კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრი, არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე, რუსეთის წინააღმდეგ, სარჩელს ამზადებს

10 მაისი, 2018
 
 
ნათია გოგოლაშვილი

ადამიანის უფლებათა ცენტრი, არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის, რუსეთის წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს. ამასთან, ცენტრი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, აქტიურად გამოიყენოს ყველა საერთაშორისო მექანიზმი არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმის ეფექტიანი გამოძიებისათვის.

არჩილ ტატუნაშვილი მიმდინარე წლის 22 თებერვალს ფიზიკური ძალადობისა და არასათანადო მოპყრობის შედეგად ოკუპირებულ ცხინვალში გარდაიცვალა. გარდაცვლილის ცხედარი ოჯახს 26 დღის დაგვიანებით - 20 მარტს გადმოეცა, საქართველოს ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების დიდი ზეწოლის შემდგომ.

ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს მეტი ძალისხმევა, რათა გამოძიება ეფექტიანად განხორციელდეს და დამნაშავე პირების ვინაობა დადგინდეს.

„არჩილ ტატუნაშვილის დაკრძალვის შემდეგ, გამოძიების პროცესში ბევრი პრობლემა იკვეთება. გამოძიება, პრაქტიკულად, წინ ვერ მიდის.  ჯერ კიდევ ორი თვის წინ არასამთავრობო ორგანიზაციებმა მივმართეთ ხელისუფლებას, რათა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ  სახელმწიფოთაშორისი საჩივარი მომზადებულიყო. ეს საჩივარი არა მხოლოდ არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე, არამედ ასობით გატაცებული ადამიანის საქმეზე უნდა მომზადდეს. რუსეთის ფედერაციას უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა წლების განმავლობაში ადამიანების გატაცებაზე, გაუჩინარებასა და მკვლელობაზე“, - განაცხადა ალეკო ცქიტიშვილმა.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლის (განზრახ მკვლელობა) საფუძველზე, მცხეთის რაიონულმა პროკურატურამ დაიწყო არჩილ ტატუნაშვილის საქმის გამოძიება. დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი მიენიჭა არჩილ ტატუნაშვილის მამას, გიორგი ტატუნაშვილს.

„ჩვენ ვამზადებთ ინდივიდუალურ საჩივარს გიორგი ტატუნაშვილის სახელით რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ. იმედს გამოვთქვამთ, რომ გამოძიება იქნება სრულყოფილი და ეფექტიანი, არ გაჭიანურდება და ჩვენ არ მოგვიწევს საქართველოს წინააღმდეგაც საჩივრის შეტანა, თუმცა ამ ეტაპზე, ეს არ წარმოადგენს ჩვენს მიზანს. ჩვენი მიზანია, საქართველოს ხელისუფლებამ გამოძიება ეფექტურად და სრულყოფილად ჩაატაროს. რაც შეეხება რუსეთის წინააღმდეგ საჩივარს, მზადების  ეტაპზეა“, - განაცხადა ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, თამარ ავალიანმა.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ გარდაცვლილის სხეულზე არსებული მრავლობითი დაზიანებები წამების კვალზე მიანიშნებს: „ასევე, ცნობილი გახდა, რომ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ჩატარებული ექსპერტიზის შემდგომ,  ცხედარს  ამოცლილი აქვს შინაგანი ორგანოები. ამ დროისთვის არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების მიზეზების დასადგენად ექსპერტიზა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში მიმდინარეობს. ექსპერტიზის სრულყოფილად ჩატარებისთვის მნიშვნელოვანია, ბიუროს გადაეცეს გარდაცვლილის შინაგანი ორგანოები, რაზეც პასუხისმგებელია ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება და რუსეთის ფედერაცია“, - ნათქვამია ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 „ექსპერტიზასთან დაკავშირებით, არაერთი კითხვა გვაქვს. უკვე ორ თვეზე მეტი გავიდა და ექსპერტიზის არც შუალედურ და არც საბოლოო დასკვნას არ ვიცნობთ. არ ვიცით რა მეთოდოლოგიით ტარდება ექსპერტიზა, ის, რომ გარეგნული დათვალიერების შესახებ და იმ დაზიანებებზე ექსპერტიზა თავიდანვე იყო ინფორმირებული და ამ დაზიანებებთან დაკავშირებით რა პოზიცია აქვს,  რადგან არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ არჩილ ტატუნაშვილი ნაწამები იქნა და ამას მოჰყვა მისი გარდაცვალება“, – განაცხადა თამარ ავალიანმა.

