კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბურუსით მოცული ყაჩაღობის საქმე

30 აპრილი, 2018
 
ნათია გოგოლაშვილი

25 აპრილს სააპელაციო სასმართლოში თემურ ბერიძის, კობა შევარდენიძის, ნოდარ ართმელიძისა და ქეთევან ხმალაძის  საქმეზე მორიგი სხდომა გაიმართა. საქმე ეხება ყაჩაღობის ფაქტს, რომელიც 2016 წლის 13 იანვარს მოხდა. გამოძიების ვერსიით, ქ. ნინოწმინდის ჩარენცის ქუჩა №17-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, დაყაჩაღების მიზნით, 5 პირი შეიჭრა. როგორც გამოძიება ამბობს, შემთხვევის დროს ბ.ს.-ს (სახლის მეპატრონე) დედა ყაჩაღებს შეეწინააღმდეგა, რის გამოც ერთ-ერთმა დამნაშავემ დაუწყო ცემა და, დანის გამოყენებით, მოკლა ქალი. თუმცა, მკვლელობის ფაქტზე, მტკიცებულებების არარსებობის გამო, ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ყაჩაღობაში მონაწილე პირები გაამართლა. ამასთან, სასამართლომ ყაჩაღობის ნაწილში ოთხივე პიროვნება დამნაშავედ სცნო და ოთხივე მათგანს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. განაჩენი 2016 წლის 4 ოქტომბრით თარიღდება.

მსჯავრდებულები დანაშაულს არ აღიარებენ და საკუთარი სიმართლის დამტკიცებას უკვე წელიწადზე მეტია, სააპელაციო სასამართლოში ცდილობენ. სააპელაციო სასამართლოში მსჯავრდებულ ქეთევან ხმალაძის ინტერესებს ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი, ეკა ქობესაშვილი იცავს. ხოლო თემურ ბერიძის, კობა შევარდენიძისა და ნოდარ ართმელიძის ინტერესებს - ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი დიმიტრი ნოზაძე. იურისტების თქმით, გარდა იმისა, რომ ყაჩაღობის ფაქტის გამოძიება მნიშვნელოვანი დარღვევებით წარიმართა, დაკავებისას მსჯავრდებულების მიმართ სამართალდამცავებმა უფლებამოსილებას გადაამეტეს და მსჯავრდებულებისგან აღიარებითი ჩვენების მოპოვებას მათი ცემა-წამებით ცდილობდნენ.
 
აღსანიშნავია, რომ სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურაში გამოძიება დაწყებულია, შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ სამსახურეობრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე. იურისტების თქმით, საქმეზე გამოძიება, თითქმის, ორი წელია, მიმდინარეობს, თუმცა არცერთი მსჯავრდებული არ დაკითხულა და არც დაზარალებულის სტატუსი აქვთ.

25 აპრილს სასამართლო სხდომაზე პროკურორმა დასკვნითი სიტყვა წაიკითხა. ბრალდების მხარემ დასკვნით სიტყვაში საქმეში არსებულ რამდენიმე საკითხზე გაამახვილა ყურადღება. პირველი რაზეც პროკურორმა ისაუბრა საქმეში არსებული მკვლელობის ეპიზოდია. პროკურატურის მტკიცებით, მკვლელობაში დამნაშავე მსჯავრდებული თემურ ბერიძეა. 

„ავტომანქანაში, იქ, სადაც თემურ ბერიძე იჯდა, აღმოჩენილია სისხლის კვალი, რომელიც, ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით,  გარდაცვლილის გენეტიკურ პროფილს მიეკუთვნება. ამასთან, საქმეში ფიგურირებს დანა, რომელიც, ბერიძის მითითებით, მანქანიდან გადააგდეს. მიმაჩნია, რომ ახალციხის საქალაქო სასამართლოს საქმეში არსებული მტკიცებულებები ერთობლიობაში უნდა შეეფასებინა და ბერიძის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოეტანა“, - აღნიშნა პროკურორმა. 

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტის, დიმიტრი ნოზაძის განცხადებით, ჩნდება ეჭვი, რომ სამართალდამცავებმა სისხლის კვალი თავად გადაიტანეს ავტომანქანაში. 

