კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საკუთრების რეგისტრაციის პრობლემა საოკუპაციო ხაზთან

21 ივნისი, 2018
 
ლადო ბიჭაშვილი,  შიდა ქართლი

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად ერედვის მუნიციპალიტეტი მთლიანად ოკუპირებულია. მუნიციპალიტეტის ერთადერთი სოფელი ბერულა კი საოკუპაციო ხაზმა შუაზე გაყო. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა სოფლის ტყე, საძოვრები და სახნავ-სათესი მიწის ნაკვეთების ნაწილი. 
 
სოფელს ორ ნაწილად სადერმაკაციო ხაზი,  ე.წ. „საზღვრის“ აღმნიშვნელი ბანერები და მწვანე ღობები ყოფს.  სოფელში საოკუპაციო ხაზი არასწორად გადის,  რაზეც ბერულაში მცხოვრები ილია ბერუაშვილი გვეუბნება, რომ იმ დროს, როდესაც რუსი და ოსი სამხედროები სადერმაკაციო ხაზს ავლებდნენ, ადგილობრივებმა იაქტიურეს, რის შედეგადაც, იძულებული გახდნენ, მათ ნაკვეთების ნაწილიდან და სოფლის სასაფლაოს იქით გაევლოთ საოკუპაციო ხაზი.

ილია ბერუაშვილი როდესაც ამ ამბავს გვიყვება, თან გვაჩვენებს რკინის საყრდენებს, სადაც თავდაპირველად ჰქონდათ დაგეგმილი ე.წ. „საზღვრის“ გავლება. აღნიშნული საყრდენები, დღეის მდგომარეობით, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზეა დარჩენილი.

,,როდესაც აქ ბანერებს და ღობეებს ამონტაჟებდნენ მე და რამდენიმე ადგილობრივი გავედით და გავაპროტესტეთ.  ჩვენმა პროტესტმა დიდი შედეგი შეიძლება, ვერ გამოიღო, თუმცა იმას მივაღწიეთ, რომ რამდენიმე ათეული მეტრით გადავატანინეთ ე.წ. საზღვარი“,  - ამბობს ბერუაშვილი.

ილია ბერუაშვილს მცოცავმა ოკუპაციამ გადააწყვეტინა, რომ მის მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთი  საკუთრებაში დაერეგისტრირებინა და ამისთვის პროცედურები დაიწყო.

პირველი წერილით საჯარო რეესტრს მიმართა, საიდანაც უარი მიიღო.  საჯარო რეესტრმა უპასუხა, რომ ნაკვეთი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარეობდა და ამის გათვალისწინებით ვერ დაურეგისტრირებდნენ. 

,,ჩემი მხრიდან  არაერთი ახსნა-განმარტების მიუხედავად, რომ ნაკვეთი არა ოკუპირებულ ტერიტორიაზე, არამედ საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარეობდა, შედეგი ვერ გამოიღო და ამის შემდეგ უკვე ადმინისტრაციული საჩივრით საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მივმართე, საიდანაც ანალოგიური პასუხი მივიღე და უარი მითხრეს ნაკვეთის რეგისტრაციაზე", - აცხადებს ბერუაშვილი.

ილია ბერუაშვილმა მისი საკუთრების დასაცავად უკვე სასამართლოს მიმართა. 
16 მაისს გორის რაიონულმა სასამართლომ მისი  ადმინისტრაციული სარჩელი სრულად დააკმაყოფილა და საჯარო რეესტრს დაავალა, რომ  ილია ბერუაშვილს საოკუპაციო ხაზთან მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი საკუთრებაში დაურეგისტრიროს. 

გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ნაცვლად, საჯარო რეესტრმა  გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.  მათმა წარმომადგენელმა სასამართლო პროცესზე  გასაჩივრების ერთ-ერთ მოტივად მსგავსს საკითხებზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების მიღება და შესაბამისად, ერთიანი პრაქტიკის ჩამოყალიბება დაასახელა. 

ილია ბერუაშვილის ინტერესებს სასამართლოში ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი, ალექსი მერებაშვილი იცავდა.
 
,,სასამართლომ დააკმაყოფილა ილია ბერუაშვილის ადმინისტრაციული სარჩელი და დაავალა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიწის ნაკვეთის მის საკუთრებაში დარეგისტრირება. სასამართლომ დაადგინა, რომ ნაკვეთი არ არის ოკუპირებული და რეესტრი ვალდებულია, დაარეგისტრიროს ის. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, საჯარო რეესტრმა უკვე გაასაჩივრა აღნიშნული გადაწყვეტილება, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა, თუმცა, მეორე მხრივ, ეს შეიძლება, კარგიც აღმოჩნდეს იმ კუთხით, რომ ჩამოყალიბდება  სასამართლო პრაქტიკა და ადამიანებს, რომლებსაც ანალოგიური პრობლემა აქვთ, შეძლებენ მიწის ნაკვეთების რეგისტრირებას სასამართლო დავების გარეშე", - აცხადებს მერებაშვილი.

ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენელები საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ბერულაში იმყოფებოდნენ და არსებულ სიტუაციას გაეცნენ. აქ მცხოვრებლებისთვის  ძირითად პრობლემას მიწის ნაკვეთების რეგისტრაცია წარმოადგენს. 

ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლის, უჩა ნანუაშვილის განცხადებით, საოკუპაციო ხაზთან მაცხოვრებლები არიან მეციხოვნეები და სახელმწიფომ მათ ყურდღება უნდა მიაქციოს და ის პრობლემები მოუგვაროს, რომელიც მათ თუნდაც კერძო საკუთრების რეგისტრაციისას ექმნებათ. 

,,ილია ბერუაშვილის მიწის ნაკვეთი ფაქტობრივი მდგომარეობით არ არის ოკუპირებული, მდებარეობს საოკუპაციო ზოლისა და ბანერის აქეთ. მას არ ექმნება არავითარი პრობლემა მის მოვლასა და დამუშავებისას. ნაკვეთზე, როგორც დე ფაქტო ისე დე იურე იურისდიქციას საქართველოს მთავრობა ახორციელებს. მიუხედავად ამისა, სარეგისტრაციო სამსახური დაუსაბუთებლად უარს აცხადებდა უძრავი ქონების საკუთრებაში რეგისტრაციაზე", - აცხადებს უჩა ნანუაშვილი.

ილია ბერუაშვილი დარწმუნებულია, რომ ზემდგომი ინსტანციები ძალაში დატოვებენ გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას და მიწის ნაკვეთს საკუთრებაში დაურეგისტრირებენ. მით უფრო, რომ ამავე სოფელში, მსგავსი პრობლემის მქონე არაერთი მაცხოვრებელი ელოდება საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილებას.

ახალი ამბები