კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვნების მიმართ განაჩენი გამოიტანა

3 ივნისი, 2018
 
ნათია გოგოლაშვილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის, ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნობილ გ.ბ-ს საქალაქო სასამართლომ 10 წელი 6 თვე, ხოლო დამამძიმებელ გარემოებაში არასრულწლოვან დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ გ.ჯ.-ს 9 წელი და 9 თვე მიუსაჯა.  

31 მაისს კი საქალაქო სასამართლომ განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი გამოაცხადა. სასამართლოს განაჩენით, გ.ბ ცნობილი იქნა დამნაშავედ დამამძიმებელ გარემოებაში - წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში, ხოლო, გ.ჯ. ცნობილი იქნა დამნაშავედ დამამძიმებელ გარემოებაში - წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში. ამავე განაჩენით, წარდგენილ ბრალდებაში გ.ბ. გ.ჯ-სთან ერთად უდანაშაულოდ იქნა ცნობილი დავით სარალიძის ჯგუფურ მკვლელობაში, ხოლო გ.ჯ-ს მიერ ჩადენილი დანაშაული სასამართლოს მიერ დაკვალიფიცირდა როგორც დავით სარალიძის მკველობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებაში.

როგორც ზაზა სარალიძემ და მისმა უფლებადამცველმა აღნიშნეს, სასამართლომ ამ გადაწყვეტილებით დაადასტურა ის, რასაც ისინი უკვე რამდენიმე თვეა, აცხადებენ. კერძოდ, ის, რომ საქმეში დამატებით სხვა პირები და დანაშაულის იარაღი ფიგურირებენ. 

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე მოსამართლე ეკა არეშიძეს  მიღებული გადაწყვეტილების გამო მადლობას უხდის. ზაზა სარალიძის განცხადებით, მოსამართლე ეკა არეშიძე სისტემას არ დაემორჩილა და ვაჟკაცური ნაბიჯი გადადგა. 

„მინდა მადლობა გადავუხადო ქალბატონ ეკა არეშიძეს, რომელმაც ვაჟკაცური ნაბიჯი გადადგა და სისტემას არ ადემორჩილა. სანამ სისტემა არ დაინგრევა და ყველა პასუხისგებაში არ მიეცემა, მანამდე ვიდგები რუსთაველის გამზირზე“, - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

ზაზა სარალიძის ადვოკატის, ნესტან ლონდარიძის თქმით, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ პროკურატურამ საქმე სრულად არ გამოიძია. 

„მოსამართლის ამ გადაწყვეტილებით დადასტურდა ის, რასაც ჩვენ ვამბობდით. მოუმზადებელია საქმე და დასასჯელია კიდევ არაერთი პირი. მიგვაჩნია, რომ მოსამართლემ ამ გადაწყვეტილებით პროკურატურას მიუთითა, რომ გამოსაძიებელი აქვს ეს საქმე და მკვლელობაში მონაწილე პირები პროკურატურას იდენტიფიცირებული არ ჰყავს. ეს განაჩენი კიდევ ერთხელ მეტყველებს პროკურატურის უსუსურობაზე, რომ საქმე არ იყო გამოძიებული. განაჩენმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ დავით სარალიძეს 12 ჭრილობა აქვს მიყენებული და პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებითა და წარდგენილი მტკიცებულებებით აღნიშნული არ საბუთდება. ექსპერტიზის დასკვნები, პირდაპირ ადასტურებს იმას, რომ დავით სარალიძესთან მიმართებაში გამოყენებული იყო არაერთი იარაღი“, - განაცხადა ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტმა, ნესტან ლონდარიძემ.

საქალაქო სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანის შემდეგ, ზაზა სარალიძემ და მისმა მხარდამჭერებმა საქართველოს მთავარ პროკურატურასთან გადაინაცვლეს, მოთხოვნით, გადამდგარიყო მთავარი პროკურორი და მისი პასუხიმგებლობა დამდგარიყო. მოგვიანებით, აქციაზე დამატებითი მოთხოვნებიც გაჟღერდა: აქციის მონაწელეები მთავრობის გადადგომასა და სისტემის ცვლილებას ითხოვდნენ. 

მთავარ პროკურატურასთან მიმდინარე აქციას პანკისის სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილიც შეუერთდა. მან აღნიშნა, რომ ზაზა სარალიძის გვერდით იქამდე იდგება, სანამ დავით სარალიძის მკვლელობაში დამნაშავეები არ დაისჯებიან. მთავარ პროკურატურასთან მივიდნენ და ზაზა სარალიძეს მხარდაჭერა გამოუცხადეს მოსწავლეებმა და სტუდენტებმაც. აქციაზე იმყოფებოდნენ 51-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები. აქციაზე იყო პოლიტიკური განცხადებებიც, მთავარ პროკურატურასთან მივიდნენ საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წევრები. აქციაზე იმყოფებოდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის წევრები და პირველი ლედიც.

31 მაისს, საღამოს შვიდ საათზე მთავარმა პროკურორმა, გადადგომის შესახებ, განცხადება გაავრცელა.

„დღეს მიღებული გადაწყვეტილება იყო სასამართლოს მხოლოდ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება; სამართლებრივი პროცესი აუცილებლად გაგრძელდება და მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა დამნაშავე კანონის სრული სიმკაცრით აგებს პასუხს. ამისთვის ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ - საზოგადოებამ ეს უნდა იცოდეს. დღეს, პროკურატურის მიერ სასამართლოში წარდგენილი იქნა მტკიცებულებები, რომლებიც, ჩემი აზრით, უზრუნველყოფდა საქმეზე სამართლიანი განაჩენის დადგომას.  პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად არ გაიზიარა ეს მტკიცებულებები და ამ ძალიან მძიმე საქმეზე სამართლიანი შედეგი ამ ეტაპზე ვერ დადგა. თუმცა, ეს პროცესი გაგრძელდება ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში და ვფიქრობ, ყველა დამნაშავე სათანადოდ აგებს პასუხს კანონის წინაშე“, - ვკითხულობთ ირაკლი შოთაძის განცხადებაში.

