კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მთავრობა, თვითმმართველობის გაძლიერების ნაცვლად, გუბერნატორის ინსტიტუტს აძლიერებს

31 ივლისი, 2018
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

,,აუცილებელია ახალი მიდგომები რეგიონებთან და ცენტრალურ მთავრობასთან კოორდინაციისთვის, ამის გათვალისწინებით, თავისუფლდებიან გუბერნატორები", - ამ განცხადებით დაიწყო მამუკა ბახტაძემ, პრემიერ-მინისტრად დამტკიცების შემდეგ,  საკადრო პოლიტიკა. ხუთ რეგიონს შორის, სადაც გუბერნატორებს თანამდებობების დატოვება მოუხდათ, ერთ-ერთი  შიდა ქართლის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძეა, რომელიც ოთხი თვის წინ პრემიერ კვირიკაშვილის ბოლო საკადრო ცვლილების შედეგად სამცხე-ჯავახეთიდან შიდა ქართლის გუბერნატორად გადმოვიდა, შიდა ქართლის გუბერნატორი კახა სამხარაძე კი სამცხე-ჯავახეთში გადავიდა.    

მაჭუტაძე შიდა ქართლის გუბერნატორად 2 აპრილის მთავრობის მეთაურმა გიორგი კვირიკაშვილმა დანიშნა, ხოლო 26  ივლისს ახალმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გაათავისუფლა. პირველ ინტერვიუში მაჭუტაძემ თქვა, რომ რეგიონს არ იცნობდა და მანამდე გავლით იყო გორში ნამყოფი.  აკაკი მაჭუტაძე ადგილობრივ მედიას ორჯერ შეხვდა, ერთხელ დანიშვნისა და მეორედ - გათავისუფლების დროს.

,,რეგიონში ჩემი სამსახურეობრივი ურთიერთობა დაიწყო მედიასთან ურთიერთობით და დამთავრდა მედიასთან ურთიერთობით. ინფრასტრუქტურული პროექტები დაწყებულია და გაგრძელდება", - ეს განცხადება აკაკი მაჭუტაძემ 26 ივნისს გააკეთა, რომელსაც ერთი საათით წინ უძღვოდა პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადება რეგიონში გუბერნატორების გათავისუფლების შესახებ.
მაჭუტაძემ თავი შეიკავა პრემიერის გადაწყვეტილების შეფასებისგან, თუ რატომ გაათავისუფლა ან რას უკავშირებდა მის გათავისუფლებას. გავრცელებული ინფორმაციით, აკაკი მაჭუტაძე ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის კადრად მოიაზრებოდა და ადგილობრივ სახელისუფლებო წრეებში ამას უკავშირებდნენ საკადრო ცვლილებებს.

გუბერნატორების გათავისუფლებამდე პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გუბერნატორების ინსტიტუტის  გაძლიერების შესახებ ისაუბრა.

„ჩვენ გვაქვს ისეთი ტიპის ბიუროკრატიული დონეები, რომელიც მოსახლეობას ვერ მოუტანს დამატებით სიკეთეს, დამატებით შეღავათს. ვფიქრობ, ეს ინსტიტუტი აუცილებელია, მას სჭირდება გაძლიერება”, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.                   
თამარ თედლიაშვილი, რომელიც ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის 2014-2017 წწ მოწვევის საკრებულოს წევრი იყო, ამბობს, რომ მთავრობის მეთაურის პოლიტიკა -რეგიონებში გუბერნატორების უფლებამოსილების გაზრდა -  თვითმმართველობას კიდევ უფრო მეტად დასუსტებას გამოიწვევს.

,,თუ აქამდე გუბერნატორები არაფორმალურად ერეოდნენ თვითმმართველობის საქმიანობაში, ახლა უკვე მათი ჩარევის ფორმალურ და კანონიერ სახეს მიიღებს. გუბერნატორების უფლებამოსილების გაზრდა და გაძლიერება ავტომატურად გამოიწვევს თვითმმართველობის კიდევ უფრო მეტად დასუსტებას. ჩემი საკრებულოს წევრად ყოფნის დროს არაერთი უხეში ჩარევა ყოფილა გუბერნატორის მხრიდან ჩვენს საქმიანობაში და ახლაც გრძელდება ეს. იმედი მქონდა, რომ პრემიერი ბახტაძე გუბერნატორების გაძლიერების ნაცვლად აქცენტს გააკეთებდა მთავრობის 2018-2025 წლების სამოქმედო გეგმაზე, რომლის მიხედვით, ქალაქებს დაუბრუნდებოდა წართმეული თვითმმართველი ქალაქის სტატუსი", - აღნიშნა თამარ თედლიაშვილმა. 

