კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

IBSU-სთან დაკავშირებით გადაწყვეტილება „ჩაღლარის“ საგანმანათლებლო დაწესებულებების უფლებების დარღვევის გაგრძელებაა

24 აგვისტო, 2018
 
გვსურს, გამოვეხმაუროთ ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებას შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში სტუდენტების მიღების უფლების ერთი წლის ვადით შეზღუდვასთან დაკავშირებით, რაც ჩაღლარის ქსელის საგანმანათლებლო დაწესებულებების უფლებების დარღვევის და შევიწროების ტენდენციას აჩვენებს და საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, სავარაუდოდ, მეზობელი სახელმწიფოს მიმართ პოლიტიკური ლოიალობის გამო, ადამიანის უფლებების დარღვევისა და იგნორირების კიდევ ერთი შემთხვევაა. 

როგორც ცნობილია, 2018 წლის 24-27 აპრილს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში (IBSU) ავტორიზაციის ფარგლებში განხორციელდა ექსპერტთა ჯგუფის ვიზიტი. უნივერსიტეტის თვითშეფასების ფორმებისა და დოკუმენტაციის ანალიზის შედეგად, ექსპერტთა ჯგუფმა ავტორიზაციის სტანდარტები დადებითად შეაფასა და 20 აგვიტოს გამართულ სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება ავტორიზაციის მინიჭების შესახებ, მაგრამ უნივერსიტეტს სტუდენტების მიღების უფლება 1 წლის ვადით შეუზღუდა. საბჭოს განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების მიზეზი გახდა ფინანსური პრობლემები, კერძოდ 2013 წელს დაკისრებული საგადასახადო ჯარიმა და დაყადაღებული ქონება, რომელიც უნივერსიტეტს საგადასახადო ვალდებულებების თავის არიდების გამო დაეკისრა. უნივერსიტეტის განმარტებით, ავტორიზაციის საბჭომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ უნივერსიტეტისთვის საგადასახადო ჯარიმის დაკისრების სამართლიანობის შესახებ ჯერ კიდევ არ დასრულებულა სასამართლო დავა. 

მართალია, საბჭოს დასაბუთებული გადაწყვეტილება უნივერსიტეტს ჯერ არ ჩაბარებია და გადაწყვეტილების ოფიციალური დასაბუთება და სამართლებრივი საფუძვლები უცნობია, მაგრამ უწყების მიერ გაკეთებული ოფიციალური შეფასება აღნიშნული გადაწყვეტილების ობიექტურობასთან დაკავშირებით ლეგიტიმურ კითხვებს აჩენს. 

კანონმდებლობის თანახმად, საბჭო უფლებამოსილია, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის პროცესის ფარგლებში მიიღოს გადაწყვეტილება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის სტუდენტთა მიღების უფლების არანაკლებ 1 წლის ვადით შეზღუდვის თაობაზე, იმ შემთხვევაში, თუ ერთ-ერთ სტანდარტთან მიმართებით შეფასდება, როგორც „ნაწილობრივ შესაბამისობაში სტანდარტის მოთხოვნებთან“1.

მოცემულ შემთხვევაში, კი საბჭომ სავარაუდოდ, მატერიალურ, საინფორმაციო და ფინანსურ რესურსებთან დაკავშირებული სტანდარტის დარღვევად განიხილა სახელმწიფოსთან არსებული ფინანსური დავა, რომელიც უნივერსიტეტის განმარტებით, ვერანაირ მნიშვნელოვან ზეგავლენას ვერ მოახდენდა უნივერსიტეტზე, განსაკუთრებით - მის სასწავლო პროცესზე.

კერძოდ კი, უნივერსიტეტის განმარტების თანახმად, დაკისრებული ჯარიმა დაახლოებით 700 000 ლარს შეადგენს, რისი კანონიერების თაობაზეც ამჟამად სასამართლოში მიმდინარეობს დავა, მაგრამ იმ შემთხვევაშიც კი თუ უნივერსიტეტს დაეკისრება მითითებული ჯარიმის გადახდა, აღნიშნული ეჭქვეშ ვერ დააყენებს უნივერსიტეტის საქმიანობის სტაბილურობას, რამდენადაც უნივერსიტეტის ქონება რამდენიმე მილონს შეადგენს, ამას გარდა, უნივერსიტეტის მიერ საბჭოში წარდგენილია ინფორმაცია დეპოზიტის სახით უნივერსიტეტის ანგარიშზე იმ თანხის არსებობის თაობაზე, რომელიც ჯარიმის დაკისრების შემთხვევაში უზრუნველყოფდა მის დაფარვას2. ზემოაღნიშნული გარემოებები კი დამატებით კითხვებს აჩენს საბჭოს გადაწყვეტილების დასაბუთებულობასთან დაკავშირებით.

