კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

შსს-ს ახალი დეპარტამენტის დირექტორი საზოგადოებას დუმილის დარღვევისკენ მოუწოდებს

28 აპრილი, 2018
 
ლანა გიორგიძე

„ოჯახში ძალადობის საქმეებთან დაკავშირებით სამართალდამცავებთან მომართვიანობა, წინა წლებთან შედარებით, მომატებულია. მომართვიანობის გაზრდა რამდენიმე ფაქტორს უკავშირდება. მათ შორის ერთ-ერთია საზოგადოების ცნობიერების გაზრდა. ვფიქრობ, რომ ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რომელსაც სახელმწიფო ახორციელებს ამ ეტაპზე.  2018 წლის პირველ სამ თვეში 855 პირზე მეტი პირია დაკავებული, სისხლის სამართლის წესით, ოჯახში ძალადობის ფაქტზე. ამ მხრივ ჩვენი პოლტიკა ძალიან მკაცრია“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა, ლონდა თოლორაიამ ისაუბრა ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ გამართულ კონფერენციაზე - „ქალთა მიმართ ძალადობის პრევენცია - პრობლემები და გამოწვევები“. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის პრეზენტაცია 2018 წლის 23 იანვარს გაიმართა და საზოგადოებაში დიდი მოლოდინებიც გააჩინა. როგორც მთავრობის დადგენილებაში არის ნათქვამი, ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია კომპეტენციის ფარგლებში, ოჯახში მომხდარი დანაშაულის, ქალთა მიმართ ძალადობის, დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის, ტრეფიკინგის, არასრულწლოვანთა მიერ/მიმართ ჩადენილი დანაშაულის ფაქტებზე დროული რეაგირებისა და გამოძიების ეფექტიანობის უზრუნველყოფა; ასევე, ადამიანის უფლებათა დამცველ სახელმწიფო ორგანოებსა და არასამათავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და კოორდინაცია.

„2014 წელს გამოცემული იყო 817 შემაკავებელი ორდერი, 2015 წელს კი ეს რიცხვი 2 500-ზე მეტია. 2016 წელს - 2 800-ზე მეტი, 2017 წელს - 4 500-მდე, 2018 წლის მონაცემებით კი, 1 402 შემაკავებელი ორდერი გამოიცა. ბოლო პერიოდში ხშირად ისმის კითხვა, თუ რამდენად  ეფექტურია შემაკავებელი ორდერი და უზრუნველყოფს თუ არა მსხვერპლის დაცვას. პირველ რიგში, ყურადღება მინდა, გავამახვილო იმ ფაქტზე, რომ შემაკავებელი ორდერის გამოცემა არ გამორიცხავს ფაქტზე გამოძიების დაწყებას. ყოფილა შემთხვევები, როდესაც შემაკავებელი ორდერის პარალელურად დაიწყო გამოძიება და მოკლე დროში პირი პატიმრობაში იმყოფებოდა. ამიტომ იმის თქმა, რომ შემაკავებელი ორდერი, რომელიც იმ წუთიერი ღონისძიებაა, არ არის ეფექტური, მე ვფიქრობ, რომ არ არის სწორი“, - განაცხადა ლონდა თოლორაიამ.

ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა დეპარტამენტის წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ გაზრდილია სამართალდამცავებთან მიმართვიანობის რაოდენობა, არის შემთხვევები, როდესაც ძალადობის ფაქტების შესახებ სამართალდამცავებს არ ატყობინებენ; ხშირად გვიან მიმართავენ სამართალდამცავებს, როცა უკვე ძნელი მოსაპოვებელია მტკიცებულებები; არის შემთხვევები, როცა ძალადობის მსხვერპლები ძალადობის ფაქტს „ალამაზებენ“ და სრულყოფილ ინფორმაციას არ აწვდიან სამართალდამცავებს. ხშირია შემთხვევები, როდესაც ძალადობის მსხვერპლები სთხოვენ სამართალდამცავებს, არ დაიჭირონ მსხვერპლი და მხოლოდ „შეაშინონ“. 

„არის კიდევ ერთი პრობლემა, როდესაც დროულად მოგვმართავენ მსხვერპლები, გვაწვდიან ინფორმაციას და შემდეგ ცვლიან ჩვენებას, ანდა იყენებენ პრივილეგიას - არ მისცენ ჩვენება ახლო ნათესავის წინააღმდეგ. ეს, ცხადია, გამოძიებას პრობლემებს უქმნის; კიდევ ერთი გამოწვევაა საზოგადოების ჩართულობა. მიუხედავად იმისა, რომ მესამე პირს, შესაძლოა, ჰქონდეს ინფორმაცია, რომ მის მეზობლად ოჯახში ძალადობის ფაქტი ხდება, ის ნაკლებად ერევა მეზობლის კონფლიქტის მოგვარებაში და მათი მხრიდან შეტყობინება არ არის ისეთი აქტიური, როგორიც უნდა იყოს“, - აღნიშნა ლონდა თოლორაიამ.

ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორის თქმით, ასევე, ერთ-ერთ პრობლემას წარმოადგენს მსხვერპლის მიმართ მხარდაჭერის ნაკლებობა და მის მიმართ გამოხატული აგრესია. საზოგადოებას თავად მსხვერპლი გამოჰყავს დამნაშავედ, საყვედურობენ, რომ მან მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს. 