„ერთ-ერთმა ექსპერტმა თქვა, რომ პოლიციელები, გვამის დათვალიერების დროს,  სისხლის ანაწმენდს ბამბით აკეთებდნენ და არ არის გამორიცხული, რომ ეს ანაწმენდები ავტომანქანაში გადაიტანეს. ასევე, ბრალდების მხარე ამბობს, რომ დანაშაულის იარაღი - დანა მანქანიდან გადააგდეს, თუმცა გამოძიებას აღნიშნული დანა არ ამოუღია. შესაბამისად, არ არსებობს პირდაპირი მტკიცებულებები იმისა, რომ თემურ ბერიძემ ჩაიდინა მკვლელობა. გარდაცვლილს ხელში თმის ნიმუშები ჰქონდა, თუმცა გამოძიებას არ დაუდგენია, ვის ეკუთვნოდა ეს ნიმუშები“, - აცხადებს დიმიტრი ნოზაძე.

იურისტი ასევე აღნიშნავს, რომ მომხდარის შესახებ ინფორმაცია გამოძიებას ივანე გელაშვილმა მიაწოდა. მან პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა. თუმცა, საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ეს პირი არაერთგზის ნასამართლევია. მის მიმართ წარსულში,  ცრუ ჩვენების მიცემასთან დაკავშირებით, გამამტყუნებელი განაჩენი იყო გამოტანილი.

„გელაშვილმა განაცხადა, რომ, თითქოს, მას დაუკავშირდა შევარდენიძე და უთხრა, რომ ნინოწმინდაში ჩამოსულიყო. გელაშვილის თქმით, სწორედ ამ შეხვედრის დროს დაინახა, როგორ მიაწოდა ბერიძემ ართმელიძეს დანა და მანქანიდან გადაგდება სთხოვა. გელაშვილის მტკიცებით, იქვე შეიტყო მან ყაჩაღობის ფაქტისა და მკვლელობის შესახებ. თუმცა, განსხვავებულია ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი მსჯავრდებულების ჩვენებები. როგორც შევარდენიძემ განაცხადა, ისინი გელაშვილს 13 იანვრამდე შეხვდნენ. შევარდენიძის თქმით, მას გელაშვილმა დაურეკა და, კარტოფილის ბიზნესის დაწყებასთან დაკავშირებით, დახმარება სთხოვა. აღნიშნულ საქმეში ბერიძეც უნდა დახმარებოდა გელაშვილს. შესაბამისად, ივანე გელაშვილის ჩვენება სარწმუნო არ არის, მით უფრო, რომ იგი წარსულში ცრუ ჩვენებისთვის არის ნასამართლევი“, - აცხადებს დიმიტრი ნოზაძე.

პროკურორის მტკიცებით, არსებობს ვიდეოჩანაწერი ნინოწმინდაში გაზგასამართი სადგურიდან. ვიდეოჩანაწერში ჩანს, თემურ ბერიძე, ნოდარ ართმელიძე, კობა შევარდენიძე, ქეთევან ხმალაძე და ივანე გელაშვილი, როგორ ავსებენ გაზით ავტომანქანას და როგორ გამოდიან გაზგასამართი სადგურიდან. ადვოკატის მტკიცებით კი, ეს შეხვედრა 13 იანვრამდე შედგა და ყაჩაღობის ფაქტს წინ უსწრებდა.

პროკურორმა დასკვნით სიტყვაში ყურადღება ასევე ქეთევან ხმალაძის წამების ფაქტზე გაამახვილა. ბრალდების მხარის მტკიცებით, ქეთევან ხმალაძეს დაზიანებები დანარჩენმა მსჯავრდებულებმა - თემურ ბერიძემ და კობა შევარენიძემ მიაყენეს. როგორც პროკურორი აღნიშნავს, სამედიცინო ექსპერტიზის თანახმად, ქეთევან ხმალაძეს დაზიანებები მოლურჯო-მოყვითალო ფერის იყო და რამდენიმე დღით ადრე იყო მიყენებული. პროკურორის თქმით, ქეთევან ხმალაძეს მკლავზე დაზიანებები, დაახლოებით, 7-8 იანვარს მიაყენეს.

