კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სამოქალაქო აქტივისტმა შსს-ს სასამართლო დავა მოუგო... მკვლელი ისევ ქუჩაშია

7 აგვისტო, 2018
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის გამოძიების მოთხოვნით,  გორის ქუჩებში გაკეთებული წარწერების გამო, შსს-მ რადიო „მოზაიკის” დირექტორის და სამოქალაქო აქტივისტის გვანცა დოლუაშვილის წინააღმდეგ ადმინისტრაციული საქმის წარმოება დაიწყო. საქმე ეხება მოკლული დავით სარალიძის საქმის გამოძიების მოთხოვნით გორში გამართული აქციების პარალელურად ქუჩაში დატოვებულ საპროტესტო წარწერას - „მკვლელი ქუჩაშია“. 

პოლიციამ გვანცა დოლუაშვილის წინააღმდეგ დაიწყო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება - დოლუაშვილს პოლიციის სამი თანამშრომელი ქალაქის იერსახის დამახინჯებაში ადანაშაულებდა და ასკ-ის 150 მუხლის მიხედვით, მისი 500 ლარით დაჯარიმებას ითხოვდა. 

პოლიციამ ფაქტზე მოკვლევის დასრულების შემდეგ საქმე განსახილველად  გორის რაიონულ სასამართლოს გადასცა. მოსამართლე დავით პაპუაშვილმა საქმის განხილვის დროს პროცესზე გორის რაიონული სამმართველოს სამ თანამშრომელს მოუსმინა, რომელთა განმარტებები საქმისწარმოების დროს იდენტური იყო. ისინი აცხადებდნენ, რომ ღამის საათებში, სამსახურეობრივი ავტომანქანით მოძრაობის დროს,  დაინახეს, როგორ აკეთებდა ე.წ. პულვიზატორით გვანცა დოლუაშვილი ქუჩაზე წარწერას. ადგილზე როცა მივიდნენ, მათ აქციის წევრები აღარ დახვდნენ, მაგრამ ადგილზე დახვდათ წარწერა - „მკვლელი ქუჩაშია“. 

პოლიციის თანამშრომლების ერთადერთი მტკიცებულება შემთხვევის ადგილზე გადაღებული ფოტო იყო, სადაც მხოლოდ წარწერა ჩანდა. პროცესზე დაკითხვისას კი პოლიციელებმა ურთიერთგამომრიცხავი და წინააღმდეგობრივი განცხადებები გააკეთეს.

გვანცა დოლუაშვილის ინტერესებს სასამართლოში ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი ალექსი მერებაშვილი იცავდა. მან სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას განცხადა, რომ პოლიციელების ჩვენება არ იყო მტკიცებულება, რომ აღნიშნული წარწერა გვანცა დოლუაშვილის გაკეთებული იყო და ყურადღება მათ მიერ სასამართლოსათვის მიცემულ ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებებზე გაამახვილა.

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტმა ასევე აღნიშნა, რომ პოლიციის თანამშრომლების მიერ საქმის წარმოების დაწყება ფაქტიდან ორი თვის შემდეგ ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ შსს-მ გვანცა დოლუაშვილის წინააღმდეგ საქმის წარმოება მიზანმიმართულად დაიწყო, რადგან დოლუაშვილი ჩართული იყო ზაზა სარალიძის მხარდასაჭერი სოლიდარობის აქციების ორგანიზებაში.

სასამართლო სხდომის დასასრულს მოსამართლე დავით პაპუაშვილმა განაცხდა, რომ  პოლიციის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იყო საკმარისი შესაძლო სამართალდარღვევის ფაქტის დასამტკიცებლად და გვანცა დოლუაშვილის მიმართ ადმინისტრაციული საქმის წარმოება შეწყვიტა.

„სასამართლო დადგა იმ მანკიერი პრაქტიკის წინააღმდეგ, რომლის მიხედვით, პოლიცილების მხოლოდ ჩვენების საფუძველზე, ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე, ადამიანების დადანაშაულება ხდებოდა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში. დღეს სასამართლომ ამაზე თქვა უარი და ამ მხრივ, იყო ეს პროცესი ჩემთვის მნიშვნელოვანი, მაგრამ აქაც ვიტყვი, რომ მკვლელი ისევ ქუჩაშია“, - განაცხადა სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ რადიო „მოზაიკას" დირექტორმა გვანცა დოლუაშვილმა.

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტის, ალექსი მერებაშვილის განცხადებით, მოსამართლე პაპუაშვილმა პრეცედენტული გადაწყვეტილება მიიღო და მხოლოდ პოლიციელების ჩვენებები არ მიიღო, როგორც მტკიცებულება.

ალექსი მერებაშვილი, ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი: ,,შსს-ს არ წარმოუდგენია ობიექტური მტკიცებულებები, იქიდან გამომდინარე, რომ მათ იმედი ჰქონდათ, სასამართლო გააგრძელებდა ძველ პრაქტიკას, როცა მხოლოდ და მხოლოდ პოლიცილების ჩვენების საფუძველზე ხდებოდა პირისთვის პასუხიმგებლობის დაკისრება. ამ შემთხვევაში, მოსამართლემ მიიღო სამართლიანი გადაწყვეტილება -  არ გაიზიარა პოლიციელების  ახსნა-განმარტებები და ამით მიანიშნა, რომ ცოტა მეტი უნდა იმუშაონ, რათა საქმეზე დადონ ობიექტური მტკიცებულებები და მხოლოდ ამის საფუძველზე მოხდეს პირისათვის პასუხისმგებლობის დაკისრება“.
 
სასამართლო პროცესს მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე ესწრებოდა, რომელიც შსს-ს გენერალური ინსპექციის მხრიდან  მოწმე პოლიცილების მიმართ გამოძიების დაწყებას მოითხოვს.

„ამ პოლიცილების მიმართ აუცილებლად უნდა დაიწყოს გამოძიება, იქედან გამომდინარე, რომ გაირკვეს, ვინ და რატომ დაავალა გვანცა დოლუაშვილის დისკრედიტაცია, რადგან ის აქტიურად იყო ჩართული სამოქალაქო სოლიდარობის საპროტესტო აქციებში, რომელიც ჩემი შვილის მკვლელობის საქმის ობიექტურ და სამართლიან გამოძიებას ეხებოდა. მე სწორედ ამას ვუკავშირებ მის წინააღმდეგ პოლიცილების მხრიდან ადმინისტრაციული საქმის წარმოებას და მის დაშინებას. ასეთი პოლიცილები არ უნდა მუშაობდნენ შსს-ს რიგებში, რადგან ისინი პოლიციელის მუნდირის შემარცხვენელი არიან“, - განცხადა ზაზა სარალიძემ.

სასამართლო პროცესის დაწყებამდე, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა გორის რაიონულ სასამართლოსთან აქცია გამართეს - „შსს დაიწყე ბოდიშით“. აქციის მონაწილეების განცხადებით, პოლიციის ჩვენებები არ არის უტყუარი მტკიცებულება და მათი მხრიდან გვანცა დოლუაშვილის მიმართ  ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებას სამოქალაქო აქტივიზმზე და თავისუფალ სიტყვაზე ზეწოლად მიიჩნევენ.  

ახალი ამბები