მას შემდეგ, რაც ირაკლი შოთაძის გადაწყვეტილების შესახებ მთავრ პროკურატურასთან შეკრებილმა მომიტინგეებმა შეიტყვეს, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ აქცია რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ გაგრძელებულიყო. 

გვიან ღამით, საქართველოს პარლამენტის შენობასთან პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მივიდა, რომელსაც იქ შეკრებილმა საზოგადოებამ სიტყვის თქმის შესაძლებლობა არ მისცა, მეტიც, მას მომიტინგეებმა ბოთლები დაუშინეს და აქციის დატოვებისკენ მოუწოდეს.

ამის შემდეგ, კანცელარიაში გიორგი კვირიკაშვილის საგანგებო ბრიფინგი დაინიშნა. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის მომხდარი მკვლელობის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შემადგენლობას პარლამენტი უახლოეს ვადებში დაამტკიცებს.

„დღეს პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე. უმოკლეს ვადაში, რიგგარეშე სხდომაზე შეიკრიბება პარლამენტი, დაამტკიცებს კომისიის შემადგენლობას, სადაც, რამდენადაც ვიცი, შესაძლებელია და კარგიც იქნება, რომ უმცირესობა იყოს წარმოდგენილი უმრავლესობის სახით. უმოკლეს პერიოდში დაიწყებს კომისია მუშაობას, როცა ეს ტექნიკურად შესაძლებელი იქნება. ხვალიდან შინაგან საქმეთა სამინისტრო დაიბრუნებს საქმეს და ვიცე პრემიერი გიორგი გახარია გამოძიების პროცესს გაუძღვება. ის იქნება ხელმძღვანელი და, რა თქმა უნდა, მე ყველა ნაბიჯში ვიქნები ჩართული, გავაკონტროლებ გამოძიების პროცესს. მინდა, გარანტია მივცე დაღუპული ბავშვების მშობლებსა და ოჯახის წევრებს, რომ გამოძიების ნებისმიერ ეტაპზე, ყოველდღიურად, რა ხარისხითაც ისინი მოინდომებენ, ინფორმაციის მიღებას და პროცესში ჩართვას, იმ ხარისხით იქნებიან ჩართული როგორც შსს-ს მიერ წარმართულ პროცესში, ასევე საგამოძიებო კომისიის მიერ წარმართულ მუშაობაში“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ზაზა სარალიძემ პრემიერის განცხადებას ასე უპასუხა:
„ხელისუფლებამ უკვე გადადგა უმეცარი ნაბიჯი, როდესაც შსს-ს გადასცა ეს საქმე. რა ძიებაზეა საუბარი?! მოწმეები, ნივთმტკიცებები არ არსებობს, ვის ატყუებენ. მე მატყუებენ თუ თავის თავს ატყუებენ. მოწმე დაშინებულია, მშობლები დააშინეს, შვილებს მოგიკლავთ, თუ თქვენი შვილები სიმართლეს ილაპარაკებენო. ვინმე გადადგამს ამ ნაბიჯს? თუ ნივთმტკიცებები აღარ არის, რა უნდა გამოიძიონ? ეს იყო უმეცარი გადაწყვეტილება მათი მხრიდან, რომ თითქოს ილუზია შეიქმნეს, მე დავთანხმდებოდი ამას. არავითარ შემთხვევაში. დაუყოვნებლივ იქნეს დაკავებული ყველა ის პირი, რომელთა შესახებაც აქამდე ვსაუბრობდი. ეს იქნება მათი სწორი ნაბიჯი. წინააღმდეგ შემთხვევაში, სისტემა და სისტემის მფარველი მთავრობა დაემხობა“, - განაცხადა ზაზა სარალიძემ.
აქცია პარლამენტის წინ 1 ივნისს გაგრძელდა. ზაზა სარალიძესთან სასაუბროთ ქვეყნის პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მივიდა. მან პირისპირ, ხალხისა და კამერების გარეშე, ითხოვა სარალიძესთან საუბარი. 

„უპირველესად, ბუნებრივია, მთავარი სათქმელი იყო, იმ ტკივილის გაზიარება, რომლითაც სავსეა ამ კაცის გული და რომელიც ბევრ ადამიანს შეეხო. ჩემი მიზანია, ურთიერთობა მქონდეს როგორც ზაზასთან, ასევე სხვა ადამიანებთან, ვისაც ეს გულისტკივილი აქვთ, იმისთვის, რომ მშვიდი, წყნარი და სტაბილური პროცესი იქნას უზრუნველყოფილი, ქვეყანაში იყოს სიმშვიდე. ბუნებრივია, ამისთვის მე ურთიერთობა მექნება  ხელისუფლებასთანაც. ვეცდები, საქართველო იყოს ყველასთვის ის ქვეყანა, რომელშიც ისინი ერთდროულად პოულობენ სამართლიანობის განცდას და, ამავე დროს, ეს იყოს სტაბილური ქვეყანა“, - განაცხადა მარგველაშვილმა. 

როგორც ზაზა სარალიძე და მისი მხარდამჭერები აცხადებენ, აქციები მანამ გაგრძელდება, სანამ დანაშაულში მონაწილე ყველა პირი არ დაისჯება. პროკურატურა და დაცვის მხარის ადვოკატები საქალაქო სასამართლოს განაჩენის გასაჩივრებას სააპელაციო სასამართლოში აპირებენ. საქალაქო სასამართლოს განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში.

ახალი ამბები