კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლები - პრობლემები და გამოწვევები

11 ივლისი, 2018
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზაარდიაანთკარში სკოლაში წასასვლელად წელს მხოლოდ ერთი მოსწავლე ემზადება. სკოლა მეზობელ სოფელ მერეთში მდებარეობს, რომელიც ზაარდიაანთკარიდან 10 კილომეტრით არის დაშორებული. სოფელში, სადაც საოკუპაციო ხაზი გადის, სკოლასთან ერთად არც საბავშვო ბაღია. თუმცა, სოფელში ახლა ეს საკითხი ყველაზე ნაკლებად ადარდებთ, მათი პირველი საზრუნავი სარწყავი წყალია, რომელიც მოსახლეობის ნაწილს არ მიეწოდება, რადგან სარწყავი არხი ყველა ნაკვეთს წვდება და, შესაბამისად, მოურწყავი რჩება.

,,ერთადერთი მოსწავლე ჩემი შვილია, რომელიც წელს ზაარდიაანთკარიდან მიდის სკოლაში. სოფელი მოსახლეობისგან იცლება, ეს განპირობებულია ხელისუფლების უყურადღებობით. არ არის სარწყავი წყალი, პირადად ჩემს ნაკვეთებამდე არხიც არ არის მიყვანილი და უწყლოდ დარჩენილი ნაკვეთებიდან მოსავალს ვერ მივიღებთ", - აცხადებს მზია ქარელი.

ომის კვალი ზარდიაანათკარს 10 წლის შემდეგ ისევ ეტყობა, დამწვარ და დაზიანებულ სახლებში ბევრი არაფერი შეცვლილა. ომის დროს დაზიანებული საცხოვრებელი სახლის სახურავიდან მზია ქარელს წყალი ჩამოსდის: „დაზიანებულია ფანჯრებიც, ვითხოვთ, რომ სახურავი და ფანჯრის ჩარჩოები მაინც გაგვიკეთონ, რადგან ომმა დაგვიზიანა", - ამბობს მზია ქარელი.

ომის დროს მიყენებული ზარალის შემსწავლელი კომისია, ადგილობრივების თქმით, ერთხელ 2009 წელს და მეორედ 2014 წელს შეიქმნა, თუმცა ადგილობრივებს არც კომისიის დასკვნა არ უნახავთ და არც დახმარება მიუღიათ.

,,ჯერ ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების პერიოდში შეიქმნა კომისია, აღწერეს ზარალი, მაგრამ შედეგი  არ ჰქონია. მეორედ უკვე -  ,,ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ზარალის შემსწავლელი კომისია შერიგებისა და თანასწორობის სამინისტრომ შექმნა, თუმცა არც მათგან არ ყოფილა რაიმე შედეგი",  - ამბობს ცისანა თაზიაშვილი.

საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებლები, სოფელში ამბულატორიის გაკეთებასა და სოფლის ექიმს ითხოვენ, რადგან ძირითადი მაცხოვრებლები ხანში შესულები არიან და ექიმთან ყოველდღიურ კონსულტაციებს საჭიროებენ.  პრობლემებთან ერთად ადგილობრივები აღნიშნავენ, რომ მათ სოფელში საავტომობილო გზა გაკეთდა და ბუნებრივი გაზი შევიდა, ასევე მთის კანონის შეღავათებიც გავრცელდა.

ზარდიაანთკარის მოსახლეობის მსგავსად,  პრობლემები აქვს მეზობელ სოფელ გუგუტიანთკარის მოსახლეობას.  სარწყავ არხს, რომლის გაკეთება ორ მილიონ ლარამდე დაჯდა, მოსახლეობის ნაწილი ვერ იყენებს რადგან წყალი არხში ბოლომდე ვერ ადის. სარწყავ წყალთან ერთად ადგილობრივებს დასალევი წყლის პრობლემაც აქვთ, ჭაბურღილის ავზი, რომლის მეშვეობითაც სოფელი დასალევი წყლით მარაგდება, ჟანგმოდებულია და იქიდან ონკანებში წამოსულ წყალს, ადგილობრივების თქმით, მინარევები მოჰყვება და სასმელად უვარგისია. 

ორივე სოფელი მერეთის თემში შედის, რომლის მაჟორიტარი დეპუტატი ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოში მერაბ მახარაშვილი ამბობს, რომ პრობლემების შესახებ ინფორმირებულია. მახარაშვილს საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მაცხოვრებლების ინდივიდუალური პრობლემების მოგვარება, რომელიც ომის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურებას ეხება, ადგილობრივი ბიუჯეტიდან წარმოუდგენლად მიაჩნია.

