კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრის მიმართვა საქართველოს ხელისუფლებას არჩილ ტატუნაშვილის საქმესთან დაკავშირებით

11 მაისი, 2018
ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, აქტიურად გამოიყენოს ყველა საერთაშორისო მექანიზმი არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმის ეფექტიანი გამოძიებისათვის და მოამზადოს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სახელმწიფოთაშორისი სარჩელი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის.

ადამიანთა გატაცებების, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და გაუჩინარების ფაქტები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ზოლის მიმდინარე სოფლებში სისტემურ პრობლემას წარმოადგენს. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ყოველწლიურად ასობით გატაცებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის შემთხვევა ფიქსირდება, რაც სულ უფრო და უფრო შემაშფოთებელ სახეს იღებს. განსაკუთრებით მძიმეა არჩილ ტატუნაშვილის ცხინვალში გატაცებისა და სავარაუდო განზრახ მკვლელობის შემთხვევა. 

არჩილ ტატუნაშვილი მიმდინარე წლის 22 თებერვალს ფიზიკური ძალადობისა და არასათანადო მოპყრობის შედეგად ოკუპირებულ ცხინვალში გარდაიცვალა. გარდაცვლილის ცხედარი ოჯახს ერთი თვის დაგვიანებით - 20 მარტს გადმოეცა, საქართველოს ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების დიდი ზეწოლის შემდგომ. გარდაცვლილს სხეულზე აღენიშნებოდა მრავლობითი დაზიანებები, რაც წამების კვალზე მიანიშნებს. მოგვიანებით, ასევე, ცნობილი გახდა, რომ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ჩატარებული ექსპერტიზის შემდგომ,  ცხედარს  ამოცლილი აქვს შინაგანი ორგანოები. ამ დროისთვის არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების მიზეზების დასადგენად ექსპერტიზა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში მიმდინარეობს. ექსპერტიზის სრულყოფილად ჩატარებისთვის მნიშვნელოვანია, ბიუროს გადაეცეს გარდაცვლილის შინაგანი ორგანოები, რაზეც პასუხისმგებელია ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება და რუსეთის ფედერაცია. 
 
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლის (განზრახ მკვლელობა) საფუძველზე, მცხეთის რაიონულმა პროკურატურამ დაიწყო არჩილ ტატუნაშვილის საქმის გამოძიება. დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი მიენიჭა არჩილ ტატუნაშვილის მამას გიორგი ტატუნაშვილს, რომელიც მის ადვოკატთან - ადამიანის უფლებათა ცენტრის იურიდიული სამსახურის უფროსთან, თამარ ავალიანთან ერთად რამდენჯერმე იმყოფებოდა მცხეთის რაიონულ პროკურატურაში, სადაც დაიკითხა და გაეცნო სისხლის სამართლის საქმის მასალებს. 

არსებული ვითარებიდან გამომდინარე, აუცილებელია, საქართველოს ხელისუფლებამ გამოიყენოს როგორც საერთაშორისო სამართლებრივი, ისე დიპლომატიური მექანიზმები, არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის მიზეზების დასადგენად და დამნაშავე პირთა დასასჯელად. 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის თანახმად, კონვენციის ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია, მიმართოს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს  სხვა ხელშემკვრელი მხარის მიერ კონვენციისა და მისი დამატებითი ოქმების სავარაუდო დარღვევის  შესახებ. შესაბამისად, აუცილებელია, საქართველომ ევროპულ სასამართლოში წარადგინოს სახელმწიფოთაშორისი საჩივარი რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ და მისი პასუხისმგებლობის საკითხი დააყენოს. რუსეთის ფედერაცია არის სახელმწიფო, რომელიც ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთსა  და აფხაზეთზე კონტროლს ახორციელებს. შესაბამისად, საჩივრისთვის რელევანტურ სახელმწიფოს სწორედ რუსეთის ფედერაცია წარმოადგენს.  

საქართველოს უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა (მათ შორის - ადამიანის უფლებათა ცენტრმა) ჯერ კიდევ ორი თვის წინ მიმართეს საქართველოს ხელისუფლებას და მოუწოდეს, ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტების აღმოფხვრის მიზნით, გამოიყენოს საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმები და ამ ტერიტორიებზე სიცოცხლის ხელყოფისა და თავისუფლების შეზღუდვის გავრცელებულ პრაქტიკებთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ წარადგინოს სახელმწიფოთშორისი საჩივარი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში . სამწუხაროდ, საზოგადოება არ არის ინფორმირებული, ამ კუთხით, რას გეგმავს ხელისუფლება.

ამასთანავე, მნიშვნელოვანია, საქართველოს ხელისულფლებამ ყველა არსებულ საერთაშორისო  ფორმატის ფარგლებში  დააყენოს არჩილ ტატუნაშვილის ცხედრიდან ამოცლილი შინაგანი ორგანოებისა და სამედიცინო დოკუმენტაციის გადმოცემის საკითხი, რათა დაეხმაროს ქვეყნის შიგნით ექსპერტიზის ყოველმხრივ და სრულყოფილად ჩატარებას და მიმდინარე გამოძიებას.

ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს  საქართველოს ხელისუფლებას:

 ეფექტიანად წარმართოს არჩილ ტატუნაშვილის გატაცებისა და სავარაუდო განზრახ მკვლელობის საქმის გამოძიების პროცესი, რათა დროულად დადგინდეს დამნაშავე პირთა ვინაობა და გაიცეს სანქცია მართლმსაჯულებისათვის მათ გადასაცემად;
 ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარადგინოს სახელმწიფოთაშორისი საჩივარი რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ;
 ყველა შესაძლო საერთაშორისო ფორმატში მოითხოვოს არჩილ ტატუნაშვილის შინაგანი ორგანოებისა და სამედიცინო დოკუმენტაციის გადმოცემა. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები