კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ოპოზიციური პარტიების კანდიდატები იბრძოლებენ - მმართველი პარტია კანდიდატს არ ასახელებს

30 ივლისი, 2018
ლანა გიორგიძე 

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, რომელიც ოქტომბრის თვეში გაიმართება, მმართველი პარტია კანდიდატს არ დაასახელებს, ხოლო ოპოზიციურმა პარტიებმა კანდიდატები უკვე წარადგინეს. 

„ჩვენ არაერთი კანდიდატი გვყავს, რომელსაც შეუძლია ღირსეული შედეგი მიიღოს, მაგრამ ჩვენი დემოკრატიისთვის იქნება უკეთესი, რომ „ქართულ ოცნებას“ არ ჰყავდეს საკუთარი კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებზე“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში 26 ივლისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ამ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ გვაქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა პარლამენტში, ჩვენი დემოკრატიისთვის იქნება უკეთესი, რომ „ქართულ ოცნებას“ არ ჰყავდეს საკუთარი კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებზე. ორივე ამ არგუმენტს აქვს ძალიან სერიოზული წონა. ამის გათვალისწინებით, არის სწორედ ეს კონსულტაციები. მინდა გითხრათ, რომ ძალიან შინაარსობრივი მსჯელობები მიმდინარეობს და როგორც პარტიის თავმჯდომარემ განაცხადა, უახლოეს პერიოდში ჩვენ საზოგადოებას შეჯერებულ პოზიციას ვაცნობებთ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ რამდენიმე ოპოზიციურ პარტიასთან ერთად პრეზიდენტობის კანდიდატად გრიგოლ ვაშაძე წარადგინა, „ევროპულმა საქართველომ“ - დავით ბაქრაძე; „გირჩის“ კანდიდატია - ზურაბ ჯაფარიძე; არაპარტიული კანდიდატია „შენების მოძრაობის“ წევრი დავით უსუფაშვილი,  ხოლო თავისი გეგმების შესახებ ჯერჯერობით არაფერს  ამბობს მოქმედი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი.

10-მა ოპოზიციურმა პარტიამ 17 ივლისს, ქუთაისში, ბაგრატის ტაძრის ეზოში საერთო საპრეზიდენტო კანდიდატი წარადგინა. გრიგოლ ვაშაძემ წარდგენის შემდეგ იმ გეგმებსა და პროგრამაზე ისაუბრა, რომლებსაც არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში განახორციელებს.

„პირველი ნაბიჯი ეროვნული კონსესუსიკენ, პირველი ნაბიჯი ეროვნული თანხმობისკენ უკვე გადადგმულია სამოქალაქო მოძრაობის შექმნით, რომლის ლიდერებიც აქ გახლავთ და დარწმუნებული ვარ, ეს ხალხი რომელიც უმწიკვლოდ ემსახურა სახელმწიფოს, უმრავლესობა ყოველთვის იყო საჯარო სამსახურში, პოლიტიკაში უმრავლესობას თითქმის მონაწილეობა არ მიუღია, ეს ადამიანები ბევრს შემატებენ ჩვენს მთავარს საქმეს.

ჩვენს ეროვნულ მთავარ მიზანს ვერ მივაღწევთ, თუ უარს არ ვიტყვით ყალბ პოლიტიკურ კორექტურობაზე და ყველაფერზე არ დავიწყებთ გულახდილ საუბარს, მთავარ ეროვნულ მიზანს ვერ მივაღწევთ, თუ გვექნება შიში არასტანდარტული ნაბიჯების, თუ ისევ უმოქმედობაში ვიქნებით, ყველამ ვიცით, ვინ ახრჩობდა ოპოზიციას თითქმის ექვსი წელი, მაგრამ ის, რომ ექვსი წელი გავატარეთ მოხრჩობილ მდგომარეობაში, ეს უკვე ჩვენი ბრალია. ჩვენი ბრალია, ჩვენი უნიციატივობის, ჩვენი ფობიების, ხალხთან გაწყვეტილი კავშირის გამო და რაც მთავარია, ერთმანეთის უნდობლობის გამო. ეს უნდა დამთავრდეს და დამთავრდება იმიტომ, რომ ძალა ერთობაშია“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ ქუთაისში გამართულ შეხვედრაზე.