სამოქალაქო აქტივისტ არინა თავაქარაშვილის განცხადებით, ხელისუფლებამ ერთი შეცდომა მაშინ დაუშვა,  როდესაც შვიდ ქალაქს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი ჩამოართვა და მეორე შეცდომას გუბერნატორის ინსტიტუტის გაძლიერებით უშვებს, რომელიც  თვითმმართველობის დასუსტების პროპორციული იქნება.

,,გუბერნატორის ინსტიტუტის გაძლიერება რისკფაქტორებს შეიცავს. ცენტრიდან დანიშნულ  გუბერნატორს პირდაპირი წესით არჩეულ მერზე მეტი უფლებები ექნება, რაც დემოკრატის პროცესიდანაც გვაშორებს და ამ პოლიტიკით თვითმმართველობის განვითარებაც ვერ მოხდება”, - აღნიშნა არინა თავაქარაშვილმა.

,,სოზარ სუბარი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში რეგიონალური მართვის მიმართულებას ჩაიბარებს“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ, 26 ივლისს მთავრობის სხდომის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მამუკა ბახტაძის ინიციატივით, ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამოეყო რეგიონული მართვის კომპონენტი და სტრუქტურულად მთავრობას დაუქვემდებარა, რომლის ხელმძღვანელად პრემიერ-მინისტრმა დევნილთა ყოფილი მინისტრი სოზარ სუბარი დანიშნა. 

 ანალოგიური სამსახური მთავრობის დაქვემდებარებაში იყო შევარდნაძის მმართველობის პერიოდში და აღნიშნული სამსახური რეგიონებში გუბერნატორების, თვითმმართველ ერთეულებში კი გამგებლების დანიშვნაში იყვნენ ჩართულები. დღეს,  როდესაც თვითმმართველობის მერებს პირდაპირი წესით ირჩევს მოსახლეობა, აღნიშნული სამსახურის საჭიროებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ოპოზიცია.

,,ეს არის უკან გადადგმული ნაბიჯი, ინტენსიურად მიდის საუბრები გორისა და ხაშურის მერებზე, რომ ისინი აპირებენ პირადი განცხადებით ვადაზე ადრე თანამდებობიდან წასვლას, მე არ გამოვრიცხავ, რომ მათზე ცენტრალური ხელისუფლებიდან ხდებოდეს ზეწოლა. აღნიშნული სამსახური, რომელსაც სოზარ სუბარი უხელმძღვანელებს, ასეთი ქმედებებით იქნება დაკავებული, თუ ცენტრში არ მოეწონებათ პირდაპირი წესით არჩეული მერების საქმიანობა, მათ ეტყვიან, რომ უნდა წავიდენენ", - აცხადებს ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი რამაზ ჩუტკერაშვილი.

მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ პრემიერ-მინისტრის ინიციატივა გუბერნატორის ინტიტუტის გაძლიერება და რეგიონალური მართვის სამსახურის მთავრობის დაქვემდებარებაში გადასვლა, რეგიონებში ეფექტურ მმართველობას შეუწყობს ხელს.
,,პრემიერ-მინისტრმა თავიდანვე დაანონსა, რომ მთავრობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზანია, რეგიონების განვითარებამ შეიძინოს მეტი დინამიკა, გაჩნდეს მეტი ეკონომიკური აქტივობის შესაძლებლობა, შეიქმნას მაქსიმალურად ხელსაყრელი პირობები მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარებისთვის, უკეთესი პირობები, ადგილზე მიიღებოდეს უფრო ეფექტური გადაწყვეტილებები და შედეგები უფრო სწრაფად მიდიოდეს მოქალაქეებამდე", - აცხადებს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, ,,ქართული ოცნებიდან", მამუკა ფანიაშვილი.

მიუხედავად იმისა, რომ მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში დანიშნავდა ახალ გუბერნატორებს, უკვე მე-5 დღეა შიდა ქართლის რეგიონი გუბერნატორის გარეშეა დარჩენილი.  ამ დრომდე პრემიერ-მინისტრს ახალი გუბერნატორი არ წარუდგენია.

ახალი ამბები