არჩილ ტატუნაშვილის მამა, გიორგი ტატუნაშვილი აცხადებს, რომ მისი შვილი ნაწამები იყო. მისი თქმით, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა ჭიანურდება.
„ტელეფონში მაქვს სურათები, შუბლზე ნატყვიარი ეტყობა, ცხვირი აღდგენილია, თავისი არ არის, ხელები დაჩეჩქვილი ჰქონდა დამტვრეული და ხელმეორედ აწყობილი. ამას რაში სჭირდებოდა შინაგანი ორგანოები? რატომ არ დადო შუალედური ექსპერტიზის დასკვნა სამხარაულის ეროვნულმა ბიურომ, საინტერესოა ჩემთვის“- განაცხადა  გიორგი ტატუნაშვილი.

ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტის წარმომადგენლის, ოგე ბორჩგრევინკის განცხადებით, არჩილ ტატუნაშვილის საქმე იმის მტკიცებულებაა, რომ აგვისტოს ომის შემდეგ, ომის დანაშაულები ისევ გრძელდება. მისი თქმით, ამ ტრაგიკულ ფაქტს საერთაშორისო საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. 

„მოსახლეობისთვის მუდმივ შიშში ცხოვრება წესად იქცა. ამის გამომწვევი მიზეზი დამნაშავეების დაუსჯელობაა. ცხადია, ომის დანაშაულებებზე სრული პასუხისმგებლობა ოკუპანტ რეჟიმს აქვს. მაგრამ ამ ათი წლის განმავლობაში ვხედავთ, რომ ქართული მხარე არ ახორციელებს ეფექტურ გამოძიებას. მნიშვნელოვანია, რომ აღვადგინოთ სამართლიანობა და დადგინდეს სიმართლე“, - განაცხადა ოგე ბორჩგრევინკმა.

იუსტიციის სამინისტრო არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში შესატან სარჩელზე მუშაობს. საქმეზე მოპასუხე რუსეთის ფედერაცია იქნება. 

„იუსტიციის სამინისტრომ, მთავრობასთან შეთანხმებით, ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო სარჩელის მომზადება, სტრასბურგის სასამართლოში გასაგზავნად, როდესაც ჩვენი ხელისუფლება ცხინვალის რეგიონიდან ცხედრის დასაბრუნებლად ყველა ღონეს ხმარობდა. ამის შემდეგ ცხედარი გადმოგვეცა, რომელსაც პატივი მივაგეთ, მივაბარეთ მიწას, მაგრამ არ გაჩერებულა სარჩელის მომზადების პროცესი. ჩვენ მას ძალიან მოკლე ვადებში დავასრულებთ იმ ყველა პროცედურის დაცვით, რაც გაზრდის ჩვენს, როგორც მოსარჩელე მხარის, შანსებს, და, რა თქმა უნდა, ამ საქმეზე მოპასუხე რუსეთის ფედერაცია იქნება“, − განაცხადა იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში შესატან სარჩელზე მუშაობს.

„ჩვენ დღეს ვაწარმოებთ გამოძიებას, სარჩელი მზადდება. ჩვენ ადრეც გავაკეთეთ განცხადება, რომ საქართველოს ხელისუფლება გამოიყენებს ყველა მშვიდობიან ინსტრუმენტს, რომელიც მის ხელთ არის - დიპლომატიურს, სამართლებრივს, პოლიტიკურს და ა.შ. ეს მზადება ადრეც მიდიოდა და, რა თქმა უნდა, საქართველოს ხელისუფლება მუშაობს სარჩელზე“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელია იმედოვნებს, რომ სტრასბურგში შეტანილი სარჩელი ძალიან პრინციპული იქნება.

„მნიშვნელოვანი სამართლებრივი გადაწყვეტილებაა, რომ საქართველომ, ამ ტრაგიკულ ფაქტთან დაკავშირებით, სტრასბურგის სასამართლოს მიმართოს. ვფიქრობ, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, ანუ ის, რაც ჩვენს სამართლებრივ თუ პოლიტიკურ შესაძლებლობებს შეიძლება სცდებოდეს. გამოძიება მიმდინარეობს, მაგრამ სტრასბურგის სასამართლოს გამოყენება არის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი. ვფიქრობ, სარჩელი ძალიან პრინციპული იქნება და არამხოლოდ სამართლებრივ-პოლიტიკური დატვირთვით", - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ადამიანის უფლებათა ცენტრში აცხადებენ, რომ ადამიანთა გატაცებების, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და გაუჩინარების ფაქტები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ზოლის მიმდინარე სოფლებში სისტემურ პრობლემას წარმოადგენს. უფლებადამცველთა თქმით, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ყოველწლიურად ასობით გატაცებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის შემთხვევა ფიქსირდება, რაც სულ უფრო და უფრო შემაშფოთებელ სახეს იღებს.

ახალი ამბები