„პრეზიდენტი უნდა გახდეს გრიგოლ ვაშაძე, სტაბილური პიროვნება, რომლის ოჯახშიც კიაფობს საოცარი ბრილიანტი, – ამის შესახებ პუბლიცისტმა თაკო ჩარკვიანმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის წარდგენისას განაცხადა.

თაკო ჩარკვიანის თქმით, ის ხმას აძლევს გრიგოლ ვაშაძეს, როგორც უბრწყინვალეს პიროვნებასა და უმაღლესი რანგის დიპლომატს.

გრიგოლ ვაშაძე 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების დროს ქუთაისის მერობის კანდიდატი იყო. 1990 წლიდან 2008 წლამდე ვაშაძე დაკავებული იყო კერძო ბიზნესით. 2008 წლის 6 თებერვალს ის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. 2008 წლის 2 ნოემბერს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი გახდა, ხოლო იმავე წლის 6 დეკემბრიდან - 2012 წლამდე იყო საგარეო საქმეთა მინისტრი.

„შთაბეჭდილება მრჩება, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საპრეზიდენტო არჩევნებში შეგნებულად სუსტი კანდიდატი წარადგინა“, - ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატად გრიგოლ ვაშაძის წარდგენას.

„არსებობდა ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გეგმავდა საკუთარი კანდიდატურის მოხსნას კონკრეტული კანდიდატურის სასარგებლოდ. თქვენ შეგიძლიათ მარტივად იმსჯელოთ, თუ ვინ შეიძლება იყოს ეს კანდიდატი და ვინ შეიძლება იყოს ყველაზე მეტად მისაღები „ნაციონალური მოძრაობისთვის“. ეს ეჭვი წარდგენილმა კანდიდატმა გარკვეულწილად გაამყარა. ეს არის სუსტი კანდიდატი და რაში უნდა აწყობდეს „ნაციონალურ მოძრაობას“ სუსტი კანდიდატის წარდგენა, ამაზე თავად შეგიძლიათ იმსჯელოთ“, - განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი კობახიძემ.

21 ივლისს საპრეზიდენტო კანდიდატი დაასახელა ოპოზიციურმა პარტია „ევროპულმა საქართველომ”. პარტიამ საპრეზიდენტო კანდიდატი დავით ბაქრაძე ქუთაისში, სპორტის სასახლეში წარადგინა.

როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ აღნიშნა, დღეს ქვეყანას სჭირდება გამაერთიანებელი პრეზიდენტი, რომელიც საზოგადოებას დაანახებს, რომ ხვალინდელი დღე არის საიმედო.

დავით ბაქრაძე საპარლამენტო უმცირესობის ლიდერია. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ის „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატი იყო. 2008-2012 წლებში კი,  პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა.

„საქართველოს წინსვლას სჭირდება ივანიშვილის გუნდის მარცხი და ევროპული საქართველოს გამარჯვება“, - ამ სიტყვებით მიმართა გიგა ბოკერიამ ქუთაისის სპორტის სასახლეში შეკრებილ საზოგადოებას.

„დიდი მადლობა იმედისთვის, დიდი მადლობა რწმენისთვის, მადლობა იმისთვის, რომ ყველა ერთად ვდგავართ რთულ ბრძოლაში, მაგრამ არ დავღლილვართ და არ დავიღლებით იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანას ჰქონდეს უკეთესი ხვალინდელი დღე. თუ ჩვენ ვიბრძოლებთ, თუ ჩვენ ერთად ვიდგებით, საქართველო აუცილებლად წავა წინ და იქნება უკეთესი“ , - ეს განცხადება საპრეზიდენტო კანდიდატმა, დავით ბაქრაძემ 21 ივლისს ქუთაისში გააკეთა. 

დავით ბაქრაძის თქმით, მისი ამოცანა არ იქნება კონკრეტული ადამიანების წინააღმდეგ ბრძოლა, მთავარი ამოცანა იქნება, უიმედობის, სიღარიბის, გაჭირვებისა და კითხვის „არაფერი გვეშველება?“ - დამარცხება. 

საპრეზიდენტო კანდიდატია „შენების მოძრაობის“ წევრი დავით უსუფაშვილი, ამის შესახებ მან „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა. 

მისი თქმით, საზოგადოებამ, რომელსაც ქვეყნის სწორი მმართველობის ჩამოყალიბება სურს, მხარი მას უნდა დაუჭიროს. „შენების მოძრაობის“ ლიდერის შეფასებით, საპრეზიდენტო არჩევნებზე ისეთი კანდიდატები იქნებიან წარმოდგენილი, ამომრჩევლისთვის არჩევანის გაკეთება საპასუხიმგებლო და სასიამოვნო იქნება. მისი შეფასებით, საზოგადოებას არჩევანის გაკეთება არა ცუდებს, არამედ კარგებს შორის მოუწევს. 