„საქმეში არაერთი წერილია, სადაც ქეთევან ხმალაძე უთითებს, რომ ის იყო მოძალადე კობა შევარდენიძისა და თემურ ბერიძის პირადი მსხვერპლი. ეს დაზიანებები სწორედ თემურ ბერიძემ მიაყენა მას, როდესაც 2016 წლის 13 იანვარს ნინოწმინდაში ის ძალით წაიყვანეს. შევარდენიძემ იცოდა, რომ ქეთევან ხმალაძემ მათი გეგმის შესახებ გაიგო და იძულებული იყო, ნინოწმინდაში წაეყვანა. ვინაიდან ტყემლანაში დარჩენის შემთხვევაში, ქეთევან ხმალაძე სამართალდამცავ ორგანოებს შეატყობინებდა, რადგან ხმალაძეს სამართალდამცავებთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. ქეთევან ხმალაძე აცხადებდა, რომ ის იყო მსხვერპლი, ის იცავდა შვილს, რადგან შვილის მოკვლით ემუქრებოდნენ. იგი იძულებული იყო, მათ წაჰყოლოდა“, - აღნიშნა პროკურორმა.

როგორც პროკურორი აღნიშნავს, ქეთევან ხმალაძისთვის თითის გადამტვრევასთან დაკავშირებით, არაფერი იყო ნათქვამი და შემდეგ გაჩნდა ეს ვერსიები, თითქოს, სამართალდამცავებმა ხმალაძეს თითები მოტეხეს. 

„ექსპერტიზები იყო ჩატარებული და ქეთევან ხმალაძესთან დაკავშირებით არანაირი თითის გადამტვრევა არ არის დაფიქსირებული. თუ ჩატარებულ ექსპერტიზებს არ ენდობოდა მსჯავრდებული, ამ ორი წლის განმავლობაში თავად შეეძლო ექსპერტიზის ჩატარება, რითიც ძალადობის ფაქტს დაადასტურებდა. შესაბამისად, ეს ფაქტი  რეალობას არ შეესაბამება“, - აცხადებს პროკურორი.

დიმიტრი ნოზაძე პროკურატურის ამ განცხადებას აბსურდულ პოზიციას უწოდებს და აცხადებს, რომ წერილები, რაზეც პროკურორი საუბრობს, საქმეში არ არსებობს.

„ეს აბსურდული ბრალდება გაისმა მხოლოდ სააპელაციო სასამართლოში და ეს არის პროკურატურის განწირული პოზიცია. თუ მსგავსი რამ პროკურატურისთვის ცნობილი იყო, მაშინ ამ საკითხზე ახალციხის რაიონულმა სასამართლომ რატომ არ იმსჯელა?! ეს წერილები საქმეში არ დევს. თუ ეს დაზიანებები ქეთევან ხმალაძეს ბერიძემ და შევარდენიძემ მიაყენეს, მაშინ თვითონ მათ ვინ მიაყენა დაზიანებები?!  ყველა ჩვენება პროკურორს მიღებული აქვს წამებისა და ცემის შედეგად. წინასწარი დაკავების იზოლატორმაც კი ვერ მიიღო ეს პირები, ვინაიდან მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ იძლეოდა ამის საშუალებას. პოლიციაში აცხადებენ, რომ მათ პროპორციული ძალა გამოიყენეს. თუ მართლაც ასე მოხდა, მსჯავრდებულებს დაზიანებები ხელის არეში უნდა ჰქონოდათ და არა თავის არეში. 
ერთ-ერთი ექსპერტი არის ნათესავი ერთ-ერთი პოლიციელის, რომელიც მონაწილეობას იღებდა აღნიშნული პირების ცემა-წამებაში. შესაძლოა, მსჯავრდებულებს ექსპერტიზის დამოუკიდებლად ჩატარების შესაძლებლობა არ ჰქონდათ. ამ საკითხით გამოძიება უნდა დაინტერესებულიყო. გამოძიება კი ცდილობს, თავის ვალდებულება ამ ხალხს დააკისროს. მათ ბრალის დამტკიცება ევალებათ. ეს ბრალი მათ კანონის ძალით უნდა დაამტკიცონ და არა კანონდარღვევითა და წამებით“, - აცხადებს დიმიტრი ნოზაძე.

შემდეგი სხდომა სააპელაციო სასამართლოში 6 ივნისს 12 საათზე გაიმართება.

ამავე თემაზე:

ახალი ამბები