრდებულების მხრიდან. ისინი სიამოვნებით ერთვებიან ამ ტიპის პროგრამებში. განსაკუთრებით მინდა, გამოვყო ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ ქალთა დაწესებულებაში ჩატარებული პროექტი, რომელმაც კარგად ჩაიარა. ქალბატონებმა, ფაქტობრივად, ნულიდან დაიწყეს. დღეს კი ვხედავთ შესანიშნავ ნამუშევრებს. ამ ნამუშევრების ბაზარზე გატანა თამამად შეიძლება“, - განაცხადა ლეილა აფციაურმა.

ქალ მსჯავრდებულთა უმრავლესობამ საკუთარი ნამუშევრის გაყიდვა არ ისურვა. გამოფენაზე სულ 16 ნამუშევარი იყო გასაყიდად გამოტანილი. გაყიდული ნაკეთობების საფასური მსჯავრდებულებს თავიანთ ანგარიშზე დაერიცხებათ.

პუბლიკაცია მომზადდა პროექტის, "ქალი და არასრულწლოვანი პატიმრების მდგომარეობის მონიტორინგი საქართველოში" ფარგლებში, რომელსაც ადამიანის უფლებათა ცენტრი ახორციელებს, ბულგარეთის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა, არ გამოხატავდეს დონორის პოზიციას, შესაბამისად, იგი არ არის პასუხისმგებელი გამოქვეყნებული მასალის შინაარსზე.


Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
რომელ საპრეზიდენტო კანდიდატს აძლევთ ხმას?
სალომე ზურაბიშვილი გრიგოლ ვაშაძე დავით ბაქრაძე დავით უსუფაშვილი სხვა კანდიდატს არ მაქვს გადაწყვეტილი არ მივდივარ არჩევნებზე

ბლოგი

უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
1 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ბებია დაიკარგა. უგზო-უკვლოდ დაკარგულთა რიგებს შეუერთდა 73 წლის ბებო, რომლის კვალი საკუთარ სოფელში, ეზოს მახლობლად იკარგება. 
ვრცლად...
კუდები გვაკვირვებს
მოჩვენებითი მშვიდობა ბალკანეთში
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2018 HRIDC