კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კითხვები საპრეზიდენტო კანდიდატ სალომე ზურაბიშვილის შემოსავლების შესახებ

10 ოქტომბერი, 2018
 
ლანა გიორგიძე 

1 ოქტომბერს, სალომე ზურაბიშვილმა, წინასაარჩევნოდ, ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული „ქართუ“ ბანკისგან ერთი მილიონი ლარი ისესხა. ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშიდან გახდა ცნობილი.

ანგარიშში ინფორმაცია არ არის იმის შესახებ, თუ რა საპორცენტო განაკვეთითა და რა ვადით ისესხა თანხა სალომე ზურაბიშვილმა კომერციული ბანკისგან. აღნიშნული სესხის აღების საფუძველი საქართველოს საარჩევნო კოდექსის 56-ე მუხლი - საარჩევნო კამპანიის ფონდის დაფინანსება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან - გახდა, რომლის თანახმად,  საარჩევნო სუბიექტი, რომელიც საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 5%-ს ან მეტს, ხოლო საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში მიიღებს არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 10%-ს ან მეტს, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთჯერადად მიიღებს არაუმეტეს 1 000 000 ლარს არჩევნების ორივე ტურში საარჩევნო კამპანიისას გაწეული ხარჯების დასაფარავად.

საარჩევნო კოდექსის 56-ე მუხლით 2016 წელს პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ისარგებლა, როდესაც ბანკი „ქართუსგან“ მილიონი ლარი ისესხა. ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა მაშინ აღნიშნა, რომ პარტიას გაუჭირდა და აიღო სესხი, რადგან „დალხინებული კაცი სესხს არ იღებს“. 

პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი კი ვალის პროცენტის გადახდას არ აპირებს, რადგან მიიჩნევს, რომ არჩევნებზე ხმათა 70 %-ს აიღებს.
„არ ვაპირებ პროცენტის გადახდას, რადგან არჩევნებზე 10 პროცენტს კი არა, 70 პროცენტს ავიღებ. დამოუკიდებელი ვარ, ბანკი „ქართუ“ დამოუკიდებელია და სესხი ჩემით ავიღე. ამ სესხის პროცენტებსაც არ გადავიხდი, რადგან მივიღებ ბევრად მეტს, ვიდრე ის 10 პროცენტი“,- აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა მედიასთან საუბრისას.

სახელმწიფო აუდიტისთვის პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო ფონდის მმართველის, ნინო მჭედლიშვილის  მიერ წარდგენილი ანგარიშიდან ირკვევა, რომ 2018 წლის 12 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით, ოცნების მხარდაჭერილმა კანდიდატმა 1 890 744 ლარი დახარჯა. აქედან რეკლამის ჯამური ხარჯია - 1 438 894 ლარი, შრომის ანაზღაურებისთვის 19 625 ლარი დაიხარჯა, ხოლო სამივლინებო ხარჯებისთვის - 640 ლარი. 12 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის პერიოდში პრეზიდენტობის კანდიდატმა 1.087 მილიონი ლარის ფულადი შემოწირულობაც მიიღო.

ფიზიკურ პირებს შორის, რომელთაც საპრეზიდენტო კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს 10 000 ლარზე მეტი შესწირეს, არიან თბილისის მერი, კახა კალაძე - 50 000 ლარი და  ალექსი ივანიშვილი, ბიძინა ივანიშვილის ძმა - 45 000 ლარი.

მედიაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა ჩაჩავასა და ღუდუშაურის კლინიკების ექიმების მიერ გაღებულ ფულად შემოწირულობებს სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ.

მედიკოსების სია, რომლებმაც სალომე ზურაბიშვილის ფონდში თანხა ჩარიცხეს ასეთია:

ღუდუშაურის კლინიკის ექიმი ლალი ბეგაძე - 6000 ლარი; ქირურგი ირმა კაჭიური -7000 ლარი, ექიმი ლარისა მელია - 7000 ლარი, ღუდუშაური კლინიკის ექიმი მანანა სვანიძე - 6000 ლარი, ჩაჩავას კლინიკის ექოსკოპისტი მარიამ გოცირიძე - 7000 ლარი;

ექიმი ლიკა ჯაჯანიძე - 5000 ლარი, ექიმი ნინო აქიაშვილი - 5000 ლარი, ექიმი ფიქრია კამლაძე - 5000 ლარი; ჩაჩავას კლინიკის გინეკოლოგი ნიკოლოზ ქსნელაშვილი - 8000 ლარი, ექიმი მანანა ელისაშვილი - 8000 ლარი, ჩაჩავას კლინიკის ლაბორატორიის უფროსი მერი მაღარაძე - 5000 ლარი, ექიმი ლელა ჩხიკვაძე - 5000 ლარი.

აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურა არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო.

„მედიაში გავრცელებული ინფორმაციით ამ კლინიკების თანამშრომლებმა ზურაბიშვილს ორი დღის განმავლობაში 100 000 ლარზე მეტი შეწირეს. რეპორტაჟებში, ასევე, საუბარია იმაზე, რომ ზოგიერთი ექიმი საავადმყოფოს ადმინისტრაციამ დაიბარა და უთხრა, რომ ფული ზურაბიშვილისთვის უნდა შეეწირათ, თანხას კი თავად კლინიკის მფლობელები გამოყოფდნენ და უბრალოდ მედიკოსების პერსონალურ მონაცემებს გამოიყენებდნენ. ექიმებს დოკუმენტზე მოაწერინეს ხელი და უთხრეს, რომ მათი მონაცემები საჯარო არ გახდებოდა და თანხის გადარიცხვის ოპერაციაც თავად შეასრულეს“, - ნათქვამია საერთაშორისო გამჭვირვალობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო მიიჩნევს, რომ ეს ფაქტები საჭიროებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ შესწავლას, რადგან შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს მესამე პირის მეშვეობით განხორციელებულ შემოწირულებას, რაც ქართული კანონმდებლობით აკრძალულია და ითვალისწინებს ჯარიმას შეწირული თანხის ორმაგი ოდენობით: „მივმართავთ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, შეისწავლოს ზემოთ აღნიშნული შემოწირულებების კანონთან შესაბამისობა და საჭიროებისამებრ, მიიღოს შესაბამისი ზომები“.

სახელმწიფო აუდიტის სამსახური შეისწავლის პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, პარტია „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ განხორციელებულ შემოწირულებებს. სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურში განუცხადეს, რომ დადგენილი პროცედურების შესაბამისად მიმართავენ სასამართლოს, რათა შეისწავლონ შემომწირველთა შემოსავლები და საბანკო ტრანზაქციები.

აუდიტის სამსახური ასევე შეისწავლის სალომე ზურაბიშვილის მიერ „ქართუ“ ბანკიდან მილიონლარიანი სესხის აღების ფაქტსაც.

როგორც პრესსამსახურმა On.ge-ს განუმარტა, უწყება შეისწავლის, თუ რა პროცენტში აქვს ზურაბიშვილს სესხი აღებული და შეადარებენ მას სხვა კომერციული ბანკების სესხის პროცენტს. თუ სესხის საპროცენტო განაკვეთი სხვა ბანკებთან შედარებით გაცილებით დაბალია ის შეიძლება, ჩაითვალოს შემოწირულობად, რომელიც დაფიქსირებული არ არის.

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება, ამ დღეს საქართველოს სრულწლოვანი მოქალაქეები პრეზიდენტს 6 წლის ვადით აირჩევენ.

ახალი ამბები