კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი „დიდი მოთმინებით და იმედით“ ელის საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერას

24 აგვისტო, 2018
 
ლანა გიორგიძე

2018 წლის 28 ოქტომბერს საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებისთვის, სხვა კანდიდატებთან ერთად, დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილიც იბრძვის. ამის შესახებ მან 6 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„მინდა, რასაც ელოდით დიდი ხანია, ის ოფიციალურად გითხრათ. მე ვაყენებ ჩემს კანდიდატურას პრეზიდენტობაზე. ეს არის ჩემი გადაწყვეტილება. ეს არის გადაწყვეტილება, რომელზეც ბევრი ვიფიქრე. ეს არ მომხდარა ერთ დღეში. იცით, რომ 2013 წელსაც ვფიქრობდი ამაზე, მაგრამ გადაწყვეტილებამდე მისვლა არის ძალიან მძიმე. მეტადრე, იცით, რომ მქონდა შვილის ქორწილი და მალე იქნებიან შვილიშვილები და მე უკვე ვიცი, რომ ამ ვალდებულებას უკვე ნაკლებად შევასრულებ და ამაზეც ვფიქრობდი ამ დღეებში, როცა ვფიქრობდი, ჩავერთო თუ არ  ამ მარათონში. ამავე დროს, ეს დიდი პასუხისმგებლობა არ არის მხოლოდ ჩემი პასუხისმგებლობა. მე ვარ ვალდებული ჩემი წინაპრების წინაშე და ყველა იმათ წინაშე, ვინც 100 წლის წინ დამოუკიდებლობა გამოაცხადეს და შემდეგ ეს დამოუკიდებლობა ვეღარ აცოცხლეს", - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

განცხადებამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთის საელჩოს საფრანგეთის მოქალაქეობის შეწყვეტის მოთხოვნით მიმართა.

საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ქვეყნის პრეზიდენტად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 35 წლის ასაკიდან, რომელსაც საქართველოში უცხოვრია 5 წელი მაინც და არჩევნების დანიშვნის დღემდე ბოლო 3 წლის განმავლობაში ცხოვრობდა საქართველოში.

„საპრეზიდენტო კანდიდატად რეგისტრაციის დროს თუ პირს ორმაგი მოქალაქეობა აქვს, მას უნდა ჰქონდეს წარდგენილი განცხადება, რომ უკვე მიმართა შესაბამის უწყებებს მოქალაქეობიდან გასვლის შესახებ, აღნიშნული დოკუმენტი უნდა წარადგინოს რეგისტრაციის პროცესში. ეს დოკუმენტი კი სრულად საკმარისია, რათა კანდიდატი დაარეგისტრირონ“, - განუცხადა humanrights.ge-ს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ირმა პავლიაშვილმა. 

ამ საკითხზე მედიასთან კომენტარი გააკეთა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ: „დაზუსტებით ვერ გეტყვით, მაგრამ ჩემი ინფორმაციით, მიმართა. ჩვენ საარჩევნო კოდექსში გვაქვს ასეთი დათქმა, რომ პრეზიდენტობის კანდიდატი,  არ შეიძლება, იყოს სხვა ქვეყნის მოქალაქე საარჩევნო რეგისტრაციის პროცესში. როდესაც ის დარეგისტრირდება კანდიდატად, ამ დროისთვის მას უნდა ჰქონდეს მიმართვა იმ ქვეყნისთვის მოქალაქეობიდან გამოსვლის თაობაზე, რომლის მოქალაქეობაც აქვს".

ეკა ბესელიამ ასევე აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილი გამოცდილი პოლიტიკოსია და მას აქვს ყველაზე დიდი შანსი პირველივე ტურში გამარჯვების.  

არჩევნებამდე 2 თვე რჩება. საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი კი ჯერ კიდევ ელოდება საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებას. 

„არ ვფიქრობ, რომ „ქართული ოცნება“ რაიმეს გამო თავს იკავებს. ვფიქრობ, „ქართული ოცნება“ მსჯელობს ამ საკითხზე, რაც ძალიან ნორმალური და ბუნებრივია. არავის არაფერი ეჩქარება. მე ძალიან დიდი მოთმინებით და იმედით ველოდები მათ გადაწყვეტილებას. სრულიად ბუნებრივია ეს მსჯელობა უმრავლესობისთვის. თვითონ გადაწყვეტენ, კანდიდატებიდან რომელს უნდა დაუჭირონ მხარი. ამაში მე ვერც უხერხულობას და ვერც პრობლემას ვერ ვხედავ. ძალიან მშვიდად ვაგრძელებ კამპანიას, ხელმოწერების შეგროვებას და არ მაქვს არანაირი ეჭვის მომენტი. როგორიც იქნება მათი გადაწყვეტილება, ჩემთვის იქნება მისაღები“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

საარჩევნო კამპანიების ფარგლებში კი სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებული განცხადებები საზოგადოების განხილვის თემად იქცა, რის გამოც მან კრიტიკაც დაიმსახურა.