,,სასმელი და სარწყავი წყლის პრობლემების მოგვარებაზე უკვე დაწყებული მაქვს მუშაობა, რაც შეეხება ომის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურებას, ადგილობრივ ბიუჯეტში ამისთვის სახსრები არ მოიძებნება",  - აცხადებს მერაბ მახარაშვილი.

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში, არსებული მდგომარეობის შესასწავლად, ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლები ადგილზე ჩავიდნენ და პრობლემების შესახებ ინფორმაცია ადგილობრივებისგან მოისმინეს. როგორც ორგანიზაციის ერთ-ერთი პროექტის ხელმძღვანელი, უჩა ნანუაშვილი აცხადებს, ვიზიტების შედეგად გამოკვეთილ პრობლემებზე ადამიანის უფლებათა ცენტრი ანალიზის დოკუმენტს მოამზადებს და რეაგირების მიზნით, რეკომენდაციის სახით, შესაბამის სამთავრობო უწყებებს მიმართავას.

,,მთავარი მიზანი ამ ვიზიტების არის ის, რომ გამოვკვეთოთ ის პრობლემები, რომლებიც ადგილობრივებს აწუხებს.  ადგილზე ჩამოსვლა გვეხმარება იმაში, რომ პირველი, ჩვენ უფრო მეტად სიღრმისეულად ვიცოდეთ პრობლემების შესახებ და მეორე -  გამოკვეთილ პრობლემურ საკითხებზე რეაგირებისთვის. ჩვენ რამდენიმე ვიზიტი განვახორციელეთ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში, გამოიკვეთა მთელი რიგი საკითხები, რომელიც კვლავ პრობლემაა, მიუხედავად იმისა, რომ არაერთი პროგრამა დაიწყო ამ სოფლებში. 

ზარდიაანთკარში კომპენსაციის საკითხზე ჯერ კიდევ მაშინ მქონდა ანგარიში მომზადებული, როდესაც სახალხო დამცველი ვიყავი. აპარატი ითხოვდა პრობლემების მოგვარებას, რაც დღემდე არ მოგვარებულა და, შესაბამისად, მოსახლეობის მიგრაციის ტალღა საკმაოდ მაღალია, რომელიც დაკავშირებულია სოციალურ-ეკონომიკურ პირობებთან. გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში აუცილებელია საბავშვო ბაღების, სკოლების, ამბულატორიების გახსნა და, პირველ რიგში, უსაფრთხოების დამატებითი ღონისძიებების გატარება. არის სოფლები, სადაც ამ კუთხით მდგომარეობა გაუმჯობესებულია და, შესაბამისად, პოლიციის საგუშაგო პოსტებიც არის, თუმცა დარჩენილია სოფლები, სადაც მოსახლეობა რეალურად საფრთხის წინაშე დგას.  ამ სოფლებში უნდა მოხდეს პოსტების გაკეთება და სამართალდამცველების ეფექტური პატრულირება უნდა დაიწყოს" , - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა. 

უჩა ნანუაშვილს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას ინიციატივაზეც ვკითხეთ, რომელიც  საოკუპაციო ხაზთან მობილური ჯგუფების რაოდენობის გაზრდას ეხება.

,,სამართალდამცველებისა და მობილური ჯგუფის გაზრდაც აუცილებელია, მაგრამ იმ სოფლებში სადაც არ არის საპოლიციო პოსტი, უნდა გაიხსნას. ასეთი სოფლებია: ჯარიაშენი, ბერშუეთი და სხვა დასახლებულ პუნქტები, სადაც აუცილებელია არა მხოლოდ ჩვენი სამართალდამცავების პატრულირება, არამედ მუდმივი პოსტის გახსნა. ასევე ჩვენ ცალკე ვსწავლობთ მოქალაქეთა გატაცებების დინამიკას და ამასთან დაკავშირებითაც ადამიანის უფლებათა ცენტრი მოამზადებს ანგარიშს, რათა უფრო სიღრმისეული ინფორმაცია გვქონდეს, რადგან გვაქვს ინფორმაცია, რომ არ ხდება, ყველა დაკავების დოკუმენტირება, საქართველოს ხელისუფლების და რუსული მხარის მიერ გავრცელებული ინფორმაცია დაკავებების სტატისტიკის შესახებ არ ემთხვევა ერთმანეთს",  -აცხადებს ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენელი უჩა ნანუაშვილი.

ახალი ამბები