„მე დარწმუნებული ვარ, 2012 წლის ცვლილებების ერთგული და დღეს იმედგაცრუებული ადამიანები იმის მოსურნე არიან, რომ ეს ღირებულებები და პრინციპები დამკვიდრდეს და გაგრძელდეს ქვეყანაში. ასეთ ერთ-ერთ კანდიდატად მე ჩემს თავს განვიხილავ“,- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

გარდა წარდგენილი კანდიდატებისა, მედიაში ვრცელდება ინფორმაცია დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის შესახებ. აღნიშნულ კანდიდატთან დაკავშირებით ისაუბრა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილმა თავისი განცხადებით კიდევ უფრო წაახალისა დამოუკიდებელი კანდიდატები. 

„ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი დიდი პატივისცემით სარგებლობს ქვეყანაში, საზღვარგარეთ, პარლამენტში. თუ ის გადაწყვეტს, რომ ჩაერთოს საპრეზიდენტო კამპანიაში, ის ნამდვილად ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი კანდიდატი იქნება. თუმცა ჩვენ კონკრეტულად რა პოზიციას დავაფიქსირებთ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, ეს უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი", - განაცხადა თალაკვაძემ.

ზურაბიშვილმა „ოცნებასთან“ მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაცია უარყო და ამ დროისთვის არ წარუდგენია საკუთარი კანდიდატურა ამომრჩევლებისთვის. 

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის დასახელებული კანდიდატების შესაფასებლად humanrights.ge -მ კითხვით ექსპერტ მამუკა არეშიძეს მიმართა. 
„ყველაზე წონიან კანდიდატად, პოლიტიკური გამოცდილების გათვალისწინებით,  დავით უსუფაშვილი მიმაჩნია. ამასთან, გასათვალიწინებელია მისი კავშირებიც. სხვა კანდიდატებს რაც შეეხებათ, წარმომიდგენია, როგორ დაყოფენ ხმებს იმ ამომრჩევლების, რომლებიც ოპოზიციურად არიან განწყობილი ხელისუფლების მიმართ. ამის გათვალისწინებით, გამარჯვების შანსი არცერთ წარმოდგენილ კანდიდატს არ აქვს. ის ამომრჩევლები, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგნი არიან და ბევრი რამ არც „ქართული ოცნების“ არ მოსწონთ, გადაიხრებიან უსუფაშვილის მხარეს. პრაქტიკულად, უსუფაშვილს თავისი ელექტორატი ეყოლება. ყველაფერი დამოკიდებულია ფინანსურ რესურსზე, თუმცა წარმოდგენილ პარტიებს შორის ყველაზე დიდი რესურსი „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს, მაგრამ ვაშაძემ ქუთაისის არჩევნებში ვერანაირი შედეგი ვერ აჩვენა და საპრეზიდენტო არჩევნებში რატომ მოხდება ისე, რომ მას განსაკუთრებული შანსები ჰქონდეს. თუმცა, ვერ დავეთანხმები პარლამენტის თავმჯდომარის მოსაზრებას, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სპეციალურად დაასახელა სუსტი კანდიდატი დავით ბაქრაძის სასარგებლოდ, რადგან ასეთი ტიპის ალიანსს ვერ ვხედავ, ამასთან, ვაშაძე არ არის ის პიროვნება, რომელიც თავის კანდიდატურას დაასახელებდა, ეჭვი რომ შეჰპარვოდა, რომ პარტია სრულად არ უჭერდა მხარს. თუმცა, მემორანდუმი გაფორმებულია აღნიშნულ პარტიებს შორის და თუ რომელიმე პარტიის წარმომადგენელი გავა მეორე ტურში, მეორე პარტია ავტომატურად მას დაუჭერს მხარს“, - განაცხადა ექსპერტმა მამუკა არეშიძემ humanrights.ge-სთან საუბრისას.

საპრეზიდენტო კანდიდატები დასახელებულია, კანდიდატებს, დაახლოებით, 2 თვე აქვთ წინასაარჩევნო კამპანიის ჩასატარებლად. საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის ოქტომბერში ჩატარდება. 

ახალი ამბები