კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გორის მუნიციპალიტეტის მერის იმპიჩმენტის საკითხს საკრებულო აღარ განიხილავს

24 ივლისი, 2018
 
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

23 ივლისს,  გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, სამანდატო-საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის რიგგარეშე სხდომაზე, გორის მუნიციპალიტეტის მერის, კონსტანტინე თავზარაშვილის იმპიჩმენტის საკითხის საკრებულოს დღის წერიგში დაყენების შესახებ იმსჯელეს. გორის მერის იმპიჩმენტის მოთხოვნით კომისიას  ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ბექა ქორჩილავამ მიმართა. ქორჩილავას თქმით,  კონსტანტინე თავზარაშვილი გორის მერად არჩევიდან რვა თვის განმავლობაში შპს ,,მარინის" დირექტორად იყო გაფორმებული, რაც  „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევაა და  მისი თქმით, მერისთვის უნდობლობის გამოცხადების საფუძველი უნდა გახდეს. 

,,ეს არის კანონის დაღვევა, ეს ადამიანი არღვევდა კანონს ბოლო 5 წლის განმავლობაში, როდესაც იყო ჯერ კიდევ საკრებულოს თავმჯდომარე, ხოლო მერად არჩევიდან რვა თვის განმავლობაში კიდევ აღნიშნული კომპანიის დირექტორი იყო, რაც გორის მერის უნდობლობის გამოცხადების საფუძველია. კომისიას მივმართე განმარტებითი ბარათით და ვითხოვ, დაიწყოს კონსტანტინე თვაზარაშავილის იმპიჩმენტის პროცედურები და საკითხი საკრებულოს დღის წერიგში შევიდეს", - აცხადებს ბექა ქორჩილავა.

გორის მერისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხს კომისიის სხდომაზე, ხმაურის გარეშე არ ჩაუვლია. გორის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი კომისიის სხდომას არ ესწრებოდა, თუმცა მისი პოზიცია წერილობით გაუგზავნა საკრებულოს წევრებს. საკრებულოს წევრებმა, მეტი თვალსაჩინოებისთვის, კომისიის სხდომაზე შეამოწმეს შპს „მარინის“ დირექტორის პოზიცია ჰქონდა თუ არა დაკავებული ქალაქის მერს, თუმცა, ამ დროისთვის, შპს „მარინის“ დირექტორი გორის მერის შვილია.

საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე ამბობს, რომ თავზარაშვილს დაავიწყდა, რომ შპს-ს ხელმძღვანელი იყო და აღნიშნული ხარვეზი უკვე გამოსწორებულია. ამის გათვალისწინებით, გორის მერის საიმპიჩმენტო პროცედურების დაწყებას გაუმართლებლად მიიჩნევს. 

,,როდესაც საყვედური ვუთხარი ბატონ კოტეს, თუ რატომ ხდებოდა ეს, დაიფიცა, რომ ნამდვილად არ მახსოვდაო. ანალოგიურად მოეთხოვებოდა წინა მოწვევაში, როდესაც ის საკრებულოს თავმჯდომარე იყო. ეს ფირმა 90-იან წლებში რაღაც მიზნით შეიქმნა, თუმცა მაშინვე არანაირი ფუნქცია არ ჰქონია, არანაირი სამეწარმეო საქმიანობა არ წარუმართია. ეს იყო ნამდვილად ადამიანური სისუსტე, რომ დაავიწყდა და ამიტომ არ გვაქვს უფლება კანონმდებლობით, იმპიჩმენტზე დავაყენოთ მისი საკითხი",- განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით რაზმაძემ.

საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის 11 წევრიდან სხდომას რვა ესწრებოდა, ხანგრძლივი კამათის შემდეგ საიმპიჩმენტო პროცედურების საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში დასაყენებლად ხმები ასე გადანაწილდა: სამი მომხრე და ხუთი წინააღმდეგი. კომისიის გადაწყვეტილებით გორის მერის იმპიჩმენტის საკითხი საკრებულოს დღის წერიგში აღარ შევა. კომისიის სამი წევრიდან, ვინც მერის იმპიჩმენტს მოითხოვდა ორი ოპოზიციიდან და ერთი მართველი პარტიის რიგებიდან იყო. ,,ქართული ოცნების" წევრს, იოსებ მუმლაძეს საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ დამატებითი კომენტარი აღარ გაუკეთებია. 

კომისიის სხდომაზე  მერის იმპიჩმენტის საკითხის ჩავარდნის შემდეგ საკრებულოს  წევრი ბექა ქორჩილვა აპირებს, რომ სასამართლოს მიმართოს.

ახალი ამბები