„შემდეგი გამოწვევაა სერვისების ნაკლებობა. ძალიან მნიშვნელოვანია ძალადობის მსხვერპლის გაძლიერება და მოძალადის სარეაბილიტაციო პროგრამებში ჩართვა, რაც დაეხმარება მათ, გააცნობიერონ, რა ჩაიდინეს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ მსხვერპლები და მოძალადეები, რაღაც დროის შემდეგ კვლავ აგრძელებენ ერთად ცხოვრებას, ამიტომ მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის სერვისების მიწოდება, რათა შემდეგში თავიდან ავიცლოთ ძალადობის შემთხვევები.  

რაც შეეხება სხვა გამოწვევებს, ესაა გამომძიებელთა კვალიფიკაციის ამაღლება, შემაკავებელი ორდერების მონიტორინგი და ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია მსხვერპლისათვის პოლიციის შენობაში ისეთი გარემოს შექმნა, რაც გაადვილებს მის ჩართვას სამართალწარმოების პროცესში. შესაბამისად, ჩვენი გეგმები დაკავშირებულია ზემოაღნიშნულ გამოწვევებთან“, - განაცხადა შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა, ლონდა თოლორაიამ.

თოლორაიას თქმით, დეპარტამენტი ყოველდღიურ რეჟიმში, ყველა სისხლის სამართლის საქმეს, რომელზეც გამოძიება იწყება,  უწევს მონიტორინგს. დეპარტამენტი მონიტორინგს ახორციელებს ოჯახში ძალადობის საქმეებზეც. თოლორაიას თქმით, ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი აქტიურად თანამშრომლობს „112“- თან: „გვინდა, რომ პროგრამა ისე იყოს დახვეწილი, რომ ერთი და იმავე პირისგან შემოსული განმეორებითი ზარების განხორციელების დროს ირთვებოდეს „SOS” ღილაკი, რაც შეგვატყობინებს, რომ ეს პირი განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს.“

შინაგან საქმეთა სამინისტროს ახლადშექმნილი დეპარტამენტის მუშაობას დადებითად აფასებს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარმა“ ახალ დეპარტამენტს უკვე რამდენიმე საქმეც მიაწოდა.
„შსს-ს ახალ დეპარტამენტს რამდენიმე საქმეზე უკვე მივმართეთ. დაახლოებით, 5-7 საქმეზე. მათ მკაფიოდ გამოხატეს მზაობა, რათა გამოძიება სწორი მიმართულებით წარმართულიყო. საქმე დაეწერა გამომძიებელს, რომელიც ქალთა მიმართ სენსიტიურობით გამოირჩევა და საქმეს პასუხისმგებლობით უდგება. გვქონდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც  ბრალი იყო უკვე წაყენებული, ამ შემთხვევაში დეპარტამენტს დახმარება არ შეუძლია. ჯერჯერობით მხოლოდ დადებითად შემიძლია შევაფასო, რადგან ამ ეტაპზე, ძალიან მოტივირებულები არიან და განცხადებაზე მყისიერი რეაგირება აქვთ, ამ მხრივ პრეტენზიები ნამდვილად არ მაქვს“, - აღნიშნა არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარის“ იურისტმა, ელისო რუხაძემ humanirghts.ge -სთან საუბრისას.

შსს-ს ახალ დეპარტამენტთან ასევე თანამშრომლობს არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა ცენტრიც.

„ადამიანის უფლებათა ცენტრი თავიდანვე იყო ჩართული შსს-ს ახალი დეპარტამენტის შექმნის პროცესში. შსს გვიზიარებდა ყველა ვარიანტს, რა ტიპის იქნებოდა ახალი დეპარტამენტი და ისმენდა არასამთავრობო ორგანიზაციების რჩევებს. დეპარტამენტის შექმნის იდეასა და მისი მუშაობის სპეციფიკას არასამთავრობო სექტორში დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. ამ დროისთვის, ახალ დეპარტამენტში გაგზავნილი მაქვს ერთი საქმე, რასაც მყისიერი რეაგირება მოჰყვა: დაიწყო გამოძიება და გამოიცა შემაკავებელი ორდერი. თუ როგორ მიჰყვებიან საქმეს ბოლომდე, ჯერ არ მაქვს ინფორმაცია... დავაკვირდებით.  დადებითად ვაფასებ, ასევე, მათ იდეას, მოძალადემ ატაროს ელექტრონული სამაჯური, რათა გააკონტროლონ მიუახლოვდება თუ არა იგი მსხვერპლს. ეს მსხვერპლის დაცვის კარგი მექანიზმი იქნება. ამ ეტაპზე, მხოლოდ დადებითის თქმა შემიძლია, შემდგომში რა იქნება, ამას დრო გვიჩვენებს, - აღნიშნა ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტმა, ეკა ქობესაშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორი, ლონდა თოლორაია საზოგადოებას მოუწოდებს თანამშრომლობისკენ და სთხოვს, მათივე უსაფრთხოებისთვის, დაარღვიონ დუმილი და მიმართონ სამართალდამცავ ორგანოებს.

სტატია მომზადდა პროექტის "სასამართლო მონიტორინგი ქალებისთვის" ფარგლებში, რომელსაც ადამიანის უფლებათა ცენტრი ახორციელებს ბულგარეთის განვითარების ფონდთან ერთად. სტატიაში მოცემული ინფორმაცია შესაძლოა, არ გამოხატავდეს დონორის პოზიციას, შესაბამისად, იგი არ არის პასუხისმგებელი გამოქვეყნებული სტატიის შინაარსზე.

ახალი ამბები