კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

წინასაარჩევნო კამპანია-აგიტაცია დაიწყო - მზადება საპრეზიდენტო არჩევნებისთვის

4 სექტემბერი, 2018
ლანა გიორგიძე 

წინასაარჩევნო კამპანია-აგიტაცია ოფიციალურად 29 აგვისტოდან დაიწყო. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რეგისტრაციის მიზნით ცესკო-ს 35 -მა ადამიანმა მიმართა, რომლებიც საარჩევნო სუბიექტებმა და საინიციატივო ჯგუფებმა წარადგინეს. 

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ცესკო-ს პრეს-სპიკერმა, ანა მიქელაძემ ბრიფინგი გამართა და ის ძირითადი აკრძალვები და ვალდებულებები განმარტა, რაც კანონმდებლობითაა განსაზღვრული.

„რაც შეეხება წინსაარჩევნო კამპანიის, ანუ აგიტაციის წარმართვას, ასევე ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებასთან დაკავშირებულ აკრძალვებსა და შეზღუდვებს, ისინი ამოქმედდება კენჭისყრის დღემდე, 60 დღით ადრე. 29 აგვისტოდან კანონმდებლობის თანახმად, აკრძალულია სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებულ ღონისძიებებზე რომელიმე კანდიდატის სასარგებლოდ, ან საწინააღმდეგოდ წინასაარჩევნო კამპანიის წარმართვა.

გარდა ამისა, კანონმდებლობით აკრძალულია იმ პირების მიერ, რომლებსაც არ ეკრძალებათ წინსაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის მიღება მასზე სამსახურებრივად დაქვემდებარებული ან რამენაირად დამოკიდებული პირის ჩაბმა ისეთ საქმიანობაში, რომელიც ხელს შეუწყობს რომელიმე კანდიდატის წარდგენას ან არჩევას.

ასევე, კანონმდებლობით აკრძალულია ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, სამუშაო საათებში წინსაარჩევნო კამპანიისა და აგიტაციის წარმოება, ასევე აკრძალულია არამხოლოდ სამუშაო საათებში, არამედ სამსახურებრივი ფუნქციების შესრულების დროსაც. კანონმდებლობით განსაზღვრულია, რომ ბიუჯეტი თუ წინასწარ არ იყო განსაზღვრული - არ უნდა მოხდეს ისეთი მასშტაბური პროექტების განხორცელება, რაც მანამდე არ იყო დაგეგმილი. ამასთან, კანონმდებლობით აკრძალულია პენსიების ზრდა, შემწეობების გაზრდა, თუ ეს მანამდე არ იყო დაგეგმილი სახელმწიფო, ან ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტით,“ - განაცხადა ანა მიქელაძემ.

მიქელაძის განმარტებით, ასევე გარკვეული ვალდებულებები აქვს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს. კონკრეტულად, მათ უნდა გამოყონ ის შენობა-ნაგებობები, სადაც წინასაარჩევნო კამპანიის წარმართვის უფლება აქვს თითოეულ კანდიდატს. ეს შენობა-ნაგებობები თანაბრად უნდა იყოს გამოყენებული და შესაბამისად, თანაბრად უნდა იყოს მიწოდებული თითოეული კანდიდატისთვის.

 
2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 35 -მა ადამიანმა მიმართა. 

ცესკოს პრეს-სპიკერის ანა მიქელაძის განცხადებით, 29 აგვისტოს, საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების მიზნით, 73 საოლქო საარჩევნო კომისიაში 3 637 საარჩევნო უბნისთვის გამოცხადდა საარჩევნო კომისიების წევრების შესარჩევი კონკურსები. ჯამში, კონკურსები გამოცხადდა 21 822 ვაკანტური ადგილის დასაკავებლად.