ამ კუთხით, ხაზი უნდა გაესვას ერთ გარემოებასაც: იმის გამო, რომ საბჭოს დასაბუთებული გადაწყვეტილება ამ დრომდე არ მიუღია, სტუდენტების მობილობის პერიოდად კი მცირე - 2018 წლის 22 აგვისტოდან 27 აგვისტომდე დრო გამოცხადდა, უნივერსიტეტს სასამართლოს გზით, სასარჩელო უზრუნველყოფის მექანიზმით, მიღებული გადაწყვეტილების შეჩერების რეალური შესაძლებლობა ერთმევა. 

ავტორიზაციის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, ერთი წლის ვადით სტუნდეტთა მიღების უფლების შეზღუდვით, ჩნდება რისკი, რომ უნივერსიტეტი სერიოზული ფინანსური საფრთხის წინაშე აღმოჩნდეს, რაც მომავალში შეიძლება გახდეს საგანმანათლებლო საქმიანობისთვის შემაფერხებელი გარემოება. ნებისმიერი შეზღუდვა, რითაც სახელმწიფო განახორციელებს უმაღლესი საგანმათლებლო დაწესებულების კონტროლს, უნდა განისაზღვროს და დაიგეგმოს ისე, რომ მიღებული გადაწყვეტილება პროპორციული3 იყოს და ის არსებითად უნივერსიტეტების ავტონომიის დაცვისა და სტუდენტების განათლების უფლების ჯეროვანი რეალიზების პრინციპებს დაეფუძნოს. 

აღნიშნულ საქმესთან კავშირში გასათვალისწინებელია ბოლო პერიოდში ჩაღლარის ქსელის საგანმანათლებლო დაწესებულებების (შაჰინის სკოლა ბათუმში, დემირელის სახელობის სკოლა თბილისში) დახურვისა და საქმიანობისთვის ხელშეშლის ტენდენცია4, რაც განსაკუთრებით მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადიციის საქმის5  კონტექსტში, სწორედ თურქეთის მთავრობის მიმართ გაუმართლებელი ლოიალობის გამო საქართველოს ხელისუფლების მიერ ადამიანის უფლებების უგულებელყოფისა და დარღვევის ეჭვებს ქმნის. ამ კუთხით ნიშანდობლივია საქართველოში თურქეთის ელჩის მიერ გაკეთებული განცხადება, სადაც ის უკმაყოფილებას გამოხატავს საქართველოში ჩაღლარის ქსელის უნივერსიტეტის ფუნქციონირების ფაქტთან დაკავშირებით6.              

ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, ხელმომწერი ორგანიზაციები მოვუწოდებთ ავტორიზაციის საბჭოს, განუხრელად დაიცვას ადამიანის უფლებათა სტანდარტები და ობიექტურობა IBSU ავტორიზაციის პროცესში. ამასთან მნიშვნელოვანია, საბჭომ გადახედოს საკუთარ გადაწყვეტილებას და მიიღოს ყველა ზომა მიმდინარე წელს IBSU-ში სტუდენტების ჩარიცხვის პროცესის დროული უზრუნველყოფისთვის. ამასთან იმედს გამოვთქვამთ, რომ ეროვნული სასამართლოების მიერ აღნიშნული საქმის განხილვა სამართლიანი და ობიექტური იქნება და IBSU-ს საკუთარი უფლებების აღდგენის ეფექტიანი შესაძლებლობა მიეცემა. 

ხელმომწერი ორგანიზაციები:

1. ადამიანის უფლებათა მონიტორინგისა და სწავლების ცენტრი (EMC) 
2. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) 
3. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო 
4. ღია საზოგადოების ფონდი 
5. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC) 
6. ადამიანის უფლებათა ცენტრი 
7. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) 
8. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)


[1]საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 01/10/2010 N99/ნ ბრძანების 251 მუხლის 1-ლი პუნქტი;  ხელმისაწვდომია: matsne.gov.ge/ka/document/view/1031755

ახალი ამბები