„ჟურნალისტებმა ცოტა ტვინიც გაანძრიეთ“, - ასე მიმართა პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა მედიის წარმომადგენლებს მას შემდეგ, რაც ჟურნალისტები დაინტერესდნენ, თუ რა პოზიცია ჰქონდა სალომე ზურაბიშვილს ავლაბრის სასახლეში ახალი პრეზიდენტის შესვლასთან დაკავშირებით. 

„უკვე გიპასუხეთ. გადაახვიეთ და მოუსმინეთ. ჩემი აზრი უკვე ვთქვი და ჟურნალისტებმა ცოტა ტვინიც გაანძრიეთ და ჩაიხედეთ, სად არის ნათქვამი. მე ვთქვი, რომ ჩემთვის არის სრულიად შესატყვისი ორბელიანების სასახლე, მე ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს ასეთი ტიპის სასახლეში. მე ისიც ვთქვი, რომ ჩემს სახლში ვიცხოვრებ. ჩემი სახლიდან ფეხით ვივლი და ესეც არის ახალი ფორმა პრეზიდენტობის",  - განაცხადა ზურაბიშვილმა.

პარლამენტის წევრისა და პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მიერ ჟურნალისტების მისამართით გაკეთებულ რეპლიკას - „ჟურნალისტებმა ცოტა ტვინიც გაანძრიეთ“, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი, ნატა ძველიშვილი გამოეხმაურა. მისი თქმით, მსგავსი არაეთიკური გამონათქვამები მიუღებელია.

„პრეზიდენტობის კანდიდატების მიმართ არსებობს მაღალი საჯარო ინტერესი, შესაბამისად, ისინი ვალდებულნი არიან, უპასუხონ ჟურნალისტების ყველა კითხვას, მიუხედავად იმისა, იქნება მათთვის ეს მომაბეზრებელი, მიუღებელი, უხერხული თუ ა.შ. ამგვარი რეპლიკა, მით უმეტეს, მიუღებელია ადამიანისგან, რომელიც არის მოქმედი დეპუტატი. თუ დავინახავთ, რომ ჟურნალისტების მიმართ ასეთი არაეთიკური გამონათქვამები და ამგვარი დამოკიდებულება კიდევ უფრო გაძლიერდა, შესაძლებელია ვიფიქროთ განცხადების გამოქვეყნებაზე“, - აღნიშნა ნატა ძველიშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში.

საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი, 1952 წლის 18 მარტს, პარიზში, ქართველი ემიგრანტების, ლევან ზურაბიშვილისა და ზეინაბ კედიას ოჯახში დაიბადა. საქართველოში ზურაბიშვილი 2004 წელს, საფრანგეთის ელჩის რანგში დაბრუნდა. თუმცა დიპლომატიური პოსტი მალე პოლიტიკურმა თანამდებობამ შეცვალა - საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა მას საგარეო საქმეთა მინისტრობა შესთავაზა. ეს თანამდებობა სალომე ზურაბიშვილს 2004 წლის მარტიდან 2005 წლის ოქტომბრამდე ეკავა. 

სალომე ზურაბიშვილი ქართულ პოლიტიკურ სცენაზე ხელახლა 2012 წლიდან, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, გამოჩნდა.

2013 წელს სალომე ზურაბიშვილმა საკუთარი კანდიდატურა საპრეზიდენტო არჩევნებზე წამოაყენა, მაგრამ ორმაგი მოქალაქეობის (ის საფრანგეთის მოქალაქეც არის) გამო, საპრეზიდენტო კანდიდატად დარეგისტრირებაზე ცესკომ მაშინ უარი უთხრა. დავა სასამართლოში გაგრძელდა, მაგრამ ზურაბიშვილმა პროცესი ცესკოსთან წააგო. 

მოგვიანებით, 2016 წელს სალომე ზურაბიშვილმა მთაწმინდის დამოუკიდებელ მაჟორიტარ დეპუტატად იყარა კენჭი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს, ნიკა რურუას მოუგო და ასე გახდა პარლამენტის ერთადერთი დამოუკიდებელი კანდიდატი.

ამჟამად, სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტობისთვის იბრძვის და საარჩევნო კამპანიებსაც აქტიურად აგრძელებს. საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის 28 ოქტომბერს გაიმართება.

ახალი ამბები