კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მინიჭებას ითხოვენ

30 სექტემბერი, 2018
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

24 სექტემბერს, არასამთავრობო ორგანიზაციის, „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ წარმომადგენლები   ქარელის მუნიციპალიტეტის საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში: დვანსა და კნოლევში იმყოფებოდნენ, სადაც ადგილობრივების მდგომარეობას გაეცნენ. 

როგორც ორივე სოფელში მაცხოვრებლები განმარტავენ, მათ ძირითად პრობლემას სასმელი და სარწყავი წყლის არარსებობა წარმოადგენს. საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 10 წლის თავზე თვალშისაცემია მიგრაციის პრობლემა, სოფლებს განსაკუთრებით ახალგაზრდები ტოვებენ, რაც ბოლო წლებში საბავშვო ბაღში აღსაზრდელებისა და სკოლის მოსწავლეების რაოდენობის შემცირებაზეც აისახა.  სოფლებში ომის დროს გადამწვარი სახლების უმეტესობა კვლავ აღსადგენია. 

საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებლებმა ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლებს დახმარება სთხოვეს, რათა დვანსა და კნოლევს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭოს.  აღნიშნული სტატუსის მინიჭების მოთხოვნით ადგილობრივებმა კომისიას მიმართეს, თუმცა მათგან პასუხი მოუვიდათ, რომ სოფლები მაღალმთიანი სტატუსის კრიტერიუმს ვერ აკმაყოფილებენ.

,,გვითხრეს, რომ სოფელი ზღვის დონიდან 800 მეტრზე უნდა იყოს, რომ მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭოს და მათ თქმით, არც დვანი და არც კნოლევი ამ მოთხოვნას, ვერ აკმაყოფილებდა “, - აცხადებენ ადგილობრივები.
ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლის, უჩა ნანუაშვილის განცხადებით კომისიამ მაღალმთიანი სტატუსის მინიჭების განხილვის დროს უნდა გაითვალისწინოს საოკუპაციო ხაზთან მათი მდებარეობა და სოფლებში შექმნილი მდგომარეობა. ნანუაშვილმა ადგილობრივებს განუცხადა, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია აღნიშნული საკითხით დაინტერესდება და მოიკვლევს თუ რა არგუმენტებით დაასაბუთა კომისიამ დვანსა და კნოლევისთვის მაღალმთიანი სტატუსის მინიჭებაზე უარი.

ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ზაზა გულიაშვილის განცხადებით, ვერც დვანი და ვერც კნოლევი ვერ აკმაყოფილებს მაღალმთიანი სტატუსის კრიტერიუმებს.

,,წერილიც კი გავაგზავნეთ ინფრასტრუქტურის სამინისტროში, სოფელ კნოლევის შუამდგომლობის შესახებ, თუმცა კომისიამ ჩათვლა, რომ  კნოლევი ვერ აკმაყოფილებს სტატუსით მოთხოვნილ კრიტერიუმებს. ხოლო სოფელი დვანი ვერცერთ კრიტერიუმს ვერ აკმაყოფილებდა და კომისიამ არც განიხილა”, - განაცხადა ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებელმა.

ადამიანის უფლებათა ცენტრის, შიდა ქართლის ოფისის, იურისტის განცხადებით, საქმის წარმოება უკვე დაიწყეს იმის გასარკვევად, თუ რა საფუძვლით ეთქვა უარი მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მინიჭებაზე საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებს. 

„ჩვენ მივმართეთ შიდა ქართლის რწმუნებულ-გუბერნატორის ადმინისტრაციას და გამოვითხოვეთ დოკუმენტაცია იმასთან დაკავშირებით, მიმართეს თუ არა მთის განვითარების ეროვნულ საბჭოს ამ სოფლებისათვის მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მინიჭების შუამდგომლობით და რა საფუძვლით ეთქვათ უარი. ადგილობრივების განცხადებით, მათ მაღალმთიანი სტატუსის მიღებაზე უარი ეთქვათ მხოლოდ იმის გამო, რომ სოფლები არ მდებარეობენ ზღვის დონიდან კანონით დადგენილ სიმაღლეზე. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია სხვადასხვა კრიტერიუმის, მათ შორის ინფრასტრუქტურის მდგომარეობის, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, მიწის სიმცირის, დემოგრაფიული მდგომარეობის გათვალისწინებით, მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიანიჭოს ნებისმიერ დასახლებას, მიუხედავად ზღვის დონიდან მისი მდებარეობისა. საზღვრისპირა სოფლებს ამ კუთხით უნდა მიენიჭოთ გარკვეული შეღავათები, რათა მოსახლეობამ იგრძნოს სახელმწიფოს მხარდაჭერა და გვერდში დგომა. შესაბამისი ინფორმაციის მიღების შემდეგ აუცილებლად მივმართავთ როგორც გუბერნატორის ადმინისტრაციას, ისე ქარელის მუნიციპალიტეტს, რათა იშუამდგომლონ მთავრობისა და საბჭოს წინაშე დვანისა და კნოლევისათვის მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მინიჭების მოთხოვნით“, - ამბობს ლექსო მერებაშვილი.

საქართველოს კანონი  მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ  მთელ რიგ სოციალურ შეღავათებს ითვალისწინებს იმ სოფლებში მცხოვრებლებისთვის, რომელსაც მაღალმთიანი მთის სტატუსი მიენიჭება. მათ შორის არის საპენსიო დანამატი, სახელმწიფოს მხრიდან ნაწილობრივ სუბსიდირება კომუნალურ გადასახადებზე.

სწორედ მაღალმთიანი სტატუსით გათვალისწინებული სოციალური შეღავათებიდან გამომდინარე, დვანსა და კნოლევში მცხოვრებლები, მიგრაციის შესაჩერებლად, მაღალმთიანი სტატუსის მინიჭებას მოითხოვენ.

ახალი ამბები