„შეგახსენებთ, რომ კანონმდებლობის თანახმად, საუბნო საარჩევნო კომისიის 6 წევრს კონკურსის წესით, სრული შემადგენლობის უმრავლესობით, არანაკლებ 7 ხმით, ირჩევს ზემდგომი, შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის 12 წევრი სახელობითი კენჭისყრის საფუძველზე. საუბნო საარჩევნო კომისიები საქმიანობას იწყებენ არჩევნების დღემდე ერთი თვით ადრე, უქმე და დასვენების დღეების ჩათვლით.

საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის პროცესში საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობა განსაზღვრავს და ადგენს კონკრეტულ მოთხოვნებსა და წესებს. კონკურსის წესის თანახმად, საქართველოს მოქალაქეებს 18 წლის ასაკიდან, რომლებიც აკმაყოფილებენ საკანონმდებლო მოთხოვნებს, შეუძლიათ მიმართონ შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას 29 აგვისტოდან 6 სექტემბრის ჩათვლით. მათ ოლქის ელექტრონულ საფოსტო მისამართზე ან პირადად საოლქო საარჩევნო კომისიაში უნდა წარადგინონ საკონკურსო განაცხადი და პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი“,- აღნიშნა ანა მიქელაძემ.

ამასთან, ცესკო-ს პრეს-სპიკერის განმარტებით, კომისია მოუწოდებს არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს, მედიას, ადგილობრივ და საერთაშორისო დამკვირვებლებს, პოლიტიკურ პარტიებს, დააკვირდნენ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების არჩევის პროცესს, რაც ხელს შეუწყობს გამჭვირვალე, მაღალი სტანდარტების შესაბამისი და სანდო არჩევნების ჩატარებას. ცესკო ასევე მიმართავს მედიასაშუალებებს, ხელი შეუწყონ აღნიშნული ინფორმაციის საზოგადოებისთვის მიწოდებასა და განცხადების გავრცელებას.

მესამე სექტორი ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებამდეც აქტიურად აკვირდებოდა წინასაარჩევნო გარემოს. 

„წინასაარჩევნო პერიოდის შესაფასებლად მნიშვნელოვანია, შევაფასოთ გასული წლების არჩევნებზე მიღებული გამოცდილება, რომელთა დაკვირვების შედეგად გამოიკვეთა ხარვეზები საარჩევნო კანონმდებლობაში, რომელიც არ იძლეოდა ნორმის ფართო განმარტების შესაძლებლობას, რაც კანონის მოთხოვნების შეუსაბამისობასა და თვითნებურ ინტერპრეტაციას იწვევდა“, - განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია  ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტმა, მარიამ ზაქარეიშვილმა. 

მარიამ ზაქარეიშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, არ მოხდეს რომელიმე საარჩევნო სუბიექტის დისკრედიტაცია. 

„მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნებში დიდი ყურადღება ეთმობა სოციალურ ქსელებს, რომელთა მიზანია არასასურველი ინფორმაციის გავრცელება საარჩევნო სუბიექტების შესახებ, რაც იწვევს არაჯანსაღ კონკურენციას“, აღნიშნა ზაქარეიშვილმა.

ზაქარეიშვილის თქმით, ადამიანის უფლებათა ცენტრი წლებია, რაც აკვირდება არჩევნებს და შემდეგ ამზადებს სპეციალურ ანგარიშებს, სადაც წარმოდგენილია აღმოჩენილი ხარვეზები, დარღვევები და მოცემულია რეკომენდაციები.

ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს საარჩევნო ადმინისტრაციას:კომისიების დაკომპლექტება მოხდეს შესაბამისი, ობიექტური, გამჭვირვალე კრიტერიუმის საფძველზე; საჩივრების განხილვის პროცესი იყოს გამჭვირვალე და კანონშესაბამისი; უზრუნველყოფილ იქნეს ჯანსაღი, უსაფრთხო საარჩევნო გარემო და სამართლიანი კონკურენცია საარჩევნო სუბიეტქებს შორის და მოხდეს საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების მაქსიმალურად გაანალიზება და იმპლემენტაცია.

ახალი ამბები